პოლონური ოჯახი აზიარებს ოპლატეკს საშობაო ღამეს, ვიგილიას ტრადიციული რიტუალიოპლატეკის გაზიარება - პოლონური საშობაო ღამის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი

შობა პოლონეთში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია, რომელსაც განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქვეყნის ტრადიციებსა და ოჯახურ ცხოვრებაში. ამ განსაკუთრებულ პერიოდს წინ უძღვის ვიგილია (Wigilia) — შობის წინა ვახშამი, რომელიც აერთიანებს ოჯახს, რწმენას, სიმბოლიკასა და მრავალსაუკუნოვან წეს-ჩვეულებებს. პოლონური შობა ნათლად ასახავს ქვეყნის ღრმა კათოლიკურ მემკვიდრეობას და კულტურას.

ვიგილია (Wigilia) -შობის წინა ღამე

ვიგილია იწყება 24 დეკემბერს, მხოლოდ მაშინ, როდესაც ცაზე პირველი ვარსკვლავი გამოჩნდება (ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლო). მისი დანახვა ოჯახისთვის შობის ღამის დასაწყისს ნიშნავს და განსაკუთრებით ემოციურია ბავშვებისთვის.

სუფრა იწყება ოპლატეკის (opłatek) გაზიარებით — თხელი, უმარილო ვაფლით, რომელიც ფქვილისა და წყლისგან მზადდება და რელიგიური სიმბოლოებით არის შემკული. ოჯახის წევრები სუფრის გარშემო იკრიბებიან, ხელში თითო ოპლატეკის ფირფიტით ან ერთი საერთო ვაფლით. რიტუალს, როგორც წესი, ოჯახის უფროსი იწყებს. ის თითოეულ წევრს პატარა ნატეხს უზიარებს და გულწრფელად უსურვებს ჯანმრთელობას, მშვიდობასა და კეთილდღეობას მომავალი წლისთვის. შემდეგ ეს ჟესტი ყველა დამსწრეზე გადადის — ოჯახის წევრები ერთმანეთს სურვილებს უზიარებენ და მშვიდობით ხვდებიან შობის ღამეს.

ამ რიტუალს განსაკუთრებული ემოციური მნიშვნელობა აქვს და ის პატიების, ერთიანობისა და სიყვარულის სიმბოლოდ მიიჩნევა.

პოლონური ოჯახი აზიარებს ოპლატეკს საშობაო ღამეს, ვიგილიას ტრადიციული რიტუალი
ოპლატეკის გაზიარება – პოლონური საშობაო ღამის ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი

ვიგილიის სუფრა და ტრადიციული კერძები

ვიგილიის ვახშამი ტრადიციულად12 კერძისგან შედგება, რაც ქრისტეს თორმეტ მოციქულს განასახიერებს. კერძები ძირითადად ვეგეტარიანულია, თუმცა ხშირად შეხვდებით თევზს, განსაკუთრებით კობრს. სუფრის ქვეშ თივა იდება იესოს ბაგაში დაბადების სიმბოლოდ, ხოლო ერთი ადგილი ცარიელი რჩება მოულოდნელი სტუმრებისთვის ან ღვთაებრივი სტუმრისთვის.

ყველაზე გავრცელებული კერძებია:

  • ბარშჩი (barszcz) — ჭარხლის წვნიანი პატარა პელმენებით
  • პიეროგი (pierogi) — ტრადიციული პელმენი, ვიგილიის სუფრის ერთ-ერთი გამორჩეული კერძი
  • კობრი — სხვადასხვა ფორმით მომზადებული

დესერტებიდან კი მაკოვიეცი (makowiec) ყაყაჩოს რულეტი და ჯანჯაფილის ნამცხვრები (pierniki).

ვახშამი შეიძლება გაგრძელდეს შუაღამის წირვამდე და მისი ძირითადი მიზანია ოჯახური ერთიანობისა და შობის ღამის სულიერი სიხარულის შექმნა. ეს დრო ოჯახის თითოეულ წევრს საშუალებას აძლევს, მშვიდად, სიყვარულით და სიწმინდით შეხვდეს შობის ღამეს.

ვიგილიას საშობაო სუფრა პოლონეთში თორმეტი კერძით და ტრადიციული სიმბოლოებით
ვიგილიას სადღესასწაულო სუფრა
📸Photo from Pexels

რელიგიური ტრადიციები

ვიგილიას დასასრულია პასტერკა (Pasterka) — შუაღამის წირვა, რომელიც მწყემსების მიერ ახალშობილი იესოს მონახულებას ეძღვნება. შობის დღესა და მომდევნო დღეებში პოლონეთში ტრადიციულად არ მუშაობენ; ეს დრო მთლიანად ოჯახსა და სულიერ სიმშვიდეს ეთმობა.

შობის წინა პერიოდში პოლონეთში ტარდება სპეციალური დილის წირვები (Roraty), რომელიც ღია ლიტურგიაა სანთლების შუქზე და შობისთვის სულიერ მომზადებას ემსახურება. ამ დროს ოჯახები სახლებში ანთებენ საშობაო გვირგვინს (stroik adwentowy). ეს არის მწვანე ფერის რგოლი ოთხი სანთლით,რაც სიმბოლურად გამოხატავს საშობაო ოთხ კვირას.

საშობაო გვირგვინი ოთხი სანთლით პოლონურ ოჯახში საშობაო მომზადების სიმბოლო
საშობაო გვირგვინი
📸Photo from Pexels

ნაძვის ხე — Choinka და მისი სიმბოლიკა

პოლონური საშობაო ტრადიციების ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი სიმბოლოა ხოინკა (choinka), რომელიც სიცოცხლეს, იმედსა და ოჯახურ სიხარულს განასახიერებს. გერმანიიდან შემოღებული ტრადიცია XIX საუკუნის ბოლოს გავრცელდა პოლონეთში და თანდათან შეცვალა ძველი ხალხური პოდლაჟნიჩკა (Podłaźniczka). პოდლაჟნიჩკა მზადდებოდა წიწვოვანი ტოტებისგან, რომლებიც ჭერზე უკუღმა ეკიდებოდა და ირთვებოდა ფერადი ქაღალდის ფიგურებით, ტკბილეულით, ვაშლებით, კაკლებით, ან ჩალის ვარსკვლავებითა და ჯვრებით.

ტრადიციულად, ხოინკას მორთვა იწყება შობის წინა დილას, ხოლო განათება პირველად მხოლოდ პირველი საღამოს ვარსკვლავის გამოჩენის შემდეგ ენთება.

გავრცელებული ორნამენტები

  • ვაშლები — ჯანმრთელობის, ცოდნის ხისა და ნაყოფიერების სიმბოლო.
  • კაკლები (ხშირად ფოლგაში გახვეული) — სიმბოლოა ძალისა და კეთილდღეობის.
  • ხელნაკეთი ქაღალდის ფიგურები (wycinanki) — ვარსკვლავები, ჯაჭვები და სხვა ფიგურები.
  • światy (ოპლატეკის ნაჭრები) — სახლში დაცვას უზრუნველყოფს.
  • ჩალის ვარსკვლავები და ჯვრები — ოჯახისა და შინაურ ცხოველთა დაცვის ნიშნად.

ხის წვერზე ყოველთვის მოთავსებულია ვარსკვლავი, რომელიც ბეთლემის ვარსკვლავს განასახიერებს.

დღეს ხოინკა წარმოადგენს პოლონური საშობაო სიხარულის განუყოფელ ნაწილს, სიმბოლოა ოჯახური ერთიანობის, სიხარულის და შობის დღესასწაულის ფერადი, თბილი ატმოსფეროს.

პოლონური ხოინკა და ტრადიციული პოდლაზნიჩკა, ძველი და თანამედროვე საშობაო ხის ვერსიები
თანამედროვე ხოინკა (მარჯვნივ) და ტრადიციული პოდლაზნიჩკა (მარცხნივ)
პოლონური საშობაო დეკორაციის ევოლუცია

ლეგანდა ობობაზე — იღბლისა და კეთილდღეობის სიმბოლო

პოლონურ ფოლკლორში ცნობილია საშობაო ობობის ლეგენდა, რომელიც ხსნის ფაქტს, თუ რატომ გვხვდება ობობის ქსელი ნაძვის ხის დეკორაციებში.

ლეგენდის თანახმად, ერთ ღარიბ ქვრივსა და მის შვილებს არ ჰქონდათ საშუალება ნაძვის ხე მოერთოთ. შობის ღამეს პატარა ობობებმა ქსელებით დაფარეს ხე, ისე რომ თითოეული ტოტი მთლიანად იყო დაფარული მათ მიერ შექმნილ ნაქარგებით. დილით, მზის შუქის ან ღვთაებრივი სასწაულის ძალით, ქსელები გადაიქცა ოქროსა და ვერცხლის ძაფებად, ხე კი სავსე გახდა სინათლითა და სიკეთით. სწორედ ამიტომ დღეს ობობის ქსელს კვლავ მიაწერენ იღბლისა და კეთილდღეობის ძალას.

ობობის დეკორაცია პოლონურ საშობაო ხეზე ჩოინკა, ხალხური ლეგენდის სიმბოლო
ობობის დეკორაცია – იღბლისა და კეთილდღეობის სიმბოლო პოლონურ საშობაო ხეზე

შობა პოლონეთში მხოლოდ რელიგიური დღესასწაული არ არის, ეს არის დრო, როცა ოჯახები ერთად იკრიბებიან და პატარა დეტალებიც იქცევიან იღბლის, ერთიანობისა და სიხარულის სიმბოლოდ.

შობის ღამე გვახსენებს, რომ პატარა რიტუალები, გულწრფელი სურვილები და სითბო, რომელსაც ერთმანეთს ვუზიარებთ, ქმნის ნამდვილ ბედნიერებას. დრო, როცა ყველაზე მნიშვნელოვანია სიყვარული, მზრუნველობა და ოჯახის ერთად ყოფნა.

თუ გსურთ, კიდევ უფრო ახლოს გაეცნოთ პოლონურ საშობაო ტრადიციებს, აუცილებლად წაიკითხეთ ჩვენი სტატია ვროცლავის საშობაო ბაზრობაზე.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #

By Ana Rogava

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.

error: Content is protected !!