წარმოგიდგენთ ინტერვიუს ანა ბოსიკაშვილთან, რომელიც პოლონეთში მოქმედი წამყვანი დასაქმების სააგენტოს დამსაქმებლის სპეციალისტია. ევროპულ შრომით ბაზარზე მიმდინარე დინამიკური პროცესებისა და 2026 წლის საკანონმდებლო ცვლილებების ფონზე, ანა დეტალურად გვიხსნის იმ ახალ რეალობას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს პოლონეთში ჩასვლისა და მუშაობის დაწყებისას ხვდებათ. ინტერვიუში განხილულია ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნიუანსები, რომელთა ცოდნა აუცილებელია ლეგალური სტატუსის შესანარჩუნებლად და წარმატებული კარიერის დასაწყებად. ანა ბოსიკაშვილი -გთხოვთ, გაგვეცნოთ და გვიამბოთ თქვენი პროფესიული გზის შესახებ პოლონეთში.– მე ვარ ანა ბოსიკაშვილი, 25 წლის. პოლონეთში პირველად 2023 წელს ჩამოვედი. აქაურმა ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ მიმიწვია ასისტენტ-თარჯიმნის პოზიციაზე, სადაც ჩემი მოვალეობა იყო ქართველებისთვის, თურქებისთვის, აზერბაიჯანელებისთვის, სომხებისთვის და ასევე იმ სხვა ეროვნების ადამიანებისთვის, რომლებიც რუსულ და ინგლისურ ენებზე საუბრობენ, დეტალურად ამეხსნა პოლონეთში დასაქმებასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. ჩემი მიზანი იყო, რომ მათ მიეღოთ სრულყოფილი ინფორმაცია და ამის საფუძველზე თავად მიეღოთ გადაწყვეტილება;სურდათ თუ არა ჩვენთან თანამშრომლობა. ამჟამად ვმუშაობ პოლონეთის ერთ-ერთ პროფესიონალურ და სანდო კომპანიაში – TEAM 4 WORK L.G Sp. z o.o.-ში, დამსაქმებლის სპეციალისტის პოზიციაზე, რაც ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი პატივია. -რა იყო 2026 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება საქართველოს მოქალაქეებისთვის?– 2026 წელს ქართველებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება იყო გამარტივებული სპეციალური ნებართვის გაუქმება. – კონკრეტულად რას გულისხმობს ეს ცვლილება და როგორ მუშაობდა სისტემა ადრე?– საქართველო ამოიღეს იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც ჰქონდათ სპეციალური გამარტივებული რეჟიმი. ადრე ყველაფერი ბევრად მარტივი იყო; საქართველოს მოქალაქეები ჩამოდიოდნენ პოლონეთში და მაქსიმუმ ორ კვირაში იწყებდნენ მუშაობას. პრაქტიკაში ეს ნიშნავდა, რომ პრინციპი „ჩამოვედი და დავიწყე“ მუშაობდა: ადამიანები ჯერ იწყებდნენ მუშაობას და შემდეგ ეტაპობრივად აგვარებდნენ დანარჩენ საბუთებს. ახლა ეს ასე აღარ არის. დღეს აუცილებელია, რომ ჯერ ყველა საჭირო დოკუმენტი მოამზადო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო მუშაობა. მაგალითად, zezwolenie (სამუშაო ნებართვა), რომელიც ადრე დაახლოებით 7-15 დღეში მზადდებოდა, ახლა საჭიროებს 1-3 თვეს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც. -როგორ შეეხო ახალი კანონი უკვე დასაქმებულებს და რა ალტერნატივა აქვთ ახალ ჩამოსულებს?– ახალი კანონი უკვე დასაქმებულებს არ შეხებიათ, იმ შემთხვევაში თუ ისინი ლეგალურად მუშაობენ და მათი დოკუმენტები წესრიგშია. რაც შეეხება ახალ ჩამოსულებს – თუ ადამიანი პოლონეთში ჩამოვიდა და საქართველოდანვე არ დაუწყია საბუთების მომზადება, მისთვის ფაქტობრივად ერთი ძირითადი გამოსავალი რჩება: მოძებნოს დამსაქმებელი და გააკეთოს დეკლარაცია – oświadczenie. ამის შემდეგ საჭიროა დაელოდოს რეგისტრაციას, რასაც ჩვეულებრივ სჭირდება 2–4 კვირა, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც, და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს მუშაობის დაწყებას. თუმცა აქ მნიშვნელოვანია ერთი დეტალი: დღეს უკვე ბევრი დამსაქმებელი აღარ აკეთებს oświadczenie-ს, რადგან საბოლოოდ მაინც საჭიროა zezwolenie (სამუშაო ნებართვა). ეს ნიშნავს, რომ კომპანია ორჯერ შედის ხარჯში, რაც მათთვის არ არის მომგებიანი. გარდა ამისა, ბინადრობის ნებართვის მიღებაც გართულდა, რადგან სახელმწიფო ამოწმებს: რატომ გაკეთდა oświadczenie, რეალურად მუშაობს თუ არა თანამშრომელი. თუ რაიმე არ დაემთხვა – შესაძლებელია ჯარიმა და მომავალში უარიც. სწორედ ამიტომ, კომპანიები დღეს უფრო ფრთხილები არიან და ნაკლებად რისკავენ. დეკლარაცია (oświadczenie) აღარ არის სრულფასოვანი გამოსავალი – ის არის მხოლოდ დროებითი ინსტრუმენტი. ყველაზე სწორი და უსაფრთხო გზა დღეს არის: დაბრუნდე საქართველოში და იქიდან დაიწყოს ყველა პროცესი სწორად; ეს არის ყველაზე სუფთა და საიმედო ვარიანტი. – რას ურჩევდით მათ, ვინც პრობლემების ადგილზე მოგვარებას ან არალეგალურ მუშაობას გეგმავს?– არ იფიქროთ, რომ ჩავალ და იქ მოვაგვარებ;2026 წელს ეს პრაქტიკულად აღარ მუშაობს. ასევე, არ დაიწყოთ მუშაობა არალეგალურად (შავად), რადგან ეს სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. შედეგები შეიძლება იყოს: მაღალი ჯარიმა (3000-50 000 PLN) ან დეპორტაცია. ამიტომ, ყველაზე სწორი მიდგომაა – ყველა საკითხი მოაგვაროთ წინასწარ და იმოქმედოთ მხოლოდ ლეგალურად. – რატომ გაიზარდა სამუშაო ნებართვის გაცემის ვადები და რას ამოწმებენ შესაბამისი ორგანოები?– როგორც უკვე აღვნიშნე, zezwolenie-ის გაკეთების ვადა გაიზარდა და დღეს საშუალოდ 1–3 თვეს, ზოგ შემთხვევაში კი უფრო მეტსაც მოითხოვს. ეს გამოწვეულია იმით, რომ პროცესი მნიშვნელოვნად გამკაცრდა. შესაბამისი ორგანოები ახლა დეტალურად ამოწმებენ: კომპანია რეალურად ფუნქციონირებს თუ არა, სამუშაო პოზიცია რეალურია თუ არა, მოწვევა ფიქტიური ხომ არ არის. სწორედ ამ გამკაცრებული კონტროლის გამო თითოეული განაცხადის განხილვას მეტი დრო სჭირდება. ამასთან ერთად, გაიზარდა განაცხადების რაოდენობაც და პროცესის დიგიტალიზაციამ (ონლაინ სისტემებზე გადასვლამ) დამატებითი დატვირთვა შექმნა, რაც ასევე მოქმედებს ვადებზე. შედეგად, დღეს უკვე აუცილებელია წინასწარი დაგეგმვა, რადგან სწრაფი პროცესის იმედი პრაქტიკულად აღარ არსებობს. – თქვენი დაკვირვებით, რა არის ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც ჩამოსულები უშვებენ?– ყველაზე ხშირი შეცდომა არის ის, რომ ადამიანები პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ იწყებენ საბუთებზე ფიქრს. რეალურად, ეს მიდგომა დღეს უკვე არ მუშაობს. იმისთვის, რომ თავიდან აირიდოთ პრობლემები, აუცილებელია ყველა ძირითადი საკითხი მოაგვაროთ ჩამოსვლამდე. – რა ნაბიჯები უნდა გადადგას ადამიანმა, თუ სურს პროცესების ლეგალურად მართვა?– აუცილებელია, ვიზის ვადის ამოწურვამდე დაბრუნდეს საქართველოში, თუ რა თქმა უნდა სურს, რომ ყველაფერი ლეგალურად მოაგვაროს. – რატომ არის რისკზე წასვლა გაუმართლებელი და რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას?– ძალიან დიდი განსხვავებაა ლეგალურად დასაქმებასა და რისკზე წასვლას შორის. ყოველთვის ჯობს დაელოდოთ საჭირო დროს და პოლონეთში ლეგალურად ჩამოხვიდეთ, ვიდრე იჩქაროთ, რისკზე წახვიდეთ და საბოლოოდ საქმე გააფუჭოთ. არალეგალურმა ნაბიჯებმა შეიძლება გამოიწვიოს: დეპორტაცია რამდენიმე წლით ან ზოგ შემთხვევაში – სამუდამოდ დახურული გზა პოლონეთში. ამიტომ, მოთმინება და სწორი გზა ყოველთვის უკეთესი არჩევანია. – რამდენად მნიშვნელოვანია ფინანსური და ბუღალტრული გამჭვირვალობა პოლონეთში ყოფნისას? – ძალიან მნიშვნელოვანი თემაა და პირდაპირ გეტყვით – პოლონეთში ფინანსური და ბუღალტრული საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს უკვე აღარ არის ფორმალობა, ეს განსაზღვრავს დარჩებით თუ არა ქვეყანაში და გექნებათ თუ არა საბუთები. პირველი: კონტრაქტი უდრის შენს ლეგალურ სტატუსს. პოლონეთში თქვენი ყოფნა პირდაპირ დამოკიდებულია: კონტრაქტზე, ხელფასზე, დამსაქმებელზე. სწორედ კონტრაქტი განსაზღვრავს თქვენს ლეგალურ სტატუსს ქვეყანაში. მეორე: ხელფასი უნდა ემთხვეოდეს კანონით მოთხოვნილს. ეს საკითხი ძალიან მკაცრად კონტროლდება. ამოწმებენ მინიმალურ ხელფასს, ამოწმებენ რეალურად რამდენს გიხდიან. თუ კონტრაქტში წერია, მაგალითად, 5000 PLN, ხოლო რეალურად იღებთ ნაკლებს – ეს უკვე დარღვევაა. შედეგად: პრობლემა შეგექმნებათ თქვენც და კომპანიასაც. მესამე: გადასახადები (ZUS, PIT). თუ გადასახადები არ გადაიხდება: შესაძლოა შეგექმნათ პრობლემები საბუთებთან და მომავალში ლეგალიზაციასთან. -რა იქნება თქვენი მთავარი და შემაჯამებელი რჩევები საქართველოს მოქალაქეებისთვის?– მთავარი რჩევა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვინც პოლონეთთან დაკავშირებულ გეგმებს აწყობს: 1. აღარ ჩამოხვიდეთ საბუთების გარეშე. აუცილებელია, რომ ძირითადი დოკუმენტები მოამზადოთ ჩამოსვლამდე. 2. აირჩიეთ ნამდვილი დამსაქმებელი და სანდო კომპანია (ყველაზე მნიშვნელოვანი). თქვენი წარმატება პირდაპირ დამოკიდებულია დამსაქმებელზე. აირჩიეთ: რეალური კომპანია, ოფიციალური კონტრაქტი, გამჭვირვალე პირობები. მოერიდეთ: საეჭვო აგენტებს, სწრაფ და იაფ შეთავაზებებს. 3. მოემზადეთ ლოდინისთვის. 2026-ში პროცედურები გახანგრძლივებულია. ზეზვოლენია 1- 3 თვე (ზოგჯერ მეტიც). პროცესი ეტაპობრივი და კონტროლირებადია. ამიტომ მნიშვნელოვანია მოთმინება და წინასწარი დაგეგმვა. 4. წინასწარ იქონიეთ ფინანსური რესურსი. უნდა გაითვალისწინოთ, რომ: შესაძლოა გარკვეული პერიოდი ვერ დაიწყოთ მუშაობა და დაგჭირდებათ ხარჯები: ბინა, საკვები, ტრანსპორტი. ფინანსური მომზადება თავიდან აგარიდებთ სტრესსა და რისკებს. 5. იფიქრეთ გრძელვადიანად. არა წავედი, ცოტა ვიმუშავებ და წამოვალ, არამედ: როგორ დარჩებით ლეგალურად, როგორ აიღებთ ბინადრობის ნებართვას, როგორ ააწყობთ სტაბილურ ცხოვრებას. პოლონეთი გაძლევთ შესაძლებლობას , მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სწორად დაგეგმავთ თქვენს ნაბიჯებს.პოლონეთში წარმატება დღეს დამოკიდებულია არა იმაზე, რამდენად სწრაფად ჩახვალ, არამედ იმაზე – რამდენად სწორად და პასუხისმგებლიანად მოემზადები. აგრეთვე იხილეთ-სრული გზამკვლევი ქართველი ემიგრანტებისთვის: https://site.kartuli.news/gzamkvlevi.php ავტორი:ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია რა ბენეფიტები და შეღავათები ეკუთვნით ემიგრანტ ბავშვებს პოლონეთში – სრული გზამკვლევი ქართველი მშობლებისთვის სკოლა პოლონეთში: გზამკვლევი მშობლებისთვის