• 24 მაი 23:50:55

პოლონეთში მცხოვრები უცხოელებისთვის ჯანდაცვის სისტემა ხშირად დაბნეულობის მიზეზია – როგორ უნდა დარეგისტრირდე, როგორ მიიღო მომსახურება და რა არის სხვაობა კერძო და საჯარო კლინიკებს შორის? ამ ბლოგში დეტალურად გიამბობთ, როგორ იმუშაოს პოლონურმა ჯანდაცვის სისტემამ თქვენს სასარგებლოდ.

პოლონეთში სახელმწიფო ჯანდაცვა ფუნქციონირებს ეროვნული ჯანმრთელობის ფონდის, NFZ-ის (Narodowy Fundusz Zdrowia) მეშვეობით. ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ ხართ სისტემაში დარეგისტრირებული, შეგიძლიათ მიიღოთ უფასო ან თანადაფინანსებული სამედიცინო მომსახურება. თუ ლეგალურად მუშაობთ პოლონეთში და გაქვთ დასაქმების კონტრაქტი, მაშინ ავტომატურად ხდებით NFZ-ის ბენეფიციარი, რადგან თქვენი დამსაქმებელი ყოველთვიურად გადარიცხავს ჯანმრთელობის შენატანს.

სტუდენტებს ან უმუშევარ პირებს ასევე შეუძლიათ დარეგისტრირდნენ NFZ-ში – უბრალოდ უნდა გადაიხადონ ინდივიდუალურად. 2025 წლის მონაცემებით, მინიმალური თვიური შენატანი შეადგენს დაახლოებით 66 ზლოტს. რეგისტრაციისთვის საჭიროა წარადგინოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი ან ბინადრობის ბარათი), PESEL ნომერი და საჭირო ფორმა, რომელიც შეგიძლიათ შეავსოთ NFZ-ის ოფისში ან ონლაინ. დარეგისტრირების შემდეგ რეკომენდებულია ჯანდაცვის დაზღვევის დოკუმენტის ან ციფრული ფორმის შენახვა, რადგან კლინიკაში ვიზიტისას ეს შეიძლება მოგთხოვონ.

საჯარო ჯანდაცვაში ოჯახის ექიმის არჩევა აუცილებელია.ოჯახის ექიმი  (lekarz rodzinny) არის თქვენი ძირითადი კონტაქტი სამედიცინო სისტემაში – ის გასცემს რეფერალებს სპეციალისტებთან, სვამს დიაგნოზს და წყვეტს შემდგომ მკურნალობას. ოჯახი ექიმის ასარჩევად საჭიროა მოძებნოთ კლინიკა, რომელიც თანამშრომლობს NFZ-თან, და შეავსოთ ფორმა deklaracja wyboru lekarza POZ. ეს შეიძლება გაკეთდეს პირადად კლინიკაში ან ონლაინ ePUAP-ის საშუალებით. ექიმის შეცვლა წელიწადში ორჯერ შეგიძლიათ უფასოდ.

ოჯახის ექიმის (lekarz rodzinny) ასარჩევად, საჭიროა იპოვო ისეთი przychodnia (საზოგადოებრივი კლინიკა), რომელიც:
• თანამშრომლობს NFZ-თან (სახელმწიფო ჯანმრთელობის ფონდთან);
• იღებს ახალ პაციენტებს;
•არის შენთან ახლოს, რადგან ოჯახის ექიმთან ხშირად შეიძლება მისვლა დაგჭირდეს.

როგორ მოძებნო przychodnia /კლინიკა შენს ქალაქში:
NFZ-ის ოფიციალური ძიების პლატფორმა – შეგიძლია გამოიყენო პოლონეთის ეროვნული ჯანმრთელობის ფონდის ოფიციალური საძიებო სისტემა:
https://gsl.nfz.gov.pl/ აქ შეიყვანე: შენი ვოევუდა, ქალაქი ან გმინა და მომსახურების ტიპი:
opieka zdrowotna (POZ) – ეს გულისხმობს ოჯახის ექიმს, შემდეგ ნახავ სიას კლინიკების, რომლებიც თანამშრომლობენ NFZ-თან.

ან ჩაწერე გუგლში:

przychodnia NFZ lekarz rodzinny + ქალაქის სახელი.მაგალითად: przychodnia NFZ lekarz rodzinny Wrocław ან lekarz rodzinny NFZ Kraków შემდეგ დაათვალიერე გუგლის შედეგები -ეწვიე კლინიკის ვებსაიტს ან დაეკონტაქტე ტელეფონით.

როგორ შეავსო ოჯახის ექიმის არჩევის განაცხადი: მას ჰქვია Deklaracja wyboru lekarza POZ.
შეგიძლია: კლინიკაში ადგილზე შეავსო – უბრალოდ მიდი კლინიკაში პასპორტით და PESEL-ით, და თხოვე złożyć deklarację wyboru lekarza rodzinnego ან ონლაინ – პროფილით ePUAP-ზე (საჭიროა პოლონური ციფრული ხელმოწერა).

რაც შეეხება კერძო და საჯარო მომსახურებას – ორივეს აქვს თავისი უპირატესობა და ნაკლი. საჯარო კლინიკები გთავაზობენ უფასო მომსახურებას, თუმცა ხშირია ხანგრძლივი ლოდინის დრო, ექიმებთან მოხვედრა შეიძლება კვირები ან თვეები გაგრძელდეს. კერძო კლინიკებში მომსახურება ფასიანია, მაგრამ გაცილებით სწრაფია და შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ექიმი. კერძო სექტორში ხშირია ინგლისურად მოსაუბრე პერსონალი, რაც უცხოელებისთვის კომფორტულია. კონსულტაციის ფასები, როგორც წესი, მერყეობს 150-დან 300 ზლოტამდე.

გთავაზობთ პოლონეთში სამ ყველაზე პოპულალურ კერძო კლინიკას,სადაც შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ როგორც ონლაინ,ისე ადგილზე მისვლით.

Lux Med
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და კარგად ორგანიზებული კერძო სამედიცინო ქსელია პოლონეთში. აქვს კლინიკები თითქმის ყველა დიდ ქალაქში – ვარშავაში, კრაკოვში, პოზნანში, ვროცლავში, გდანსკში და სხვაგან. გთავაზობს თითქმის ყველა სპეციალისტს, დიაგნოსტიკას, ლაბორატორიულ ანალიზებსა და სტაციონარულ მომსახურებას. ხშირად თანამშრომლობს საერთაშორისო კომპანიებთან და აქ ხშირად გესაუბრებიან ინგლისურად.

Medicover
ასევე დიდი და თანამედროვე კლინიკების ქსელია, რომელიც ორიენტირებულია მაღალ სტანდარტებზე. აქვს საკუთარი საავადმყოფოებიც, ამბულატორიული მომსახურება, სპეციალისტები და ანალიზების ცენტრები. გთავაზობენ ინდივიდუალურ და კორპორაციულ პაკეტებს. მათ სისტემაში შედიხარ როგორც წევრი – რაც უფრო ფართო პაკეტს შეიძენ, უფრო სწრაფი და ფართო მომსახურება გაქვს.

Enel-Med ეს კლინიკა ერთ-ერთი გამორჩეულია იმით, რომ  აქვს როგორც ზოგადი მედიცინა, ასევე სტომატოლოგია, ესთეტიკური მედიცინა, დიაგნოსტიკა და სხვა. Enel-Med-იც წარმოდგენილია დიდ ქალაქებში და ხშირად ყავთ ინგლისურად მოსაუბრე ექიმები. ისინიც გთავაზობენ წევრობასა და პაკეტურ მომსახურებას.

გადაუდებელ სიტუაციებში პოლონეთის ყველა მოქალაქესა და უცხოელს აქვს უფლება უსასყიდლოდ ისარგებლონ გადაუდებელ სამედიცინო დახმარებაზე. ასეთ შემთხვევაში უნდა დარეკოთ ნომერზე 112 ან მიხვიდეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო განყოფილებაში (szpitalny oddział ratunkowy).

ასევე იხილეთ:როგორ ავიღოთ Karta pobytu პოლონეთში – დეტალური გზამკვლევი

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ არსებობს ელექტრონული პორტალი – Internetowe Konto Pacjenta (IKP), სადაც შეგიძლიათ ნახოთ თქვენი რეცეპტები, ექიმის რეკომენდაციები და ვაქცინაციის ისტორია. ეს სისტემა ამარტივებს კომუნიკაციას პაციენტსა და ჯანდაცვის სისტემას შორის.

დასასრულს, უნდა ითქვას, რომ მიუხედავად გარკვეული ბიუროკრატიული სირთულეებისა, პოლონური ჯანდაცვის სისტემა უცხოელებისთვის ხელმისაწვდომია. მთავარია, იცოდეთ როგორ დარეგისტრირდეთ NFZ-ში, როგორ აირჩიოთ ოჯახის ექიმი და როდის გიღირთ კერძო მომსახურების გამოყენება. სწორი ინფორმაციის ფლობით პოლონეთში ჯანდაცვა შეიძლება იყოს მარტივი, უსაფრთხო და ხარისხიანი.

ავტორი: ნათიქ ქიმაძე

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!