კლიმატის ცვლილება, ექსტრემალური ამინდის მოვლენები და ბუნებრივი საფრთხეები დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა. როგორ მუშაობენ სპეციალისტები ამ რისკების პროგნოზირებასა და მართვაზე? რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ელ-ნინიოს საქართველოსა და პოლონეთზე? რამდენად მზად არის საზოგადოება მსგავსი გამოწვევებისთვის? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე Kartuli.News-ი გეოსაფრთხეებისა და რისკების სპეციალისტს, თამარ წამალაშვილს ესაუბრა, რომელიც ამჟამად პოლონეთის ქალაქ ვროცლავში ცხოვრობს და წყალდიდობების მოდელირებისა და ბუნებრივი საფრთხეების შეფასების მიმართულებით მუშაობს. ფოტოზე: თამარ წამალაშვილი – თამარ,პირველ რიგში, საინტერესოა, როგორ აღმოჩნდით პოლონეთში და რატომ აირჩიეთ საცხოვრებლად მაინცდამაინც ვროცლავი? – პოლონეთთან ჩემი კავშირი პირადულია. წარმოშობით ნახევრად პოლონელი ვარ და მინდა, ამ ქვეყნის ნაწილად ვიგრძნო თავი და არა უბრალოდ სტუმრად. ვროცლავი კი პროფესიულადაც ლოგიკური არჩევანი გამოდგა. მდინარე ოდრა ქალაქის გულში გადის და 1997 წლის გამანადგურებელმა წყალდიდობამ, რომელმაც ვროცლავი თითქმის მთლიანად დატბორა, პოლონეთში ეს სფერო სახელმწიფო პრიორიტეტად აქცია. სწორედ ამიტომ, აქ ყველაზე მეტი შესაძლებლობაა წყალდიდობების კვლევასა და მოდელირებაში. –თქვენი პროფესია (გეოსაფრთხეებისა და რისკების სპეციალისტი) ძალიან იშვიათი და საინტერესოა. რას გულისხმობს თქვენი ყოველდღიური საქმიანობა? -გეოლოგიური საფრთხეების შესწავლა საქართველოში ღრმა ტრადიციით გამოირჩევა – ჩვენი ქვეყანა ისეთ რეგიონშია, სადაც მიწისძვრა, მეწყერი და წყალდიდობა ყოველთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენდა. ბუნებრივია, რომ ამ მიმართულებით კვლევები დიდი ხნის წინ დაიწყო: მაგალითად, პირველი სეისმოგრაფი თბილისში ჯერ კიდევ 1899 წელს დაიდგა და პირველი სეისმოგრამა 6 დეკემბერს ჩაიწერა (Seismic Network of Georgia – FDSN). თბილისის ფიზიკური ობსერვატორია კი 1837 წელს დაარსდა, რეგულარული მეტეოროლოგიური დაკვირვება 1844 წლიდან იწყება – სწორედ ეს არის გარემოს ეროვნული სააგენტოს წინამორბედი. ჩვენი სამუშაო ამ ტრადიციას აგრძელებს, ოღონდ უკვე თანამედროვე კომპიუტერული მოდელირების მეთოდებით, რაც საშუალებას გვაძლევს, საფრთხეები გაცილებით ზუსტად და სწრაფად შევაფასოთ, ვიდრე ეს ადრე იყო შესაძლებელი. მაგალითად, გარემოს ეროვნულ სააგენტოში წყალდიდობების მოდელირებაზე ვმუშაობ – კომპიუტერული პროგრამებით ვქმნი სცენარებს: თუ კონკრეტულ მდინარეში ამდენი წვიმა მოვა, რა დაიტბორება და სად. ეს მოდელები სრულიად პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს ემსახურება: სად უნდა აშენდეს დამბა, სად არ შეიძლება სახლის აგება და როგორ უნდა მოხდეს ევაკუაცია.– რადგან ამინდის ანომალიებსა და ბუნებრივ რისკებზე ვსაუბრობთ, გვერდს ვერ ავუვლით ფენომენს, რომელზეც ახლა მთელი სამეცნიერო სამყარო საუბრობს. მარტივი ენით რომ ავუხსნათ მკითხველს: რა არის ელ-ნინიო (El Niño) და რატომ გახდა ის წელს ასეთი საყურადღებო?-წარმოიდგინეთ, რომ წყნარ ოკეანეში, ეკვატორის მიდამოებში, ქარები ჩვეულებრივ თბილ ზედაპირულ წყალს დასავლეთისკენ უბიძგებს. ამის გამო, აღმოსავლეთ წყნარ ოკეანეში სიღრმიდან ზედაპირზე უფრო ცივი წყალი ამოდის. ელ-ნინიო კი ის მდგომარეობაა, როდესაც ეს ქარები სუსტდება, ცივი წყლის ამოსვლა მცირდება და ოკეანის ზედაპირი ჩვეულებრივზე მეტად თბება. ეს სითბო ატმოსფეროზეც მოქმედებს და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ამინდის ჩვეულებრივ სურათს ცვლის: ზოგან გვალვის რისკი იზრდება, ზოგან კი – ძლიერი ნალექისა და წყალდიდობის.მიმდინარე წელს კი განსაკუთრებული ვითარება გვაქვს – მეცნიერები ე.წ. სუპერ ელ-ნინიოს აცხადებენ. NOAA-ს (ამერიკის ამინდის ეროვნული სამსახური) თანახმად, 63%-იანი ალბათობით, ეს ბოლო 80 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოვლენა იქნება. ოკეანე ჩვეულებრივზე 3-4 გრადუსით თბილია, რაც კოლოსალური სხვაობაა.-კონკრეტულად რა სახის კლიმატურ ცვლილებებსა და ანომალიებს უნდა ველოდოთ ამ ზაფხულს გლობალურად? -ამ ზაფხულს მთავარი მოლოდინი მსოფლიოს დიდ ნაწილში ჩვეულებრივზე მაღალი ტემპერატურული ფონია. თუმცა, ელ-ნინიო პლანეტის ამინდს ერთნაირად არ ცვლის: ზოგ რეგიონში ის გვალვის რისკს ზრდის, ზოგან კი ძლიერი ნალექი და წყალდიდობაა მოსალოდნელი. ევროპაში მთავარი საფრთხე შეიძლება იყოს სიცხის ტალღები, მშრალი პერიოდები და ადგილობრივად ძლიერი ჭექა-ქუხილი. ატლანტის ოკეანეში ქარიშხლები, პირიქით, შესაძლოა ნაკლებად აქტიური იყოს, რადგან ელ-ნინიო ხშირად აფერხებს ტროპიკული შტორმების ჩამოყალიბებას. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე ქრება; სეზონი შეიძლება შედარებით მშვიდი იყოს, მაგრამ ერთმა ძლიერმა ქარიშხალმაც კი შეიძლება სერიოზული ზიანი გამოიწვიოს. –აისახება თუ არა ელ-ნინიოს გავლენა უშუალოდ საქართველოზე და რა მთავარი რისკების წინაშე შეიძლება დავდგეთ (მაგალითად: ექსტრემალური სიცხე, გვალვა თუ პირიქით – უხვი ნალექი)? -ზუსტი რეგიონული პროგნოზის გაკეთება კავკასიაზე შეზღუდულია, მაგრამ ზოგადი სურათი ასეთია: ელ-ნინიოს პირდაპირი გავლენა კავკასიაზე ისეთი ძლიერი არ არის, როგორც, ვთქვათ, ტროპიკებზე. მაგრამ, რადგან ეს მოვლენა გლობალურად ზრდის ტემპერატურულ ფონს და ამინდის ანომალიების ალბათობას, საქართველოშიც რამდენიმე რისკი საყურადღებოა. პირველი რისკი სიცხის ტალღებია, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში – ქვემო ქართლში, შიდა ქართლსა და კახეთში, სადაც ზაფხული ისედაც უფრო ცხელი და მშრალია. მაღალი ტემპერატურა და ნალექის დეფიციტი შეიძლება სერიოზულ ზეწოლად იქცეს სოფლის მეურნეობისთვის, განსაკუთრებით მარცვლეული კულტურების, ვენახებისა და საძოვრებისთვის. მეორე მნიშვნელოვანი რისკია ძლიერი ლოკალური ნალექი. საქართველოში რთული რელიეფის გამო მოკლე დროში მოსულმა ძლიერმა წვიმამ შეიძლება პატარა მდინარეების სწრაფი ადიდება, ღვარცოფი ან მეწყრული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს. ამიტომ, მთავარი საფრთხე მხოლოდ სიცხე არ არის – ერთნაირად საყურადღებოა როგორც გვალვა, ისე ძლიერი ნალექის ეპიზოდები. –რაც შეეხება ევროპასა და პოლონეთს – აქ მცხოვრებ ქართველებს რა კლიმატური სიურპრიზებისთვის გვმართებს მომზადება ამ სეზონზე? -პოლონეთზე ელ-ნინიოს გავლენა პირდაპირი და ისეთი ძლიერი არ არის, როგორც ტროპიკულ რეგიონებზე ან სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ნაწილზე. ამიტომ, არ უნდა ველოდოთ, რომ პოლონეთში აუცილებლად განმეორდება ის სცენარი, რაც შესაძლოა ესპანეთში, იტალიაში ან ხმელთაშუაზღვისპირეთში განვითარდეს. თუმცა, ზაფხული დიდი ალბათობით ჩვეულებრივზე ცხელი იქნება. IMGW-ის (პოლონეთის მეტეოროლოგიისა და წყლის რესურსების მართვის ინსტიტუტი) შეფასებით, პოლონეთში ელ-ნინიო ავტომატურად არ ნიშნავს რეკორდულ სიცხეს, მაგრამ ზრდის თბილი სეზონის ალბათობას; რეალურ ამინდს კი დიდწილად მაინც ატლანტიკური ცირკულაცია და NAO (ჩრდილო-ატლანტიკური რხევა) განსაზღვრავს. მთავარი რისკებია: სიცხის პერიოდები, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც „სიცხის კუნძულის“ ეფექტი მოქმედებს; ხანმოკლე მშრალი პერიოდები, რომლებმაც შეიძლება სოფლის მეურნეობასა და წყლის რესურსებზე ზეწოლა გაზარდოს; და ძლიერი ჭექა-ქუხილი ან ინტენსიური ნალექი, რომელიც ადგილობრივად დატბორვას გამოიწვევს. WMO-ს (მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია) სეზონური პროგნოზიც აჩვენებს, რომ ევროპაში ნორმაზე მაღალი ტემპერატურის ალბათობა გაზრდილია, თუმცა ნალექის განაწილება რეგიონულად განსხვავებულია. ამიტომ, პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის მთავარი გზავნილია: უნდა მოვემზადოთ უფრო თბილი და დინამიკური ზაფხულისთვის – სიცხის პერიოდებით, ამინდის სწრაფი ცვლილებით, ჭექა-ქუხილით და ადგილობრივად ძლიერი ნალექით. მაგრამ ამ ეტაპზე არ არის სწორი იმის თქმა, რომ პოლონეთში აუცილებლად იქნება მძიმე გვალვა ან ექსტრემალური ზაფხული. – წინა პასუხში აღნიშნეთ, რომ ამ ზაფხულისთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ. კონკრეტულად რა პრაქტიკულ რჩევებს მისცემდით ჩვენს მკითხველს – როგორ დავიცვათ თავი ექსტრემალური სიცხისგან და რა უნდა გავითვალისწინოთ ყოველდღიურობაში? -ყველასთვის საერთო რჩევები საკმაოდ სტანდარტულია: სიცხის დროს, დილის 11 საათიდან საღამოს 5 საათამდე, პირდაპირ მზეზე დიდხანს ნუ გაჩერდებით. მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი – სიცხეში ზრდასრულ ადამიანს საშუალოდ 2-3 ლიტრი წყალი შეიძლება დასჭირდეს, თუმცა ეს დამოკიდებულია ჯანმრთელობის მდგომარეობასა და ფიზიკურ აქტივობაზე. თუ სახლში ვენტილატორი გაქვთ, კარ-ფანჯარა ღამით გააღეთ, როცა ჰაერი შედარებით გრილია; დღისით კი დახურეთ და ფარდები ჩამოაფარეთ, რომ ოთახი ნაკლებად გახურდეს. ხანდაზმულები, ბავშვები, ორსულები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები ყველაზე დაუცველ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, ამიტომ მათ განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია ირიგაციის განრიგის შეცვლა – მორწყვა უმჯობესია ღამით ან გამთენიისას, როცა აორთქლება ნაკლებია. ასევე, სასურველია გვალვაგამძლე კულტურების გამოყენების განხილვა. სახლში ყოველთვის სასურველია სასმელი წყლის მცირე მარაგის ქონა, რადგან ხანგრძლივი სიცხის დროს ზოგიერთ რეგიონში წყლის სისტემებზე დატვირთვა იზრდება და შესაძლოა წნევის პრობლემა გაჩნდეს. –თქვენი დაკვირვებით, რამდენად არის დღეს საქართველოში ეკოლოგიური ცნობიერება და რამდენად მზად ვართ ხოლმე მსგავსი ბუნებრივი გამოწვევებისთვის? -ეკოლოგიური ცნობიერება მხოლოდ ის არ არის, რომ ადამიანმა იცოდეს ფრაზა – „ბუნება უნდა დავიცვათ“. ეს ბევრად უფრო ფართო საკითხია. ეკოლოგიური ცნობიერება ნიშნავს, რომ საზოგადოებას ესმის, როგორ უკავშირდება გარემო ადამიანის ჯანმრთელობას, ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას, ქალაქების განვითარებასა და უსაფრთხოებას. ეს არის უნარი, დავინახოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირები გარემოსთან მიმართებით: რა ქმედება რა შედეგს იწვევს და რატომ. კარგად განვითარებული ეკოლოგიური ცნობიერება პრაქტიკულ ქცევაში უნდა ჩანდეს: ადამიანი უნდა ხვდებოდეს, რატომ არ შეიძლება მდინარის კალაპოტში მშენებლობა, რატომ არის მნიშვნელოვანი მეწყერსაშიში ზონების გათვალისწინება, რატომ უნდა დავზოგოთ წყალი გვალვის დროს, როგორ მოვიქცეთ ძლიერი წვიმის, სიცხის ტალღის ან წყალდიდობის შემთხვევაში. ანუ, ეს არ არის მხოლოდ თეორიული ცოდნა – ეს ყოველდღიური და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებების ნაწილია. საქართველოში ამ მიმართულებით პროგრესი არის, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო რჩება. მოსახლეობის ნაწილს აქვს ზოგადი წარმოდგენა კლიმატის ცვლილებაზე, წყალდიდობებზე, მეწყერზე, ღვარცოფებსა და გვალვაზე, მაგრამ ხშირად ეს ცოდნა არ გადადის პრაქტიკულ ქმედებაში. პრობლემაა ისიც, რომ საფრთხეებზე ხშირად მაშინ ვიწყებთ საუბარს, როცა მოვლენა უკვე მოხდა. პრევენცია – საფრთხის რუკების გამოყენება, სწორად დაგეგმილი მშენებლობა, დროული გაფრთხილება და მოსახლეობის მომზადება – ჯერ კიდევ სუსტი რგოლია. ამიტომ, საქართველოსთვის მთავარი ამოცანაა, ეკოლოგიური ცნობიერება გახდეს არა მხოლოდ ზოგადი დამოკიდებულება ბუნების მიმართ, არამედ კონკრეტული ცოდნა და ქცევა: როგორ ავირიდოთ რისკი, როგორ მოვემზადოთ და როგორ მივიღოთ გადაწყვეტილებები მონაცემებსა და მეცნიერებაზე დაყრდნობით. –როგორ ხედავთ თქვენს სამომავლო გეგმებს პოლონეთში? ხომ არ აპირებთ, რომ თქვენი პროფესიული საქმიანობა აქაურ სამეცნიერო თუ სახელმწიფო წრეებსაც დაუკავშიროთ? -ჩემი პროფესიული მიმართულება დაკავშირებულია გეოსაფრთხეებთან, ჰიდროლოგიასთან, GIS ტექნოლოგიებთან, წყალდიდობის მოდელირებასა და ბუნებრივი რისკების შეფასებასთან. პოლონეთი ამ მხრივ ძალიან საინტერესო ქვეყანაა, რადგან აქ ძლიერია როგორც სამეცნიერო ბაზა, ისე პრაქტიკული საჭიროება – წყლის რესურსების მართვა, წყალდიდობის რისკის შეფასება, ურბანული დაგეგმვა და კლიმატთან ადაპტაცია. ჩემი გეგმაა, ეტაპობრივად დავუკავშირო ჩემი გამოცდილება პოლონეთის სამეცნიერო ან პროფესიულ სივრცეს. პირველ ეტაპზე ეს შეიძლება იყოს თანამშრომლობა უნივერსიტეტებთან, კვლევით ჯგუფებთან ან იმ პროექტებთან, რომლებიც ჰიდროლოგიურ მოდელირებაზე, GIS ტექნოლოგიებზე ან კლიმატურ რისკებზე მუშაობენ. მოკლედ რომ ვთქვა, ჩემი მიზანია, პოლონეთში ჩემი საქმიანობა მხოლოდ საცხოვრებელ გარემოს არ დავუკავშირო. მსურს, პროფესიულადაც ჩავერთო იმ სამეცნიერო და პრაქტიკულ წრეებში, სადაც კლიმატური და ბუნებრივი საფრთხეების მართვაზე მუშაობენ. ავტორი: ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია პოლონელები და ქართველები – ოჯახი, ურთიუერთობები და ცხოვრების სტილი