Art Café Kalambur: ვროცლავის ისტორიული ბოჰემური სივრცე

Art Cafe Kalambur ვროცლავი – ინტერიერი ფერადი არტ-ნუვოს ვიტრაჟით და ხის დეკორით.Art Cafe Kalambur ვროცლავი

მისამართი: ul. Kuźnicza 29A, Wrocław, პოლონეთი
ვებსაიტი: kalambur.org

თუ ვროცლავში აღმოჩნდებით, პოლონეთის უდიდეს სტუდენტურ ქალაქში, და დაინტერესდებით ადგილით, სადაც ხელოვნება, მუსიკა და ღამის არაჩვეულებრივი ენერგია ერთად იყრის თავს – Art Café Kalambur ზუსტად ის ადგილია, სადაც აუცილებლად უნდა მიხვიდეთ.

Kuźnicza 29a-ზე მდებარე ეს სივრცე დღისით ხელოვნების მოყვარულთა საყვარელი თავშეყრის ადგილია, ხოლო შაბათ-კვირას ვროცლავის ერთ-ერთ ხმაურიან სტუდენტურ კლუბად იქცევა, სადაც წვეულებები გამთენიამდე გრძელდება.

დღის განმავლობაში „კალამბური“ მყუდრო კაფეა, სადაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ არომატული ყავით, განსაკუთრებული ნამცხვრებით და ხელნაკეთი ნაყინით. კედლები უნიკალური ხელოვნების ნიმუშებითაა სავსე, ატმოსფერო კი შთაგონებასა და შემოქმედებით სულისკვეთებას აფრქვევს. აქ ხშირად შეხვდებით ხელოვანებს, მუსიკოსებს, მწერლებს – ყველას, ვისთვისაც ხელოვნება ცხოვრების ნაწილია.

საღამოს სივრცე უფრო ცოცხალი და დინამიკური ხდება. მშვიდი კაფე გადაიქცევა სივრცედ გართობის მოყვარულებისთვის. ადგილი ივსება დიჯეების მუსიკით, ცეკვით და იმ საღამოს ენერგიით, რომელიც ამ ადგილს განსაკუთრებულ ხიბლს აძლევს.

Art Café Kalambur, იგივე „Kawiarnia Pod Kalamburem“, გაიხსნა 1983 წელს, მის ადრეულ ფუნდამენტი კი იყო Teatr Kalambur, რომელიც ფუნქციონირებდა იმავე შენობაში 1957 წლიდან.

ამ ადგილმა სწრაფად მოიპოვა რეპუტაცია, როგორც ვროცლავის შემოქმედებითი ელიტის თავშეყრის ადგილმა.. წლების განმავლობაში ეს ადგილი რეჟისორების, მსახიობების, მუსიკოსების, მხატვრების და ხელოვნების ყველა მოყვარულის საყვარელ თავშესაფრად იქცა. დღეს, 40 წლის შემდეგ, მუსიკოსი და კომპოზიტორი მიხაილ ლიტვინიეცი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს და, როგორც ვიზიტორები ამბობენ, ახალი ენერგია შთაბერა ამ უნიკალურ ადგილს.

ატმოსფერო და ინტერიერი

არტ-ნუვოს სტილში მოწყობილი ინტერიერით, „კალამბური“ უნიკალური დიზაინით გამოირჩევა. გარედან კი ნიანგისა და ჭრიჭინას სკულპტურები იპყრობენ ყურადღებას და მიანიშნებენ იმ ექლექტიკურ ატმოსფეროზე, რაც შიგნით გელით.

„კალამბური“ რეგულარულად მასპინძლობს ხელოვნების გამოფენებს და ცოცხალ გამოსვლებს, ინდი მუსიკიდან ჯაზამდე. ეს არაა უბრალოდ კაფე ან ბარი – ისინი უფრო ხელოვნების განვითარებას ემსახურებიან, ვიდრე უბრალოდ ბიზნესს.

მუსიკის არჩევანი აქ განსაკუთრებულია – 60-70-იანი წლების კლასიკიდან თანამედროვე ალტერნატიულ მუსიკამდე. შაბათ საღამოობით დიჯეი იკავებს სცენას და ქმნის ისეთ ატმოსფეროს, რომ შეუძლებელია ცეკვისგან თავის შეკავება.

ვინ უნდა ეწვიოს კალამბურს?

  • სტუდენტები
  • ბოჰემური სულის მქონე მოგზაურები
  • ხელოვნების მოყვარულები
  • მათთვის, ვინც ვროცლავში რაიმე უნიკალურს ეძებს
  • ღამის თავგადასავლების მაძიებლები

Art Café Kalambur მეტია, ვიდრე უბრალოდ კაფე ან კლუბი. ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ნაწილი, ადგილი, სადაც ხელოვნება ცხოვრობს და სუნთქავს. თუ ვროცლავში ხართ და გსურთ იგრძნოთ ქალაქის ნამდვილი ბოჰემური გული, თუ გსურთ გაატაროთ საღამო სანთლების შუქზე, არომატული ყავით, ხოლო ღამე – Dance Floor-ზე, გასაოცარი მუსიკით, „კალამბურმა“ იცის, როგორ გიმასპინძლოთ.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #

By Ana Rogava

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.

error: Content is protected !!