ფეისბუქ-ჯგუფ „შეცნობითი პოლონეთი“-ში გამართული ფოტოკონკურსი „ჩემი_პოლონეთი“ იმ ადამიანებისთვის შეიქმნა, ვინც პოლონეთში ცხოვრობს და თავისი ყოველდღიურობა უცხო გარემოში ახლებურად დაინახა. მონაწილეებს შეეძლოთ, ერთზე მეტი ფოტო გამოეგზავნათ და ეჩვენებინათ, რას ნიშნავს მათთვის „პოლონეთი“ – სურათი, ადგილი, მეხსიერება ან უბრალოდ მომენტი, რომელიც რაღაც მნიშვნელოვანს უკავშირდება.

კონკურსში ათობით ფოტო მივიღეთ. ზოგმა წარადგინა ლანდშაფტები, ზოგმა ურბანული სცენები, ზოგიც ადამიანებზე გაკეთებულ კომპოზიციებს დაეყრდნო. ყველა მათგანი საინტერესო იყო თავისი კუთხით, მაგრამ განსაკუთრებული გამოხმაურება ანანო ყატაშვილის ფოტოებმა მოიპოვა. მის სურათებში არ იყო გადაღებული ცნობილი ტურისტული ობიექტები ან ეფექტური ხედები – ეს ფოტოები უბრალო, მაგრამ ჭეშმარიტად ახლობელი მომენტების ამსახველი იყო.

ინტერვიუში ვეცადეთ, უფრო ახლოს გაგვეცნო ავტორი -ვინ არის ანანო, როგორია მისი ცხოვრება პოლონეთში, როგორ შეაგროვა ის კადრები და რა ემოციები უკავშირდება თითოეულ მათგანს.

ფოტო კონკურსიდან

-ანანო,გვითხარით რამდენიმე სიტყვით თქვენს თავზე – ვინ ხართ და რას საქმიანობთ პოლონეთში?

– მე ვარ  მოყვარული ფოტოგრაფი. ამჟამად ვცხოვრობ პოლონეთში და ვცდილობ, ყოველდღიური ცხოვრება შემოქმედებით საქმიანობას შევუთავსო. ფოტოგრაფია ჩემთვის არის გზა, რომ დავაკვირდე ირგვლივ არსებულ გარემოს – ადამიანებს, ადგილებსა და იმ მარტივ მომენტებს, რომლებიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, თუმცა რეალურად ბევრს ამბობს ჩვენს ცხოვრებაზე.

– როგორ დაიწყო თქვენი კავშირი პოლონეთთან – როდის და როგორ დაიწყო „თქვენი პოლონეთი“?


-ჩემი პოლონეთი რამდენიმე წლის წინ დაიწყო. თავდაპირველად ყველაფერი უცხო იყო – ენა, გარემო, ცხოვრების ტემპი. დროის გასვლასთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვალა. ეს ქვეყანა ნელ-ნელა დაუკავშირდა ჩემს ყოველდღიურობას, ადამიანებს, ახალ ადგილებს და იმ სითბოს, რომელიც ხშირად მოულოდნელად ჩნდება.

– რა მოგწონთ ყველაზე მეტად პოლონეთში ცხოვრებაში?

– მომწონს პოლონეთის საზოგადოებრივი სივრცეები – პარკები, ბაღები, ქუჩები. იქ, სადაც ადამიანები უბრალოდ არსებობენ, თავისუფლად გადაადგილდებიან და თავიანთ სამყაროში არიან. ამ სივრცეებში არის სიმშვიდე და ფერები, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია.

– როგორ გადაწყვიტეთ ფოტოკონკურსში მონაწილეობა და რას ნიშნავს თქვენთვის ის ფოტოები, რომლებიც გამოაქვეყნეთ?

-კონკურსში გამოყენებული ფოტოების გადაღებისას კონკურსში მონაწილეობა გეგმაში არ მქონდა. ეს მომენტები ჩემთვის იყო  პირადი მოგონებები, რომლებიც მინდოდა შემენახა. როცა კონკურსის შესახებ გავიგე, სწორედ ისინი ავარჩიე, რადგან თითოეული მათგანი ასახავს იმ პროცესს, როგორ ვეცნობოდი პოლონეთს არა როგორც გეოგრაფიულ ადგილს, არამედ როგორც განცდას.

ფოტო კონკურსიდან

– გახსოვთ კონკრეტული მომენტები, როცა ეს ფოტოები გადაიღეთ? რაზე ფიქრობდით იმ დროს?

-დიახ მახსოვს, ყველა ფოტოს უკავშირდება გარკვეული ემოცია და ატმოსფერო. ზოგიერთში იყო სიხარული, ზოგიერთში სიმშვიდე, ზოგან კი გაკვირვება. განსაკუთრებით დამამახსოვრდა მომენტი, როცა მამა-შვილის ფოტო გადავიღე მინდოდა მეჩვენებინა ის სიახლოვე და თბილი კავშირი, რომელიც ბევრ სიტყვაზე ძლიერია.

ფოტო კონკურსიდან

– როგორია თქვენი ყოველდღიურობა პოლონეთში – როგორია თქვენი რუტინა, გარემო, ადამიანები?

-ჩემი ყოველდღიურობა სხვადასხვა აქტივობით არის სავსე – სამუშაო, კაფეები, ქუჩაში ხეტიალი. გარემო აერთიანებს ძველსა და ახალს. ადამიანები, მართალია, თავდაპირველად თავშეკავებულები არიან, მაგრამ როდესაც მათთან ურთიერთობა გაღრმავდება, საოცრად გულწრფელები და კეთილგანწყობილები აღმოჩნდებიან.

– გაქვთ პოლონეთში ისეთი ადგილი, სადაც თავს ,,სახლში” გრძნობთ?

– ჩემთვის სახლი ყოველთვის იყო გზა, ვიდრე კონკრეტული ადგილი. პოლონეთი ამ გზის ნაწილია. აქ ვაგროვებ ადგილებს, მომენტებსა და ადამიანებს, რომლებიც შინაურობის განცდას მიჩენენ. ზოგჯერ ეს არის წყნარი პარკი ან კაფე, სადაც უკვე იციან, როგორი ყავა მიყვარს. ადგილი, რომელსაც საბოლოოდ ნამდვილ სახლს დავუძახებ, ალბათ ჯერ კიდევ წინ არის, მაგრამ პოლონეთი ამ ძიების მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

– არის ფოტოგრაფია ჰობი თუ უბრალოდ გზაა ემოციების გაზიარებისკენ?


-ფოტოგრაფია ჩემთვის პირველ რიგში არის სურვილი, დავაფიქსირო ის, რაც შეიძლება სხვამ ვერ დაინახოს. შეიძლება ჰობიც ითქვას, მაგრამ ჩემთვის ეს უფრო ემოციური გამოხატულებაა თითქოს ჩუმად მოყოლილი პატარა ამბავი.

ფოტო კონკურსიდან


– რას ეტყოდით სხვა ემიგრანტებს, რომლებიც ცდილობენ იპოვონ თავიანთი ,,პოლონეთი”?

-ვეტყოდი, რომ არ იჩქარონ. საკუთარი პოლონეთის პოვნა არ ხდება სწრაფად და სხვის გზას არ უნდა შეადარონ თავიანთს. თითოეული ისტორია უნიკალურია და სწორედ ამაშია სილამაზე. ვიღაცისთვის პოლონეთი შეიძლება იყოს სიწყნარე, სხვებისთვის – ხმაურიანი ქალაქი. მთავარია მოუსმინონ საკუთარ თავს და მისცენ დროს, რომ ეს ქვეყანა ეტაპობრივად გაიხსნას მათთვის.

– როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი მომავალი პოლონეთში – რა ოცნებები გაქვთ?

-მინდა, ჩემი პოლონეთი დარჩეს სივრცედ, სადაც შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც ვარ — შევქმნა, ვისწავლო, შევხვდე ადამიანებს და ვუსმინო მათ ისტორიებს. ვოცნებობ მომავალზე, სადაც ჩემი ყოველდღიურობა იქნება სავსე სითბოთი, ვიზუალური აღმოჩენებით და ადამიანური კავშირებით. მინდა, რომ პოლონეთმა და მე ერთად გავაგრძელოთ ერთმანეთის შეცნობა — რადგან ეს ისტორია ჯერ მხოლოდ იწყება.


ავტორი: ნათია ქიმაძე