ბევრი პოლონელისთვის მაისის დამდეგი ნანატრი გრძელი შაბათ-კვირის სიმბოლოა – ზამთრის ერთფეროვნების შემდეგ პირველი მასშტაბური ამოსუნთქვა, როდესაც პიკნიკებისა და მწვადის სეზონი ოფიციალურად იხსნება. თუმცა, სანამ ყოველდღიურობას დავივიწყებთ, უნდა გვახსოვდეს: ამ უქმეების მიღმა უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი მიზეზები იმალება. 1, 2 და 3 მაისი ის თარიღებია, რომლებიც აყალიბებენ პოლონურ ეროვნულ იდენტობას და გვახსენებენ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომლებზეც თანამედროვე საზოგადოებაა აგებული. ეს სამი დღე ( შრომის, სიმბოლიზმისა და კონსტიტუციონალიზმის ერთობლიობა ) ატარებს გზავნილებს თავისუფლებაზე, სოციალურ სოლიდარობასა და იმ იმედზე, რომელიც ევროპაში პირველმა თანამედროვე კონსტიტუციამ დაბადა. შესაბამისად, დასვენების პარალელურად, ღირს ამ დღეების სიმბოლურ დატვირთვაზე დაფიქრებაც. 1 მაისი: შრომის ეთიკა და ევროპული ოჯახის წევრობა პირველი მაისი პოლონეთისთვის ორმაგი დატვირთვის მქონე თარიღია. ეს არის მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღე, რომელიც პოლონეთში დამატებით, გეოპოლიტიკურ მნიშვნელობასაც იძენს – ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების წლისთავს. ბრძოლა უფლებებისთვის ამ დღესასწაულის ისტორია XIX საუკუნის მიწურულს, 1886 წელს, ჩიკაგოში განვითარებული დრამატული მოვლენებით იწყება. ათასობით მუშა, რომელთა შორის მრავალი პოლონელი ემიგრანტი იყო, რვასაათიანი სამუშაო დღისა და ღირსეული პირობების მოთხოვნით ქუჩაში გამოვიდა. პოლიციასთან სასტიკი დაპირისპირება მსხვერპლით დასრულდა, თუმცა ამ გამბედაობამ 1 მაისი მთელ მსოფლიოში მშრომელთა უფლებებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ აქცია. პოლონეთში ამ დღის აღნიშვნა 1890 წლიდან დაიწყო, რასაც სათავეში იოზეფ პილსუდსკის სოციალისტური პარტია ედგა. თუმცა, მეორე მსოფლიო ომის შემდგომმა, კომუნისტურმა ეპოქამ, ამ დღეს იძულებითი პომპეზურობის ელფერი შესძინა. მასობრივი მსვლელობები ხშირად პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, რათა ჩაეხშოთ 3 მაისის (კონსტიტუციის დღის) ხსოვნა, რომელსაც თავისი არსით ანტიტოტალიტარული ხასიათი ჰქონდა. ახალი ერა: ევროპული ტრანსფორმაცია 1989 წლის შემდეგ, პირველი მაისის აღქმამ ტრანსფორმაცია განიცადა. გაქრა იდეოლოგიური აღლუმები, კათოლიკურმა ეკლესიამ კი წმინდა იოსებ მუშას ხსენებით ხაზი გაუსვა შრომის სულიერ განზომილებას. 2004 წლის 1 მაისი კი გარდამტეხი მომენტი გახდა – პოლონეთი, ცხრა სხვა ქვეყანასთან ერთად, ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც მოსახლეობის 77%-მა რეფერენდუმზე დაადასტურა. 2 მაისი: თეთრი და წითელი 2 მაისი განსაკუთრებული თარიღია, რომელიც პოლონელებს ეროვნული სიმბოლოების გარშემო აერთიანებს. ეს არის პოლონეთის რესპუბლიკის დროშის დღე და პოლონური დიასპორის (პოლონიის) დღე. ისტორიული და პრაქტიკული სიმბოლიზმი მართალია ეროვნული ფერები საუკუნეებს ითვლის, დროშის დღე ოფიციალურად მხოლოდ 2004 წელს დაწესდა. თარიღი შემთხვევითი არ არის: ის უკავშირდება 1945 წლის 2 მაისს, როდესაც პოლონეთის დროშა ბერლინში, გამარჯვების სვეტსა და რაიხსტაგზე აღიმართა. პრაქტიკული კუთხით, ეს დღე საშუალებას იძლევა, 1 მაისს გამოფენილი დროშები 3 მაისამდე დარჩეს აღმართული. პოლონეთის დროშის ორი ჰორიზონტალური ზოლი – თეთრი (მშვიდობისა და სიკეთის სიმბოლო) და წითელი (სამშობლოსათვის დაღვრილი სისხლისა და სიმამაცის ნიშანი) – მკაცრ პროპორციებს ექვემდებარება. დროშისადმი პატივისცემა კანონითაა დაცული: ის არ უნდა ეხებოდეს მიწას და მასზე ყოველგვარი წარწერა აკრძალულია. ამავე დღეს სახელმწიფო პატივს მიაგებს მილიონობით თანამემამულეს, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ. მათი წვლილი პოლონური იდენტობის შენარჩუნებასა და ქვეყნის მხარდაჭერაში ისტორიის რთულ მომენტებში ფასდაუდებელია. ეს კადრი საუკეთესოდ გამოხატავს იმას, თუ როგორ ხვდებიან პოლონელები მაისის დღესასწაულებს: ეროვნული დროშა თითქმის ყველა აივანზეა 3 მაისი: კონსტიტუცია – თავისუფლების სამართლებრივი ანდერძი 3 მაისი პოლონური სახელმწიფოებრიობის მწვერვალია. 1791 წელს მიღებული ეს დოკუმენტი იყო პირველი კონსტიტუცია ევროპაში და მეორე მსოფლიოში. კომუნისტურმა ხელისუფლებამ სცადა 3 მაისის ხსოვნის გაუფასურება. 1946 წელს პატრიოტული დემონსტრაციები სასტიკად დაარბიეს, ხოლო 1951 წელს დღესასწაული ოფიციალურად აიკრძალა. რეჟიმი ცდილობდა, აქცენტი მხოლოდ 1 მაისზე გადაეტანა, თუმცა ამაოდ. პოლონელების მეხსიერებიდან 3 მაისის წაშლა შეუძლებელი აღმოჩნდა. რეპრესიების მიუხედავად, კედლებზე ჩნდებოდა ლოზუნგები: „გაუმარჯოს 3 მაისს!“. ეკლესიაში აღვლენილი წირვები და პატრიოტული ჰიმნები (როგორიცაა Rota) წინააღმდეგობის ჩუმ, მაგრამ მტკიცე მანიფესტაციად იქცა. 70-იან და 80-იან წლებში “სოლიდარობის” მოძრაობის გაძლიერებამ ეს დღესასწაული კვლავ საზოგადოებრივი პროტესტის ცენტრში დააბრუნა. მხოლოდ 1990 წელს, კომუნიზმის დაცემის შემდეგ, 3 მაისმა დაიბრუნა ეროვნული დღესასწაულის სტატუსი. დღეს ის საზეიმოდ აღინიშნება მთელ ქვეყანაში, როგორც პოლონური კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური ღირებულებების (თავისუფლების, სოლიდარობისა და სამოქალაქო ღირსების) სიმბოლო. აგრეთვე იხილე: ნოემბრის აჯანყება — პოლონეთის ეროვნულობისა და ქართული სოლიდარობის ისტორიული კავშირი ავტორი:ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია პავლე და იეჟი თუმანიშვილები პოლონელებმა დაამტკიცეს, რომ შეუძლებელი არაფერია- როგორ დაწერა პოლონეთმა მსოფლიო ინტერნეტ ისტორია 9 დღეში