• 24 თებ 03:40:38
პოლონური ტრადიცია მსუქანი ხუთშაბათი - დონატები,პონჩკი შაქრის პუდრით

პოლონური კულინარიული კულტურა მდიდარია სიმბოლიზმით, თუმცა წელიწადში არის ერთი დღე, როდესაც ქვეყნის რიტმი სრულად იცვლება და ქალაქების ქუჩებში ვარდის მურაბისა და ახლად გამომცხვარი ცომის სურნელი ტრიალებს. „მსუქანი ხუთშაბათი“ (Tłusty Czwartek) არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი; ეს არის ეროვნული ფენომენი, რომელიც დიდ მარხვამდე გასართობი და სადღესასწაულო პერიოდის კულმინაციას აუწყებს მსოფლიოს. ამ დღის სათავეები შორეულ, ქრისტიანობამდელ წარსულში იკარგება, როდესაც ზამთრის მკაცრი პერიოდის დასრულებასა და გაზაფხულის მოლოდინს ხალხი ნოყიერი, ცხიმიანი კერძებით აღნიშნავდა. საინტერესოა ისტორიული მეტამორფოზა, რომელიც ამ დღესასწაულის მთავარმა ატრიბუტმა, პონჩეკ (Pączki) განიცადა: შუა საუკუნეებში ეს დონატები სულაც არ ასოცირდებოდა დესერტთან – მათ პურის ცომისგან ამზადებდნენ, ღორის ქონში წვავდნენ და შიგთავსად ბეკონს ან ხორცს იყენებდნენ. მხოლოდ მე-16 საუკუნიდან, საკონდიტრო ხელოვნების განვითარებასთან ერთად, დაიწყო მათი ტრანსფორმაცია იმ ჰაეროვან, ნაზ ნუგბარად, რომელსაც დღეს ვიცნობთ.

როგორ აღნიშნავენ თანამედროვე პოლონეთში მსუქან ხუთშაბათს?

თანამედროვე პოლონეთში „მსუქანი ხუთშაბათი“ ერთგვარ კულინარიულ რიტუალად იქცა, სადაც ხარისხსა და ტრადიციას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. კლასიკური პონჩეკის მომზადება ნამდვილი ხელოვნებაა – ის მზადდება საფუარიანი ცომისგან, რომელიც იწვება ოქროსფერ სრულყოფამდე. კულინარიული საიდუმლო ცომში მცირე რაოდენობით ალკოჰოლის დამატებაში მდგომარეობს, რაც თერმული დამუშავებისას ხელს უშლის ზეთის ჭარბ შეწოვას, შედეგად კი ვიღებთ მსუბუქ და ფუმფულა ფაქტურას. ტრადიციული შიგთავსი ველური ვარდის მურაბაა, თუმცა თანამედროვე საცხობები მომხმარებელს სთავაზობენ ვანილის კრემის, შოკოლადის, ფისტისა და ეგზოტიკური ხილის ვარიაციებსაც. პონჩეკის გვერდით საპატიო ადგილს იკავებს ფავორკი (Faworki), რომელსაც ანგელოზის ფრთებს უწოდებენ. ეს არის უთხელესი, ხრაშუნა ცომის ლენტები, რომლებიც უხვად არის მოყრილი შაქრის პუდრით და იდეალურ ბალანსს ქმნის დონატების ნოყიერებასთან

ფავორკი

ამ დღის სოციალური გავლენა იმდენად მასშტაბურია, რომ პოლონეთის მასშტაბით მილიონობით პონჩეკი იყიდება. საცხობებთან დილის ხუთი საათიდან გაჭიმული რიგები დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია.

რიგი საცხობთან

კორპორაციულ კულტურაში, სკოლებსა თუ ოჯახურ წრეებში დონატების დაგემოვნება ერთგვარი გუნდურობის სიმბოლოა. არსებობს ფართოდ გავრცელებული კულტურული მითიც: მიიჩნევა, რომ ვინც ამ დღეს ერთ დონატს მაინც არ მიირთმევს, მას მთელი წლის განმავლობაში იღბალი ზურგს შეაქცევს. სწორედ ამიტომ, „მსუქან ხუთშაბათს“ დიეტა და კალორიების დათვლა მეორეხარისხოვანი ხდება, რადგან პონჩეკის მირთმევა კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემისა და საერთო მხიარულების გამოხატულებაა. დღესდღეობით ტრადიცია კიდევ უფრო ინკლუზიური გახდა – დიდ ქალაქებში, როგორებიცაა ვარშავა, კრაკოვი თუ ვროცლავი, ადვილად იპოვით ვეგანურ, უგლუტენო ან გამომცხვარ ალტერნატივებს, რაც საშუალებას აძლევს ყველას, გახდეს ამ ტკბილი ისტორიის ნაწილი.

პოლონური პონჩეკის რეცეპტი

გთავაზობთ პოლონური პონჩეკის ავთენტურ, ბებიებისეულ რეცეპტს, რომელიც თქვენს სამზარეულოში ნამდვილ სადღესასწაულო ატმოსფეროს შემოიტანს.

მომზადების დრო:
60 წთ
ცომის ამოყვანა: დაახლ. 90 წთ
წვის დრო: 4-5 წთ (თითო პარტია)
რაოდენობა: 14 ცალი

ინგრედიენტები

  • ფქვილი: 500 გ
  • კვერცხის გული: 6 ცალი
  • შაქარი: 50 გ
  • ვანილის შაქარი: 1 სუფრის კოვზი
  • მარილი: მწიკვი
  • რძე: 250 მლ
  • საფუარი (ნედლი): 40 გ
  • კარაქი: 50 გ
  • სპირტი ან ძმარი: 1 სუფრის კოვზი (ხელს უშლის ზეთის შეწოვას)
  • რომის ესენცია: 1 ჩაის კოვზი

დამატებით:

  • ზეთი: დაახლ. 1 ლიტრი (შესაწვავად)
  • შიგთავსი: მარმელადი ან ვარდის მურაბა
  • მინანქარი: 1 ჭიქა შაქრის პუდრი + 2 ს.კ. ცხელი წყალი
  • დეკორი: ფორთოხლის ცედრა

მომზადების წესი

  1. საფუარის მომზადება: რძე შეათბეთ (დაახლ. 37°C). ჯამში დაფშვენით საფუარი, დაამატეთ 1 ს.კ. შაქარი და გახსენით თხევადი მასის მიღებამდე. დაასხით 2 ს.კ. თბილი რძე, დააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 10-15 წუთით.
  2. კვერცხის მასა: პარალელურად, ათქვიფეთ კვერცხის გულები დარჩენილ შაქართან, ვანილთან და მარილთან ერთად. თქვიფეთ მაღალ სიჩქარეზე დაახლოებით 7 წუთი, სანამ მასა არ გათეთრდება და არ გახდება ჰაეროვანი.
  3. ცომის მოზელვა: დიდ ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ამოსული საფუარი, ათქვეფილი კვერცხი, დარჩენილი რძე, რომის ესენცია და მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.
  4. ცხიმის დამატება: დაამატეთ გამდნარი კარაქი და განაგრძეთ ზელვა მის სრულ შეწოვამდე. ბოლოს დაამატეთ სპირტი /ძმარი. შენიშვნა: ცომი ოდნავ წებოვანი დარჩება, რაც პონჩეკის სინაზის გარანტიაა.
  5. ამოყვანა: დააფარეთ ტილო და დადგით თბილ ადგილას 60 წუთით (რეკომენდებულია 40°C-მდე შემთბარ და გამორთულ ღუმელში შედგმა).
  6. ფორმირება: ამოსული ცომი გადაიტანეთ ფქვილიან ზედაპირზე. დაყავით 65-გრამიან გუნდებად. ხელისგულებით დაამრგვალეთ, რომ მიიღოთ იდეალურად გლუვი ბურთულები. დაალაგეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და დატოვეთ კიდევ 20-30 წუთი გასაფუებლად.
  7. წვა: ზეთი გაახურეთ 175°C-მდე. პონჩეკი ზეთში ჩაუშვით იმ მხარით, რომელიც ზემოთ იყო ამოყვანისას (ეს უზრუნველყოფს გლუვ ზედაპირს). წვით დაახლოებით 2 წუთი თითოეულ მხარეს.
  8. დაგვირგვინება: შემწვარი პონჩეკი დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ოდნავ შეგრილების შემდეგ, საკონდიტრო შპრიცით შეუშვით შიგთავსი. ზემოდან მოასხით მინანქარი და მორთეთ ფორთოხლის ცედრით.

აგრეთვე იხილეთ სლავური ტრადიცია ზამთრის გასაცილებლად: https://site.kartuli.news/tZbXl4

Facebook Comments Box

By ნათია ქიმაძე

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!