• 7 აპრ 20:59:20
პავლე და იეჟი თუმანიშვილების პორტრეტი

საქართველოს ისტორიის მრავალფეროვან პანთეონში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს თავად პავლე იოსების ძე თუმანიშვილს – პიროვნებას, რომლის ცხოვრებაც არა მხოლოდ პირადი წარმატების, არამედ ქვეყნის კულტურული და ეროვნული აღორძინების უწყვეტი ჯაჭვი იყო. 1872 წელს დაბადებულმა მოღვაწემ, თბილისის კლასიკური გიმნაზიის წარმატებით დასრულების შემდეგ, განათლება მოსკოვის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ განყოფილებაზე მიიღო. მისი პიროვნული ფორმირება მყარ საგანმანათლებლო და ოჯახურ საძირკველზე იდგა. დედა, იულია კონსტანტინეს ასული ზუბალაშვილი, ლეგენდარული ნავთობმწარმოებლების საგვარეულოს წარმომადგენელი გახლდათ. სწორედ ზუბალაშვილების ფინანსური მხარდაჭერით აღიმართა თბილისის ისეთი მონუმენტური ნაგებობები, როგორიცაა სახალხო სახლი (დღევანდელი მარჯანიშვილის თეატრი), თავადაზნაურთა გიმნაზია, ბათუმის კათოლიკური ტაძარი და თბილისის კონსერვატორია.

მარჯანიშვილის თეატრის შენობა XX ს. დასაწყისში
ფოტო: ვიკიპედია

პავლე თუმანიშვილი არა მხოლოდ მართავდა მემკვიდრეობით მიღებულ უზარმაზარ ქონებასა და საერთაშორისო ბიზნესს საქართველოში, სპარსეთში, ფინეთსა თუ ევროპის წამყვან ქვეყნებში, არამედ მთელ თავის რესურსს ეროვნულ საქმეს ახმარდა. მისი მეცენატობით განხორციელდა ექვთიმე თაყაიშვილის უმნიშვნელოვანესი ექსპედიცია ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს; მანვე უბოძა საკუთარი მიწის ნაკვეთი ვერაზე საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას მუზეუმის ასაშენებლად და უნიკალური არქეოლოგიური კოლექციაც გადასცა სამშობლოს.

ემიგრაციის სიმძიმე და ოჯახური პორტრეტი

თუმანიშვილის მოღვაწეობა სცილდებოდა ჩვეულებრივი ქველმოქმედის ჩარჩოებს. იგი იყო პროგრესული მოაზროვნე, რომელიც მონაწილეობდა საქართველოს სამხედრო გზის პროექტირებაში, აფინანსებდა გაზეთებს – ვოზროჟდენიესა და ივერიას, ასევე პოპულარულ საბავშვო ჟურნალ ნაკადულს. პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ნაციონალ-დემოკრატიული იდეების ერთგული იყო და ილია ჭავჭავაძესთან ერთად შეიმუშავა პარტიის პირველი საჯარო პროგრამა. განსაკუთრებით შთამბეჭდავია მისი ხედვა კინემატოგრაფიის მიმართ: 1918 წელს მან შეადგინა მეცნიერულ-საგანმანათლებლო სინემატოგრაფიის პროგრამა, რითაც თეორიული საფუძველი ჩაუყარა ქართულ სამეცნიერო-პოპულარულ კინოს.

სარწმუნოებით კათოლიკე პავლე მჭიდროდ თანამშრომლობდა ვატიკანთან და პირადად იცნობდა რომის პაპ პიუს XII-ს, რომელმაც მოგვიანებით მას წმინდა სტეფანეს ორდენი უბოძა. თუმცა, 1921 წლის ბოლშევიკურმა ანექსიამ მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. იმ დროს პარიზში საქმიან მივლინებაში მყოფმა პავლემ, გერმანელი ელჩის დახმარებით, მოახერხა ოჯახის ევროპაში გაყვანა. მისი მეუღლე გახლდათ წარმოშობით პოლონელი იადვიგა შიშკო, რომელთანაც მას ვაჟი – იეჟი (გიორგი) შეეძინა.

ემიგრაციაში, კერძოდ ვარშავაში ყოფნისას, პავლე თუმანიშვილი 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა საქართველო-პოლონეთის საზოგადოებას, თუმცა პირადი ყოფა სულ უფრო მძიმდებოდა. მიუხედავად ფინანსური კრიზისისა, რაც გამოწვეული იყო აბსურდული ბრალდებით, თითქოს პავლე სოციალიზმის პროპაგანდას ეწეოდა, იგი არავითარ ფიზიკურ შრომას არ თაკილობდა ოჯახის გადასარჩენად. პავლე თუმანიშვილი 1935 წლის 4 იანვარს პოლონეთის ქალაქ სუვალკში გარდაიცვალა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა:

„თავადი პავლე იყო დიდი ოპტიმისტი. ვერავითარი მარცხი, ვერავითარი დაბრკოლება და უნუგეშო მდგომარეობა მას ვერ უცვლიდა რწმენას საქართველოს აღდგენისა, თავისუფლებისა და ბედნიერებისა… ეს ენთუზიაზმი მას შერჩა ემიგრაციაშიც და ჩაჰყვა საფლავშიც. უაღრესად გაჭირვებულმა მატერიალურმა მდგომარეობამ ვერ გადრიკა მისი სტოიკური ბუნება, მას ვერავისზე საყვედურს ვერ ათქმევინებდი, არავითარ ფიზიკურ მუშაობას არ თაკილობდა და, ბოლოს და ბოლოს, სხეულმა ვეღარ აიტანა და უდროოდ გარდაიცვალა“.

იეჟი თუმანიშვილი: პოლონეთის საზღვაო დიდება და ამერიკული ეპილოგი

მამის ღირსეული გზა გააგრძელა მისმა ვაჟმა, იეჟი თუმანიშვილმა, რომლის ცხოვრებაც 1916 წლის 21 ივნისს დაიწყო. იეჟიმ სამხედრო გზა 1935 წელს აირჩია, როდესაც გენერალ ალექსანდრე ზაქარიაძის პროტექციით ტორუნის სამხედრო-საზღვაო საოფიცრო სასწავლებელში ჩაირიცხა. აქ მან თავი საუკეთესო მოსწავლედ წარმოაჩინა, განსაკუთრებით კი ცურვაში პირველობით.1938 წლის 15 ოქტომბერს მას პოლონეთის სამხედრო-საზღვაო ძალების პორუჩიკის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე მან სამსახური ხომალდ ბურჟაზე დაიწყო, 1940 წელს კი გადაიყვანეს გემ ურაგანზე, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში გამართულ საომარ ოპერაციებში მონაწილეობდა.

1941 წლის 3 მაისს იეჟიმ ჯვარი დაიწერა ინგლისელ მარგარეტ ჰოგჰერზე, იმავე წლის სექტემბერში კი პოლონეთის მოქალაქეობა მიიღო და ხომალდ კრაკოვიაკზე არტილერიის ოფიცრად გადავიდა. ამ გემზე იგი 1943 წლის თებერვლამდე იბრძოდა, ვიდრე ფიზიკურად გამოფიტული ნაპირზე არ გადავიდა სამკურნალოდ.ძალების მოკრების შემდეგ იგი დაბრუნდა ხომალდ ტირპიტზე და ნორვეგიის ნაპირებთან ცხარე ბრძოლებში ჩაება.ომი მან კაპიტნის ჩინით დაასრულა და მრავალი ჯილდო დაიმსახურა, მათ შორის უმაღლესი სამხედრო ორდენი – ვირტუტი მილიტარი.

1950 წლიდან იეჟი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.მანამდე იგი სავაჭრო გემზე ბორტის ოფიცრად მსახურობდა და მოინახულა ბუენოს-აირესი, სანტოსი, მონტევიდეო, რიო-დე-ჟანეირო, ტრინიდადი, ამაზონის შესართავის პორტები და კუნძული ბარბადოსი.აშშ-ში დასახლების შემდეგ, თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა, მოგვიანებით კი დააფუძნა საკონსულტაციო ფირმა, რომელიც სამედიცინო ინვენტარის წარმოებაზე იყო სპეციალიზებული.პენსიაზე გასვლის შემდეგ, 1977 წლიდან, იგი დასახლდა ორიგონის შტატში, 15-ჰექტარიან ფერმაში, რომლის ბუნებაც ძალიან აგონებდა კავკასიის მთისწინეთს.

იეჟი თუმანიშვილი პოლონურ ისტორიაში ასევე ცნობილია ფსევდონიმით იეჟი ტრეპერის სახელით იგი ჯერ კიდევ ომის დროს წერდა მებრძოლი პოლონეთის ფურცლებზე და მოგვიანებით პოლონეთის ფლოტის ისტორიის 400-გვერდიანი ნაშრომიც შექმნა.მისი ღვაწლი პოლონეთის პრეზიდენტებმაც დააფასეს: 1990 წელს რიშარდ კაჩოროვსკიმ მას კომანდორ-ლეიტენანტის საზღვაო წოდება, ხოლო 2008 წელს ლეხ კაჩინსკიმ კონტრ-ადმირალის წოდება მიანიჭა.

იეჟი (გიორგი) თუმანიშვილი

კონტრ-ადმირალი იეჟი თუმანიშვილი 2010 წლის 9 დეკემბერს ფლორიდაში გარდაიცვალა. მან დატოვა ოთხი შვილი და უდიდესი ისტორიული მემკვიდრეობა, როგორც პოლონეთის, ისე საქართველოს წინაშე.

აგრეთვე იხილეთ – გადაცემა ისტორიული მეხსიერება: https://history.kartuli.news/

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!