ნოემბრის მიწურულს ვარშავა ნელ-ნელა საშობაო განათებებში ეხვევა.ქალაქის მთავარ მოედანზე – კულტურისა და მეცნიერების სასახლის (Pałac Kultury i Nauki) წინ, დეფილადების მოედანზე (Plac Defilad) – საშობაო ბაზრობა (Jarmark Warszawski) გაიხსნა. წელს, 200-ზე მეტ მონაწილეს შორის, საზეიმო სივრცეში გამოჩნდა ქართული კუთხეც.
ვარშავის საშობაო ბაზრობა ბოლო წლებში დედაქალაქის ზამთრის მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცა. ხის პატარა სახლები, კარუსელები, საზეიმო ილუმინაციები, გლინტვეინისა და დარიჩინის სურნელი – აქაურობა ერთნაირად იზიდავს როგორც ტურისტებს, ისე ადგილობრივებს, რომლებიც სამსახურის შემდეგ ქალაქის ცენტრში სადღესასწაულო განწყობის საპოვნელად გამოდიან. ბაზრობაზე შესვლა ყველასთვის თავისუფალია, რაც მას საღამოს გასეირნებისთვის იდეალურ ადგილად აქცევს.
ტრადიციული პოლონური კერძების – შემწვარი ყველის (ოსციპეკის), პიეროგებისა და ცხელი შოკოლადის გვერდით, წელს სტუმრებს სრულიად განსხვავებული გასტრონომიული გამოცდილებაც ელოდებათ. ატრაქციონების ზონიდან ოდნავ მოშორებით, სასახლის წინ (№39 სტენდი), ქართული ოჯახური რესტორანი ტიფლისმა საკუთარ სივრცე მოაწყო.
ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის „ტიფლისი“ (Gruzińska Kuchnia ,,T I F L I S I”) კარგად ნაცნობი ადგილია, თუმცა საინტერესოა, რა დგას ამ რესტორნის უკან. მათი ისტორია ვარშავაში 2017 წელს დაიწყო – მაშინ, როცა საქართველოში ბევრი მცდელობისა და ფინანსური სირთულეების შემდეგ, ოჯახმა გადაწყვიტა, ბედი პოლონეთში ეცადა.
ემიგრაციის პირველი ნაბიჯები მარტივი არ ყოფილა: დასაწყისშივე მოატყუეს და სოლიდური თანხაც დაკარგეს. თუმცა, უკან დახევის ნაცვლად, საქმე სულ პატარა საცხობით დაიწყეს, სადაც ყველას თავისი როლი ჰქონდა – დედა აცხობდა, მამა პურს ამზადებდა, შვილი კი სალაროსთან იდგა.
ცხრა წლის შემდეგაც სურათი იგივეა: მამა ისევ სამზარეულოშია, დედა თავის საქმეს უძღვება, შვილები კი სტუმრებს ემსახურებიან. როგორც თავად ამბობენ, მათი მთავარი ღირებულება არა მდიდრული ინტერიერი, არამედ ოჯახის ერთიანობა და სტუმრისადმი გულწრფელი, შინაურული დამოკიდებულებაა.
რა დაგვხვდება №39 დახლთან?
საშობაო ბაზრობაზე „ტიფლისი“ სწორედ ამ ოჯახური მიდგომით გადავიდა. სტენდის მიგნება მარტივი იქნება – ქართული ჩოხით, საქართველოს დროშითა და აგიზგიზებული ცეცხლით.
მენიუში აქცენტი ავთენტურობაზეა გაკეთებული: ცეცხლზე შემწვარ მწვადთან, ჩურჩხელასა და ფხალეულთან ერთად, სტუმრებს ადგილზე, ხელით მოხვეული ხინკალი და ცხელი ხაჭაპური დახვდებათ. ამ უკანასკნელისთვის ყველს ოჯახის ქალბატონები თავად ამზადებენ, სუნელებსა და საფირმო „მედოკისთვის“ საჭირო თაფლს კი საქართველოდან აგზავნინებენ, რომ გემო მაქსიმალურად ნამდვილი დარჩეს.
პრაქტიკული ინფორმაცია სტუმრებისთვის:
- სად: ვარშავა, დეფილადების მოედანი (Plac Defilad), კულტურისა და მეცნიერების სასახლის წინ – დახლი №39 (ატრაქციონების ზონიდან ოდნავ მოშორებით).
- როდის: „ტიფლისის“ ქართული კუთხე იმუშავებს 20 ნოემბრიდან 4 იანვრის ჩათვლით (თავად ბაზრობა 6 იანვრამდე გრძელდება).
- საათები: ყოველდღე, 11:00-დან 21:00 საათამდე.

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
