პოლონურ ფესვებსა და წარმომავლობას უცხოელებისთვის დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. ეს სტატუსი იძლევა შესაძლებლობას, პირმა მიიღოს პოლონელის ბარათი (Karta Polaka) ან პირდაპირ მოითხოვოს მუდმივი ბინადრობის ნებართვა (Stały Pobyt), რაც ევროკავშირის სივრცეში დამკვიდრებისა და შემდგომში მოქალაქეობის მიღების უმოკლესი გზაა.
ვინ ითვლება პოლონური წარმომავლობის მქონე პირად?
იმისათვის, რომ პირს ოფიციალურად აღიარებდეს პოლონეთის სახელმწიფო პოლონური წარმომავლობის მქონედ, აუცილებელია მან განაცხადოს, რომ არის ეროვნებით პოლონელი და ამავდროულად აკმაყოფილებდეს შემდეგ ორივე პირობას:
- გენეალოგიური/ნათესაური კავშირი:
- ერთ-ერთი მშობელი, ან
- ერთ-ერთი ბებია ან ბაბუა, ან
- ორივე დიდი ბებია და დიდი ბაბუა (დედის ან მამის მხრიდან) იყვნენ პოლონური ეროვნების.
- კულტურული და ენობრივი კავშირი:
- პირს შეუძლია დაამტკიცოს და წარმოაჩინოს თავისი კავშირი პოლონეთთან — ფლობს პოლონურ ენას (სალაპარაკო დონეზე) და იცავს პოლონურ ტრადიციებსა თუ ადათ-წესებს.
ბინადრობის ლეგალიზაციის გზები
პოლონური წარმომავლობის მქონე უცხოელებს პოლონეთში სტატუსის მოსაწესრიგებლად შეუძლიათ მიმართონ შემდეგ სამართლებრივ მექანიზმებს:
- პოლონელის ბარათის (Karta Polaka) მიღება: განაცხადის შეტანა პოლონური წარმომავლობის საფუძველზე.
- მუდმივი ბინადრობის ნებართვის (Stały Pobyt) მიღება: განაცხადის შეტანა პირდაპირ პოლონური წარმომავლობის საფუძველზე.
- მუდმივი ბინადრობის ნებართვა მოქმედი პოლონელის ბარათის საფუძველზე: თუ პირს უკვე აქვს Karta Polaka, მას შეუძლია ამ დოკუმენტის საფუძველზე მოითხოვოს მუდმივი ბინადრობა.
მნიშვნელოვანია: პოლონელის ბარათის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს პოლონეთის მოქალაქეობის მინიჭებას, ქვეყანაში მუდმივად დასახლების უფლებას ან საზღვრის უვიზოდ გადაკვეთას. თუმცა, ამ ბარათის მფლობელს უფლება აქვს უფასოდ მიიღოს გრძელვადიანი ეროვნული ვიზა, რომელიც საზღვრის მრავალჯერადი გადაკვეთის უფლებას იძლევა.
რა დოკუმენტებით დასტურდება პოლონური წარმომავლობა?
ოფიციალური წარმოებისას მტკიცებულების სახით გამოდგება ნებისმიერი საარქივო თუ სამოქალაქო დოკუმენტი, სადაც მითითებულია პირის ან მისი წინაპრების პოლონური ეროვნება (Półak / Polka):
- პოლონური პირადობის დამადასტურებელი ძველი ან ახალი დოკუმენტები;
- სამოქალაქო სტატუსის აქტები (დაბადების, ქორწინებისა და გარდაცვალების მოწმობები) ან მათზე გაცემული ამონაწერები/ასლები;
- საეკლესიო ჩანაწერები და ნათლობის მოწმობები;
- ატესტატები და სკოლის დამთავრების დოკუმენტები;
- პოლონურ არმიაში სამხედრო სამსახურის გავლის დამადასტურებელი საბუთები;
- დეპორტაციის, გაძევების ან დაპატიმრების დოკუმენტები, სადაც ფიქსირდება პოლონური ეროვნება;
- რეაბილიტაციის ცნობები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას პოლონური წარმომავლობის შესახებ;
- უცხოური (მაგ. საბჭოთა/პოსტსაბჭოთა) პირადობის მოწმობები და პასპორტები ეროვნების აღნიშნვნით;
- საზღვარგარეთ მოქმედი პოლონელთა საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობები, რომლებიც ადასტურებენ პირის აქტიურ ჩართულობას ენის, კულტურისა და ეროვნული უმცირესობის საქმიანობაში;
- რეპატრიაციის შესახებ კანონის შესაბამისად მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება პოლონური წარმომავლობის დადასტურების თაობაზე.
პროცედურა სავოევოდო სამსახურში: გასაუბრება და სავარაუდო კითხვები
მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე (Stały Pobyt) განაცხადის განხილვისას, უცხოელი შესაძლოა გამოკითხვაზე დაიბარონ სავოევოდო სამსახურის ოფისში (Urząd Wojewódzki).
- ენობრივი ფორმატი: გასაუბრება მიმდინარეობს მხოლოდ პოლონურ ენაზე.
- ხანგრძლივობა: საშუალოდ 60 წუთი.
- ოქმის ხელმოწერა: ოფისის თანამშრომელი იწერს ყველა პასუხს. გასაუბრების დასრულებისას განმცხადებელს გადაეცემა ოქმი, რომელიც ყურადღებით უნდა წაიკითხოს და შინაარსზე თანხმობის შემთხვევაში ხელი მოაწეროს.
კითხვები, რომლებიც შესაძლოა დაგისვან გასაუბრებაზე:
- ოჯახური ისტორია:
ვინ იყო თქვენს ოჯახში პოლონელი და რა ოჯახური ტრადიციები უკავშირდება ამას? - დღესასწაულები და კულტურა:
- როდის აღნიშნავენ შობას პოლონეთში და რა არის ამ დღესასწაულის ტრადიციული კერძები?
- რა არის „ცხიმიანი ხუთშაბათი“ (Tłusty Czwartek)?
- რა არის „შმინგუს დინგუსი“ (Śmigus-dyngus)?
- რა ცომით აცხობენ ბატკანს სააღდგომოდ?
- რომელი დღესასწაულებია პოლონეთში არასამუშაო დღეები?
- ისტორია და გეოგრაფია:
- როდის მოხდა გრუნვალდის ბრძოლა და ვინ მონაწილეობდა მასში?
- რომელ წელს მიიღეს პოლონეთის პირველი კონსტიტუცია (3 მაისის კონსტიტუცია)?
- რომელი ქალაქები იყო პოლონეთის დედაქალაქები ისტორიის მანძილზე?
- ვინ არის ქალაქ კრაკოვის დამაარსებელი?
- სახელმწიფო სიმბოლიკა:
- როგორ გამოიყურება პოლონეთის დროშა და რა არის გამოსახული გერბზე?
- რა სიტყვებით იწყება პოლონეთის ეროვნული ჰიმნი და ვინ არის მასში მოხსენიებული გენერალი დომბროვსკი?
- გამოჩენილი მოღვაწეები:
- ვინ იყო რომის პაპი იოანე პავლე II?
- ვინ იყო ადამ მიცკევიჩი?
- ვინ არის ლეხ ვალესა?
- რომელ პოლონელებს აქვთ მიღებული ნობელის პრემია?
- პირადი მოტივაცია:
რატომ გსურთ მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღება და პოლონეთში ცხოვრება?
სადაც შეიძლება საარქივო დოკუმენტების მოძიება
თუ ოჯახურ არქივში არ მოგეპოვებათ საკმარისი საბუთები, ძიება უნდა დაიწყოთ პოლონეთისა თუ წარმოშობის ქვეყნის სახელმწიფო და საეკლესიო არქივებში.
ძირითადი არქივები პოლონეთში:
- ისტორიული დოკუმენტების მთავარი არქივი ვარშავაში (Archiwum Główne Aktów Dawnych w Warszawie – AGAD)
- მისამართი: ul. Długa 7, Warszawa
- ტელეფონი: +48 22 831 54 91 / +48 22 635 45 32
- ელ. ფოსტა: sekretariat@agad.gov.pl
- ვებგვერდი: www.agad.archiwa.gov.pl
- სახელმწიფო არქივი ბელოსტოკში (Archiwum Państwowe w Białymstoku)
- მისამართი: ul. Rynek Kościuszki 4, Białystok
- ტელეფონი: +48 85 743 56 03
- ელ. ფოსტა: sekretariat_ap@bialystok.ap.gov.pl
- ვებგვერდი: www.bialystok.ap.gov.pl
- ლოძის სამოქალაქო აქტების რეესტრის არქივი (Archiwum Urzędu Stanu Cywilnego w Łodzi)(ინახავს 1947-1952 წლებში სასამართლოს გზით აღდგენილ სამოქალაქო ჩანაწერებს)
- მისამართი: Aleja Marszałka Józefa Piłsudskiego 100, Łódź
- ტელეფონი: +48 42 638 53 03
- საეკლესიო არქივები (Archiwa Kościelne):
- საეკლესიო არქივების სრული ნუსხა ხელმისაწვდომია პორტალზე: agad.archiwa.gov.pl
პრაქტიკული რჩევა ძიების დაწყებამდე:
არქივში მიმართვამდე შეაგროვეთ თქვენს ხელთ არსებული ნებისმიერი დოკუმენტი, ამონაწერი, ძველი ფოტოსურათი ან ჩანაწერი — იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბუთები დაზიანებულია ან ძნელად იკითხება. არქივის თანამშრომლები აღნიშნული მონაცემების საფუძველზე შეძლებენ გენეალოგიური ძიების გაფართოებას.
დამატებითი გენეალოგიური წყაროებისა და რესურსების სანახავად შეგიძლიათ ეწვიოთ სახელმწიფო არქივების ოფიციალურ პორტალს: archiwa.gov.pl (განყოფილება Genealogia).
მოამზადა ნათია ქიმაძემ

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
