• 24 თებ 03:41:02

ემიგრაცია მხოლოდ გეოგრაფიული გადაადგილება არ არის – ეს არის საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენის, შიშებთან გამკლავებისა და ყოველდღიური ბრძოლის გზა. სწორედ ასეთია ქართველი კონდიტერ-დიზაინერის ისტორია, რომელმაც ოჯახთან ერთად პოლონეთში ახალი ცხოვრება დაიწყო და უცხო ქვეყანაში პროფესიული რეალიზაციისკენ გაბედული ნაბიჯი გადადგა.

„სირთულეები თანდათან ჩნდება“ – პოლონეთში ჩამოსვლის გადაწყვეტილება

ემიგრაციაზე ფიქრი ერთდღიანი გადაწყვეტილება არ ყოფილა. ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა სხვადასხვა ქვეყანას და საბოლოოდ არჩევანი პოლონეთზე შეაჩერა – ქვეყანაზე, სადაც, მათი აზრით, ლეგალურად ცხოვრების დაწყება შედარებით მარტივი იქნებოდა. თავდაპირველად ისინი სამი თვით ჩავიდნენ, ბავშვების გარეშე, საკუთარი ძალების შესამოწმებლად.

რადგან ქვეყნიდან გასვლა არ გვქონდა შეზღუდული, პირველ თვეებში განსაკუთრებული სირთულეები არ შეგვხვედრია. მგონია, რომ ემიგრაციაში დასაწყისი ყველაზე რთული არ არის – სირთულეები მერე, ნელ-ნელა ჩნდება,“ – ამბობს გურანდა.

პროფესიის სიყვარული და ერთგულება უცხო ქვეყანაში

მისთვის თავიდანვე ნათელი იყო ერთი რამ – სურდა, ემუშავა საკუთარი პროფესიით. კონდიტერ-დიზაინერისთვის ეს არცთუ მარტივი გზა აღმოჩნდა, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლონური ენა თითქმის არ იცოდა.

ვფიქრობდი, რომ ენის ბარიერი ყველაზე დიდ დაბრკოლებად მექცეოდა და ამ სფეროში დასაქმების შანსიც არ მომეცემოდა,“ – იხსენებს იგი.

მიუხედავად შიშისა, ერთ კონკრეტულ საკონდიტროს ხშირად აკვირდებოდა – ადგილს, რომელიც ძალიან მოსწონდა. დიდი ყოყმანის შემდეგ მაინც გადაწყვიტა გაებედა: დაწერა წერილი, გაგზავნა პორტფოლიო და სულ რამდენიმე დღეში მიიღო პასუხი.

როდესაც დამიკავშირდნენ, მივხვდი, რომ სწორად მოვიქეცი. ფორმალური პროცედურების დასრულების შემდეგ მალევე დავიწყე მუშაობა. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ენის ბარიერის გამო თავი არ შევიკავე და საკუთარ თავს შანსი მივეცი.

ფოტო: გურანდა ტაბატაძის ნამუშევრები

ქართული და პოლონური დესერტების განსხვავებული გემო

მისი დაკვირვებით, ქართული და პოლონური საკონდიტრო კულტურა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. პოლონეთში დესერტების უმეტესობა ნაღების ბაზაზე მზადდება, რაც საქართველოში ხშირად ფუფუნებად ითვლება.

საქართველოში რძის ნაწარმი ბევრად ძვირია, ამიტომ ჩვენი ტკბილეულიც სხვანაირ ხასიათს ატარებს,“ – ამბობს გურანდა.

ფოტო: გურანდას ნამუშევრები

ენა – ყველაზე დიდი გამოწვევა

სამუშაო გარემოში კომუნიკაცია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე უწევდა. ამ პროცესში დიდი მხარდაჭერა აღმოუჩინა უკრაინელმა თანამშრომელმა, რომელიც პოლონურად თავისუფლად საუბრობდა.

პოლონურის სწავლა ჯერ კიდევ საქართველოში დავიწყე, მაგრამ პრაქტიკის გარეშე მაინც ძალიან რთულია. დღესაც ვერ ვიტყვი, რომ თავისუფლად ვსაუბრობ, თუმცა ყოველდღიურ კომუნიკაციას უკვე ბევრად უკეთ ვუმკლავდები.“

ოცნება საკუთარ საკონდიტროზე

მისი თქმით, პროფესიულ გარემოში დამკვიდრებაში ყველაზე მეტად შრომისმოყვარეობა და საქმის სიყვარული დაეხმარა.

სიყვარულის გარეშე დესერტს გემო არ ექნება,“ – ამბობს ის.

მომავლის გეგმებზე საუბრისას ამბობს, რომ პროფესიული ოცნება მაინც ერთია – ერთ დღეს საკუთარი საკონდიტრო ჰქონდეს, თავისი სივრცითა და ხელწერით:

წარმოვიდგენ ხოლმე, როგორი იქნება ჩემი საკონდიტრო, რას გავაკეთებ. ჯერ კონკრეტული გეგმები არ მაქვს. ნულიდან ცხოვრების დაწყება ძალიან რთულია, მაგრამ მჯერა, რომ ერთ დღეს ლენტს აუცილებლად გავჭრი,“ – ამბობს ღიმილით.

დედობა ემიგრაციაში – ორმაგი პასუხისმგებლობა

სამსახურის პარალელურად ორი შვილის აღზრდა უცხო ქვეყანაში მარტივი არ არის. საქართველოში მშობლების დახმარებას მიჩვეული ოჯახი აქ სრულიად საკუთარ ძალებზეა დამოკიდებული.

ცხოვრების რიტმი ძალიან დატვირთული და დამღლელია. მშობლების გარეშე ყველაფრის შეთავსება ბევრად რთულია,“ – ამბობს იგი გულწრფელად.

ბავშვები ახალ რეალობაში

10 წლის გოგონამ პოლონურ სკოლასთან ადაპტაცია შედარებით მარტივად შეძლო და უკვე ჰყავს ადგილობრივი მეგობრები. 12 წლის ბიჭისთვის კი ემიგრაცია ემოციურად უფრო მძიმე აღმოჩნდა.

ძალიან ენატრება საქართველო და დაბრუნება სურს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში მხარდამჭერი გარემოა.“

მისი თქმით, პოლონური განათლების სისტემა საკმაოდ თავისუფალია – ბავშვებს თითქმის არ აქვთ საშინაო დავალებები, სწავლა ძირითადად სკოლაში მიმდინარეობს, ხოლო ეთიკისა და რელიგიის მსგავსი საგნები არჩევითია, რაც ოჯახებს და ბავშვს თავისუფლებას აძლევს.

ინტეგრაცია და ენის მნიშვნელობა

პოლონურ საზოგადოებაში ინტეგრაციისას ყველაზე დიდ გამოწვევად კვლავ ენა რჩება.

რაც არ უნდა კარგად იცოდე ინგლისური, პოლონური აუცილებელია. ეს არა მხოლოდ პოლონეთს ეხება – ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ემიგრაციაში მიდიხარ, ენის ცოდნა პატივისცემასა და ადვილ ინტეგრაციას განაპირობებს,“ – აღნიშნავს იგი.

გზავნილი ქართველ ქალებს

ქართველ ქალებს, რომლებიც ემიგრაციაში პროფესიულ რეალიზაციაზე ოცნებობენ, ერთ მთავარ რჩევას აძლევს:

ისწავლეთ ენა, არ დანებდეთ და საკუთარ თავს შანსი აუცილებლად მიეცით. ასაკს მნიშვნელობა არ აქვს – შრომით, რწმენითა და საყვარელი საქმის მიმართ ერთგულებით ნებისმიერი მიზანი მიღწევადია.“

Facebook Comments Box
error: Content is protected !!