პროფესიული თვითდამკვიდრება ემიგრაციაში ბევრი ადამიანისათვის რთულად წარმოსადგენი გზაა -განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე სამართლის სფეროს ეხება. ენობრივი ბარიერი, განსხვავებული კულტურა და სრულიად ახალი სამართლებრივი სისტემა ხშირად ართმევს ადამიანს თვითრწმენას.
თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამ სირთულეებს სიმშვიდით, მონდომებითა და მიზანდასახულობით ხვდებიან. თამთა ჯანაშია სწორედ ასეთ ადამიანთა რიგს ეკუთვნის.იგი 2018 წლიდან ცხოვრობს პოლონეთში და დღეს უკვე პოლონელ ადვოკატთან ერთად სამართლებრივ საქმიანობას წარმატებით ახორციელებს.
გარდა პროფესიული საქმიანობისა, თამთამ დამოუკიდებლად შექმნა ქართულ-პოლონური სამართლებრივი ლექსიკონი, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული კომუნიკაციის გამარტივებას ენობრივი ბარიერის მიუხედავად.

ფოტოზე: თამთა ჯანაშია
-თამთა, გვიამბეთ, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული და პირადი გზა პოლონეთში – რა იყო გადამწყვეტი ნაბიჯი ემიგრაციისკენ?
-ჩემი პროფესიული და პირადი გზა პოლონეთში დაიწყო იმ მიზნით, რომ შემექმნა ახალი შესაძლებლობები. მე და ჩემმა მეუღლემ ეს გადაწყვეტილება დაოჯახებიდან მალევე მივიღეთ, რადგან ჩვენი მომავალი და შემდეგი პერსპექტივები მხოლოდ ჩვენით უნდა შეგვექმნა.ჩავთვალეთ, რომ საქართველოში ამის შესაძლებლობა ნაკლები იყო.
– გახსოვთ თქვენი პირველი შთაბეჭდილებები პოლონეთზე? როგორ მიიღეთ ახალი გარემო, როგორც იურისტმა და როგორც ქართველმა ემიგრანტმა?
-დიახ,მახსოვს და არასდროს დამავიწყდება, განსაკუთრებით პირველი წელი – გარემოს შეცნობა ერთდროულად საინტერესო და რთული აღმოჩნდა. ენის ბარიერი მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენდა. თუმცა ამ პროცესს მიმარტივებდა ის, რომ მარტო არ ვიყავი – გვერდით მყავდა ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომელიც ყველა ეტაპზე მხარში მედგა, მათ შორის პროფესიული საქმიანობის დაწყებასა და განვითარებაში.
– რა ეტაპზე დაიწყეთ იურიდიულ სფეროში მუშაობა და რამდენად რთული აღმოჩნდა პროფესიული რეალიზაცია უცხო ქვეყანაში?
-იურიდიულ სფეროში მუშაობა დაახლოებით ორი წლის შემდეგ დავიწყე. თავდაპირველად ვმუშაობდი თარჯიმნად და ვთარგმნიდი სასამართლო დოკუმენტებს. ამაში ძალიან დამეხმარა თბილისში, საქალაქო სასამართლოში მიღებული გამოცდილება.
– რას ნიშნავს უცხოელ იურისტად მუშაობა პოლონურ სამართლებრივ სისტემაში? რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა?
-ყველაზე დიდი გამოწვევა ნამდვილად ენის ბარიერი იყო. თუმცა, ადვოკატი, ვისთან ერთადაც ვმუშაობდი და დღესაც ვმუშაობ, მაქსიმალურად მეხმარებოდა ამ მხრივ. მისი მეგობრული და ადამიანური დამოკიდებულება მიმარტივებდა საქმეს. თავიდანვე მხოლოდ ქართველ კლიენტებთან ვმუშაობდით, ამიტომ კომუნიკაცია მშობლიურ ენაზე ერთ-ერთი მთავარი დამხმარე ფაქტორი იყო. ასევე, საქართველოში მიღებული სასამართლო პრაქტიკა აქაც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა.
– როგორ ჩამოყალიბდა თქვენი თანამშრომლობა პოლონელ ადვოკატთან და რა მიმართულებით მუშაობთ დღეს?
-პოლონელ ადვოკატთან თანამშრომლობა სრულიად სპონტანურად დაიწყო. შემთხვევით შევხვდი და, როცა გაიგო, რომ იურისტი ვიყავი და უკვე მეტ-ნაკლებად ვფლობდი პოლონურ ენას, შემომთავაზა თანამშრომლობა. მითხრა, რომ ქართველების საქმეებზე მუშაობდა და ერთად შეგვეძლო დაგვეწყო საქმიანობა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით და მადლიერებით მივიღე ეს შემოთავაზება. ჩვენი ძირითადი მიმართულებაა სისხლის სამართალი.
– როდესაც ქართველ კლიენტებთან მუშაობთ, განსაკუთრებით სისხლის სამართლის საქმეებზე, როგორ გეხმარებათ საქართველოში მიღებული გამოცდილება?
– უდავოდ მეხმარება. მართალია, ქართული და პოლონური სასამართლო სისტემები განსხვავებულია, მაგრამ მუშაობის მიდგომა და სპეციფიკა ბევრ შემთხვევაში მსგავსია. საქართველოში შეძენილი გამოცდილება დღემდე ჩემს ყოველდღიურ პრაქტიკაში მადგება.
– როგორ ფიქრობთ, რატომ მიმართავენ ქართველები იურიდიული დახმარებისთვის ემიგრაციაში? რომელი საკითხებია ყველაზე ხშირი?
-ემიგრანტისთვის ადგილის დამკვიდრება ხშირად სამართლებრივ ბარიერებთან გადაკვეთით იწყება – ცხოვრების და მუშაობის უფლების მოპოვება, საცხოვრებლის ქირაობა, მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ძირითადად კონსულტაციისთვის ამ საკითხებზე მომმართავენ,მაგრამ ასევე არის პატიმრობის საქმეებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი შემთხვევა.
-როგორ მოახერხეთ პოლონური იურიდიული ენის სრულფასოვანი ათვისება?- რა ეტაპები გაიარეთ ლექსიკონის შექმნისას და რა პრინციპით შეარჩიეთ ტერმინები?გქონდათ თუ არა პროფესიული ან აკადემიური მხარდაჭერა და როგორ მიიღო საზოგადოებამ ეს პროექტი?
-ენის სწავლების პროცესში მივხვდი, რომ არ არსებობდა ქართულ-პოლონური იურიდიული მიმართულებით დამხმარე მასალა. სწორედ აქედან გაჩნდა ლექსიკონის შექმნის იდეა.ტერმინები სამართლებრივი სფეროს საჭიროებების მიხედვით შევარჩიე. წიგნზე მთლიანად დამოუკიდებლად ვიმუშავე.აკადემიური მხარდაჭერა არ მქონია – ეს იყო ჩემი პირადი გამოწვევა, და მინდოდა დამემტკიცებინა, რომ დამოუკიდებლადაც შემეძლო მისი განხორციელება. საზოგადოებისგან ძალიან სასიამოვნო გამოხმაურება მოჰყვა ,რომელმაც შემდეგი მიზნებისთვის ძალიან დიდი სტიმული მომცა .
– როგორ ფიქრობთ, ვის დაეხმარება ყველაზე მეტად ეს ლექსიკონი და როგორ შეიძლება მისი პრაქტიკული გამოყენება?
-ვფიქრობ, ლექსიკონი ყველაზე მეტად დაეხმარება იურიდიულ სფეროში მოღვაწე პროფესიონალებს, თუმცა სასარგებლოა ნებისმიერი ქართველისთვის, ვინც პოლონეთში ცხოვრობს – მასში მოცემულია ხელშეკრულებების ნიმუშები, რჩევები და პოლონეთის სისხლის სამართლის კოდექსის ძირითადი მუხლები, რაც ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს გამოადგება პოლონეთში ყოფნისას .

– რას ურჩევდით ქართველ იურისტებს, რომლებიც ემიგრაციაში პროფესიულ გზას იწყებენ?
-იურისტებმა და არა მარტო იურისტებმა , ნებისმიერმა ადამიანმა, რომლებიც ემიგრაციის გზას ირჩევენ პირველ რიგში უნდა გაითვალისწინონ რომ თავიდანვე ქონდეთ გააზრებული ამ გზის სირთულე , ამ ნაბიჯის გადადგმამდე ისწავლონ საჭირო ენა ,დაისახონ სწორი მიზნები და სწორი , ღირსეული გზებით იბრძოლონ ამ მიზნისთვის. არასდროს დაკარგონ რწმენა და მუდმივად ახსოვდეთ რომ ზოგჯერ გვიან, რთულად , მაგრამ აუცილებლად მივლენ მიზნამდე .
-თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ნიშნავს წარმატება უცხო ქვეყანაში სამართლის სფეროში მოღვაწე ქალისთვის?
-სამართალში მოღვაწე ქალისთვის , წარმატება პირველ რიგში ნიშნავს პიროვნულ სიძლიერეს და იმ სტერეოტიპების მსხვრევას , რომელიც გულისხმობს ქალების როლის არაჯანსაღად შეფასებას , მაგალითად ქართველებში არსებობს ასეთი მოსაზრება რომ ქალი თუ საქმეში წარმატებულია ოჯახისთვის დროს ვერ გამონახავს . ჩემი გამოცდილებით,პროფესიული განვითარება და ოჯახური ცხოვრება სრულიად შეთავსებადია.
– გაქვთ თუ არა სამომავლო გეგმები პროფესიული ან საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით?
-დიახ,პროფესიული კუთხით ძალიან ბევრი გეგმა მაქვს, რადგან ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს , ეს ის საქმეა რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვაკეთო , თუმცა მთავარი გეგმები მაინც ჩემს სამშობლოში მესახება . მიუხედავად იმისა რომ აქაც ჩვენს თანამემამულეებს ვეხმარები და მათთვის ვმუშაობ მაინც ვფიქრობ რომ ჩემს ქვეყანაში, ამ გამოცდილებით, შემიძლია უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგა , მეტიც , ვფიქრობ მთავარი წარმატება ჯერ კიდევ წინ არის ოღონდ ჩემს სამშობლოში . ერთ – ერთი უახლოესი , კონკრეტული გეგმა კი ბიზნეს სამართლის მიმართულებით მაქვს , ცოტა ხნის წინ დავიწყე მუშაობა კომპანია ,,POL NUTS”-ში, რომელიც საქართველოდან თხილის ექსპორტს ახორციელებს პოლონეთში. ამ კომპანიაში ვარ იურისტი და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ეს ახალი გამოწვევაა ჩემთვის და სწორედ ამგვარი გამოწვევები ბადებს ახალ მიზნებს, რადგან ყველა სფერო მუდმივად განვითარებას და ცოდნის განახლებას მოითხოვს.
ავტორი: ნათია ქიმაძე

ფოტოზე: თამთა ჯანაშია
კომენტარის დატოვება