“პოლონეთი ახალგაზრდებს სთავაზობს მაღალი ხარისხის განათლებას, რაც წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი საწყისია, შრომის ბაზრის ზრდის დახმარებით კი ქვეყანა განათლებულ ახალგაზრდებს აძლევს პროფესიული დასაქმების საშუალებას”

დღესდღეობით სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ქართველი იღებს გადაწყვეტილებას, სწავლა და კარიერული განვითარება ევროპაში სცადოს. მათ შორის არის ჩვენი დღევანდელი რესპონდენტიც – ნინი მამულაშვილი, რომელმაც ვარშავაში ერასმუსის პროგრამით სწავლა ახალი გამოცდილებებისკენ გადადგმული ნაბიჯად აქცია. ის დღეს უკვე წარმატებით მუშაობს ვარშავაში, საერთაშორისო ბანკში და პოლონეთის დედაქალაქში საკუთარ პროფესიული გზას აგრძელებს.

ინტერვიუში ვსაუბრობთ სტუდენტობის პერიოდზე, განსხვავებულ სამუშაო კულტურაზე, ქალაქში ცხოვრებაზე, უცხო გარემოში ინტეგრაციის სირთულეებსა და შესაძლებლობებზე – ყველაფერზე, რაც შეიძლება საინტერესო იყოს მათთვის, ვინც ევროპაში სწავლაზე ან მუშაობაზე ფიქრობს.

– მოკლედ მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი გზა ვარშავისკენ – როგორ მოხვდით ერასმუსის პროგრამაში და რატომ აირჩიეთ პოლონეთი?

– სტუდენტობის პერიოდიდან მინდოდა გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მიღება. ამიტომ უნივერსიტეტის შერჩევისას ამ კრიტერიუმმა დიდი როლი ითამაშა. ჩავაბარე უნივერსიტეტში, რომელიც იმ დროს მსოფლიოს მასშტაბით ძალიან ბევრ საერთაშორისო უნივერსიტეტთან თანამშრომლობდა და გაცვლით პროგრამებს სთავაზობდა თავის სტუდენტებს. სტუდენტობისას როგორც კი შანსი მომეცა, შევავსე აპლიკაცია და აღმოჩნდა რომ იმ სემესტრში ერასმუსის პროგრამა აფინანსებდა მხოლოდ 1 სტუდენტს ჩემი ფაკულტეტიდან და მხოლოდ კოზმინსკის უნივერსიტეტში. ასე მოვხვდი ვარშავაში.

ნინი მამულაშვილი ვარშავაში

– თქვენი, როგორც სტუდენტის პირველი შთაბეჭდილება ვარშავაზე ?

– პირველ რიგში რამაც გამაოგნა, როგორც სტუდენტი, იყო უნივერსიტეტის კამპუსი, რომელიც იყო ბევრად უფრო გამართული და თანამედროვე ავეჯითა თუ ტექნიკით აღჭურვილი. საქართველოში არსებულ უნივერსიტეტებთან შედარებით აქ სტუდენტებს ჰქონდათ მეტი აქტივობების, სამეცადინო სივრცეებისა და კვების რაციონის არჩევანი. ასევე კამპუსის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იყო სტუდენტებისთვის საჭირო მრავალი სერვისი. ეს ყველაფერი ძალიან ამარტივებდა სტუდენტურ ცხოვრებას, რადგან მოგეხსენებათ, ხშირად სტუდენტებს მთელი დღის გატარება უწევთ უნივერსიტეტში, ლექციებს შორის არსებული ინტერვალების გამო. ასევე ძალიან კომფორტულს ხდიდა ის, რომ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება იყო უმარტივესი და სწრაფი. სტუდენტებისთვის არსებობდა უამრავი შეღავათი, როგორც ტრანსპორტის საფასურზე, ასევე სხვადასხვა აქტივობებსა და მუზეუმების ბილეთებზე. ერთი შეხედვით იგრძნობა, რომ ამ ქვეყანაში თითოეული სტუდენტი არის პრიორიტეტი და ყველაფერი კეთდება მათი განათლების ხელშეწყობისა და სტუდენტური ცხოვრების გამარტივებისათვის.

რა გამოწვევებს შეხვდით სწავლების პროცესში – ენის ბარიერი, ადაპტაცია, უნივერსიტეტის სისტემა?

– სწავლების პროცესში იმაზე ნაკლებ ბარიერებს შევხვდი ვიდრე ველოდი, რადგან საქართველოშიც ვსწავლობდი ინგლისურენოვან ფაკულტეტზე და ეს ძალიან დამეხმარა ადაპტაციაში საერთაშორისო სტუდენტებთან. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მაინც ბევრი გამოწვევა იყო. მაგალითად: სტუდენტებიც და ლექტორებიც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჰქონდათ განსხვავებული მიდგომები თუ კომუნიკაციის მეთოდები, რაც მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს, რათა გაუგებრობები თავიდან ავიცილოთ. ასევე, საქართველოში, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, მიჩვეული ვიყავი, რომ თუ რაიმე პრობლემა ან კითხვა მქონდა და დახმარება მჭირდებოდა, ნებისმიერ დროს შემეძლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის კარებზე დამეკაკუნებინა და შესაბამის პირს, თუნდაც დეკანს გავსაუბრებოდი. პოლონეთში ყველანაირი სახის კომუნიკაცია ხდებოდა მხოლოდ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, რაც მეტ დროს და ენერგიას მოითხოვდა. როდესაც ახალი ჩამოსული ვიყავი, ამის შესახებ არ ვიცოდი და პირდაპირ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ოფისს მივადექი კითხვებით. ახლაც მახსოვს მათი გაოგნებული სახეები თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მაინც თბილად მიმიღეს და სანამ პრობლემის გადაჭრაში არ დამეხმარნენ არ გამომიშვეს. რაც შეეხება უშუალოდ ლექციებს, სასიამოვნოდ გამაკვირვა ფაქტმა, რომ ზოგიერთი საგანი მთელი სემესტრის ნაცვლად გრძელდებოდა მხოლოდ ერთი ან ორი კვირა, მაგრამ ტარდებოდა ყოველდღიურად, ინტენსიური დატვირთვით. ეს მიდგომა სტუდენტებს ეხმარებოდა კონკრეტულ საგანზე ფოკუსირებაში და მეტი ინფორმაციის დამახსოვრებაში. დასკვნითი ტესტები კი ძირითადად იყო პრაქტიკული და ნაკლებად თეორიული, რაც ითვალისწინებდა ლექციებზე გავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენებას უკეთესი ცოდნის მიღებისათვის.

რა მოგცათ ერასმუსის გამოცდილებამ პროფესიული თვალსაზრისით და როგორ გადაწყვიტეთ, რომ სწავლის შემდეგ დარჩენილიყავით ვარშავაში სამუშაოდ?

– ძალიან მადლობელი ვარ საკუთარი თავის, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად, გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის შანსი არ გავუშვი და ვარშავაში ჩამოვედი. ასევე ძალიან მადლობელი ვარ კოზმინსკის უნივერსიტეტის, რომელმაც სწავლებისა და სწავლის მეთოდების ახალი მიდგომები გამაცნო. მთლიანი პროცესი, რაც მოიცავდა სწავლას, მრავალფეროვანი კულტურული გარემოს გაცნობას, ახალ ადამიანებთან კომუნიკაციას, სრულიად უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრებას და სხვა მრავალ სიახლეებს, ძალიან დამეხმარა პროფესიული თვალსაზრისით. გაცვლითი პროგრმის დასრულების შემდეგ გავხდი უფრო თავდაჯერებული და ახალი გამოწვევების მიმართ გახსნილი. ასევე შევაგროვე მეტი ცოდნა და რაც მთავარია ყოველთვის ვგრძნობ პოტენციური დამსაქმებლების მხრიდან ბევრად მეტ ინტერესს. პოლონეთში დარჩენა არ შემეძლო, რადგან ერასმუსის პროგრამის შეთანხმების ფარგლებში, სემესტრის დასრულების შემდეგ აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი საქართველოში და დამესრულებინა სწვალა ჩემს უნივერსიტეტში, რომლის დიპლომიც უნდა ამეღო. საქართველოში დაბრუნებიდან რამდენიმე წელში გადავწყვიტე, რომ პოლონეთში დავბრუნებულიყავი, მაგრამ ამჯერად ხანგრძლივად. ჩამოვედი ვარშავაში 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის ხარჯზე და აქტიურად დავიწყე ისეთი სამსახურის ძებნა, სადაც ვიმუშავებდი საკუთარი პროფესიით, პოლონურს არ მომთხოვდნენ და მხოლოდ ინგლისური ენის ცოდნაც საკმარისი იქნებოდა.

– გვიამბეთ თქვენი პირველი სამუშაო გამოცდილების ან მოსამზადებელი პროცესის შესახებ – რამდენად რთულია უცხოელისთვის პროფესიით დასაქმება?

– ევროკავშირის ქვეყნებს შორის პოლონეთი, კონკრეტულად კი ვარშავა, ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია საერთაშორისო კომპანიებში მუშაობით დაინტერესებული ადამიანებისთვის, რადგან ბაზარი სულ უფრო იზრდება და უცხოური კომპანიების მხრიდან ქალაქისადმი ინტერესი და ინვესტიციები მხოლოდ მატულობს. შესაბამისად, ამ ქვეყანაში სხვადასხვა პროფესიის მქონე ადამიანებისთვის უამრავი კარიერული შესაძლებლობაა. მთავარ სირთულეს არა პროფესია ან სამუშაო ადგილების რაოდენობა, არამედ უშუალოდ დასაქმების პროცესი წარმოადგენს, ვინაიდან ბინადრობის უფლების გარეშე დამსაქმებელთა დიდი ნაწილი უარს ამბობს კადრის აყვანაზე. ბინადრობის უფლება გაიცემა ან პოლონური უნივერსიტეტის დიპლომის მქონე ადამიანებზე ან უკვე პოლონეთში დასაქმებულ პირებზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბარიერი კომპანიების არჩევანს ამცირებს, მაინც არსებობენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც თანახმა არიან დაასაქმონ პერსპექტიული კადრები ნებისმიერი ქვეყნიდან და პარალელურად, თავად დაეხმარონ თანამშრომელს ბინადრობის უფლების მოპოვებაში. ასეთი იყო ჩემი შემთხვევაც. ბევრი წარუმატებელი გასაუბრების შემდეგ, მქონდა ინტერვიუ ბანკთან სადაც ამჟამად ვმუშაობ. მათ ჩემს მიერ შევსებული აპლიკაციიდან იცოდნენ, რომ არ მქონდა არანაირი დოკუმენტი, რაც პოლონეთში ცხოვრების გაგრძელების უფლებას მაძლევდა, მაგრამ ისინი დაინტერესებულები იყვნენ მხოლოდ ჩემი განათლებითა და გამოცდილებით და გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მზად იყვნენ დოკუმენტების მოპოვების მთლიანი პროცესი საკუთარ თავზე აეღოთ. მთლიანი დასაქმების პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდა, რადგან საერთაშორისო კორპორაციებს ბევრი ფორმალური პროცედურა აქვთ, რისი გავლაც ყველა დასაქმებულს უწევს სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებს, თუმცა ეს ყველაფერი ლოდინად ღირდა.

– რა ეტაპები გაიარეთ სამუშაოს დასაწყებად? რამდენად შეგიშალათ ხელი პოლონური ენის არცოდნამ?

– როგორც ზემოთ აღვნიშნე, საკმაოდ ხანგრძლივი იყო როგორც სამუშაოს ძებნის, ასევე უკვე ნაპოვნი სამუშაოს დაწყების პროცესიც. როგორც კი პოლონეთში ჩამოვედი, დრო არ დამიკარგავს და მაშინვე აქტიურად დავიწყე ვაკანსიების პლათფორმების დათვალიერება, დამსაქმებელთა ბაზრის კვლევა და აპლიკაციების გაგზავნა, რადგან ამისთვის მხოლოდ 90 დღე მქონდა. ვაკანსიების დიდ ნაწილს აუცილებელ მოთხოვნად ჰქონდა პოლონური ენის ცოდნა, თუმცა არანაკლები შემოთავაზება იყო ინგლისურის ან სხვა ენის მცოდნე ადამიანებისთვისაც, ამიტომ მივხვდი, რომ პოლონური ენის არცოდნა დიდ პრობლემას არ შემიქმნიდა. უამრავ აპლიკაციაზე მომივიდა უარი ისე რომ გასაუბრების შანსიც არ მომეცა. ასევე გავიარე ბევრი გასაუბრება, რომელიც წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის ძირითადი მიზეზი იყო საბუთების არ ქონა. ამ ყველაფრის მიუხედავად, არ დავნებდი და არც ერთი დღე არ გამიტარებია სამსახურის ძებნის გარეშე. შედეგმაც არ დააყოვნა და დღესდღეობით ვმუშაობ კომპანიაში, რომელიც დამსაქმებლებს სთავაზობს უამრავი კარიერული წინსვლის შესაძლებლობას და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

– რით განსხვავდება ორგანიზაციული კულტურა პოლონეთსა და საქართველოში?

– კომპანია სადაც ვმუშაობ არ არის პოლონური და აერთიანებს ადამიანებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. შესაბამისად, არ ვიცი როგორია კონკრეტულად პოლონური ორგანიზაციული კულტურა, თუმცა შემიძლია ვისაუბრო საერთაშორისო ორგანიზაციულ კულტურაზე, რომელიც დასავლურ ღირებულებებსა და ადგილობრივ კანონებს ეფუძნება. ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრასტი, რაც დავინახე არის უფროსისა და დაქვემდებარებულის ურთიერთობა. საქართველოსგან განსხვავებით, ამ ორს შორის არის მეტად უშუალო და მეგობრული დამოკიდებულება. სამუშაო პროცესში იგრძნობა, რომ ყველა თანამშრომელი, განურჩევლად კარიერული საფეხურისა, საერთო დავალებების გარშემოა გაერთიანებული და ერთნაირი პასუხისმგებლობოთ იღებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. ნებისმიერ პოზიციაზე მყოფი პირი არის თანასწორი, აქვს იდენტური უფლებები კომპანიაში და არავის შეუძლია დაქვემდებარებულზე მეტი პრივილეგიებით ისარგებლოს ან რაიმე სახით შეურაცხყოფა მიაყენოს მას. ასევე, კომპანიებში მკაცრად კონტროლდება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება, რომელიც ყოველთვის თანამშრომლის ნებაყოფლობით ხდება. სამწუხაროდ საქართველოში ამ მხრივ სრულიად საპირისპირო სიტუაციაა, სადაც თანამშრომლებს ხშირად უწევთ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მათი გეგმების გათვალისწინებისა და დამატებითი ანაზღაურების გარეშე. ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რომ დიდი ყურადღება ექცევა კომფორტული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას, თანამშრომლობის შენარჩუნების და მათი ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. ვინაიდან კომპანიაში არის მულტიკულტურული გარემო, თითოეული ადამიანის ტრადიციებს, რელიგიას, კულტურას და ხედვას ენიჭება გამოხატულების სრული თავისუფლება და დიდი პატივისცემა. ეს გამოიხატება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დღესასწაულების აღნიშვნითა თუ განსხვავებული კულტურების ცნობადობის ამაღლების მიზნით გამართული ღონისძიებებით.

როგორი არის თქვენი ყოველდღიური ცხოვრება ვარშავაში – რა მოგწონთ ამ ქალაქში , რა არის თქვენი მთავარი სირთულე და რა გეხმარებათ შეგუებაში?

– მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან მენატრება, ძალიან მომწონს და მეკომფორტულება ვარშავაში ცხოვრება. ხაზგასასმელია გამართული სატრანსპორტო სისტემა, სისუფთავე ქუჩებში, წესრიგი და სიმშვიდე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოსთან შედარებით ბევრად უფრო უსაფრთხოა ქუჩაში, თუნდაც ღამით, მარტო გადაადგილება. არსებობს უამრავი სირთულე, რომლებთანაც ყოველდღიურად მიწევს გამკლავება. მაგალითად, ვინაიდან ვმუშაობ ინგლისურ ენაზე და არ მაქვს პოლონური ენის საკმარისი პრაქტიკა, მიჭირს კომუნიკაცია ყველგან სამსახურის გარეთ. ამ პრობლემის გადასაჭრელად გავდივარ პოლონური ენის კურსებს და ყოველდღე ვცდილობ მეტი გამბედაობა მოვიკრიბო, რათა ნასწავლი რეალურ დიალოგებში გამოვიყენო, როდესაც პოლონელებთან კომუნიკაციის შანსი მეძლევა. ასევე მიჭირს კლიმატთან შეგუება, რადგან ის ძალიან განსხვავდება და ბევრად უფრო ცივია საქართველოსთან შედარებით. ამ პრობლემასთან გამკლავებაში მხოლოდ თბილი ტანსაცმელი და აქტივობების დაგეგმვისას ამინდის იგნორირება მეხმარება, რომელიც დროთა განმავლობაში შედარებით მარტივი ხდება. ალბათ ამას ისიც ამარტივებს რომ ქალაქში არის უამრავი გასართობი თუ შემეცნებითი ადგილი და აქტივობა, რომელიც ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს და ფერადს ხდის.

რა შესაძლებლობებს აძლევს პოლონეთი ახალგაზრდებს კარიერული ზრდისა და პროფესიული განვითარებისთვის?

– პოლონეთი ახალგაზრდებს სთავაზობს, პირველ რიგში, მაღალი ხარისხის განათლებას და საინტერესო სტუდენურ ცხოვრებას, რაც წარმატებული კარიერის მნიშვნელოვანი საწყისია. ასევე, მზარდი ინვესტიციებისა და შრომის ბაზრის ზრდის დახმარებით, ქვეყანა განათლებულ ახალგაზრდებს აძლევს პროფესიული სამუშაო ადგილების ფართო არჩევანს. დასაქმებული პირების უფლებების დამცველი კანონების არსებობა საშუალებას აძლევს ადამიანებს თამამად გაიარონ სტაჟირება, მიიღონ ანაზღაურება, შეიძინონ გამოცდილება და დამსახურებულად დასაქმდნენ გაწეული შრომის შედეგად. სამსახურების დიდი არჩევანი და დამსაქმებელთა მხირდან შრომისა და უნარების დაფასება ქმნის საუკეთესო გარემოს კარიერული ზრდისა და განვითარებისთვის.

– მომავალზე თუ გვეტყვით – გეგმავთ საქართველოში დაბრუნებას თუ თქვენი კარიერის გაგრძელებას ევროპაში ხედავთ?

– მომავალში მაქვს უამრავი გეგმა, როგორც განათლების ასევე კარიერის კუთხითაც. იმ ყველა მიზეზისა თუ შესაძლებლობიდან გამომდინარე, ჩემს მომავალ კარიერას ამ ეტაპზე მხოლოდ ევროპაში ვხედავ. სამწუხაროდ, დღესდღეობით საქართველოს შრომის ბაზარი არ იძლევა საკმარის შესაძლებლობას, შანსს და ანაზღაურებას პროფესიული განვითარებისთვის. ევროპაში კი ჩემი ყოველდღიური შრომა ფასდება და პირადი კარიერული მიზნებისკენ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში მეხმარება.

ავტორი:შორენა მელქუაშვილი

Facebook Comments Box
#, #, #, #, #
error: Content is protected !!