,,ახალ საგანმანათლებლო გარემოსთან ადაპტაცია ბავშვებისთვის ერთდროულად საინტერესო და რთული პროცესი აღმოჩნდა“

ეკა ბეჟაშვილიფოტოზე : ეკა ბეჟაშვილი

ემიგრაცია თანამედროვე სოციალური პროცესის ერთ ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რომელიც გავლენას ახდენს არა მხოლოდ ინდივიდზე, არამედ მთლიან ოჯახსა და განსაკუთრებით ბავშვებზე. უცხო ქვეყანაში გადასვლა დაკავშირებულია კულტურულ, საგანმანათლებლო და ფსიქოსოციალურ გამოწვევებთან, რომელთა გადალახვა დიდად განსაზღვრავს ოჯახის ინტეგრაციის ხარისხს. აღნიშნულ ინტერვიუში წარმოჩენილია ეკა ბეჟაშვილთან ოჯახის ემიგრაციის გამოცდილება პოლონეთში, სადაც იგი ყურადღებას ამახვილებს ბავშვების ადაპტაციის პროცესზე, განათლების სისტემაში ჩართულობაზე და იმ ფაქტორებზე, რომლებიც ახალ სოციალურ გარემოში სტაბილური და უსაფრთხო ყოველდღიურობის ფორმირებას უწყობს ხელს.

ეკა მეუღლესთან ერთად


-ეკა, როგორ დაიწყო თქვენი ოჯახის ემიგრაციის პროცესი და რა გარემოებებმა განსაზღვრა ეს გადაწყვეტილება?

– ჩვენი ოჯახის ემიგრაციის ისტორია 2018 წლიდან იწყება, როდესაც ჩემი მეუღლე პირველად გაემგზავრა პოლონეთში. უცხო ქვეყანაში დამკვიდრება ბუნებრივად დაკავშირებულია სირთულეებთან, გაურკვევლობასთან და სრულიად ახალ სოციალურ რეალობასთან. მიუხედავად ამისა, მისი შეუპოვრობა და ოჯახისათვის უკეთესი მომავლის შექმნის სურვილი ეტაპობრივად გახდა საკუთარი ადგილის პოვნის საფუძველი. 2021 წლის ნოემბერში მეც გადავდგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და უმცროს შვილთან ერთად პოლონეთში ჩამოვედი, მოგვიანებით კი ჩვენი უფროსი ქალიშვილიც შემოგვიერთდა. ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივაცია ოჯახის გაერთიანება იყო, რადგან ბავშვებს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უწევდათ მამისგან შორს ყოფნა. ჩვენი უმცროსი შვილი მხოლოდ რვა თვის იყო, როდესაც მეუღლე პირველად წავიდა, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა ოჯახური მთლიანობის აღდგენა. საბოლოოდ, სწორედ ამ სურვილმა მიგვიყვანა კრაკოვში საცხოვრებლად, სადაც დღეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მიმდინარეობს და სადაც თანდათანობითი ძალისხმევის შედეგად მცირე, თუმცა მნიშვნელოვანი წარმატებები ყალიბდება.

როგორ წარიმართა ბავშვების ჩართვა პოლონეთის განათლების სისტემაში?

– განათლების სისტემაში ინტეგრაციის პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობდა. სკოლის შემთხვევაში მნიშვნელოვანი სირთულეები არ შეგვქმნია და საცხოვრებელი მისამართის მიხედვით უფროსი შვილის რეგისტრაცია მარტივად შევძელით. შედარებით რთული აღმოჩნდა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებული საკითხები, რადგან ადგილების დეფიციტი არსებობდა. საჭირო გახდა რიგებში დგომა, დამატებითი განცხადებების წერა და ალტერნატიული ბაღების მოძიება. ადმინისტრაციასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად პრობლემა მოგვარდა. ამ ეტაპზე უმცროსი შვილიც უკვე სკოლაში სწავლობს. პირველკლასელის რეგისტრაციისას პრიორიტეტი ენიჭებოდა იმ ბავშვებს, რომელთა და ან ძმა იმავე სკოლაში სწავლობდა, რაც ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორი გახდა.

– რა სირთულეებს შეხვდნენ ბავშვები ახალ სასწავლო გარემოში?

– ახალ საგანმანათლებლო გარემოსთან ადაპტაცია ბავშვებისთვის ერთდროულად საინტერესო და რთული პროცესი აღმოჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევა ენის ბარიერი იყო. მიუხედავად აკადემიური შესაძლებლობებისა, უცხო ენაზე სწავლა დამატებით ძალისხმევას მოითხოვდა, განსაკუთრებით სასწავლო დავალებების სწორად გაგების კუთხით. საწყის ეტაპზე უჭირდათ გაკვეთილებში აქტიური მონაწილეობა, საკუთარი აზრის გამოხატვა და თანაკლასელებთან თავისუფალი კომუნიკაცია. ამ პროცესს თან ახლდა ემოციური დაძაბულობაც, თუმცა მასწავლებლების მხარდაჭერამ, დამატებითმა გაკვეთილებმა და თანაკლასელების კეთილგანწყობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. დროთა განმავლობაში ენის ბარიერი შემცირდა და საწყის ეტაპზე არსებული სირთულეები განვითარების მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცა.

მარიამი და ბესო

– რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ენის სწრაფად ათვისებას?

– ჩვენი გამოცდილებით, ენის შესწავლის ყველაზე ეფექტური გზა ყოველდღიურ პრაქტიკასთან ინტეგრაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში პროცესი სტრესული იყო, სკოლასა და ბაღში მუდმივმა კომუნიკაციამ ბავშვებს საშუალება მისცა ენა ბუნებრივად აეთვისებინათ. სწავლება არ შემოიფარგლა მხოლოდ სასწავლო მასალით და მოიცავდა თამაშს, მეგობრობასა და ყოველდღიურ ურთიერთობებს. მნიშვნელოვანი იყო როგორც მასწავლებლების მხარდაჭერა და დამატებითი ენობრივი გაკვეთილები, ასევე ოჯახის ჩართულობა, როდესაც სახლში ახალი სიტყვების გამეორებას ვცდილობდით. განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა უსაფრთხო და მხარდამჭერი სასკოლო გარემო, სადაც ბავშვებს შეცდომის დაშვების შიში არ ჰქონდათ.

– როგორი იყო კულტურული ადაპტაციის გამოცდილება?

– ადაპტაციის საწყის ეტაპზე ბავშვებმა გარკვეული კულტურული და ემოციური შოკი განიცადეს, რაც სრულიად ბუნებრივია. განსხვავებები გამოიხატებოდა როგორც დროის მკაცრ ორგანიზებაში, ასევე აღზრდის მოდელში, რომელიც დამოუკიდებელ აზროვნებასა და პირადი სივრცის პატივისცემას უსვამს ხაზს. მშობლების აქტიური ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში ჩვენთვის ახალი გამოცდილება იყო. დროთა განმავლობაში ეს განსხვავებები ყოველდღიურობის ნაწილად იქცა და სირთულეზე მეტად გამოცდილებად აღიქმება.

– როგორ შეაფასებდით პოლონეთის საგანმანათლებლო სისტემას?

– მომწონს წესრიგი,დროის სიზუსტე, მკაფიო გრაფიკი და წინასწარ დაგეგმილი პროცესები, რაც ბავშვებს პასუხისმგებლობასა და დისციპლინას აჩვევს. ამასთან ერთად, დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვების დამოუკიდებლობას, კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვას.არის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემო, მშობლები აქტიურად არიან ჩართული ორგანიზაციულ საკითხებში და მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან პედაგოგებთან. სწავლა ნაკლებად სტრესულია და ბავშვებს შეცდომის დაშვების არ ეშინიათ. ამასთან, არსებობს ფინანსური გამოწვევებიც, რადგან საბავშვო ბაღში ყოფნა და კვება ფასიანია. საწყის ეტაპზე შესაძლოა იგრძნობოდეს ემოციური სითბოს ნაკლებობაც, თუმცა საერთო ჯამში სისტემა დაბალანსებულად მიმაჩნია.


-რა როლი ითამაშა,პოლონური საზოგადოებისმხარდაჭერამ ადაპტაციის პროცესში?

– ადაპტაციის პროცესში საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ როგორც სკოლისა და ბაღის მხრიდან, ასევე პოლონური საზოგადოებისგან. პედაგოგები თავიდანვე ცდილობდნენ, რომ ბავშვები უსაფრთხოდ და მშვიდად ეგრძნოთ თავი, გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და მუდმივ კონტაქტში იყვნენ ჩვენთან. თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ მიმაჩნია ერთი პირადი გამოცდილება: უფროსი გოგონას პირველ მშობელთა კრებაზე დასწრების შემდეგ, კრების დასრულებისას, ერთ-ერთმა მშობელმა საკუთარი ინიციატივით დახმარება სკოლასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში.მეორე დღესვე დაგვპატიჟა საკუთარ ბინაში და ეტაპობრივად, ძალიან კარგად აგვიხსნა ყველაფერი: წესები, პროცედურები, დეტალები, რაც იმ მომენტში ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.იმ პერიოდში ეს ადამიანი ჩემთვის თითქოს უფლის გამოგზავნილი ანგელოზი იყო.უცხო ქვეყანაში ყოფნისა და გაურკვევლობის პერიოდში ჩვენს ოჯახს სრულიად უანგაროდ დაუდგა გვერდით აღნიშნული პიროვნება. მისი მხარდაჭერა ერთჯერადი არ ყოფილა.მას შემდეგ იგი მუდმივად გვეხმარება, რის შედეგადაც ჩვენს შორის ჩამოყალიბდა მჭიდრო, თბილი და თბილი ურთიერთობა.გასულ ზაფხულს ერთად ვიმყოფებოდით საქართველოში, სადაც ამჯერად თავად მათ განიცადეს გარკვეული კულტურული გაუცხოების განცდა. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი სხვადასხვა კულტურის ურთიერთგაცნობისა და ურთიერთგაგების მნიშვნელობას.აღნიშნული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ ადაპტაციის პროცესში ადამიანური მხარდაჭერა ხშირად ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

რამდენად გადამწყვეტი იყო ენის ცოდნა ინტეგრაციისთვის?

-ენის  ცოდნამ ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც ჩემი, ისე ბავშვების ინტეგრაციის პროცესში. თუ ადაპტაციის პირველ ეტაპზე ენის არცოდნა ბევრ კარს გვიკეტავდა ,ენის ათვისებისთანავე ეს სივრცე მკვეთრად გაიხსნა. ბავშვებისთვის პოლონურის ცოდნამ მნიშვნელოვნად გაამარტივა სოციალიზაცია: გაჩნდა მეგობრები, კლასში უფრო აქტიურად ჩაერთნენ, გაჩნდა საკუთარი აზრის გამოხატვის თავისუფლება. როცა ბავშვი უკვე თავისუფლად ესაუბრება თანატოლებს, თავს აღარ გრძნობს უცხოდ და ბუნებრივად ხდება ჯგუფის ნაწილი.ჩემთვისაც ენის ცოდნა გახდა დამოუკიდებლობის და თავდაჯერებულობის წყარო.კომუნიკაცია სკოლასთან, ბაღთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით მარტივი და მშვიდი გახდა. სწორედ ამ ეტაპზე ვიგრძენით რეალური წინსვლა არა მხოლოდ კომუნიკაციაში, არამედ მთლიანად სოციალიზაციაში.შეიძლება ითქვას, რომ ენა იყო მთავარი გასაღები, რომელმაც უცხო გარემო „ჩვენიანად“ აქცია და ინტეგრაციის პროცესი ბევრად ბუნებრივი და ნაკლებად სტრესული გახადა. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად ვფლობ პოლონურ ენას, რადგან ყოველდღიური კომუნიკაცია არ მაქვს; მიუხედავად ამისა, ჩემი ენობრივი ცოდნა საკმარისია და მუდმივად ვითარდება. ასეთ დონეზე განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩემს პოლონური მასწავლებელს.

– რა გზავნილს გაუზიარებდით ახალბედა ემიგრანტ ოჯახებს?

– ემიგრაციის დასაწყისში მნიშვნელოვანია გააზრება, რომ გადაულახავი პრობლემები არ არსებობს. პოლონეთმა ჩვენს შვილებს მისცა ახალი შესაძლებლობები, განათლება და კულტურული გამოცდილება, რაც მათ განვითარებაში მნიშვნელოვან როლს.ჩემი გოგონა, სკოლიდან ყოველწელს მიდის ექსკურსიებზე სხვადასხვა ქვეყნებში;ეს მისი ჰორიზონტების გაფართოება, ახალი ცოდნის მიღება და ცხოვრების უკეთ გაგებაა. ალბათ როგორც რიგით საშულაო ფენის წარმოადგენელს, ჩემი ქვეყნიდან ამის საშუალება არ მექნებოდა, ამიტომ ამას განსაკუთრებით ვაფასებ. არ უნდა დაიჯეროთ,რომ პოლონეთში ყველაფერი დაბალ დონეზეა – პირიქით, ეს ქვეყანა მრავალი შესაძლებლობის მიცემის გარემოს ქმნის. აღიარებული ფაქტია, რომ სხვადასხვა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს პოლონეთში ცხოვრების შეზღუდული გამოცდილება; თუმცა, ჩემი ოჯახის პირადი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სირთულეების გადალახვის შემდეგ შესაძლებელია ცხოვრების დაბალანსებული ყოველდღიურობის მიღწევა.

ახალბედა ემიგრანტი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანია გახდნენ ადაპტირებული, გახსნილნი ახალი გამოცდილებისათვის და დაეყრდნონ იმას, რომ ემიგრაცია უცხო ქვეყანაში შეიძლება არამარტო გამოწვევა, არამედ შესაძლებლობებით სავსე პერიოდი გახდეს როგორც ოჯახისთვის, ასევე ბავშვებისთვის.

საბოლოოდ, ემიგრანტული ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია პირადი ჩართულობისა და ემოციური მოქნილობის დონეზე, რაც უზრუნველყოფს პრობლემების ეფექტურ გადაჭრას და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენას.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #

By Natia Kimadze

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!