• 24 მაი 23:33:04

პოლონეთში ქართული ემიგრაციის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტი ქართული ბიზნესი პოულობს ადგილს ადგილობრივ ბაზარზე. თუმცა, არსებობს ისტორიები, რომლებიც განსაკუთრებული მონდომებითა და ტრადიციების პატივისცემით გამოირჩევა. ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მაგალითია „Ser Gruziński Elfrida“ – პირველი ლიცენზირებული ქართული ყველის საწარმო პოლონეთში.

როგორ იქცა საოჯახო იდეა წარმატებულ ბიზნესად მკაცრი ევროპული რეგულაციების პირობებში? რატომ არის „ელფრიდას“ პროდუქცია პოლონელებისთვისაც და ქართველებისთვისაც მშობლიური გემოს სიმბოლო?

წაიკითხეთ ინტერვიუ საწარმოს დამფუძნებელ ალექსი თორიასთან, რომელიც გვიყვება ემიგრაციაში ბიზნესის დაწყების გამოწვევებზე, ბიუროკრატიულ სირთულეებსა და იმ ემოციურ კავშირზე სამშობლოსთან, რომელიც მათ ყოველდღიურ შრომას საფუძვლად უდევს.

ინტერვიუ შეიცავს ფასიან რეკლამას

– ალექსი, გვიამბეთ,როდიდან დაიწყო თქვენი პოლონური ცხოვრება და როგორი იყო ადაპტაციის პირველი ეტაპები ახალ გარემოსთან?

– პოლონეთში 2018 წელს ჩამოვედი ძმასთან და მშობლებთან ერთად სამუშაოდ. თავდაპირველი ეტაპი, როგორც წესი, ხალხთან და კულტურასთან ადაპტაციაა. იმის გათვალისწინებით, რომ პოლონეთის კულტურა, ზოგადად ხალხი, სამუშაო გარემო და წესრიგი საგრძნობლად განსხვავდება ქართულისგან, ეს პროცესი, რა თქმა უნდა, გარკვეულ სირთულეებს უკავშირდებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, შთაბეჭდილებებზე ფიქრისთვის თავიდან დრო არც გვქონდა; გვქონდა ერთი მიზანი და მთელი გულითა და გონებით ამ საქმეში ვიყავით ჩართული. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან პოლონეთზე და პოლონელებზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დამრჩა. ირგვლივ ბევრი კარგი ადამიანი აღმოგვაჩნდა, რომლებთანაც დღეს ვახლობლობთ და რომლებმაც ჩვენს გზაზე საკვანძო როლი ითამაშეს.

– როგორ გაჩნდა საკუთარი საქმის წამოწყების იდეა და ვინ იყო ამ გადაწყვეტილების მთავარი ინიციატორი?

– ზემოთ ვახსენე, რომ როგორც აქ ჩამოსულ ყველა ემიგრანტს, ჩვენც, რა თქმა უნდა, კონკრეტული მიზნები გვქონდა. აღმოჩნდა, რომ ის ანაზღაურება, რასაც სხვაგან მუშაობით ვიღებდით, არ იყო საკმარისი ამ მიზნების განსახორციელებლად. სწორედ აქედან წამოვიდა პირადი საქმის დაწყების იდეა, რომლის ავტორიც მამაჩემი იყო. ის პირველივე დღიდან დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით უყურებდა ამ საქმეს; ეს განწყობა მოგვიანებით ჩვენც გადმოგვედო და შევუერთდით საქმიანობას. დღემდე იგივე მონდომებით მივიწევთ წინ. საწარმო ატარებს ჩვენი ბებიის, ელფრიდას სახელს.

– პოლონეთი ცნობილია თავისი მკაცრი რეგულაციებით. რამდენად რთული აღმოჩნდა ბიუროკრატიული ბარიერების გადალახვა ქართული ყველის წარმოების დასაწყებად?

– კულტურული თვალსაზრისით ადაპტაცია შედარებით მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე ბიუროკრატიული. მოგეხსენებათ, პოლონეთში ბიზნესის დასაწყებად რამდენი ლიცენზიის მიღება და შემოწმების გავლაა საჭირო, რათა საქმიანობის გაგრძელების უფლება მოგცენ. თუმცა, ღმერთის წყალობით და დიდი შრომის შედეგად, ეს ეტაპიც წარმატებით დავძლიეთ. ჩვენ ოფიციალურად გვაქვს ქართული ყველის წარმოებისა და გაყიდვის უფლება, რაც საკმაოდ რთულად მისაღწევია. ყოველწლიურად წარმატებით გავდივართ მრავალ შემოწმებას, ჩვენი პროდუქცია კი რეგულარულად იტესტება. ჩვენ ვიყავით პირველი ქართველები პოლონეთში, ვინც ამ სფეროში ოფიციალური ლიცენზიით მუშაობდა და, როგორც ვიცი, დღემდე ასეა.

ქართული გასტრონომია თავისი მდიდარი გემოებით მთელ მსოფლიოშია ცნობილი, შესაბამისად, პოლონელი მომხმარებლის გულის მოგებაც არ გაგვიჭირდა მას შემდეგ, რაც მათ ქართული ყველი გაიცნეს. ჩვენს საქმეს სულითა და გულით ვაკეთებთ. მომხმარებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ჩვენი პროდუქტი ზუსტად ისეთივე გემრიელია, როგორიც საქართველოში ყოფნისას გაუსინჯავთ. ეს ყველაფერი დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ არც ხარისხი დავკარგოთ და არც ადეკვატური ფასები.

– თუ გახსენდებათ თქვენი პირველი გაყიდვები და როგორ მიიღო ადგილობრივმა ბაზარმა თქვენი პროდუქცია?

– პირველი კლიენტი, სიმართლე რომ გითხრათ, აღარ მახსოვს, თუმცა კარგად მახსენდება ქალაქ პილაში (Piła) გამართული პირველი ბაზრობა, სადაც თითქმის ვერაფერი გავყიდეთ. თუმცა ეს ჩვენთვის დანებების მიზეზი არ გამხდარა. შემდეგ პოზნანში გავედით ბაზრობაზე, სადაც გაყიდვები თავიდანვე ძალიან კარგად წავიდა. წინა რამდენიმე წარუმატებლობის ფონზე, რა თქმა უნდა, დიდი ემოციები გვქონდა და კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მოგვეცა. ვინც ჩვენს პროდუქტს სინჯავდა, თითქმის ყველას მიჰქონდა და მოგვიანებით ჩვენი მუდმივი მომხმარებელი ხდებოდა. პოზნანში დღემდე ვყიდით ყველს შაბათ-კვირის ბაზრობებზე და ხშირად გვახსენებენ, პირველად ჩვენგან როგორ იყიდეს ქართული ყველი.

– რა სახეობის ყველს სთავაზობთ მომხმარებელს და რომელი მათგანი სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით?

– თითქმის ყველა სახეობის ქართული ყველი გვაქვს. ასევე გვაქვს ჩვენი და პოლონელი მომხმარებლების გემოვნებით ინსპირირებული ე.წ. შერეულები: იმერული პიტნით, ჩილით, სხვადასხვა მწვანილებით, ჩარნუშკათი (შავი ქინძი) და სხვა. კონკრეტულად რომელიმე სახეობის გამორჩეულ პოპულარობაზე საუბარი რთულია, რადგან თითქმის ყველა ერთნაირი რაოდენობით იყიდება. თუმცა რესტორნებში განსაკუთრებული მოთხოვნა იმერულ ყველზეა, რადგან ქართული რესტორნების უმეტესობა ჩვენს პროდუქტს ხაჭაპურის გამოსაცხობად იყენებს.

– როგორ არის გადანაწილებული როლები ოჯახურ ბიზნესში და გეგმავთ თუ არა საწარმოს გაფართოებას?

– დღეს სამუშაო პროცესში საჭიროების მიხედვით ვართ ჩართული მთელი ოჯახი, რადგან საწარმოში გვყავს დასაქმებული თანამშრომლები, რომლებიც ყოველდღიურ საწარმოო საქმიანობას ასრულებენ. რაც შეეხება ბაზრობებს – იქ ჩვენი ყოფნა აუცილებელია, რადგან დიდ ქალაქებში ერთდროულად რამდენიმე ბაზრობაზე ვართ წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ძირითადად მართვასა და სხვადასხვა ბიუროკრატიულ საკითხებზე ვართ კონცენტრირებული. ამავე დროს, მინდა აღვნიშნო, რომ ამ წელს უშუალოდ საწარმოში ვაკანსიების გამოცხადებას ვგეგმავთ.

– რას ნიშნავს თქვენთვის საწარმოს სახელწოდება – „ელფრიდა“ და რა როლს ასრულებს თქვენს საქმიანობაში ქართული ფესვები?

– საქართველო სულ გვჭირდებოდა და ყოველთვის დაგვჭირდება. ჩვენი ინსპირაცია იყო ჩვენი ბებია და ჩვენი სოფელი – ორსანტია. ამ ყველაფრის გაერთიანებით საწარმო ჩვენი ბებიის – ელფრიდას სახელს ატარებს. სწორედ მისგან ვისწავლეთ ყველის გემო, შრომის სიყვარული და ის ტრადიციები, რომლებსაც დღეს პოლონეთში ვაგრძელებთ. ელფრიდას სახელი ჩვენთვის ოჯახურ მემკვიდრეობასა და ქართულ ფესვებთან კავშირს ნიშნავს. იქიდან მოგვყვება ეს გემოები და სწორედ მათ ვიმეორებთ აქ. ჩვენი ფესვები საქართველოშია და ამ ფესვებზე ვდგავართ აქაც.

ქართველი მომხმარებელი კი ჩვენთვის განსაკუთრებული სიხარულია – უდიდესი მოტივაციაა, როცა ჩვენს ნაშრომს დადებითად აფასებენ და მადლობას გვეუბნებიან იმისთვის, რომ ნამდვილი ქართული გემო გვაქვს და ამ გზით სამშობლოს ვახსენებთ. ვაკანსიების შემთხვევაშიც უპირატესობას, რა თქმა უნდა, ქართველებს ვანიჭებთ, რადგან ეს ქართული საქმეა და ქართველზე უკეთ ვერავინ იზრუნებს.

– რამდენად აქტიურად თანამშრომლობთ ადგილობრივ ქართულ რესტორნებთან?

– ვთანამშრომლობთ მრავალ ქართულ რესტორანთან და მომავალშიც მზად ვართ აქტიური თანამშრომლობისთვის.

– სად შეუძლია მომხმარებელს თქვენი პროდუქციის შეძენა?

– ჩვენი ყველის შეძენა შესაძლებელია შაბათ-კვირის ბაზრობებზე შემდეგ ქალაქებში: ვარშავა, ვროცლავი, პოზნანი და ზიელონა-გურა. ყველა დახლის წინ განთავსებულია ჩვენი საწარმოს ბანერი სახელწოდებით – „Ser Gruziński Elfrida“. ონლაინ შეძენა შესაძლებელია ნებისმიერ დროს ჩვენი ფეისბუქგვერდის მეშვეობით. პროდუქციას ვაგზავნით მთელი ევროპის მასშტაბით და, სხვათა შორის, ბევრი ქართველი მომხმარებელი გვყავს გერმანიიდანაც.

– რა არის ემიგრაციაში ბიზნესის კეთებისას ყველაზე დიდი სირთულე თქვენთვის?

– ყველაზე რთული იყო და არის სამშობლოსა და ახლობლებისგან შორს ყოფნა – დანარჩენი ყველაფერი ყოველდღიურობის ნაწილია.

– რას ურჩევდით იმ ადამიანებს, ვინც ახლა ფიქრობს საკუთარი საქმის დაწყებაზე უცხო ქვეყანაში?

– ვიტყოდი, რომ იდეა ყოველთვის ღირს ცდად და თუ ერთხელ დაიწყე, არასოდეს უნდა დანებდე – შრომას ყოველთვის მოაქვს შედეგი.

1.იხილეთ Ser Gruzinski Elfrida-ს Facebook-გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100090317525106
2.ასევე, იხილეთ Ser Gruzinski Elfrida-ს მისამართი ჩვენს ქართულენოვან ლოკაციებს შორის: https://site.kartuli.news/tiMgRp




Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!