ავტორი: ნათია ქიმაძე
ბოლო წლები პოლონეთი ღვინის კულტურის თვალსაზრისით ნამდვილი აღმოჩენის პერიოდი გახდა. ქვეყანა, რომელიც აქამდე მეტად იყო ცნობილი ლუდითა და არაყით, დღეს უკვე თამამად საუბრობს საკუთარ ღვინის ინდუსტრიაზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთისთვის მევენახეობა ტრადიციული საქმე არ არის, განსაკუთრებით დაბალ ტემპერატურებთან დაკავშირებული კლიმატური გამოწვევების გამო, პოლონელებმა შეძლეს შეექმნათ ხარისხიანი ღვინოები, რომლებიც ევროპის ბაზარზე უკვე ცნობლია.
პოლონეთში ღვინის წარმოების ისტორია შუა საუკუნეებიდან მოდის. თუმცა ისტორიულმა გამოწვევებმა და კლიმატურმა ცვლილებებმა ვენახების დიდი ნაწილი დააზარალა. ახალი ერა დაიწყო 1989 წლის შემდეგ, საბჭოთა სისტემის დაშლისა და კერძო საკუთრების დაბრუნების პროცესში. სწორედ ამ დროიდან იწყება პოლონური ღვინის ინდუსტრიის თანდათან აღორძინება.
ქვედა სილეზია (Dolny Śląsk) ერთ-ერთი წამყვანი რეგიონია პოლონეთში, სადაც მევენახეობა და მეღვინეობა სწრაფად ვითარდება. რეგიონი გამოირჩევა რბილი კლიმატითა და ნაყოფიერი ნიადაგებით, რაც ქმნის იდეალურ პირობებს ვენახების გასაშენებლად. აქაური ღვინოები ხშირ შემთხვევაში კომბინაციას ქმნის ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებთან და პოლონურ მასტერკლასებთან.
პოლონეთში მრავალი წლის განმავლობაში ცხოვრებისას შესაძლებლობა მქონდა რამდენიმე მეღვინეობა მომენახულებინა.ამ ბლოგში კი განსაკუთრებით ერთ-ერთ მათგანს გამოვარჩევ,რომელიც ჩემთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.
მეღვინეობა Adoria არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვენახია ქვედა სილეზიაში და პოლონეთის მასშტაბით. მისი დამფუძნებელია ამერიკელი მაიკ უიტნი, რომელიც პოლონეთში 2000-იანი წლების დასაწყისში ჩამოვიდა და გადაწყვიტა, საკუთარი ღვინის პროექტი შეექმნა. მისი იდეა იყო შეეთავსებინა ახალი სამყაროს მიდგომები ძველი სამყაროს ტრადიციებთან, რაც საბოლოოდ წარმატებული აღმოჩნდა.
Adoria მდებარეობს სოფელ Zielona Wieś-ში, ვროცლავის მახლობლად. ვენახი გაშენებულია დაახლოებით 3.5 ჰექტარზე და აქ ძირითადად მოჰყავთ კლასიკური სორტები: Pinot Noir, Chardonnay და Riesling. ამ ვენახის მთავარი ღირებულება არის ის, რომ აქ წარმოებული ღვინოები გამოხატავს როგორც ადგილობრივი კლიმატური პირობების თავისებურებებს, ასევე საერთაშორისო ხარისხის სტანდარტებს.

ფოტო: მეღვინეობა Adoria
რატომ არის adoria განსაკუთრებული? – შერწყმული ტრადიციები და ინოვაცია
ვენახში წარმოებული ღვინოები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მზადდება, თუმცა დიდი ყურადღება ექცევა ტრადიციული მეთოდებით დუღილსა და დაძველებას. Adoria-ს ღვინოებს ახასიათებთ ელეგანტური სტრუქტურა, დახვეწილი არომატები და დაბალანსებული გემო.
დეგუსტაციები და ტურები-ვენახი ღიაა ვიზიტორებისთვის. შესაძლებელია დეგუსტაციებში მონაწილეობა და ვენახში ექსკურსია, სადაც სტუმრები გაეცნობიან ღვინის წარმოების პროცესს და შეიგრძნობენ ადგილობრივი ბუნების უნიკალურობას.
პროდუქცია–Adoria-ს Chardonnay გამოირჩევა მსუბუქი ციტრუსოვანი არომატებითა და მინერალური ხაზებით, რაც მას იდეალურს ხდის თეთრი ღვინის მოყვარულთათვის. მათი Pinot Noir კი ნაზი, მსუბუქი ტანინებით და ხილის არომატებით ქმნის დახვეწილ შთაბეჭდილებას. ასევე საინტერესოა მათი მშრალი Riesling, რომელიც მსუბუქი მჟავიანობითა და სიგრილით გამოირჩევა.
პოლონური ღვინის მომავალი–დღეს პოლონეთში უკვე 500-ზე მეტი რეგისტრირებული ვენახია. ქვეყნის მეღვინეები სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო კონკურსებში და მათი ღვინოები იღებენ პრიზებს, რაც მიუთითებს პოლონური ღვინის ზრდაზე და განვითარების მაღალ პოტენციალზე. ქვედა სილეზიის გარდა, ასევე საინტერესო რეგიონებია ლუბუშის მხარე (Lubuskie) და მალოპოლსკა (Małopolska), სადაც მცირე ოჯახური ვენახები ხშირად აწარმოებენ ორგანულ და ნატურალურ ღვინოებს.

ფოტო: მეღვინეობა Adoria
აქვე გაგიზიარებთ დეგუსტაციის პრაქტიკული რჩევებს მევენახეობაში სტუმრობისას
თუ Winnica Adoria-ს ან სხვა პოლონურ ვენახს ესტუმრები, ღირს იცოდე რამდენიმე დეგუსტაციის წესი, რომლითაც ღვინის დაგემოვნების გამოცდილებას სრულად შეიგრძნობ:
1. დააკვირდი ფერს-პირველ რიგში, დააკვირდი ღვინის ფერს ბუნებრივ შუქზე. თეთრი ღვინო უნდა იყოს ნათელი და ბრწყინვალე, ხოლო წითელი – ღრმა ფერის, ხშირად იასამნისფერ ან მუქ წითელ ტონებში.
2. შეაფასე არომატი-ნაზად შეანჯღრიე ჭიქა და შეისუნთქე მისი არომატი. კარგი ღვინო გვაძლევს რამდენიმე ფენის სურნელს: ხილის, ყვავილების, სანელებლების ან მიწის.
3. პირველი ყლუპი-დააგემოვნე ღვინო მცირე ყლუპით, გააჩერე პირში რამდენიმე წამით და შეიგრძენი მისი სტრუქტურა -არის ის მსუბუქი, სავსე, მჟავიანი თუ ტანინიანი?
4. შეფასება გემოთი და პოსტგემოთი (aftertaste)-კარგი ღვინო გიტოვებს ხანგრძლივ პოსტგემოს. დააკვირდი, რამდენ ხანს გრძელდება სასიამოვნო შთაბეჭდილება ყლუპის შემდეგ.
5. წყლისა და პურის მნიშვნელობა-დეგუსტაციებს შორის სასურველია წყლის დალევა ან უბრალო პურის ლუკმა, რათა გაანეიტრალო წინა ღვინის არომატები და ახალი გემო უკეთ შეიგრძნო.
6. არ იჩქარო-ღვინის დეგუსტაცია არის პროცესი და არა შეჯიბრი. მიეცი საკუთარ თავს დრო და მოდუნდი.
მეღვინეობა Adoria-ს მონახულება – თუ მოგზაურობ Dolny Śląsk-ის რეგიონში, მეღვინეობა Adoria აუცილებლად ღირს ერთ-ერთი გაჩერების წერტილად. აქ არა მხოლოდ პოლონურ ღვინოს დააგემოვნებ, არამედ გაეცნობი ვენახის უნიკალურ ამბავსა და ადამიანებს, რომლებიც სიყვარულით ქმნიან თითოეულ ბოთლ ღვინოს.
მისამართი: Zielona Wieś 29, Kobierzyce, Poland
#მეღვინეობა #პოლონურიღვინო





კომენტარის დატოვება