პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში, პოლონეთის რადიოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის (NOSPR) დარბაზში, ევროპის პრესტიჟული პლატფორმის, ECHO Rising Stars-ის ფარგლებში, განსაკუთრებული მუსიკალური საღამო – „Georgian on My Mind“ გაიმართა. კონცერტმა, რომელმაც ქართველი არტისტები, გიორგი გიგაშვილი და ნინი ნუცუბიძე პოლონელი მსმენელის წინაშე წარადგინა, ქართული მელოსისა და ევროპული კლასიკის დახვეწილი სინთეზი შემოგვთავაზა.პროგრამა სტილისტური მრავალფეროვნებითა და გააზრებული სტრუქტურით გამოირჩეოდა: საღამო სიმბოლურად გაიხსნა ფრედერიკ შოპენის მაზურკით, რაც მასპინძელი ქვეყნის მუსიკალური იდენტობისადმი მიგებული თავისებური პატივი იყო. კლასიკურ მინიატურებს ორგანულად ენაცვლებოდა ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის მარგალიტები – ინოლა გურგულიას „შენთან ერთად“, გიორგი ცაბაძის „ბედის ბორბალი ტრიალებს“, გია ყანჩელის „როცა აყვავდა ნუში“ და ისეთი ტრადიციული კომპოზიციები, როგორიცაა, „იავნანა“, „მხოლოდ შენ“ და სხვა. საღამოს თანამედროვე ჟღერადობა შემატა ნატალი ბერიძის მიერ სპეციალურად ECHO-სთვის შექმნილმა ნაწარმოებმა. ევროპული რომანტიზმის ხაზი იოჰანეს ბრამსის ორი ინტერმეცოთი გაგრძელდა, რასაც ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 30-ე სონატის დრამატული პრესტისიმო და მორის რაველის ფერადოვანი „Alborada del gracioso“ ენაცვლებოდა. ბაროკოს ელემენტები პროგრამაში დომენიკო სკარლატის რე მაჟორულმა სონატამ შემოიტანა, ხოლო საღამოს ერთ-ერთ კულმინაციად გიორგი გიგაშვილის იმპროვიზაცია იქცა, რომელმაც თვალსაჩინო გახადა ჟანრებს შორის საზღვრების პირობითობა. ნინი ნუცუბიძის შესრულება გამოირჩეოდა განსაკუთრებული უშუალობით და შინაგანი ემოციური სიღრმით; მისი ვოკალური მანერა, რომელიც ზოგჯერ საკუთარ თავთან ჩუმ ღიღინს მოგვაგონებდა, იდეალურად ეხმიანებოდა პიანისტის შესრულებას. ნუცუბიძის, როგორც ელექტრონული მუსიკის შემქმნელისა და გიგაშვილის, როგორც საერთაშორისო აღიარების მქონე კლასიკური პიანისტის კოლაბორაციამ, სცენაზე აკადემიური სიზუსტისა და თანამედროვე მუსიკალური მგრძნობელობის იშვიათი ერთობა შექმნა. პროექტი „Georgian on My Mind“ ქართული პოპულარული და ხალხური მუსიკის ახლებურ გააზრებას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ეს მელოდიები საერთაშორისო ასპარეზზე ნაკლებადაა ცნობილი, ისინი ქართული კულტურული კოდის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს და თავისი ბუნებით ხშირად დასავლურ ვოკალურ ლირიკას, ამერიკულ ბალადასა თუ ევროპულ კლასიკურ ჟანრებს ეხმიანება. კატოვიცემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ქართული მუსიკა თავისი ლირიზმით დიდი კლასიკის ნაწილია. საინტერესოა ისიც, თუ როგორ იცვლება მუსიკა გარემოსთან ერთად: სხვა სივრცეში ის ახლებურ ჟღერადობას იძენს და თითქოს ხელახლა იბადება. კატოვიცე – ვიდეოფრაგმენტი კონცერტიდან ავტორი:ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია ზამთრის კურორტები პოლონეთში – თხილამურები, სპა და დასვენება მთებში ახალგაზრდული კულტურის სახლები პოლონეთში – შესაძლებლობები ემიგრანტი ბავშვებისა და მოზარდებისთვის