• 24 მაი 22:50:16

ემიგრაცია მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება არ არის. ეს არის ღრმა ფსიქოლოგიური პროცესი, რომელიც ეხება ადამიანის იდენტობას, ემოციებს, ურთიერთობებს და ცხოვრების აღქმას. ხშირად, გარედან ის „შესაძლებლობების გზად“ ჩანს, მაგრამ შიგნით ის შეიძლება გადაიქცეს ერთ-ერთ ყველაზე რთულ პირად გამოცდილებად .

როდესაც ემიგრაციაში მიდიხარ, უკან ტოვებ ოჯახს, მეგობრებს და ნაცნობ გარემოს, მომავალი კი გაურკვეველია. ყველა ემიგრანტი დგას კულტურული შოკის რისკის წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ცხოვრებისთვის წინასწარ ემზადება, ეს არის ფსიქოლოგიური და ემოციური რეაქცია ახალ და უცნობ გარემოში ცხოვრებაზე.

და მიუხედავად იმისა, რომ ემიგრაცია ხშირად იწყება იმედით – უკეთესი ცხოვრების, განვითარების, უსაფრთხოების – მის უკან დგას დიდი სირთულეები.

​ რა ხდება ჩვენს ფსიქიკაში, როცა მივდივართ?

ემიგრაცია ხშირად განიხილება, როგორც „გარდამავალი კრიზისი“. ადამიანი ერთდროულად კარგავს ძველ გარემოს და ჯერ არ აქვს ახალი სტაბილურობა.

ეს არის „შუალედური მდგომარეობა“ – შენ აღარ ხარ ძველ ცხოვრებაში, მაგრამ ჯერ არც ახალში ხარ დამკვიდრებული.

ამ დროს ადამიანის ფიქრები ხშირად მერყეობს ორ პოლუსს შორის:

„სწორი გადაწყვეტილება მივიღე“ – „ნეტავ არ წამოვსულიყავი“

ემიგრანტები ხშირად განიცდიან შიდა კონფლიქტს, დარჩენისა და დაბრუნების სურვილს შორის. შეიძლება ერთსა და იმავე დღეს იგრძნო:
მოტივაცია, იმედი, სიხარული – და პარალელურად შფოთვა, სევდა, დაბნეულობა.

იცვლება ქცევაც – ადამიანი შეიძლება უფრო ჩაკეტილი გახდეს, ერიდოს კომუნიკაციას, უფრთხოდეს ახალ ნაცნობობას ან პირიქით, იმდენად განიცდიდეს მარტოობას, რომ ზედმეტად ცდილობდეს სიტუაციაზე „მორგებას“.

ეს ყველაფერი არ არის სისუსტე. ეს არის ტვინის მცდელობა, გაუმკლავდეს უცნობ რეალობას.

ემიგრაცია როგორც კრიზისი და ადაპტაციის ეტაპები

ფსიქოლოგიურად, ემიგრაცია შეიძლება ჩაითვალოს ცხოვრების კრიზისულ გარდამავალ ეტაპად, რადგან ერთდროულად ხდება:

  • ძველი იდენტობის რღვევა
  • ახალი იდენტობის ძიება
  • უსაფრთხოების განცდის შემცირება

ადამიანი კარგავს იმას, რაც „ნაცნობი და პროგნოზირებადი“ იყო.

ამიტომ ხშირად ჩნდება შფოთვა, კონტროლის დაკარგვის განცდა და საკუთარი შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება.

შეიძლება გამოვყოთ ადაპტაციის რამდენიმე ძირითად ეტაპი

​1. „თაფლობის თვე“

არის ემიგრაციის საწყისი, ეიფორიული ეტაპი, როდესაც ახალი ქვეყანა სრულიად მომხიბვლელი, საინტერესო და პოზიტიური ჩანს.

ეს ფაზა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე და ხასიათდება ოპტიმიზმით, კვლევის სურვილითა და ახალი კულტურის რომანტიზებით. ხშირად ის ამსუბუქებს საწყის სტრესს. თუმცა ეს ეტაპი აუცილებლად სრულდება, როდესაც ყოველდღიური გამოწვევები – ბიუროკრატია, საცხოვრებელი პირობები, კულტურული განსხვავებები უფრო თვალსაჩინო ხდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს იმედგაცრუება და ახალ ფაზაში გადასვლა ანუ კრიზისი.

​2. იმედგაცრუების ფაზა

იწყება რეალური სირთულეები, როგორიცაა: ენის ბარიერი – ადამიანი აწყდება ენის არცოდნით გამოწვეულ სირთულეებს, ვერ უმკლავდება ბიუროკრატიულ გამოწვევებს. თანდათან იწყებს კულტურული განსხვავებების შემჩნევას და ზოგჯერ იმაზე მტკივნეულად აღქმას, ვიდრე სინამდვილეშია. კრიზისის ეტაპზე ერთერთი მთავარი სირთულეა სოციალური იზოლაცია – განიცდის მარტოობას, სევდას, ჩაკეტილობას. ამ ეტაპზე ბევრი ადამიანი ფიქრობს: „მე აქაურობას არ ვეკუთვნი, ვარ უცხო.“

3. ადაპტაცია

შემდეგ ნელ-ნელა იწყება ადაპტაცია და ადამიანი ისწყებს სწავლას, როგორ იმუშაოს სისტემასთან, როგორ იპოვოს საკუთარი ადგილი, როგორ შექმნას მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სტაბილურობა. ადამიანი იწყებს გარემოს გაგებას, წესებზე მორგებას, იმდენად მტკივნეულად აღარ აღიქმება განსხვავებულობა და თანდათან იწყებს ახალი რეალობის მიღებას.

​4. ინტეგრაცია

და ბოლოს – ინტეგრაცია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მარტივი ხდება.
ეს ნიშნავს, რომ ადამიანი სწავლობს ორ რეალობას შორის ცხოვრებას ისე, რომ აღარ იკარგება. ბოლო ეტაპზე ახალი და ძველი იდენტობა ერთიანდება, ამ დროს უკვე კარგად იცნობს ახალ კულტურას, ცდილობს მის მიღებას და პატივისცემას, ყალიბდება ბალანსი საკუთარ და ახალ კულტურებს შორის.

პირველი ეტაპი ზოგჯერ სრულიად განსხვავებულად მიმდინარეობს, «თაფლობის თვის» ანუ ახალი ქვეყნის რომანიტზაციის ნაცვლად, ემიგრაციაში მყოფი ადამიანი შეიძლება თავიდანვე უარყოფითად განეწყოს ახალი კულტურის მიმართ და მასში მხოლოდ «ბნელ მხარეებს» ხედავდეს, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია ნოსტალგიით, საკუთარი ქვეყნის დატოვების სევდით, მეორეს მხრივ კი მოლოდინებთან შეუსაბამობით – ახალი ქვეყანა სხვანაირად იყო წარმოდგენილი, რეალობა კი სხვანაირი აღმოჩნდა.

​რა ართულებს ემიგრაციას?

ყველაზე დიდი სირთულეები ხშირად არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდან მოდის. ეს სირთულეებია:

  • ენობრივი ბარიერი
  • სოციალური იზოლაცია
  • მხარდაჭერის ნაკლებობა
  • მუდმივი გაურკვევლობა
  • ფინანსური და პროფესიული სტრესი

მაგრამ არის უფრო უხილავი ბარიერებიც:

იდეალიზაცია – როცა გვგონია, რომ „აქ ყველაფერი უკეთესი უნდა იყოს“ ან პირიქით – „ჩემს ქვეყანაში ყველაფერი უკეთესადაა”
საკუთარ თავის მიმართ ზედმეტი მოთხოვნები – „რატომ ვერ ვუმკლავდები?!”
შედარება სხვებთან – „ის თუ შეეგუა მარტივად, მე რატომ ვერ ვახერხებ?”

ეს ყველაფერი აძლიერებს შფოთვას და იმედგაცრუებას.

​ რა ეხმარება ადამიანს ადაპტაციაში?

ადაპტაცია არ ხდება თავისით.
ეს არის პროცესი, რომელსაც გაცნობიერებულად შეიძლება დავეხმაროთ.

პირველი მნიშვნელოვანი რესურსი არის შინაგანი მოქნილობა – როცა ადამიანი მზად არის თქვას: „არ ვიცი, მაგრამ ვისწავლი“ – ამ დროს ის ბევრად სწრაფად გადის კრიზისს.

მეორე – პატარა სტაბილურობის შექმნა.

როცა შენ გაქვს ყოველდღიური პატარა რუტინა:
დილა, ყავა, სეირნობა, სწავლა, ადგილების შეყვარება – ამ დროს ტვინი იწყებს უსაფრთხოების განცდის აღდგენას.

მესამე – კავშირები. ადამიანს სჭირდება ადამიანები.
თუნდაც ერთი ადამიანი, ვისთანაც შეუძლია იყოს ბუნებრივი, გაიზიაროს ყოველდღიურობა და იგრძნოს, რომ მხოლოდ ის არ გადის კრიზისს, რომ ეს ბუნებრივი და ნორმალურია.

​როგორ გავუმკლავდეთ? პრაქტიკული რჩევები

ემიგრაციის სირთულეების დაძლევა იწყება პატარა ნაბიჯებით.

როცა შფოთვა ძლიერია, მნიშვნელოვანია არ ვეცადოთ „მთელი ცხოვრების დალაგებას ერთდროულად“.

ამის ნაცვლად:

  • ნათლად გაიაზრე ემიგრაციის დადებითი მხარეები (მაგ: ფინანსური კეთილდღეობა, დამოუკიდებლად ცხოვრების შანსი, საინტერესო გამოწვევები..)
  • დაისახე მცირე, რეალისტური მიზნები
  • აღიარე პროგრესი, თუნდაც ძალიან პატარა

ენის ბარიერის შემთხვევაში არ დაელოდო „მზადყოფნას“, რადგან ლაპარაკი იწყება შეცდომებით.

კულტურული შოკის დროს ეცადე, არ შეაფასო ყველაფერი „კარგი/ცუდი“-ს ჭრილში, მოექეცი გარემოს როგორც სასწავლო სივრცეს.

და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – არ დარჩე მარტო.

​სად ვიპოვოთ რესურსები?

დღეს ემიგრანტებისთვის არსებობს ბევრი მხარდაჭერის წყარო, უბრალოდ ხშირად არ ვიცით მათ შესახებ.

ადგილობრივი ჯგუფები (Facebook), სადაც ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ და თავს იზოლირებულად ან ინფორმაციულ ვაკუუმში არ იგრძნობთ.
ენის კურსები და ინტეგრაციის პროგრამები
ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები
არასამთავრობო ორგანიზაციები ემიგრანტებისთვის.

მეტი ინფორმაციის ფლობა ზოგჯერ უბრალოდ ამცირებს გაურკვევლობას, და შესაბამისად შფოთვას.

მოამზადა შორენა მელქუაშვილმა.

Facebook Comments Box
error: Content is protected !!