ჭდე: ემიგრაცია

,,ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველ ემიგრანტთა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა არ დაიკარგოს“

პოლონეთში, განსაკუთრებით ვროცლავში, ქართველთა რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ემიგრანტების წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები – ენობრივი ბარიერი, დასაქმების სირთულე და ბიუროკრატიული პროცედურები. ამასთანავე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და მისი გადაცემა მომავალ თაობებს.

ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, ვროცლავში შეიქმნა ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით ცდილობს თანამემამულეთა გაერთიანებას.

ასოციაციას გიორგი გეთია ხელმძღვანელობს, რომელიც მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს ვროცლავში. სწორედ მასთან ვისაუბრეთ ასოციაციის შექმნის ისტორიაზე, მისი მიზნებისა და გეგმების შესახებ.

გიორგი გეთია ოჯახთან ერთად

– ბატონო გიორგი, როდის და როგორ გაჩნდა ვროცლავში ქართული სათვისტომოს შექმნის იდეა?

– სათვისტომოს შექმნის იდეა 2022 წლის გაზაფხულის დასაწყისში დაიბადა. ამ პერიოდში საქართველოს საპატიო საკონსულოში გვქონდა შეხვედრა საპატიო კონსულთან, ბატონ ვოიცეხ ვრუბელთან. სწორედ მაშინ დავინახეთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის აუცილებელი იყო სივრცე, რომელიც დაიცავდა მათ ინტერესებს და გააძლიერებდა კულტურულ ერთობას. საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა ასოციაცია. იდეამ მალევე პრაქტიკული სახე მიიღო და 2023 წლის 3 აპრილს, საპატიო კონსულის მხარდაჭერითა და თანამემამულეების ერთობლივი ძალისხმევით, დაფუძნდა ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“.

– რა არის ასოციაცია ,,საქართველოს”ძირითადი მისია და სტრატეგიული მიზნები?

– ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველ ემიგრანტთა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა არ დაიკარგოს. გვინდა, რომ პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა, განსაკუთრებით ვროცლავში, შეინარჩუნონ ქართული ენა, ტრადიციები და ღირსეულად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა უცხოეთში. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს, ვავრცელებთ ქართულ ენას და ვზრუნავთ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაზე.

– ერთ-ერთ მთავარ პროექტად საკვირაო სკოლას ასახელებთ. რა არის მისი დანიშნულება?

– საკვირაო სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ემიგრანტმა ბავშვებმა შეისწავლონ და შეინარჩუნონ ქართული ენა, კულტურა და ტრადიციები. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია – ბავშვები სწავლობენ ინტერაქტიულად, თამაშებისა და შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით. სწორედ ეს ხდის პროცესს სახალისოს და მოტივირებულს. ამ გზით ისინი არა მხოლოდ ენას იძენენ, არამედ იაზრებენ საკუთარ ფესვებსაც.

– ვროცლავში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა. როგორ დაიბადა ეს ინიციატივა და რას ემსახურება?

 – ბიბლიოთეკის იდეა გამოიკვეთა პარტნიორებთან გამართული დისკუსიების შედეგად. საბოლოოდ, 2024 წლის 24 ივნისს, ასოციაცია „საქართველოსა“ და ორგანიზაცია Wroclaw Possibilities Know No Borders-ის ერთობლივი ძალისხმევით, ბატონი გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა ვროცლავში. ეს არის უნიკალური სივრცე – არა მხოლოდ წიგნების თაროები, არამედ კულტურული პლატფორმა, სადაც იმართება ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, საჯარო ლექციები და სხვა ღონისძიებები.

ქართული ბიბლიოთეკის გახსნის დღე

განსაკუთრებით უნდა გამოვყო 2025 წლის მარტის საღამო, როცა გაიმართა თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ქართველოლოგმა მაგდა ნოვაკოვსკამ თარგმნა, პოლონეთში წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ეს გამარჯვება საერთო წარმატებად იქცა – როგორც ქართველი ლიტერატურისთვის, ასევე ჩვენი დიასპორისთვის.

თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია ვროცლავის ქართილ ბიბლიოთეკაში

იხილეთ ქართული ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგი: https://site.kartuli.news/library.php

გიორგი გეთია ვროცლავში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკაში

– როგორ შეაფასებთ ვროცლავში მცხოვრები ქართველების ერთობას?

 – შეიძლება სრულყოფილი სურათის დახატვა რთულია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია გაერთიანებისა. ჩვენი ასოციაციის მეშვეობით ვახერხებთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას – იქნება ეს კულტურული საღამოები, ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა თუ საქველმოქმედო აქციები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების როლი, რომლებმაც გახსნეს რესტორნები, მაღაზიები და სხვადასხვა სერვისები. ეს ქსელი მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს ახალი ემიგრანტებისთვის, რომლებიც პირველად ეჯახებიან უცხო ქვეყნის გამოწვევებს. სწორედ ასეთი ურთიერთდახმარებაა ჩვენი დიასპორული ცხოვრების საძირკველი.

– რა სირთულეებს აწყდებიან ქართველები პოლონეთში?

 – პირველ რიგში, ენობრივი ბარიერი. პოლონური ენა საკმაოდ რთულია და მისი ცოდნა აუცილებელია სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. შემდეგ მოდის დასაქმების საკითხი და ბიუროკრატია – საბუთების მოწესრიგება, ბინადრობის ნებართვისა და სამუშაო ვიზების მიღება ხშირად ხანგრძლივ და დამღლელ პროცესად იქცევა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ასოციაციას იურიდიული ძალა არ აქვს და ამიტომ არ შეგვიძლია ემიგრანტებს მსგავსი საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვპოულობთ ძალას ერთობაში. იდენტობის შენარჩუნება და ქართული კულტურის სიყვარული გვაძლევს საშუალებას, რომ სირთულეებს წარმატებით გავუმკლავდეთ.

– რა მიმართულებით წარმართავს მომავალს ასოციაცია „საქართველო“?

– ჩვენი მომავალი უკავშირდება უწყვეტ ზრდასა და განვითარებას. გვინდა, რომ კულტურის ცენტრი გავაფართოოთ და ის გახდეს სივრცე, სადაც ქართველები და პოლონელებიც შეძლებენ საქართველოს უკეთ გაცნობას. ვგეგმავთ ბიბლიოთეკისა და ცეკვის სტუდიის განვითარებას, ქართული ენის კურსების გაძლიერებას როგორც თანამემამულეებისთვის, ისე პოლონელებისთვისაც. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია – კულინარიული მასტერკლასებით, ფესტივალებითა და ტრადიციული სუფრების მოწყობით.
ასევე ვიმუშავებთ ახალგაზრდულ პროექტებზე – საკვირაო სკოლის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების ჩართვაზე კულტურულ ღონისძიებებში.
2024 წლის 12 მაისს უკვე ჩავატარეთ ქართული კულტურის დღე პოლონურ სამრევლოში, სადაც ჩვენი ცეკვები და ტრადიციები წარმოვადგინეთ.
ასეთი ღონისძიებები აუცილებელია, რომ ქართულმა კულტურამ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი პოლონურ საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კულტურას ციფრულ სივრცეშიც მივცეთ ხმა – TikTok, Instagram და YouTube პლატფორმებზე ვგეგმავთ კონტენტის შექმნას, რომელიც ფართო აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ. მჯერა, რომ გზა რთულია, მაგრამ თუ ერთიანი ხედვითა და დაუღალავი შრომით ვიმუშავებთ, საქართველო პოლონურ სივრცეში არა მხოლოდ შეინარჩუნებს ადგილს, არამედ მყარადაც დაიმკვიდრებს მას

ავტორი: ნათია ქიმაძე



ემიგრაციაში მშობლობის სირთულე და შესაძლებლობა

ემიგრანტის ცხოვრება ყოველთვის დაკავშირებულია სირთულეებთან და ახალ რეალობასთან შეგუებასთან. განსაკუთრებით კი რთულია, როდესაც ამ პროცესს ემატება მშობლობის პასუხისმგებლობა.
ჩვენს ვიდეოში ახალგაზრდა დედა, თამარ მიქელაძე, საუბრობს იმ გამოწვევებზე, რომლებსაც ემიგრაციაში მშობლები აწყდებიან. იგი გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, სირთულეებთან ერთად კი ხაზს უსვამს იმ დადებით მხარეებსაც, რასაც ევროპაში, განსაკუთრებით პოლონეთში ცხოვრება სთავაზობს.
ეს ინტერვიუ საშუალებას იძლევა მკითხველმა უკეთ გაიგოს, რას ნიშნავს იყო ქართველი ემიგრანტი და როგორ იძენენ ადამიანები ახალ შესაძლებლობებს უცხო ქვეყანაში.

ავტორები: თომა მაღლაკელიძე; ნათია ქიმაძე

შინ დაბრუნების სურვილი –  მოგზაურობა Szczawno-Zdrój – ში

ხშირად მეკითხებიან, რა არის ჩემთვის მოგზაურობის ყველაზე დიდი სიამოვნება. ერთი შეხედვით, შეიძლება გეგონოთ, რომ პასუხი მარტივია: ახალი ადგილები, კულტურები, უცხო ქუჩები, დაუვიწყარი ხედები. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მოგზაურობის გამოცდილებაში ერთგვარი თვისებური წინააღმდეგობა იმალება: რაც უფრო შორს მივდივარ და რაც უფრო ვეცნობი მრავალფეროვან, თვალისმომჭრელ ადგილებს, მით უფრო ძლიერდება შინ დაბრუნების მოთხოვნილება. თითქოს ყოველი ახალი გზა კიდევ უფრო მკაფიოდ მაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ის ადგილი, სადაც ყველაფერი ნაცნობია, სადაც დაბრუნება სიმყუდროვეს და სითბოს ნიშნავს.ან იქნებ ეს არც ფილოსოფიური დილემაა და არც რთული წინააღმდეგობა.უბრალოდ ეს ბუნებრივი მოვლენაა – რაც უნდა შორეულ კუთხეებში ვმოგზაურობდეთ, მაინც გვჭირდება ერთი ისეთი ადგილი, რომელიც შინაურობის განცდას აღვიძებს.
ჩემთვის ასეთი განცდა განსაკუთრებით მკაფიოდ ქვემო სილეზიის პატარა ქალაქებსა და სოფლებში იღვიძებს. თუმცა, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, მაინც შჩავნო-ზდრუი (Szczawno-Zdrój) არის.
როგორც მისი პოლონური სახელიც მიგვანიშნებს, შჩავნო-ზდრუი ნამდვილი სამკურნალო კურორტია. ის პოლონეთის 47 ოფიციალურ საკურორტო ქალაქს შორის ერთ-ერთ უძველესია, რომელსაც მდიდარი და უწყვეტი ტრადიცია აქვს. ქვემო სილეზიაში კონკურენცია დიდია – აქ უამრავი კურორტია, მაგალითად Polanica-Zdrój, Lądek-Zdrój, Kudowa-Zdrój და Duszniki-Zdrój, მაგრამ ნუ ეცდებით იმის გარკვევას, რომელია საუკეთესო. ყველა მათგანს თავისი უნიკალური ხასიათი აქვს და ყველა თავისებურად გამორჩეულია. შჩავნო-ზდრუი კი განსაკუთრებული ატმოსფეროთი გამოირჩევა. აქ ყოფნა არა მხოლოდ სხეულისთვის არის სამკურნალო, არამედ სულისთვისაც.
ქალაქი თითქოს დროში გაბრუნებთ – მისი მშვიდი წყაროები, ჩუმი ქუჩები და თვალწარმტაცი პარკები ისეთ სიმშვიდეს განიჭებს, რომლისთვისაც ისევ და ისევ გინდა დაბრუნება.

სპა სახლი

გედიმინას ბორცვი და ჰენრიკ ვიენიავსკის პარკი (Park Zdrojowy im. Henryka Wieniawskiego)

მოგზაურობა ამ ქალაქში, როგორც წესი, გედიმინას ბორცვიდან (Wzgórze Gedymina) იწყება. აქ, XIX საუკუნის დასაწყისში, ექიმ ავგუსტ ზემპლინის ინიციატივით, რომელსაც დიდგვაროვანი ოჯახი Hochberg-ები მფარველობდნენ, საოცარი პარკი გაშენდა. ის ნაწილობრივ ბორცვზეა, ნაწილობრივ კი სპა-ცენტრის გულში მდებარეობს. პარკში ადგილობრივი ფლორა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილ ეგზოტიკურ ხე-ბუჩქებს ერწყმის. ზოგან ის ნამდვილ ჯუნგლებს წააგავს, ზოგან კი XIX-XX საუკუნეების ყვავილების ინჟინერიის შედევრია. გაზაფხულზე განსაკუთრებით შთამბეჭდავია, როცა მთელი პარკი კროკუსებისა და როდოდენდრონების ფერებში იძირება. პარკს ცნობილი კომპოზიტორის, ჰენრიკ ვიენიავსკის სახელი ჰქვია. აქ მისი ორი ქანდაკება დგას, რაც კომპოზიტორის ორთვიანი ვიზიტის შემდეგ დატოვებული დიდი შთაბეჭდილების შედეგია. შჩავნო მუდამ იზიდავდა კულტურისა და ხელოვნების მრავალ მოღვაწეს, მაგრამ ვიენიავსკის პატივი განსაკუთრებულად დაუფასეს: პარკის გარდა, თეატრი და ცნობილი მუსიკალური ფესტივალიც მის სახელს ატარებს.პარკის განუყოფელი ნაწილია ანას კოშკი (Wieża Anny), რომელიც 1818 წელს აშენდა და ქალაქის უძველეს ნაგებობად ითვლება. პატარა, მაგრამ ატმოსფერული კოშკი მშვენივრად ერწყმის მწვანე სივრცეს.

ჰენრიკ ვიენიავსკის ძეგლი,ანას კოშკის ფონზე

ხედი ანას კოშკიდან

სპა სახლი   (Dom Zdrojowy)  და მისი მერყევი ისტორია შჩავნო-ზდროის ცენტრში, პარკით გარშემორტყმული.

46-მეტრიანი საათის კოშკითა და 80-მეტრიანი სასეირნო დარბაზით ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა ქვემო სილეზიაში. დარბაზი ულამაზესი, ლარიქსის ხის ჩარჩოებითაა გაფორმებული, მის ინტერიერში კი ფერადი ვიტრაჟები, პოლიქრომია და  დიდგვაროვანთა ოჯახური  გერბია გამოსახული. შენობის ისტორია მართლაც მერყევი იყო:თავდაპირველი ნაგებობა XVIII საუკუნეში არსებობდა, მაგრამ 1895 წელს ხანძარმა მთლიანად გაანადგურა. ახალი შენობა XIX საუკუნის ბოლოს, გრაფ Hochberg-ის დაფინანსებით აშენდა. 1970 წელს ხანძარმა მეოთხე სართული გაანადგურა, მაგრამ 1975 წლისთვის რემონტი დასრულდა და შენობამ ძველი დიდება დაიბრუნა.

ფრაგმენტი სასეირნო დარბაზიდან

ფრაგმენტი სასეირნო დარბაზიდან

აქ განსაკუთრებული ღირებულების მქონეა მინერალური წყლის ტუმბოს ოთახი (Pijalnia Wód Mineralnych). პირველი შენობები ამ ადგილას 1777 წელს აშენდა, მოგვიანებით კი ის ფართო დარბაზად გადაკეთდა, სადაც დღემდე შეგიძლიათ დააგემოვნოთ ისეთი ცნობილი წყლები, როგორიცაა ,,Dąbrówka,” ,,Marta,” ,,Mieszko,” და ,,Młynarz.” მათი სამკურნალო თვისებები საერთაშორისო რეპუტაციით სარგებლობს, ხოლო დარბაზის ინტერიერი თვალწარმტაცი და უნიკალურია.

მინერალური წყლის ტუმბოს ოთახი

სპა სახლის გარე ფასადი

ჰენრიკ ვიენიავსკის სახელობის სპა თეატრი

თეატრი მდებარეობს სპა სახლის გვერდით და როგორც გითხარით,ისიც ჰენრიკ ვიენიავსკის სახელს ატარებს. იგი 1892 წლის 15 ივნისს გაიხსნა. ფასადი კლასიკურ სტილშია მორთული, ხოლო თეატრის დარბაზი ნეო-როკოკოს სტილშია შექმნილი. ინტერიერი შემორჩენილია, გამოირჩევა მდიდრული კედლის დეკორაციებით, სამი ამობურცული ყუთითა და ისტორიული ჭაღით. თეატრი მასპინძლობს მრავალ კულტურულ ღონისძიებას, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ჰენრიკ ვიენიავსკის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ყოველწლიურად ივნისში 1966 წლიდან იმართება. 1977 წელს შენობა შეიტანეს ქვემო სილეზიის სავოევოდოს ძეგლთა რეესტრში.

თეატრის დარბაზი

სპა პარკი და ბუნების სიმდიდრე

სპა პარკი, რომელიც XVIII საუკუნეში დაარსდა, მდებარეობს Góra Parkowa – ძირას, მინერალური წყაროების წყლებთან. ის ინგლისურ სტილშია გაშენებული და განსაკუთრებით მდიდარია მცენარეებით: აქ შეხვდებით როდოდენდრონებს,დრაცენებს,კაქტუსებს და აგავებს. პარკის სიამაყეა 300-წლოვანი იფანი და 200-წლიანი იასამნისფერი წიფელი.

ამფითეატრი სპა პარკში

გრანდ სასტუმრო (Grand Hotel)

შჩავნო-ზდრუის ყველაზე შთამბეჭდავი შენობაა გრანდ სასტუმრო (Grand Hotel), რომელიც 1909-1910 წლებში Hochberg-ის ოჯახის ინიციატივით აშენდა. ეს იყო სილეზიის ყველაზე დიდი და პრესტიჟული დაწესებულება, რომელმაც სოპოტის გრანდ სასტუმროს (Grand Hotel w Sopocie) შექმნაც კი შთააგონა. დღეს ის სპა-სახლის ფუნქციას ასრულებს და ქალაქის ნამდვილი სავიზიტო ბარათია.

შჩავნო-ზდრუი მხოლოდ სამკურნალო კურორტი არ არის. ეს ქალაქი სიმშვიდის, სილამაზის და კულტურული ტრადიციების ნაზავია. აქ ყოფნა ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურად აჯანსაღებს, არამედ შინაგან ბალანსსაც უბრუნებს. ალბათ ამიტომაც, ყოველ მოგზაურობაში, რაც უფრო შორს მივდივარ, მით უფრო ძლიერდება შინ დაბრუნების სურვილი. და სწორედ ასეთ ადგილებში ვპოულობ შინაურობის შეგრძნებას, რომელიც მოგზაურობას კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

თუ ამ ტექსტმა თქვენი ინტერესიც გააღვიძა, გაგვიზიარეთ თქვენი აზრები – თქვენთვის რომელია ისეთი ადგილი, სადაც მოგზაურობისას შინ დაბრუნების ყველაზე ძლიერი სურვილი გიჩნდებათ?

ავტორი: ნათია ქიმაძე







Powered by Kartuli.News & by Natia Kimadze

error: Content is protected !!