• 10 აპრ 10:13:51
მოგზაურობა ვროცლავში, გზამკვლევიPhoto from Pexels

ვროცლავი ქალაქი პოლონეთში, რომლის სახელიც ბევრს გაუგონია, მაგრამ იშვიათად ხვდება სამოგზაურო გეგმებში. არადა, ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

დღეს საქართველოდან ვროცლავში მოხვედრა საკმაოდ მარტივია: ქუთაისიდან კვირაში ორჯერ პირდაპირ შეგიძლიათ გაფრინდეთ. და მგონი, ამაზე უკეთესი დასაწყისი პოლონეთის აღმოსაჩენად რთულად მოიძებნება. ქუთაისიდან შეგიძლიათ ვარშავაშიც, კატოვიცეშიც ან პოზნანშიც გაემგზავროთ. მაგრამ მე ჩემი პოლონური თავგადასავალი ვროცლავით დავიწყე… და ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მინანია.

აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე

ქუთაისიდან ჩაფრინდებით Wrocław Airport-ში (WRO), რომელიც ქალაქის ცენტრიდან დაახლოებით 10 კილომეტრში მდებარეობს.

და აეროპორტიდან ცენტრამდე მისასვლელად რამდენიმე ვარიანტი არსებობს:

  • საზოგადოებრივი ავტობუსი – ყველაზე იაფი და პრაქტიკული არჩევანი.
    N106 ავტობუსი პირდაპირ ტერმინალის წინ ჩერდება და მიდის მთავარ სადგურამდე (Dworzec Główny), რომელიც უკვე ქალაქის ცენტრთან ძალიან ახლოა. მგზავრობა დაახლოებით 35–45 წუთი გრძელდება და ბილეთი მხოლოდ 4 ზლოტი ღირს. ღამის საათებში კი მოძრაობს N206 ავტობუსი.
  • Airport Express Shuttle – პირდაპირი შატლი ქალაქის ცენტრის მიმართულებით. გზაში დაახლოებით 30–40 წუთი სჭირდება და ღირს 10 ზლოტი. თუ ძველ ქალაქთან ან ცენტრალურ სასტუმროში ჩერდებით, საკმაოდ მოსახერხებელი ვარიანტია.
  • ტაქსი ან აპლიკაციები – აეროპორტთან ოფიციალური ტაქსებიც დგანან, თუმცა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ აპლიკაციები, როგორიცაა Uber ან Bolt. საშუალოდ 50–90 ზლოტი ჯდება და დაახლოებით 20–30 წუთში უკვე ცენტრში იქნებით.

სიმართლე რომ ვთქვა, ვროცლავში ჩასვლისთანავე ვიგრძენი, რომ ეს ქალაქი მოგზაურისთვის ძალიან კომფორტულია — ყველაფერი მარტივად და გასაგებად არის ორგანიზებული.

რატომ ვროცლავი?

ვროცლავი ერთ-ერთი უნიკალური ქალაქია პოლონეთში. შუასაუკუნეების არქიტექტურა, ბაროკოს შენობები, 300-ზე მეტი ხიდი მდინარე Oder-ზე და 600-ზე მეტი ბრინჯაოს ჯუჯა, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა კუთხეში “იმალებიან”.

სეირნობა აქ უბრალო გასეირნება აღარ არის — ჯუჯებზე ნადირობად იქცევა. თუ ჯუჯების ისტორია გაინტერესებთ, დეტალურად მოვყევით ცალკე ბლოგში 👉
ვროცლავი-ჯუჯების ქალაქი

ასევე, ვროცლავი ცნობილია კაფე-კულტურით, საინტერესო ღამის ცხოვრებით, თანამედროვე ხელოვნების გალერეებითა და სტუდენტური გარემოთი.

სწორედ ეს ახალგაზრდული ენერგია ქმნის ქალაქის განსაკუთრებულ ატმოსფეროს და ვროცლავს სიცოცხლით ავსებს.

აუცილებლად სანახავი ადგილები

ძველი ქალაქი: Rynek – მთავარი მოედანი

ჩემი პირველი დილა ვროცლავში სწორედ აქედან დაიწყო.
Rynek ევროპის ერთ-ერთი უდიდესი მოედანია. აქ მართლა გრძნობ თავს ისტორიაში — XIII საუკუნის შენობები, ფერადი ფასადები და ძველი City Hall, რომელიც გოთიკური არქიტექტურის შთამბეჭდავი ნიმუშია.

რა უნდა ნახოთ აუცილებლად:

  • City Hall- გოთიკის ნამდვილი შედევრი. შიგნით მდებარეობს Piwnica Świdnicka — ევროპის ერთ-ერთი უძველესი რესტორანი, რომელიც 1273 წლიდან ფუნქციონირებს.
  • ჯუჯების ძებნა – მხოლოდ მოედნის გარშემოც 20-ზე მეტს იპოვით. ფოტოები? სავალდებულოა.
  • St. Elizabeth’s Church – ადით კოშკზე (90 მეტრი, 300+ საფეხური). ნამდვილად შთამბეჭდავი ხედით.

Ostrów Tumski – Cathedral Island

Ostrów Tumski ის ადგილია, სადაც ვროცლავის ისტორია ყველაზე მძაფრად იგრძნობა. მდინარე Oder-ზე მდებარე ეს პატარა კუნძული ქალაქის უძველესი ნაწილია — ადგილი, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

აუცილებლად ეწვიეთ საღამოს. სწორედ ამ დროს ნახავთ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ტრადიციას — ლამპარის ანთებას. დიახ, ვროცლავში დღემდე არის ადამიანი, რომელიც ყოველ საღამოს ხელით ანთებს გაზის ლამპიონებს. ეს ტრადიცია მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღემდე ცოცხალია და ქალაქს განსაკუთრებულ, თითქმის ზღაპრულ ელფერს სძენს და საღამოს გასეირნებას ნამდვილ გამოცდილებად გადააქცევს.

რა ვნახოთ Ostrów Tumski-ზე:

  • Wrocław Cathedral — ტაძარში შესვლა უფასოა, კოშკზე ასვლა დაახლოებით 10 ზლოტი.
  • Botanical Garden — პოლონეთის ერთ-ერთი უძველესი ბოტანიკური ბაღი (შესვლა დაახლოებით 12 ზლოტი).
  • Tumski Bridge — სიყვარულის საკეტებით გაფორმებული ხიდი, განსაკუთრებით ლამაზია საღამოს.

მუზეუმები

ვროცლავში მუზეუმებისთვის ერთი დღე ნამდვილად არ არის საკმარისი. არჩევანი დიდია, მაგრამ აი ჩემი პირადი ტოპ სია 👇

Racławice Panorama

ეს ჩვეულებრივი მუზეუმი არ არის.
360-გრადუსიანი ციკლორამა, რომელიც 1794 წლის რაცლავიცის ბრძოლას ასახავს — 15 მეტრი სიმაღლისა და 114 მეტრი სიგრძის. განათება და ხმოვანი ეფექტები იმდენად რეალისტურია, რომ თავს ბრძოლის ველზე გრძნობ.

  • ფასი: 35 ზლოტი იხილეთ ბილეთები ბმულზე: Racławice Panorama  
  • დრო: დაახლოებით 1.5 საათი
  • მნიშვნელოვანი: ბილეთი აუცილებლად წინასწარ დაჯავშნეთ.

Centennial Hall (Hala Stulecia)

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი!აშენებულია 1913 წელს და იმ დროისთვის მსოფლიოს უდიდეს რკინაბეტონის კონსტრუქციად ითვლებოდა.

  • შესასვლელი ტერიტორიაზე უფასოა
  • გვერდით ფონტანი საღამოობით მულტიმედიურ შოუს აწყობს (მაისი–სექტემბერი)
  • Japanese Garden — შესვლა 10 ზლოტი, ნამდვილად ღირს

National Museum

უდიდესი კოლექცია — შუა საუკუნეებიდან თანამედროვე პოლონურ მხატვრობამდე.

  • ფასი: 25 ზლოტი
  • უფასო დღე: ხუთშაბათი
  • დრო: 2–3 საათი

უბნები და ალტერნატიული ვროცლავი

Nadodrze არის ისტორიული და კრეატიული უბანი, სადაც ომამდე გერმანული არქიტექტურა და ფასადებზე გამოჩენილი ძველი წარწერები ერწყმის შთამბეჭდავ სტრიტ-არტს, კინოგადაღებების ცნობილ ლოკაციებს, გამორჩეულ კაფეებსა და რესტორნებს, პატარა გალერეებსა და კულტურულ ღონისძიებებს, რაც ამ სივრცეს ვროცლავის ერთ-ერთ ყველაზე ავთენტურ და დინამიკურ ცენტრად აქცევს.

აუცილებლად:

  • მოძებნეთ ძველი გერმანული წარწერები შენობების ფასადებზე — საღებავის ქვეშ ხშირად ისტორია “გამოჩნდება”.
  • გაისეირნეთ ეზოებში და აღმოაჩინეთ საინტერესო street art-ს (განსაკუთრებით Roosevelta-ს ქუჩაზე).
  • გაისეირნეთ ქუჩებზე Kurkowa და Ptasia — აქ გადაიღეს სცენები Bridge of Spies-ისთვის.
  • ეწვიეთ პატარა გალერეებს, განსაკუთრებით Miejsce przy Miejscu 14-ს.
  • შეამოწმეთ ღონისძიებები Centrum Reanimacji Kultury-ში (CRK).
  • არ გამოტოვოთ ლეგენდარული Lody Roma-ს ნაყინი.

ღამის ცხოვრება და Pasaż Niepolda

ძველი ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთში მდებარე ეს Pasaż Niepolda ვროცლავის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და პოპულარული ღამის ლოკაციაა. პატარა სივრცეში თავმოყრილია ათზე მეტი ბარი და კლუბი, სადაც წვეულება დილამდე გრძელდება. თუ მშვიდ და ელეგანტურ გარემოს ეძებთ, ეს ადგილი თქვენთვის არ არის, თუმცა ვროცლავის ღამის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სანახაობაა.

🎬 პოლონური სიტყვები, რომლებიც ნამდვილად გამოგადგება

თუ პოლონეთში გამგზავრებას გეგმავ, ეს ვიდეო აუცილებლად უნდა ნახო.
მასში თავმოყრილია ყველაზე საჭირო პოლონური სიტყვები და ფრაზები, რომლებიც ყოველდღიურ სიტუაციებში გამოგადგება: აეროპორტში, ტრანსპორტში, მაღაზიაში, კაფეში თუ უბრალოდ ადგილობრივებთან კომუნიკაციისას.

ტრანსპორტი ვროცლავში

საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ბილეთების შეძენა შეგიძლიათ გაჩერებაზე აპარატებში (ნაღდი ფული/ბარათი), ტრანსპორტში დამონტაჟებული აპარატებით (მხოლოდ ბარათით) ან ისეთი აპლიკაციების საშუალებით, როგორიცაა URBANCARD, SkyCash, mPay, Jakdojade და moBILET.

  • 15-წუთიანი: 3,2 ზლოტი
  • 30-წუთიანი: 4 ზლოტი
  • 60-წუთიანი: 5,2 ზლოტი
  • 90-წუთიანი: 7 ზლოტი
  • 24-საათიანი: 15 ზლოტი
  • 48-საათიანი: 26 ზლოტი
  • 72-საათიანი: 32 ზლოტი
  • 168 საათიანი(7დღე): 54 ზლოტი

    თუ მოქმედი ბილეთის გარეშე იმგზავრებთ, ჯარიმა 120 ზლოტია და თუ 7 დღის განმავლობაში არ გადაიხდით გაიზრდება 280 ზლოტამდე.

    თქვენ გაქვთ უფლება შეიძინოთ ბილეთებუ ფასდაკლებით, თუ ხართ 26 წლამდე სტუდენტი და გაქვთ ISIC ან EURO26 STUDENT ბარათი, რომელიც გაცემულია პოლონეთის ფარგლებს გარეთ.

  • Bolt/Uber: საშუალოდ კილომეტრზე ტარიფი 1.5-2.5 PLN
  • ვროცლავის ქალაქის ველოსიპედი (WRM) (რომელსაც Nextbike მართავს) უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ველოსიპედის ძირითად სისტემას, პირველი 20 წუთი უფასოა. შემდგომი გადასახადი პირველი საათისთვის დაახლოებით 3 PLN-ია, 2-12 საათის განმავლობაში საათში 6 PLN-ია, ხოლო 12 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მაქსიმუმ 300 PLN.

ერთდღიანი ექსკურსიები – ვროცლავიდან

ვრცოლავი არა მხოლოდ თავად არის სანახაობრივი ქალაქი, არამედ შესანიშნავი საწყისი წერტილიც ერთდღიანი ტურებისთვის — მატარებლით, ავტობუსით ან მანქანით მარტივად შეიძლება მოხვდეთ მრავალ საინტერესო ქალაქსა თუ სანახაობასთ

  • ვარშავა – 350 კმ | დრო: მატარებელი 4სთ, ავტობუსი 5სთ
  • კრაკოვი – მანძილი: 270 კმ | დრო: 3-3.5 საათი
  • აუშვიცი-ბირკენაუ – მანძილი:170 კმ | დრო: 2.5 საათი
    მნიშვნელოვანი:
    წინასწარ დაჯავშნე!
    ემოციურად მძიმეა
    3-4 საათი სჭირდება
  • პოზნანი – მანძილი: 180 კმ | დრო:2.5 საათი
  • პრაღა, ჩეხეთი – მანძილი:270 კმ | დრო: 3.5-4 საათი
  • დრეზდენი, გერმანია – მანძილი:160 კმ | დრო: ავტობუსი 3.5სთ, მატარებელი 4.5სთ

Wroclaw-იდან მოგზაურობა ნამდვილად მარტივია. ქალაქი კარგად არის დაკავშირებული როგორც პოლონეთის სხვადასხვა რეგიონთან, ისე მეზობელ ქვეყნებთანაც. რეგულარული მატარებლები და ავტობუსები(flixbus) ყოველდღიურად მოძრაობს სხვადასხვა მიმართულებით, ხოლო მანქანით გადაადგილება კიდევ უფრო მოქნილ არჩევანს გაძლევთ. სულ რამდენიმე საათში შეგიძლიათ სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდეთ — ისტორიულ ქალაქში ან სხვა ქვეყნის კულტურულ სივრცეში — რაც ვროცლავს ერთდღიანი მოგზაურობებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელ საწყის წერტილად აქცევს.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box

By ანა როგავა

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.

error: Content is protected !!