• 24 მაი 22:50:00
ტიკტოკერი სიმსივნის წინააღმდეგ

26 აპრილს ვარშავის ერთ პატარა, 30 კვადრატულ მეტრიან ბინაში დასრულდა რაღაც იმაზე დიდი, ვიდრე უბრალოდ ინტერნეტ-ტრანსლაცია. ეს გახლდათ მსოფლიო ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სტრიმინგი, რომელმაც დაამტკიცა, რომ ერთიანობას სასწაულების მოხდენა შეუძლია. ერთი ჩვეულებრივი ბიჭის იდეამ -შეეგროვებინა თანხა სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად -გააერთიანა მთელი პოლონეთი და ფონდისთვის Cancer Fighters შეგროვდა წარმოუდგენელი რაოდენობის თანხა – 282 მილიონ ზლოტზე მეტი(29 აპრილის მონაცემებით)

ყველაფერი ერთი სიმღერით დაიწყო – რეპერ Bedoes 2115-ის კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართ მიძღვნილი სიმღერით „Ciągle tutaj jestem“ (მე კვლავ აქ ვარ), რომელსაც ის ასრულებს გოგონასთან ერთად (Mają Mecan). ამით შთაგონებულმა ახალგაზრდა ტიქტოკერმა, Łatwogang-მა, გადაწყვიტა დაეწყო სტრიმი და შეეგროვებინა 500 ათასი ზლოტი ფონდისთვის Cancer Fighters.

ვარსკვლავების მობილიზება

ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ვიდეო-გამოწვევა ნამდვილ ეროვნულ მოძრაობად იქცა: ამ იდეის მხარდასაჭერად პატარა ბინას, სადაც სტრიმი მიმდინარეობდა, ეწვივნენ ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან რობერტ ლევანდოვსკი, ვოიჩეხ შჩესნი, მომღერალი დოდა, ცნობილი მსახიობები და სპორტსმენები. კამპანიაში ჩაერთვნენ ცნობილი ბრენდები, რომლებმაც დაიწყეს სოლიდური თანხების დარიცხვა ფონდის ანგარიშზე.

აქციის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო თავის გადაპარსვა კიბოთი დაავადებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად. ეს გააკეთეს პირდაპირ ეთერში როგორც ცნობილმა პირმა, ისე ათასობით ადამიანმა მთელს ქვეყანაში. ტრანსლაციას აჩვენებდნენ ყველგან – ტელევიზიებში, სავაჭრო ცენტრებში, ბარებში და საფეხბურთო მატჩებზეც კი.

ციფრები, რომლებმაც ინტერნეტსივრცე გააოცა

9-დღიანი მარათონის ბოლოს, 26 აპრილის საღამოს, როდესაც ეკრანზე 21:37 საათი დაიწერა, დაფიქსირდა წარმოუდგენელი შედეგი: 251 000 000 ზლოტი (დაახლოებით 63 მილიონი დოლარი).

ეს თანხა სრულად გადაერიცხა ფონდს “Cancer Fighters” და მოხმარდება ბავშვთა ონკოლოგიის განვითარებას. ეს თანხა თითქმის უტოლდება პოლონეთის უდიდესი საქველმოქმედო ორგანიზაციების წლიურ ბიუჯეტს!

ეს მხოლოდ დასაწყისია

როგორც თავად Łatwogang-მა თქვა, ეს არ არის დასასრული, ეს მხოლოდ “ციფრული ციხესიმაგრის” მშენებლობის დასაწყისია ბავშვების დასაცავად. ამას ემატება უამრავი აუქციონი, სადაც სპორტსმენები საკუთარ ოლიმპიურ მედლებსა და მაისურებს ყიდიან ბავშვების გადასარჩენად.

რეპერი Bedoes 2115-მ ტრანსალცია დაასრულა ამ სიტყვებით: “თუ ვინმეს ეგონა, რომ არსებობს შეუძლებელი რამ, პოლონელებმა გუშინ ყველას საპირისპირო დაუმტკიცეს” – მართლაც, სიკეთეს და სოლიდარობას საზღვრები არ აქვს.

აგრეთვე იხილეთ: ქალთევზების მარში ვარშავაში – ცოცხალი ლეგენდა

მოამზადა შორენა მელქუაშვილმა

Facebook Comments Box
error: Content is protected !!