თუ პოლონეთში მოგზაურობას გეგმავთ, ალბათ თვალწინ პირველად კრაკოვის ისტორიული ქუჩები, ვარშავის ცათამბჯენები ან გდანსკის ზღვისპირი გიდგებათ. თუმცა, ამ ქვეყანაში არის ერთი ქალაქი, რომელიც ხშირად სრულიად დაუფასებლად რჩება, არადა პირველივე ვიზიტისთანავე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ეს ლოძია — ყოფილი ინდუსტრიული გოლიათი, რომელიც დღეს ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ, არტისტულ და ცოცხალ სივრცედ გადაიქცა.
ლოძში ჩემი მოგზაურობის მთავარი მიზეზი მხოლოდ ქალაქის დათვალიერება არ ყოფილა. აქ ერთი ძალიან თბილი, ქართული ისტორიის ჩასაწერად მივდიოდი. თუმცა, სანამ ბალონოვას ქუჩის იმ პატარა ჩიხამდე მივიდოდით, სადაც ნამდვილი კულინარიული საოცრება გველოდა, ქალაქმა თავისი მასშტაბითა და განსაკუთრებული ხასიათით სრულიად მოგვხიბლა.
ინდუსტრიული გოლიათის გარდაქმნა
პირველი, რაც ლოძში ფეხის დადგმისას გაოცებთ, სივრცის შეგრძნებაა. ფართო პრომენადები, მწვანე სკვერები და უსასრულოდ გაჭიმული ქუჩები ქალაქს განსაკუთრებულ ჰაეროვნებასა და თავისუფლების სულს სძენს. ლოძი გასულ საუკუნეებში ტექსტილის ინდუსტრიის გული გახლდათ, სადაც გვერდიგვერდ თანაარსებობდნენ პოლონელები, ებრაელები, გერმანელები და რუსები. ეს მულტიკულტურული წარსული დღესაც ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა, თუმცა ყველაზე მეტად ის გაოცებთ, თუ როგორ შთაბერეს ახალი სიცოცხლე ძველ, მიტოვებულ ქარხნებს.



ლოძი გამორჩეულია კედლის მხატვრობით
ლოძში ხეტიალისას თითქოს დროში მოგზაურობთ. აუცილებლად მოგტაცებთ თვალს „მანუფაქტურა“ — მე-19 საუკუნის ტექსტილის მაგნატის, ისრაელ პოზნანსკის ყოფილი გიგანტური ქარხნული იმპერია, სადაც წითელი აგურის მონუმენტური არქიტექტურა დღეს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, კაფეებსა და სიცოცხლით სავსე მოედანს მასპინძლობს. იქვე ახლოსაა „მღვდლების წისქვილიც“ (Księży Młyn), სადაც წითელი აგურის ძველი მუშათა დასახლება ნელ-ნელა არტისტების სახელოსნოებად და მყუდრო კულტურულ კერად გადაიქცა.


მანიფაქტურა
ქალაქის მთავარი არტერია კი ოთხკილომეტრიანი პიოტრკოვსკას ქუჩაა. აქ სეირნობისას გარშემო ეკლექტიკური სასახლეები, ნეობაროკოსა და მოდერნის სტილის ფასადები და ცნობილი „ტუვიმის სკამი“ გხვდებათ. თუ პატარა ეზოებშიც შეიხედავთ, აუცილებლად აღმოაჩენთ „ვარდის ეზოს“ (Pasaż Róży), სადაც შენობის ფასადები ათასობით სარკის ნატეხითაა დაფარული და მზის სინათლეზე ჯადოსნურად კაშკაშებს.
ამ ყველაფერს ემატება შენობების გიგანტურ კედლებზე დახატული მსოფლიო დონის მურალები და ლეგენდარული კინოსკოლის აურა, სადაც თავის დროზე რომან პოლანსკი და ანჟეი ვაიდა სწავლობდნენ. ლოძი ნამდვილად არის ქალაქი, რომელიც ღია ცის ქვეშ არსებულ დიდ გალერეას ჰგავს.




პიოტრკოვსკას ქუჩა
„ალავერდი“: ქართული წერტილი ლოძის გულში
ქალაქის ისტორიული ქუჩების, წითელი აგურის ესთეტიკისა და შთამბეჭდავი მურალების დათვალიერების შემდეგ, ჩვენი გზა ბალონოვას ქუჩისკენ წავიდა. ძველ საცხოვრებელ კორპუსებსა და ახალ შენობებს შორის მიმალულ პატარა, მყუდრო ჩიხში მდებარეობს ქართული რესტორანი „ალავერდი“.
როგორც კი ზღურბლს გადააბიჯებთ, ქალაქის ხმაური მომენტალურად ქრება. შიგნით შესულს ისეთი თბილი განცდა გეუფლებათ, თითქოს უცხო ქალაქში კი არ ხართ, არამედ საქართველოში, ძველი მეგობრის სტუმართმოყვარე ოჯახში ჩახვედით.
სიტყვები მართლაც არ მყოფნის იმ სურნელისა და გემოების აღსაწერად, რაც იმ დღეს იქ დაგვხვდა: ნამდვილი, ავთენტური მეგრული კერძები, ახლად გამომცხვარი ხაჭაპური და ისეთი არომატული სულგუნი, რომლის მსგავსსაც ევროპაში იშვიათად თუ შეხვდებით. მასპინძლობა კი… ისეთი გულწრფელი და დაუვიწყარი იყო, რომ საათები თვალის დახამხამებაში გაფრინდა.
ამ მაგიური გარემოს შექმნის უკან დგას თეა აქუბარდია და მისი ოჯახი.

რესტორანი ,,ალავერდი”
თეა აფხაზეთიდან დევნილია. ემიგრაციის მძიმე გზას თვალი მაშინ გაუსწორა, როცა მისი მეუღლე პოლონეთში მარტო გაემგზავრა, მოგვიანებით კი თეაც სამ შვილთან ერთად ჩავიდა ლოძში. ენის უცოდინრობა, ადგილობრივი ბიუროკრატია, უცხო გარემო… დასაწყისი უზომოდ რთული იყო.
მისი პირველი სამუშაო კარტოფილის გაფრცქვნა გახლდათ. თუმცა, დაუღალავმა შრომისმოყვარეობამ და მიზანდასახულობამ თავისი გაიტანა: პარალელურად უვლიდა სამ შვილს, მუშაობდა და ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ინკლუზიური განათლების კურსებიც კი გაიარა.
საინტერესოა, რომ რესტორან „ალავერდის“ შექმნის ისტორია უბრალო მონატრებით დაიწყო — ქართული ყველის მონატრებით. ოჯახს ძალიან ენატრებოდა მშობლიური სულგუნი, გამოსავალი კი მარტივი იპოვეს: ადგილობრივი პოლონური ფერმებიდან იღებდნენ ნატურალურ რძეს და სახლის პირობებში დაიწყეს ყველის ამოყვანა.
შინ მომზადებული სულგუნი პოლონელ მეგობრებსა და კოლეგებს გაასინჯეს. აღფრთოვანებას დიდძალი მოთხოვნა მოჰყვა, მოთხოვნას — პატარა სივრცის დაქირავება, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სრულფასოვან, ულამაზეს ქართულ რესტორნად გადაიქცა!
დღეს „ალავერდი“ წმინდა წყლის საოჯახო ბიზნესია, რომელსაც თეა, მისი მეუღლე და უფროსი შვილები ერთობლივად მართავენ. სახელწოდებაც სიმბოლურია — ქართული სუფრისა და სადღეგრძელოს გადაცემის ტრადიციას უკავშირდება.თეას სამომავლოდ კიდევ ერთი ლამაზი ოცნება აქვს — საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, საკუთარი მყუდრო ჩაის სახლი გახსნას.
„ალავერდის“ წარმატებაზე მეტყველებს ისიც, რომ რესტორანი პრესტიჟული ადგილობრივი ჯილდოს, „ოქროს ჩანგლის“მფლობელი და ბიზნესკონკურს Wiktoria-ს ნომინანტია. ის ევროპაში ქართული კულინარიული ტრადიციების პოპულარიზაციას, მაღალი ხარისხისა და პროფესიონალიზმის შენარჩუნებით, წარმატებით განაგრძობს.
რატომ უნდა ეწვიოთ ლოძს და „ალავერდს“?
თუ პოლონეთში მოგზაურობას დაგეგმავთ, აუცილებლად დაუთმეთ 2-3 დღე ლოძს. ისიამოვნეთ წითელი აგურის ინდუსტრიული ესთეტიკით, გაისეირნეთ პიოტრკოვსკას ისტორიულ ქუჩაზე, აღმოაჩინეთ ფარული ეზოები, მურალები და დატკბით ევროპის ამ საოცარი კუთხის ენერგეტიკით.
ხოლო როდესაც საღამოს დაღლილები მყუდროებასა და ნამდვილ, გულითად მასპინძლობას მოინდომებთ, ეწვიეთ „ალავერდს“ მისამართზე: ul. Balonowa 39C, Łódź, დააგემოვნეთ საუკეთესო ქართული კერძები და იგრძენით, როგორ შეიძლება უცხო ქალაქშიც კი თავი საკუთარ სახლში იგრძნოთ.
რესტორანი ალავერდის ზუსტი მისამართი იხილეთ ჩვენს ქართულენოვან რუკაზე: ლოძი – ქართული რესტორანი აავერდი
ავტორი: ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
