პოლონეთის ისტორიული ქალაქი პოზნანი კიდევ ერთხელ გახდა კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი კერა. Akademia Muzyczna im. Ignacego Jana Paderewskiego-ს Aula Stuligrosza-ს დარბაზმა უმასპინძლა გამორჩეულ ქართულ მუსიკალურ საღამოს, რომელიც მე-8 საერთაშორისო ალტების ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ეს უნიკალური ღონისძიება მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა ქართული მუსიკის პოპულარიზაციის პროცესში, სადაც მსოფლიო დონის მუსიკოსებმა ქართველ კომპოზიტორთა შემოქმედება ევროპულ აუდიტორიას გააცნეს. საღამოს მსვლელობისას, მაყურებელმა მოისმინა ქართული კლასიკური და თანამედროვე მუსიკის გამორჩეული ნამუშევრები.კონცერტი არა მხოლოდ ქართული მუსიკის ზეიმი იყო, არამედ იგი კიდევ ერთი დასტური გახდა იმისა, რომ ხელოვნებას შეუძლია ხალხებს შორის დიალოგის გაღრმავება და კულტურათა დაახლოება.

2025 წლის 30 მარტს,პოლონეთის ისტორიულ ქალაქ პოზნანში, Akademia Muzyczna im. Ignacego Jana Paderewskiego-ს Aula Stuligrosza-ს დარბაზმა უმასპინძლა განსაკუთრებულ ქართულ მუსიკალურ კონცერტს.ეს გამორჩეული ღონისძიება გაიმართა მე-8 საერთაშორისო ალტების ფორუმის ფარგლებში და შესანიშნავი შესაძლებლობა იყო ქართული მუსიკის პოპულარიზაციისთვის.
კონცერტის ფარგლებში, სცენაზე წარდგნენ გამოჩენილი მუსიკოსები: ალტის ვირტუოზი მარჩინ მურავსკი და ნინო ჟვანია (ფორტეპიანო). მათ მიერ შესრულებულმა პროგრამამ განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა შეიძინა. კონცერტზე გაჟღერდა სულხან ცინცაძის ცნობილი ნაწარმოებები, მათ შორის ხორუმი, რომანსი და საჭიდაო, რომლებიც ქართველი კომპოზიტორის უნიკალური მუსიკალური ხელწერისა და ეროვნულ მოტივებზე აგებული ჰარმონიით გამოირჩევა. ასევე შესრულდა გია ყანჩელის 18 მინიატურა ალტისა და ფორტეპიანოსთვის, რომელიც ნინო ჟვანიამ განსაკუთრებული გულწრფელობით მიუძღვნა ქართველ მსმენელს.
საღამოს დასკვნით ნაწილში შესრულდა ეკა ჭაბაშვილის ნაწარმოები ,,პროტესტი”, რომლის დროსაც ნინო ჟვანიამ სასტვენიც გამოიყენა, რაც სიმბოლურად ასახავდა საქართველოში მიმდინარე საზოგადოებრივ პროტესტს. მუსიკოსებმა კონცერტის მსვლელობისას ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საზოგადოებრივი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ არაერთი მნიშვნელოვანი სტუმარი, მათ შორის, პოლონეთის წამყვანი პოლიტიკური პარტიის, Platforma Obywatelska-ს, ვიცე-თავმჯდომარე იაკუბ კუჩარჩუკი. მან ნინო ჟვანიას სპეციალური წერილი გადასცა, რომელშიც ხაზგასმული იყო მისი შემოქმედებითი წვლილი და ქართველი ერის მხარდაჭერა ევროპაში ინტეგრაციის პროცესში.
წერილში ნათქვამია: ,,დიდი მადლიერებით, გულწრფელ მადლობას გიხდით თქვენი მხატვრული წვლილისთვის, რომელიც არა მხოლოდ ამდიდრებს კულტურას, არამედ ემსახურება ერებს შორის ურთიერთგაგების ხიდს. ხელოვნებას აქვს ხალხის გაერთიანების შესანიშნავი უნარი და თქვენი ნიჭი ამ ჭეშმარიტების ღრმა დადასტურებაა. ასევე, მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველი ერის მისწრაფების მიმართ ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ. საუკუნეების მანძილზე საქართველო იყო ევროპის ისტორიისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი და მისი სწრაფვა ევროპის შიგნით საერთო მომავლისკენ უმაღლეს აღიარებასა და სოლიდარობას იმსახურებს.”
კონცერტის დასასრულს, ნინო ჟვანიამ ქართველ მსმენელებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა, რაც ამაღელვებელი და დაუვიწყარი მომენტი იყო დამსწრე საზოგადოებისთვის.
ნინო ჟვანია – პიანისტი, მუსიკისმცოდნე და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორია. მისი კარიერა მოიცავს სწავლას დიუსელდორფის რ. შუმანის სახელობის კონსერვატორიაში, წარმატებებს ორლეანის საერთაშორისო კონკურსსა და კარლჰაინც შტოკჰაუზენის კურსებზე. მისი შემოქმედებითი მოღვაწეობა მრავალ საერთაშორისო პროექტს და თანამედროვეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მოძრაობას უკავშირდება. ნინო ჟვანია რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში და მასტერკლასებში, ასრულებს კონცერტებს მსოფლიოს პრესტიჟულ დარბაზებში, ჩატარებული აქვს ლექციები ჰარვარდისა და ტაფტსის უნივერსიტეტებში და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქართული მუსიკის პოპულარიზაციაში გლობალურ ასპარეზზე. მისი მოღვაწეობა არა მხოლოდ სამუსიკო ხელოვნებას, არამედ კულტურული დიპლომატიის განვითარებასაც ემსახურება.
მარჩინ მურავსკი -პოლონელი ალტისტი, დირიჟორი, პედაგოგი და ჟურნალისტი, პოზნანის მუსიკალური აკადემიის პროფესორი. 1998 წელს დაამთავრა პოზნანის მუსიკალური აკადემია, სწავლობდა დანიაში და ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტში. 2020 წელს მიიღო პროფესორის წოდება. ატარებს მასტერკლასებს და ჟიურის წევრია საერთაშორისო კონკურსებში. მოპოვებული აქვს პრესტიჟული ჯილდოები და მართავს კონცერტებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. თანამშრომლობს Acte Préalable-თან და არის International Viola Society-ის აღმასრულებელი მდივანი. მისი კონცერტები ხელს უწყობს კულტურათა შორის დიალოგს.
ავტორი : ნათია ქიმაძე






კომენტარის დატოვება