საქართველოდან წამოსული პროფესიული გამოცდილება ემიგრაციაშიც აგრძელებს ფუნქციონირებას – ახალ გარემოში, თუმცა იმავე ღირებულებებზე დაფუძნებით. განსაკუთრებით ასეა კულტურის სფეროს წარმომადგენლების შემთხვევაში, სადაც წარსულში დაგროვილი უნარები – იქნება ეს ღონისძიებების ორგანიზება, საგანმანათლებლო თუ ტურისტულ პროექტებზე მუშაობა – უცხოეთში ხშირად ახალ ფორმებსა და მიზნებზე მორგებული სახით გვხვდება.
ამ ინტერვიუში საუბარია ადამიანზე, რომლის კარიერა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს რეგიონულ კულტურულ ცხოვრებას. ის მუშაობდა როგორც ქალაქებში, ისე მცირე რეგიონებში – ტყიბულსა და ამბროლაურში. მონაწილეობდა ფესტივალების, საგამოფენო სივრცეების, თეატრალური და საგანმანათლებლო პროგრამების ორგანიზებაში, იყო ადგილობრივი კულტურის პოპულარიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი და ამ საქმიანობას დღესაც აგრძელებს ემიგრაციაში.
ინტერვიუში განხილულია პროფესიული გზა, ასევე დიასპორაში კულტურის როლი, ოჯახური მეხსიერება და სამომავლო გეგმები.
გთავაზობთ სრულ ინტერვიუს გია კუბლაშვილთან – კულტურის სფეროს წარმომადგენელთან, რომელიც ამჟამად პოლონეთში ცხოვრობს.

-ბატონო გია,როგორ გაიხსენებთ ბავშვობაში მიღებულ გამოცდილებას – რა გარემომ წარმოქმნა თქვენში ინტერესი კულტურისა და შემოქმედების მიმართ?
– დავიბადე ქალაქ ტყიბულში. სამწუხაროდ, ჩემი მშობლები ერთმანეთს მალევე დაშორდნენ. ოთხი წლის ასაკში ვიყავი,როცა დედა მეორედ გათხოვდა. ჩემი მამინაცვალი – ბორის პოლტორჟიცკი, ეთნიკურად პოლონელი იყო. ბავშვობაში საქართველოში, კერძოდ კი მცხეთაში გაიზარდა. იგი გამორჩეული, დახვეწილი მანერების მქონე ადამიანი გახლდათ. სკოლის დასრულების შემდეგ თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. მუსიკა განსაკუთრებულად უყვარდა და თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავდა. ამიტომ ჩვენს სახლში იმდენი სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტი იყო, რომ ერთ პატარა ორკესტრს ეყოფოდა. ოჯახში ფირსაკრავიც გვქონდა, რომლის საშუალებითაც ვინილის ფირფიტებს ვუსმენდით. ამ ყველაფერმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. განსაკუთრებით მიყვარდა ანსამბლი „ორერა“ – საათობით შემეძლო მათი მოსმენა.
ჩვენი სახლი ტყიბულის თეატრის უკან მდებარეობდა. ეზოს გადაჭრისთანავე თეატრის ეზოში ვხვდებოდით. ბავშვებთან ერთად მთელი დღე თეატრის ტერიტორიაზე ვთამაშობდით. განსაკუთრებულად მიყვარდა სარდაფებში შეღწევა – ბორბლებს, რეკვიზიტებსა და დეკორაციებს ვპოულობდი იქ. ერთხელაც სარდაფში ჩავედი, გზა ვეღარ გავიგნე და დაბნეული დავდიოდი ბნელ სივრცეში. მოულოდნელად სინათლე დავინახე და მისკენ წავედი. ისე მოხდა, რომ პირდაპირ სუფლიორის ორმოში ამოვყავი თავი და იქიდან – განათებულ სცენაზე. გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა ჩემ წინ ჩემი საყვარელი ანსამბლი „ორერა“ იდგა და კონცერტისთვის ემზადებოდა. იმდენად ძლიერი ემოცია განვიცადე, რომ მხოლოდ ერთს ვიმეორებდი: ,,გთხოვთ, სცენიდან არ გამაგდოთ!”ისინი ღიმილით მომიახლოვდნენ, გულში ჩამიკრეს და კულისებში საპატიო ადგილი მომიჩინეს. მთელი კონცერტი მათ გვერდით გავატარე – თვალწინ გაიარა არა მხოლოდ წარმოდგენამ, არამედ მისმა მთელმა მზადების პროცესმაც. ამ გამოცდილებამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
შემდეგ იყო ბავშვობა პიონერთა სასახლეში, სადაც დედა მუშაობდა. სკოლიდან პირდაპირ სასახლეში მივდიოდი. თანამშრომლები „სასახლის შვილობილს“ მეძახდნენ. მყავდა არაჩვეულებრივი პედაგოგები – დალი უგულავა და ნათელა ჭავჭანიძე.
თინეიჯერობის წლებში ვუსმენდი აკრძალულ მუსიკას მიშა თურქაძესთან და ვალერი მასლოვთან ერთად. ევგენი მაჭავარიანის გადაცემებით ვიღებდი ცოდნას დასავლურ მუსიკაზე. ყველა ეს გამოცდილება მნიშნელოვანი იყო, თუმცა ვფიქრობ, ჩემი შემოქმედებითი გზის დასაწყისი მაინც ის შემთხვევა გახდა – როცა ბნელ სარდაფში გზა ამებნა და საბოლოოდ ნათელ სცენაზე ამოვყავი თავი. მას შემდეგ მივხვდი, რომ ჯობს ბნელ სარდაფში ყოფნასა და სხვისი კარნახით ცხოვრებას – თუნდაც კულისებში, მაგრამ სინათლეში იყო. დღემდე ვამჯობინებ კულისებიდან ვუყურო წარმოდგენას – ვიდრე პარტერში ან ლოჟაში ვიჯდე.
– რომელმა გამოცდილებებმა განსაზღვრა თქვენი პროფესიული არჩევანი, როცა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტურიზმის მართვის სწავლა გადაწყვიტეთ?
– ბავშვობიდანვე მე და ჩემი ძმა მშობლებს ხშირად დავყავდით სამოგზაუროდ – ყოფილი საბჭოთა კავშირის ცნობილ კურორტებზე. განსაკუთრებულად მიყვარდა სოჭი. მიყვარდა საზღვაო ნავსადგური, სადაც უამრავი გემი შემოდიოდა სხვადასხვა ქვეყნიდან. ბავშვური ცნობისმოყვარეობით ვაკვირდებოდი უცხოელ ტურისტებს, მაინტერესებდა მათი კულტურა და ცხოვრების წესი. ჩემს ბავშვობის მეგობართან ხშირად ვოცნებობდი, რომ ჩვენს ქალაქ ტყიბულშიც ჩამოსულიყო ბევრი ტურისტი – ეს მოგვცემდა მათთან ურთიერთობის და დამეგობრების შესაძლებლობას. 1985 წელს ტყიბულში გაიხსნა საექსკურსიო ბიურო, სადაც დავიწყე მუშაობა ჯგუფის ორგანიზატორად. ჩემი მოვალეობა იყო 20-კაციანი ჯგუფების ტრანსპორტირება, დაბინავება, კვების ორგანიზება და ექსკურსიის დაგეგმვა. თავად ექსკურსიებს ბიუროს თანამშრომლები ატარებდნენ იმ ქალაქებში, სადაც მივდიოდით. ძირითადად ლენინგრადში დამყავდა ჯგუფები. სწორედ იქაური საექსკურსიო ბიუროს თანამშრომლების რჩევით გადავწყვიტე, ამ სფეროში სწავლა ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამეგრძელებინა.
– როგორ მოახერხეთ ცოდნის პრაქტიკაში რეალიზება ტურიზმის სფეროში – რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები სახელმწიფო და კერძო ტურისტულ კომპანიებთან თანამშრომლობის პერიოდში?
– სწავლის პერიოდში დიდი დრო ეთმობოდა არა მხოლოდ თეორიას, არამედ პრაქტიკულ მომზადებასაც. გვასწავლიდნენ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მოქმედებას, რაც შემდგომში ძალიან გამომადგა – განსაკუთრებით იმ პერიოდში, როცა ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ სხვადასხვა სანატორიუმში დროებით საცხოვრებლად ევაკუირებულების დაბინავება მიწევდა. გავდიოდით ასევე ეთიკისა და პროტოკოლის კურსებს, რაც მოიცავდა კვების, ჩაცმისა და ქცევის კულტურას. იმ წლებში დაიწყო გორბაჩოვის გარდაქმნა – რკინის ფარდა აიწია, რაც მოქალაქეებს უფრო მეტი მოგზაურობის შესაძლებლობას აძლევდა. 1988 წელს პირველად საქართველოს ტურიზმის ისტორიაში მოხდა მსგავსი რამ – 500 ქართველი ერთ გემზე მოვხვდით. კრუიზის მარშრუტი მოიცავდა თურქეთს, სირიას და ეგვიპტეს. ეს გამოცდილება ნამდვილად ისტორიული იყო.
– რა გარემოებებმა და შთაგონებამ განაპირობა თქვენი პროფესიული ტრანსფორმაცია-როცა 1996 წელს მთლიანად შემოქმედებით სფეროს მიუძღვენით თავი?
– 90-იანი წლები განსაკუთრებით რთული პერიოდი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ომები, შიმშილი და დაღუპული სიცოხლე ადამიანებს აიძულებდა, სრულიად ახალი ფასეულობები ჩამოეყალიბებინათ. ტურიზმი პრაქტიკულად შეჩერდა – აღარავის ჰქონდა მოგზაურობისთვის დრო და რესურსი. ამ პერიოდში გამიმართლა და კეთილი ადამიანების წყალობით ერთ-ერთ სასტუმროში ადმინისტრატორად დავინიშნე. მოგვიანებით, აფხაზეთის ომის დასრულების შემდეგ, სასტუმროს მთლიანად აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები იკავებდნენ.
– როგორ გაჩნდა საბავშვო გადაცემის „პეპილოტას მულტი პულტის“ იდეა და როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა მისი პოპულარობა როგორც ბავშვებში, ისე უფროს ასაკში?
– ერთხელ ქუთაისიდან ტყიბულში ავტობუსით ვბრუნდებოდი. ერთ-ერთმა ქალმა ავტობუსში შემოიყვანა დაახლოებით ცხრა წლის გოგონა, რომელსაც კალთაში ბევრი ტკბილეული ჩაუწყო, ბილეთის ფულიც გადაუხადა და წავიდა. გოგონას ცეცხლივით წითელი თმა და ჭორფლები ჰქონდა – სრულიად უდარდელად იჯდა და ტკბილეულს ახრამუნებდა. პირველად რაც გამახსენდა, ასტრიდ ლინდგრენის პეპი იყო – ჩემი ბავშვობის კუმირი. იმ პერიოდში ტყიბულში ადგილობრივი ტელევიზია კვირაში მხოლოდ ერთხელ მაუწყებლობდა, ისიც – ერთი საათით. საინფორმაციო გამოშვების შემდეგ, გარდაცვლილი ადამიანების ნეკროლოგებს ასახავდნენ. ტყიბულის მთელი რაიონი ამ გადაცემას ელოდებოდა – რათა ვინმეს გარდაცვალება არ გამორჩენოდათ და ოჯახს სირცხვილი არ შეჰქმნოდათ.
მინდოდა, ამ სიბნელესა და სიშავეში ცოტა სინათლე და ფერიც შემეტანა. გადავწყვიტე, საბავშვო გადაცემა გამეკეთებინა – სახელწოდებით „პეპილოტას მულტი პულტი“, რომელსაც იმ ავტობუსში ნანახი გოგონა წაიყვანდა. რამდენიმე დღეში ვიპოვე მთავარი გმირიც – ფიფქია გაბრიჭიძე,იძულებით გადაადგილებული პირი გაგრიდან. გარდა გარეგნული მსგავსებისა, იგი აღმოჩნდა ძალიან ნიჭიერი – გადაცემისთვის განკუთვნილ ტექსტს სუფლიორის გარეშე იმახსოვრებდა და კამერასაც თავისუფლად ართმევდა თავს. გადაცემამ მალევე მოიპოვა პოპულარობა – როგორც ბავშვებში, ისე უფროს თაობაში.
– როგორ იმუშავეთ პატარა წამყვანთან – ფიფქია გაბრიჭიძესთან – და როგორ აისახა მისი ვიზუალური ხასიათი და ბუნებრივი უშუალობა გადაცემის სტილზე და ეფექტზე?
– ალბათ ცოტა მოიძებნება ადამიანი, ვისაც ბავშვობაში არ წაუკითხავს ასტრიდ ლინდგრენის მოთხრობები და არ ყვარებია მისი პერსონაჟები. ყოველივე ამან და იმდროინდელ რეალობაში შემოტანილმა ნათელმა სხივმა, რომელიც ფიფქია გაბრიჭიძის მეშვეობით გამოჩნდა, ის ყველა თაობის საყვარელ ფიგურად აქცია. დღეს ფიფქია იტალიაში ცხოვრობს. გადაცემიდან 30 წლის შემდეგაც კი,მას პეპის ეძახიან. ჩემ მიერ შექმნილმა პეპიმ კი, როგორც ჩანს, მეკობრის ნაცვლად დამოუკიდებლობა არჩია – ქალბატონმა თავად აირჩია თავისი გზა.

ფიფქია გაბრიჭიძე – ,,პეპი”
– როგორ წარიმართა თქვენი შემოქმედებითი კარიერა მას შემდეგ – რა იყო თქვენი როლი ტყიბულისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების კულტურის სამსახურში და რა სახის ღონისძიებებს ახორციელებდით?
– 1997–1998 წლებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად ჩავატარე სილამაზის კონკურსი – „მის ოკრიბა“. 1999 წელს, ეროვნული დემოკრატიული პარტიის დაკვეთით, ჩავატარე ქეთი მერკვილაძისა და ზურა დოიჯაშვილის კონცერტი, რომელიც ტყიბულის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და მას 8000-ზე მეტი მაყურებელი დაესწრო. 2000 წლის იანვარში ტყიბულის მუნიციპალურ თეატრთან ერთად ორგანიზებული საახალწლო კონცერტი შვიდი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 300-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა.
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ვიზიტისას გავიცანით პოეტი გურამ გორდეზიანი, რომელიც იმ დროისთვის კულტურის განყოფილების უფროსი იყო. მან შემოგვთავაზა თანამშრომლობა სხვადასხვა პოზიციებზე: რეჟისორად დაინიშნა გია დიასამიძე, სამხატვრო ხელმძღვანელად – ლევან ქუმსიაშვილი, საბავშვო განყოფილებების ხელმძღვანელად – ნინო ქათამაძე. მოსკოვიდან ჩამოვიდნენ ჩვენი მეგობრები – მხატვარი ვიტალი ბურიკინი და რეჟისორი გლენ გრომოვი. მე და ზაზა კორინთელი კი მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორებად დავინიშნეთ.
ამ პერიოდში უამრავი შემოქმედებითი პროექტი განხორციელდა, თუმცა მინდა გამოვყო გურამ გორდეზიანის მიერ ინიცირებული პროექტი „მწიგნობარი“, რომელიც იყო როგორც შემოქმედებითი, ისე საგანმანათლებლო შინაარსის. მასში მონაწილეობას დღესაც იღებს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა მოსწავლე. წელს „მწიგნობარი“ 20 წლის გახდა და კვლავ წარმატებით ფუნქციონირებს.
ლიტერატურული ფესტივალი „გარას“ დაარსება და ისტორია 2013 წლის იანვარში დავაფუძნე ლიტერატურული ფესტივალი „გარა“, რომელიც იმავე წელს თბილისში, ერთ-ერთ კერძო ლიტერატურულ კაფეში ჩატარდა. ამ დრომდე ყველა ლიტერატურული ფესტივალი კონკურსის სახით ტარდებოდა, პრემიებითა და ადგილებით, რაც ხშირად იწვევდა მონაწილეთა უკმაყოფილებასა და დაპირისპირებას. „გარა“ იყო პირველი ფესტივალი, სადაც კონკურსი, პრემიები და საპრიზო ადგილები არ არსებობდა. პირველი ფესტივალი თითქმის ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა და მასში 60 ავტორი მონაწილეობდა. პროგრამა მრავალფეროვანი იყო – მოიცავდა ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროს: დრამატურგიას, კინემატოგრაფიას, მუსიკას. ფესტივალის დასრულების შემდეგ გამოიცემოდა ლიტერატურული კრებული.
2014 წელს გაიმართა მეორე ფესტივალი, რომელიც ორ ეტაპად დაიყო: რეგიონალური ტური – გაიმართა მწერალთა დაბადების ადგილებზე: ყვარელში, ჩარგალში, ახალციხეში, საჩხერესა და ვანში. ტურის ნაწილი იყო მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“. მეორე ეტაპი – გაიმართა თბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ფესტივალს სპონსორობდა კულტურის სამინისტრო, ბიბლიოთეკა და კერძო კომპანიები.
ფესტივალი „თუთა“ და მისი იდეა 2014 წელს წალენჯიხაში დაიბადა, თეატრით გასტროლის დროს, გავიცანი ქალბატონები მარინა და მანანა შანავები – წალენჯიხის სახელოვნებო სისტემის წარმომადგენლები. შევთავაზე მათ ფესტივალის ჩატარება ტერენტის მხარეში, სადაც 10 ავტორი, ორგანიზატორების მიერ შეთავაზებული თემით, ადგილზე ქმნიდა ახალ ნაწარმოებს.ფესტივალის ფარგლებში იმართებოდა ლიტერატურულ-დრამატული საღამოები, თეატრალური წარმოდგენები და მუსიკალური პერფორმანსები. დღემდე „თუთა“ წარმატებით ფუნქციონირებს – სიკეთითა და სინათლით გაჯერებული ორგანიზატორების ძალისხმევით.

– როგორ მოხდა თქვენი ჩართვა ფართომასშტაბიან ფესტივალებში, როგორიცაა Art-გენი, Open Air, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და სხვა? როგორია თქვენი როლი ამ ღონისძიებებში?
– ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაარსდა და ჩემთვის მისი ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩემს მეგობართან, ზაზა კორინთელთან (ზუმბა). სწორედ მისი ინიციატივითა და გვერდში დგომით ჩავერთე ფესტივალის საძიებო ექსპედიციებში, რომელთა მიზანი იყო ტრადიციული მომღერალი ოჯახებისა და ხალხური რეწვის ოსტატების აღმოჩენა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ექსპედიციებისას არაერთი უნიკალური ადამიანი გავიცანით და არაერთი ძველი სიმღერა აღვადგინეთ, თუმცა ორ შემთხვევაში განსაკუთრებით ღირებული აღმოჩენა მოხდა: ბორის გუგეშაშვილის მიერ შესრულებული „ყირამალა დუქანი“, რომელიც შემდეგ ნიაზ დიასამიძემ და ჯგუფმა „ქართული ხმები“ გააცოცხლეს და გერმანე აბულაძის „გულის ვარდი“, რომელიც დღემდე რჩება ზუმბას რეპერტუარში.
Art-გენის ფესტივალში აქტიურად ვმონაწილეობდი 2015 წლამდე. ბოლო წლებში, ოჯახური მიზეზების გამო, ჩემი ჩართულობა შეწყდა, თუმცა ეს ფესტივალი დღემდე წარმოადგენს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავგადასავალს – მასთან განცდილი დრო ღრმად არის ფესვგადგმული ჩემს მეხსიერებასა და თვითმყოფადობაში. რაც შეეხება Open Air-ს – ფესტივალს, რომელიც აჩიკო გულედანის მიერ დაარსდა და 2009 წელს იპოდრომის სივრცეში ჩატარდა – იქ მხოლოდ პირველ წელიწადს ვიყავი ჩართული. იმ დროს ღია ცის ქვეშ ასეთი მასშტაბური მუსიკალური ღონისძიება ერთგვარი სიახლე იყო და ტექნიკური სირთულეები არ აკლდა. თუმცა ფესტივალის ორგანიზატორებმა, აჩიკოს ხელმძღვანელობით, თავი შესანიშნავად გაართვეს საქმეს, რამაც საფუძველი დაუდო იმას, რომ Open Air დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და პოპულარულ მოვლენად დარჩეს ქართულ კულტურულ ლანდშაფტში.

– რას მიიჩნევთ თქვენი თანამშრომლობის მთავარ მახასიათებლად ისეთ თეატრებთან, როგორებიცაა რუსთაველის, მარჯანიშვილის, თუმანიშვილის და მოძრაობის თეატრები?
– 2013 წელს ბატონ მურმან ჯინორიასთან და რუსთაველის თეატრთან ერთად შევიმუშავე პროექტი – „მოიარე საქართველო“. პროექტის ფარგლებში ბატონი მურმან ჯინორიას სპექტაკლი „ქარი მწყურია მე პირდაპირი“ გაჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. სპექტაკლი აგებულია მთლიანად ქართულ პოეზიაზე და ერთი საათისა და ათი წუთის განმავლობაში ასოცი ლექსია წაკითხული. დასაწყისი ტერენტი გრანელია, ხოლო ფინალი – გალაკტიონ ტაბიძე. ბილეთები ყოველთვის სრულად იყიდებოდა. ეს სპექტაკლი უკვე ორი ათეული წელია, რუსთაველის თეატრის რეპერტუარში რჩება.

მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობა დაიწყო სპექტაკლით „ART ხელოვნება“ (დამდგმელი რეჟისორი თემურ ჩხეიძე), რომელიც 16 წელი იყო თეატრის რეპერტუარში. სპექტაკლში არ იყო გამოყენებული მუსიკა, დეკორაცია, განათება – მხოლოდ სამი სკამი და ტილო. მასში მონაწილეობდნენ ზურა ყიფშიძე, მიშა გომიაშვილი და ალეკო მახარობლიშვილი. სპექტაკლის ტექნიკური მინიმალიზმი შესაძლებელს ხდიდა მის წარდგენას რეგიონებში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა ხშირად არ არსებობდა. ასე დაიწყო ჩემი თანამშრომლობა რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებთან, რასაც მოგვიანებით თუმანიშვილისა და მოძრაობის თეატრებიც შემოუერთდა.

– როგორ შეაჯამებდით იმ პერიოდს, როცა ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების აღმასრულებელი პროდიუსერის პოზიციაზე მუშაობდით? რა იყო მთავარი შედეგები ან სიახლეები?
– 2019 წლის იანვრიდან დავინიშნე ტყიბულის მუნიციპალიტეტის კულტურის ობიექტების გაერთიანების აღმასრულებელ პროდიუსერად. ეს აიპი დღემდე ყველაზე დიდი ორგანიზაციაა მუნიციპალიტეტში – მასში 200-მდე თანამშრომელი შედის და მოიცავს როგორც კულტურულ, ისე საგანმანათლებლო და ტურისტულ ობიექტებს. მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლებს, როგორიცაა გელათისა და მოწამეთას მონასტრები. მოქმედების პირველივე წელიწადში ჩატარდა მრავალი კულტურული და სამეცნიერო ღონისძიება, რომლებიც მიზნად ისახავდა მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ცნობადობის ამაღლებას. საქართველოს წამყვანი სატელევიზიო არხების ტურისტული გადაცემები იქნა მოწვეული, რაც მნიშვნელოვანი პოპულარიზაციის საშუალება გახდა. საგანმანათლებლო მიმართულებით გაიმართა მასტერკლასები ხელოვნებისა და სამხატვრო სკოლების მოსწავლეებისთვის, კინოჩვენებები, ფოლკლორული კონცერტები და წიგნის ფესტივალი. ამ პერიოდში კულტურა გახდა აქტიური და ცოცხალი სივრცე, რომელიც აერთიანებდა ადგილობრივ საზოგადოებას.
– როგორ შეაფასებდით რეგიონულ კულტურულ პოლიტიკას საქართველოში? როგორია მისი პოტენციალი და გამოწვევები, განსაკუთრებით მცირე ქალაქების კონტექსტში?
-ჩემი აზრით, საქართველოს კულტურა განუყოფელი ნაწილია ერის ყოფისა და თვითშეგნების. ყველაზე ავთენტურ და ტრადიციულ ფორმებში ის რეგიონებში, მცირე ქალაქებსა და სოფლებში გვხვდება, სადაც ჯერ კიდევ ძლიერად არის ფესვგადგმული. ამიტომაც ასეთი ადგილები განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებენ. მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობების თანმიმდევრული კულტურული პოლიტიკა, რათა მოხდეს ამ საგანძურის შენარჩუნება, განვითარება და თანამედროვე კონტექსტში წარმოჩენა.
-როგორ ფიქრობთ, როგორია დღეს დიასპორაში ქართული კულტურის როლი და რა ფორმებით არის შესაძლებელი მისი აქტიური და თანამედროვე პოპულარიზაცია უცხოეთში, მათ შორის პოლონეთში?
– ვფიქრობ, დიასპორაში ქართული კულტურა ძალიან მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს, განსაკუთრებით ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში იზრდებიან. ენას, როგორც წესი, ოჯახში მაინც ინარჩუნებენ – ოჯახური ენა ძალიან იშვიათად იკარგება, მაგრამ წერა-კითხვა ხშირად პრობლემად რჩება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მეტი საკვირაო სკოლის შექმნა. სასურველია, რომ ამ სკოლებში ფილოლოგები იყვნენ ჩართული, რათა ბავშვებმა ქართული წერა და კითხვა პროფესიონალურად შეისწავლონ. რაც შეეხება ქართული კულტურის წარმოჩენას უცხოეთში, მათ შორის პოლონეთში, ვფიქრობ, ამის საუკეთესო ფორმაა ფოლკლორისა და ლიტერატურის მეშვეობით – ეს ორი მიმართულება განსაკუთრებულად შთამბეჭდავად გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის სულიერებასა და ღირებულებებს.
– გთხოვთ, გვიამბოთ თქვენი პოლონელი მამობილის შესახებ – როგორ მოახდინა მან გავლენა თქვენს პიროვნულ ჩამოყალიბებაზე და ღირებულებებზე?
– როგორც უკვე გითხარით,მშობლების დაშორების შემდეგ ოთხი წლის ვიყავი, როდესაც დედამ მეორედ იქორწინა. ჩემი მამობილი, ბორის პოლტორჟიცკი, ეთნიკურად პოლონელი იყო – რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მებრძოლი სტანისლავ პოლტორჟიცკის შვილიშვილი. იგი გაიზარდა მიხეილ მამულაშვილისა და სანდრო კანდელაკის გარემოცვაში – ამაზე ხშირად სითბოთი და მადლიერებით საუბრობდა. შემდეგ მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი და თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა. პროფესიით მხატვარი იყო, თუმცა ფლობდა ფოტოგრაფიას, უყვარდა და ერკვეოდა კინოსა და მუსიკაში. ფოტოგრაფია მხატვრობასთან დააკავშირა და შექმნა ორ სფეროს შორის უნიკალური სინთეზი.
ბავშვობიდან კინოში დავყავდით – განსაკუთრებით ინდურ ფილმებზე. როდესაც ერთხელ პროტესტი გამოვთქვი, მითხრა: ეს ფილმები წმინდა მხატვრული ღირებულებით არის შესწავლად ღირსი, ფერთა გამის გამო.ასე გვასწავლიდა მე და ჩემს ძმას ფერთა აღქმას. ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში მისი წვლილი განუზომელია – მან შემახვედრა ალტერნატიულ ხედვებს, გააღრმავა ჩემი ცოდნა ხელოვნებაში, და არა მხოლოდ ფორმალურად, არამედ – სიღრმისეულად. ტყიბულში მას ყველა იცნობდა და უყვარდა. დღემდე იქ ადამიანები მას სითბოთი და პატივისცემით იხსენებენ.
– და ბოლოს, როგორ განსაზღვრავთ თქვენი ცხოვრებისეულ და პროფესიულ მისწრაფებებს დღეს – როგორც ადამიანს, რომლის კარიერაც ხელოვნებას, კულტურას და საზოგადოებრივ ურთიერთობებს ეფუძნება?
– სადაც არ უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ხელოვნების გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. სწორედ ამიტომ ყოველთვის მიჭირდა საქმიანობის სხვა სფეროში გადასვლა – ხელოვნება და კულტურა ჩემთვის არა პროფესია, არამედ ბუნებრივი მდგომარეობაა. დღეს ვცდილობ ვიყო პროდუქტიული, არ შევჩერდე. ზაფხულში პოლონეთში ვგეგმავ რამდენიმე ღონისძიებას: მოწვეული მეყოლება ჩემი ორი მეგობარი – ცნობილი და წარმატებული მუსიკოსები საქართველოდან. მათთან ერთად ვგეგმავ კონცერტებს პოლონეთის რამდენიმე ქალაქში. ასევე ვმუშაობ იმაზე, რომ საქართველოდან მოვიწვიო ქართული ენის ფილოლოგები, რომლებიც ჩაერთვებიან საკვირაო სკოლის გაძლიერებაში. ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების გაგრძელებაა – იმ ღირებულებების, რომელიც ზუსტად ვიცი, რომ ჩემია.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება