რობერტ ლევანდოვსკი თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდამსხმელია. პოლონელი ფეხბურთელი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ წარმატება მხოლოდ ნიჭზე კი არა, შრომაზე, დისციპლინასა და მიზანდასახულობაზე არის დამოკიდებული. მისი კარიერა არ დაწყებულა დიდ კლუბში – პირიქით, მან რთული გზა გაიარა, სანამ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავად ჩამოყალიბდებოდა.
კარიერის დასაწყისი
რობერტ ლევანდოვსკი 1988 წლის 21 აგვისტოს პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში დაიბადა. ფეხბურთის თამაში ბავშვობიდან დაიწყო და პირველი ნაბიჯები ადგილობრივ აკადემიებში გადადგა. ახალგაზრდულ წლებში თამაშობდა Partyzant Leszno-სა და Varsovia Warsaw-ის გუნდებში.
მისი პროფესიული კარიერა სწრაფად არ განვითარებულა. თავდაპირველად ის თამაშობდა დაბალი ლიგის კლუბებში – Delta Warsaw, შემდეგ კი Legia Warsaw II-ში, თუმცა მთავარ გუნდში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო. ეს პერიოდი მისთვის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გამოცდილება აღმოჩნდა.
2006 წელს ლევანდოვსკი გადავიდა Znicz Pruszków-ში, სადაც მისი კარიერა სრულიად ახალ ეტაპზე ავიდა. ის ზედიზედ ორჯერ გახდა პოლონეთის ქვედა ლიგების საუკეთესო ბომბარდირი და თავისი შედეგიანობით დიდი კლუბების ყურადღება მიიპყრო.
პირველი დიდი წარმატება
2008 წელს ლევანდოვსკი Lech Poznań-ს შეუერთდა. სწორედ აქ შეძლო მან საკუთარი შესაძლებლობების სრულად წარმოჩენა. მისი გოლები და სტაბილური თამაში კლუბს პოლონეთის ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, ხოლო თავად ფეხბურთელი ევროპული კლუბებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თავდამსხმელად იქცა.
გზა მსოფლიო ვარსკვლავობისკენ
2010 წელს ლევანდოვსკი გერმანიის Borussia Dortmund-ში გადავიდა. იურგენ კლოპის ხელმძღვანელობით მან მსოფლიო ფეხბურთში სახელი გაითქვა. დორტმუნდთან ერთად ორჯერ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი, მოიგო გერმანიის თასი და 2013 წელს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
2014 წელს ის მიუნხენის Bayern Munich-ს შეუერთდა. სწორედ ამ კლუბში მიაღწია კარიერის პიკს. ლევანდოვსკიმ არაერთი რეკორდი დაამყარა, მოიგო ბუნდესლიგის მრავალი ტიტული, 2020 წელს კი ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც გახდა. იმავე სეზონში ბაიერნმა ტრებლი მოიგო, ხოლო ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებს შორის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნეოდა.
ახალი გამოწვევა – ბარსელონა
2022 წელს პოლონელმა თავდამსხმელმა კარიერა ესპანეთის გრანდში, ბარსელონაში, გააგრძელა. მიუხედავად ასაკისა, მან პირველივე სეზონში დაამტკიცა, რომ კვლავ ელიტარული დონის ფეხბურთელი იყო. ლევანდოვსკი კლუბის ლიდერად იქცა და არაერთი მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა როგორც ლა ლიგაში, ისე ევროტურნირებზე. „ბარსელონა“ 2025/26 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, 2026 წლის მაისში დატოვა. მან კატალონიურ კლუბში ოთხი სეზონი გაატარა (2022–2026), ჩაატარა 190-ზე მეტი მატჩი და 100-ზე მეტი გოლი გაიტანა.
კარიერის დასასრული?
რობერტ ლევანდოვსკის პროფესიული კარიერა ჯერ ოფიციალურად დასრულებული არ არის. ბოლო წლების განმავლობაში ის კვლავ უმაღლეს დონეზე ასპარეზობდა და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად რჩებოდა. მისი საფეხბურთო გზა მოიცავს ასობით გატანილ გოლს, ეროვნულ და საერთაშორისო ტიტულებს, ინდივიდუალურ ჯილდოებსა და რეკორდებს, რომლებმაც ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებულ ადგილას დააყენა. ამჟამად ამერიკის MLS-ის კლუბ Chicago Fire-ში თამაშობს. კლუბს ის 2026 წლის ზაფხულში შეუერთდა და კარიერა აშშ-ში გააგრძელა. თავისი პირველი ოფიციალური მატჩი MLS-ში „ჩიკაგო ფაიერის“ შემადგენლობაში ჩაატარა, მისი დებიუტი შედგა 2026 წლის 22 ივლისს „ინტერ მაიამის“ წინააღმდეგ.
მემკვიდრეობა
ლევანდოვსკი ბევრისთვის მაგალითია იმისა, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია მაშინაც კი, როდესაც კარიერა ქვედა ლიგებიდან იწყება. მისი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და მუდმივი განვითარება ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დღემდე შთაგონების წყაროა.
რობერტ ლევანდოვსკის სახელი უკვე ფეხბურთის ისტორიაშია შესული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი და სტაბილური თავდამსხმელის, რომელმაც თავისი ეპოქა შექმნა და მილიონობით გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურა.
საინტერესო ფაქტები რობერტ ლევანდოვსკის შესახებ
- პირველი ნაბიჯები დიდ ფეხბურთში – სანამ ცნობილი ფეხბურთელი გახდებოდა, ლევანდოვსკიმ 2006 წელს დაახლოებით ნახევარი სეზონი მეოთხე ლიგის კლუბ Delta Warsaw-ში გაატარა. თავდაპირველად ჩუმი და მოკრძალებული იყო, ყურადღებით აკვირდებოდა გარემოს და ყველა საქმეს – ბურთების ტარებიდან დაწყებული ვარჯიშის შემდეგ ინვენტარის დალაგებით დასრულებული – ყოველგვარი პროტესტის გარეშე ასრულებდა.
- „ლეგიას“ უარი – 2006 წელს Legia Warsaw-მა ტრავმის შემდეგ ჩათვალა, რომ ლევანდოვსკი ძველ ფორმას ვეღარ დაიბრუნებდა და კლუბიდან გაუშვა. მოგვიანებით სწორედ ეს გადაწყვეტილება ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ შეცდომად შეფასდა.
- ფეხბურთი პირველ ადგილზე – ბავშვობაში, პირველი ზიარების (კომუნიის) დღეს, ცერემონია ადრე დატოვა, რათა გადამწყვეტ საფეხბურთო მატჩზე დროულად მისულიყო.
- 5 გოლი 9 წუთში – 2015 წელს, VfL Wolfsburg-ის წინააღმდეგ მატჩში, სათადარიგოთა სკამიდან შესულმა მხოლოდ 9 წუთში 5 გოლი გაიტანა. ამ საოცარი მიღწევისთვის გინესის მსოფლიო რეკორდშიც შევიდა.
- უმაღლესი განათლება – ლევანდოვსკიმ ბაკალავრის ხარისხი ვარშავის სოციალური მეცნიერებების აკადემიაში მიიღო. მისი სადიპლომო ნაშრომი საკუთარ საფეხბურთო კარიერას ეძღვნებოდა სახელწოდებით „RL9 – გზა დიდებისკენ“.
მოწვეული ავტორი: შორენა რადგოვსკა

