• 7 აპრ 13:17:16

ხანდახან მგონია, რომ გზები თავად გვირჩევენ და არა ჩვენ -მათ. შეიძლება რუკებს დავყურებდეთ, მარშრუტებს ვხაზავდეთ და კალენდარში თარიღებს ვინიშნავდეთ, მაგრამ არსებობს რაღაც უფრო ძველი და გონიერი, ვიდრე უბრალო გეოგრაფია. გზებს აქვთ მეხსიერება -ისინი გვიხმობენ მაშინ, როცა მზად ვართ, რაღაც მივიწყებული აღმოვაჩინოთ.

ამჟამად ქვემო სილეზიაში მდებარე პოლონურ ქალაქ ძიერჟონიუვს ვსტუმრობ. ქალაქის სახელი ბევრისთვის, ალბათ, უბრალოდ რთულად გამოსათქმელი პოლონური სიტყვაა, ჩემთვის კი ეს ადგილი ქართველი ოფიცრის, ვალერიან თევზაძის ისტორიასთან ასოცირდება. ჩვენი თავგადასავალი ვროცლავის ცენტრალური სადგურიდან (Wrocław Główny) დაიწყო. ქვემო სილეზიის რკინიგზის ყვითელი მატარებელი უკვე ბაქანზე იდგა. ბილეთი სულ რაღაც 20 ზლოტი ღირს – სრულიად სიმბოლური ფასი იმ ემოციებთან შედარებით, რაც წინ გველოდა. ფანჯრის მიღმა სილეზიის დაბლობები მიჰქროდნენ, მე კი მთელი გზა იმაზე ვფიქრობდი, თუ როგორ ხდება, რომ ბედისწერა ადამიანს მშობლიური საქართველოდან ასე შორს, პოლონეთის ამ კუთხეში გადმოისვრის.

ხედი მატარებლის ფანჯრიდან


მგზავრობა საათნახევარი გაგრძელდა – საუკეთესო დროა მოსამზადებლად იმ კაცთან შესახვედრად, რომლის გამოც დღეს კამერა და ზურგჩანთა მოვიკიდე. ჩვენ იქ სწორედ ვალერიან თევსაძეზე ვიდეობლოგის გადასაღებად ჩავედით და ეს მოგზაურობა თავიდანვე გაცილებით მეტი იყო, ვიდრე უბრალოდ ტურისტული გასეირნება.

წარმოიდგინეთ 1892 წელს დაბადებული კაცი, რომელიც 1918-1921 წლებში დამოუკიდებელი საქართველოს ჯარის პოდპოლკოვნიკი გახლდათ. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ის ემიგრაციაში აღმოჩნდა და პოლონეთის არმიაში განაგრძო მსახური. როცა 1939 წელს ფაშისტური გერმანია პოლონეთს დაესხა თავს, ვალერიანი ვარშავას იცავდა და არაამქვეყნიური სიმამაცისთვის იგი უმაღლესი სამხედრო ორდენით, Virtuti Militari-თ დააჯილდოვეს. თუმცა ყველაზე ამაღელვებელი მაინც ომის შემდგომი წლებია: გასაიდუმლოებული ცხოვრების გამო მან გვარი შეიცვალა, ვალერიან კჟიჟანოვსკი გახდა და სიცოცხლის ბოლომდე აქ, ძიერჟონიუვში ცხოვრობდა – ჩუმად, მოკრძალებულად, ადგილობრივ კოოპერატივში ბუღალტრად მუშაობდა. მის საფლავზე დღესაც წერია სიტყვები, რომლებიც ყელში ბურთს გიჩერებს: „როგორც ქართველი, ვისურვებდი, რომ საქართველოში ვყოფილიყავი დაკრძალული, მაგრამ ბედნიერი ვარ იმითაც, რომ დავიკრძალები გმირი და კეთილშობილი პოლონელი ერის მიწაზე“.

ვალერიან თევზაძის საფლავი

აქვე იხილეთ ჩემი ვიდეობლოგიც ვალერიანის შესახებ:


თავად ქალაქი კი ნამდვილი აღმოჩენაა თავისი შთამბეჭდავი შუა საუკუნეების კედლებით, რომლებიც ჰერცოგ ბოლკო I-ის ბრძანებით მე-13 საუკუნეში ააგეს. წარმოიდგინეთ ქვებით ნაგები 7-მეტრიანი გალავანი, რომელიც დღესაც მედგრად დგას და რომლის ფარგლებშიც ქალაქის 70% კვლავაც არის მოქცეული.

ვემზადები ბლოგის ჩასაწერად შუა საუკუნეების კედლებისა და ძიერჟონიუვის ძველი ქალაქის ფონზე

აქაური ბაზრის მოედანი იმაზე დიდი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. მერიის კოშკზე ავედით (რომელიც 47 მეტრის სიმაღლისაა და, სხვათა შორის, ასვლა სრულიად უფასოა!), საიდანაც ბუს მთები ხელისგულივით მოჩანს. ირგვლივ ყველგან ისტორიული გარემოა: იქვეა წმინდა გიორგის უძველესი ეკლესია, რომლის კედლები 800 წელზე მეტი ხნის ისტორიას ინახავს. შიგნით შესვლისას რენესანსის, ბაროკოსა და გოთიკის ისეთი სინთეზი დაგხვდებათ, რომ თვალს ვერ მოწყვეტთ.

ბუს მთები – ხედი მერიის კოშკიდან

წმინდა გიორგის ეკლესია

წმინდა გიორგის ეკლესიის ინტერიერი

წმინდა გიორგის ეკლესიის ინტერიერი

რაც ყველაზე მოსახერხებელია, ყველაფერი ერთი ქვის სროლაზეა, ასე რომ, ფეხით სეირნობისას შეგიძლიათ მოინახულოთ ბაზრის მოედანიც და ღვთისმშობლის კლასიცისტური ეკლესიაც, რომელიც ბრანდენბურგის კარიბჭის ავტორმა, ლანგჰანსმა დააპროექტა. მისი ოვალური სართულები და თეთრი ფასადი ქალაქს განსაკუთრებულ არისტოკრატიულ ელფერს სძენს.

ღვთისმშობლის ეკლესიის ინტერიერი

არანაკლებ საინტერესოა ძიერჟონიუვის ინდუსტრიული წარსული. ქალაქი ცნობილი იყო ლეგენდარული DIORA-ს რადიოებით, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ყველა პოლონურ ოჯახში იდგა. დღეს ქალაქში შეგიძლიათ იპოვოთ სპილენძის პატარა რადიომიმღებების ფიგურები, რომლებიც ვროცლავის ჯუჯებივით არიან მიმოფანტულნი.

DIORA-ს რადიო

აქვეა ჰილბერტის არაჩვეულებრივი წისქვილიც – წითელი აგურის გიგანტი, რომელიც 1842 წელს დაარსდა და სრულიად ორთქლზე მომუშავე პირველი წისქვილი იყო სილეზიაში. გასაოცარია, რომ მან 2016 წლამდე იმუშავა 1930-იანი წლების დანადგარებით და დღეს მუზეუმად არის ქცეული, სადაც ინდუსტრიის უამრავ საიდუმლოს გაგიმხელენ. ქალაქის მულტიკულტურული სული იგრძნობა სინაგოგაშიც, რომელიც საოცარი ბედის წყალობით გადაურჩა ნაცისტურ დარბევას და დღეს კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. ომის შემდეგ აქ იმდენი ებრაელი ცხოვრობდა, რომ ქალაქს ახალ იერუსალიმსაც კი უწოდებდნენ.

ჰილბერტის წისქვილის ფრაგმენტი მერიის კოშკიდან

წისქვილის ინტერიერი

წისქვილის ინტერიერი

ძიერჟონიუვის ატმოსფერო

ასე დასრულდა ჩვენი მცირე მოგზაურობა ძიერჟონიუვში; ქალაქში, სადაც შუა საუკუნეების კედლები, ინდუსტრიული მემკვიდრეობა და ერთი ქართველი ოფიცრის ისტორია ერთმანეთთან უცნაურად ჰარმონიულად იკვეთება. მივდივარ და ვფიქრობ ვალერიან თევსაძეზე და მის ბედზე, რამდენად მჭიდროდ შეიძლება გადაიკვეთოს სხვადასხვა ქვეყნის ისტორია და როგორ ტოვებენ ადამიანები საკუთარ კვალს მათთვის სრულიად უცხო ადგილებშიც. სწორედ ასეთ დეტალებში იკვეთება მოგზაურობის ნამდვილი ღირებულებაც – შესაძლებლობა, აღმოაჩინო არა მხოლოდ ახალი ქალაქი, არამედ ისტორიები, რომლებიც მას განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

იქნებ გამოგრჩათ?

error: Content is protected !!