პოლონური წარმოშობის პირებისთვის სამშობლოში დაბრუნება (რეპატრიაცია) პოლონეთის მოქალაქეობის მოპოვების ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი გზაა. პოლონეთის სახელმწიფო რეპატრიაციას განიხილავს, როგორც ზნეობრივი ვალდებულების შესრულებასა და ისტორიული უსამართლობის კომპენსაციას იმ თანამემამულეებისა და მათი შთამომავლებისთვის, რომლებიც დეპორტაციის, გადასახლებისა თუ ეროვნულ-პოლიტიკური დევნის გამო იძულებით აღმოჩნდნენ სამშობლოს საზღვრებს გარეთ.
ძირითადი მარეგულირებელი სამართლებრივი დოკუმენტია 2000 წლის 9 ნოემბრის კანონი რეპატრიაციის შესახებ (2022 წლის კანონთა ჟურნალი, პუნქტი 1105). კანონის თანახმად, რეპატრიანტი არის პირი, რომელიც პოლონეთის რესპუბლიკაში შემოვიდა რეპატრიაციისა და მუდმივად დასახლების მიზნით გაცემული ეროვნული ვიზის საფუძველზე.
1. ტერიტორიული ფარგლები
რეპატრიაციის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც 2001 წლის 1 იანვარს მუდმივად ცხოვრობდნენ შემდეგ ტერიტორიებზე:
- სომხეთი
- აზერბაიჯანი
- საქართველო
- ყაზახეთი
- ყირგიზეთი
- ტაჯიკეთი
- თურქმენეთი
- უზბეკეთი
- რუსეთის ფედერაციის აზიური ნაწილი
2. ეროვნული ვიზის მიღების პირობები და პოლონური წარმომავლობა
რეპატრიაციის ვიზა გაიცემა პირზე, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
- მუდმივი საცხოვრებელი ადგილი: 2001 წლის 1 იანვრამდე მუდმივად ცხოვრობდა ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან/რეგიონებიდან ერთ-ერთში.
- პოლონური წარმომავლობა: აცხადებს, რომ არის ეროვნებით პოლონელი და აკმაყოფილებს ორ სავალდებულო პირობას:
- ნათესაური კავშირი: მისი ერთ-ერთი მშობელი, პაპა/ბებია, ან დიდი პაპა/დიდი ბებია (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან) არის/იყო პოლონური ეროვნების.
- კავშირი პოლონეთთან: დაამტკიცებს/დაასაბუთებს თავის კავშირს პოლონეთთან, ინარჩუნებდა და იცავდა პოლონურ ტრადიციებსა და ადათ-წესებს.
პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი საბუთები
მტკიცებულებად მიიღება პოლონეთის, საეკლესიო ან ყოფილი სსრკ-ის ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები (როგორც განმცხადებლის, ისე მისი წინაპრების):
- პოლონური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
- სამოქალაქო სტატუსის აქტები (დაბადების, ქორწინების, გარდაცვალების მოწმობები) ან მათი ასლები;
- პოლონურ არმიაში სამხედრო სამსახურის დამადასტურებელი საბუთები;
- ქვეყნიდან გაძევების, დეპორტაციის ან დაპატიმრების დოკუმენტები, სადაც მითითებულია პოლონური ეროვნება;
- პირადობის მოწმობები ან სხვა ოფიციალური საბუთები პოლონური ეროვნების აღნიშვნით;
- რეაბილიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტები (დეპორტირებული პირებისთვის);
- პოლონური წარმომავლობის გამო დევნის დამადასტურებელი საბუთები.
შენიშვნა: პირის პოლონური წარმომავლობის მქონედ ცნობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კონსული.
3. ოჯახის წევრებისა და არასრულწლოვნების სტატუსი
| პირთა კატეგორია | პოლონეთის მოქალაქეობის / ბინადრობის მოპოვების წესი |
| რეპატრიანტის მეუღლე და შთამომავლები | ეროვნული ვიზა რეპატრიაციის მიზნით შეიძლება გაეცეს მეუღლეს და შთამომავლებს მე-4 ხაზის ჩათვლით (შვილებს, შვილიშვილებს, შვილისშვილებს და მათ მეუღლეებს), თუ მათ განზრახული აქვთ რეპატრიანტთან ერთად პოლონეთში სამუდამოდ დასახლება. |
| არასრულწლოვანი შვილები | რეპატრიანტი მშობლის მეურვეობის ქვეშ მყოფი არასრულწლოვანი იღებს მოქალაქეობას. თუ მხოლოდ ერთი მშობელია რეპატრიანტი, საჭიროა მეორე მშობლის წერილობითი თანხმობა (წარედგინება კონსულს). |
| 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი | იღებს მოქალაქეობას მხოლოდ საკუთარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე. |
| არა-პოლონური წარმოშობის მეუღლე (თუ არ სარგებლობს რეპატრიაციის ვიზით) | შეუძლია შეიტანოს განაცხადი მუდმივი ბინადრობის ნებართვაზე (Karta Stałego Pobytu). გადაწყვეტილებას იღებს უცხოელ მოქალაქეთა საქმეთა დეპარტამენტის (UDSC) უფროსი. |
| არასრულწლოვანი (თუ მეორე მშობელი წინააღმდეგია მოქალაქეობის) | ეძლევა მუდმივი ბინადრობის ნებართვის მიღების უფლება. |
4. რეპატრიაციის ეტაპობრივი პროცედურა
ეტაპი 1: განაცხადის წარდგენა საკონსულოში
განმცხადებელი მიმართავს პოლონეთის საკონსულოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და წარადგენს:
- ფოტოსურათი: ბოლოდროინდელი (ბოლო 6 თვის), ფერადი, 3×4 სმ, სახის 70-80%-იანი დაფარვით, ღია ნეიტრალურ ფონზე, სათვალისა და ქუდის გარეშე, ბუნებრივი გამომეტყველებით.
- ბიოგრაფია.
- დაბადების მოწმობის ასლი.
- ოჯახური მდგომარეობის დამადასტურებელი საბუთები.
- მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი (რეპატრიაციის კანონის მე-9 მუხლის I ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად).
- პოლონური წარმომავლობის დამადასტურებელი დოკუმენტები (მე-6 მუხლის მიხედვით).
- სხვა დამხმარე დოკუმენტაცია და მოქმედი პასპორტი.
- ოფიციალური დეკლარაცია: მონაცემთა სისწორის შესახებ (მცდარი ინფორმაციის მიწოდება ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას).
ეტაპი 2: წარმომავლობის დადასტურება
დოკუმენტებისა და პირისპირ გასაუბრების საფუძველზე კონსული იღებს გადაწყვეტილებას განმცხადებლის პოლონური წარმომავლობის მქონე პირად ცნობის შესახებ.
ეტაპი 3: სამინისტროს თანხმობა
კონსული განაცხადს გადაუგზავნის პოლონეთის შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის სამინისტროს ვიზის გაცემის ნებართვის მისაღებად.
ეტაპი 4: დასახლების პირობების უზრუნველყოფა და ვიზის გაცემა
სამინისტროს თანხმობის შემდეგ, კონსული გასცემს 12-თვიანი მოქმედების ვადის მქონე რეპატრიაციის ვიზას, თუ წარმოდგენილია დასახლების პირობების დამადასტურებელი ერთ-ერთი დოკუმენტი:
- საკუთარი რესურსი: საცხოვრებლისა და საარსებო წყაროს (არანაკლებ 12 თვის ვადით იჯარის/სარგებლობის ხელშეკრულება და არანაკლებ 12 თვის ვადით შრომითი ხელშეკრულება/დამსაქმებლის დეკლარაცია).
- სახელმწიფო/მუნიციპალური გარანტია:
- მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენლის გადაწყვეტილება ადაპტაციის ცენტრში ადგილის გამოყოფის შესახებ;
- მუნიციპალიტეტის (Gmina) საბჭოს გადაწყვეტილება დასახლების უზრუნველყოფაზე (მინიმუმ 2 წლით).
- კერძო მოწვევა: პოლონეთის მოქალაქის (მხოლოდ პირდაპირი წინაპრების, შთამომავლების ან და-ძმისთვის) ან პოლონური იურიდიული პირის დეკლარაცია საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე არანაკლებ 2 წლის ვადით.
მნიშვნელოვანია: თუ დასახლების პირობები ჯერ უზრუნველყოფილი არ არის, კონსული გასცემს გადაწყვეტილებას რეპატრიაციის უფლების მინიჭების (კვალიფიკაციის) შესახებ. ვიზა ჩაიკრობა მხოლოდ პირობების დადასტურების შემდეგ.
ასეთ კანდიდატებს კონსული სთავაზობს სახელმწიფო მხარდაჭერას (ადაპტაციის ცენტრს ან საცხოვრებლის გამოყოფას). პირველ რიგში ეს შემოთავაზებები ეხებათ ეროვნული/პოლიტიკური ნიშნით დეპორტირებულ, ასაკოვან ან ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს.
5. რეპატრიანტთა ადაპტაციის ცენტრები
ადაპტაციის ცენტრში ადგილის მინიჭებას წყვეტს რეპატრიაციის საკითხში მთავრობის სრულუფლებიანი წარმომადგენელი (კონსულის მიერ განმცხადებლის წერილობითი თანხმობის წარდგენის შემდეგ).
- ლოდინის ვადა: ვიზის თანხმობიდან მაქსიმუმ 3 წელი (ადგილების უქონლობისას შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 2 წლამდე).
- ყოფნის ხანგრძლივობა: 90 დღემდე. დამოუკიდებელი მიზეზების გამო (სამუშაოს ან საცხოვრებლის უქონლობა) ვადა შეიძლება გაგრძელდეს დამატებით 90 დღით (სულ 180 დღემდე).
ცენტრის მიერ უზრუნველყოფილი მომსახურება:
- საცხოვრებელი ოთახი (ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის გათვალისწინებით);
- სრული კვება (დღეში 3-ჯერ, მათ შორის 1 ცხელი კერძი);
- 24-საათიანი წვდომა სამზარეულოსა და სანიტარულ ინფრასტრუქტურასთან;
- პირადი ჰიგიენის საშუალებები (მათ შორის არასრულწლოვნებისთვის);
- უფასო ინტერნეტი და სატელეფონო კავშირის შესაძლებლობა;
- საგანმანათლებლო და ინტეგრაციული კურსები (რეპატრიანტისთვის გასაგებ ენაზე): პოლონეთის ისტორია, ტრადიციები, ენის შესწავლა, პროფესიული ტრენინგები, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაცნობა, შრომის ბაზარი, სოციალური დახმარება და შშმ პირთა უფლებები.
6. პირველი სავალდებულო ნაბიჯები პოლონეთში ჩასვლისას
- სამოქალაქო რეესტრი (Urząd Stanu Cywilnego): უცხოური სამოქალაქო აქტების (დაბადება, ქორწინება) რეგისტრაცია პოლონურ ენაზე ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით (თუ ეს პროცედურა მანამდე საკონსულოს მეშვეობით არ განხორციელებულა).
- სავოევოდო სამსახური (Urząd Wojewódzki): ვოევოდასგან პოლონეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი საბუთის აღება (წარედგინება პასპორტი ჩაკრული ვიზით და პოლონური სამოქალაქო აქტები).
- მერია / მუნიციპალიტეტი (Urząd Miasta / Gminy): პირადობის მოწმობის (Dowód Osobisty) მოთხოვნა, მუდმივი რეგისტრაცია (Meldunek) და PESEL ნომრის მინიჭება.
7. სახელმწიფო ფინანსური და სოციალური მხარდაჭერა
1. ერთჯერადი ფულადი დახმარება
- მგზავრობა და ბარგი: უახლოესი სარკინიგზო სადგურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მატარებლის ბილეთის გაორმაგებული ფასი (გაიცემა მთავრობის წარმომადგენლის ან კონსულის მიერ).
- აკლიმატიზაცია: საშუალო თვიური ბრუტო ხელფასის გაორმაგებული ოდენობა.
- სკოლის ხარჯები: სასკოლო ასაკის თითოეულ არასრულწლოვანზე საშუალო თვიური ხელფასის ოდენობა.
2. დახმარება ბინის რემონტსა და აღჭურვაზე
- ოდენობა: 6 000 ზლოტამდე რეპატრიანტზე და ოჯახის თითოეულ ახლო წევრზე (თანხა ყოველწლიურად ინდექსირდება).
- ვადა: განაცხადის შეტანა შესაძლებელია მოქალაქეობის მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.
- (შენიშვნა: დახმარება არ გაიცემა, თუ საცხოვრებელი უზრუნველყოფილია უშუალოდ მუნიციპალიტეტის მიერ).
3. ფინანსური დახმარება საცხოვრებლის საჭიროებისთვის
გაიცემა ნათესავის მოწვევის ან ადაპტაციის ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც თანადაფინანსება:
- ბინის/სახლის ქირაზე;
- სტუდენტურ საცხოვრებელში განთავსებაზე (300 ზლოტამდე/თვეში);
- საცხოვრებლის შეძენის ხარჯებზე (300 ზლოტამდე/თვეში).
ლიმიტი: ჯამში არაუმეტეს 25 000 ზლოტისა თითოეულ წევრზე. განაცხადის გაკეთება შესაძლებელია ჩამოსვლიდან ან ადაპტაციის ცენტრის დატოვებიდან 10 წლის ვადაში.
თანხის უკან დაბრუნების წესი:
თუ შეძენილი უძრავი ქონება გაიყიდება 10 წლის გასვლამდე, რეპატრიანტი ვალდებულია უკან დააბრუნოს მიღებული თანხა (ყოველ გასულ წელზე თანხა მცირდება 10%-ით).
- გამონაკლისი: თანხის დაბრუნება არ მოითხოვება, თუ გაყიდვიდან 180 დღის ვადაში წარადგენს სანოტარო აქტს ახალი ბინის/სახლის შეძენის შესახებ, რომლის ღირებულებაც ნაკლები არ არის დასაბრუნებელ თანხაზე.
4. მუნიციპალური სუბსიდია
მუნიციპალიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს 6 000 ზლოტის სუბსიდიას თითოეულ წევრზე, რეპატრიანტის საცხოვრებლის განახლებისა და მოწყობის დასახმარებლად.
5. ენის კურსები და ადაპტაცია
- უფასო კურსებს უზრუნველყოფს საზღვარგარეთ პოლონური განათლების განვითარების ცენტრი (www.orpeg.pl).
- ადაპტაციის ცენტრებში ტარდება ინტეგრაციული, ენობრივი და პროფესიული პროგრამები.
6. ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა
- პოლონეთში შემოსვლიდან პირველი 90 დღის განმავლობაში სამედიცინო მომსახურება სრულად უფასოა.
- 90 დღის შემდეგ მოქმედებს საერთო სახელმწიფო რეგულაციები (ისევე, როგორც პოლონეთის ყველა მოქალაქისთვის).
- ყურადღება: ადაპტაციის ცენტრში ყოფნის 180 დღემდე გაგრძელება არ ახანგრძლივებს 90-დღიან უფასო ჯანდაცვის ლიმიტს.
7. პროფესიული გააქტიურება
მოქალაქეობის მოპოვებიდან 5 წლის ვადაში სტაროსტას შეუძლია დააფინანსოს:
- პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება/ტრენინგი;
- დამსაქმებლის მიერ გაწეული ხარჯები (სამუშაო ადგილის შექმნა, ანაზღაურება).
- პირობა: რეპატრიანტი დასაქმებული უნდა იყოს არანაკლებ 24 თვის ვადით.
- მაქსიმალური ლიმიტი: ჯამური დაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს საშუალო თვიური ხელფასის 12-მაგ ოდენობას.
8. რეპატრიანტის მხარდამჭერი პირი
სპეციალური საჭიროების დასაბუთებისას (ხანდაზმულობა, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ენის უცოდნელობა, ადაპტაციის სირთულეები), მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას (wójt, burmistrz, prezydent miasta) შეუძლია რეპატრიანტს დაუნიშნოს დამხმარე პირი არაუმეტეს 2 წლის ვადით.
მხარდამჭერი პირის ფუნქციები:
- ინფორმაციული და პრაქტიკული დახმარება ჯანდაცვის, განათლების, სოციალური დაცვისა და დასაქმების საკითხებში;
- ოფიციალური წერილებისა და განცხადებების მომზადება;
- ხანდაზმული რეპატრიანტების გაცილება/დახმარება ექიმთან ვიზიტებისას;
- რეპატრიანტის თანხმობით, სახელმწიფო ორგანოებიდან და ორგანიზაციებიდან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა.

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
