ემიგრაციის მრავალფეროვან ისტორიებს შორის არის ისეთებიც, სადაც მთავარი მამოძრავებელი ძალა არა ეკონომიკური კეთილდღეობა, არამედ შვილის ჯანმრთელობისთვის ბრძოლაა. ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ფიქრია გასვიანი, უკვე შვიდი წელია ვალენსიაში ცხოვრობს. მისი ისტორია მაშინ დაიწყო, როდესაც შვილის იშვიათმა დიაგნოზმა ოჯახი ეგზისტენციალური არჩევანის წინაშე დააყენა.დღეს ფიქრია გვიამბობს, როგორ იქცა ესპანეთი მისი ოჯახისთვის გადარჩენის შესაძლებლობად, რატომ არ არის სირცხვილი სწავლის ნებისმიერ ასაკში დაწყება და როგორ ინარჩუნებს ემიგრანტი ქალი ეროვნულ იდენტობას უცხო კულტურულ გარემოში. ფოტოზე:ფიქრია გასვიანი – ფიქრია, საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო დატოვეთ და ესპანეთში დამკვიდრდით. რა გახდა თქვენი ემიგრაციაში წასვლის უმთავრესი მიზეზი და როგორ გაიხსენებდით იმ პერიოდს? – დიახ, მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ჩემი ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება არ ყოფილა განპირობებული მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორებით; ეს იყო ბრძოლა ჩემი შვილების, განსაკუთრებით კი ჩემი ქალიშვილის, ბარბარეს ჯანმრთელობისთვის. მას დაუდგინდა იშვიათი გენეტიკური აუტოიმუნური დაავადება – „ცელიაკია“, რაც ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ვერ იტანს გლუტენს (ცილა, რომელსაც შეიცავს ხორბალი, ქერი და ჭვავი). საქართველოში მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, რადგან მაშინ იქ არ არსებობდა შესაბამისი რესურსი და ხელმისაწვდომი პროდუქტები ამ დიაგნოზით სრულფასოვანი ცხოვრებისთვის. დღეს, ღვთის წყალობითა და ესპანეთის ჯანდაცვის სისტემის დახმარებით, ის თავს კარგად გრძნობს, რისთვისაც ამ ქვეყნის უზომოდ მადლიერი ვარ. – რამდენად რთულია „ცელიაკიის“ მართვა და რა განსხვავება დაინახეთ საქართველოსა და ესპანეთის მიდგომებს შორის ამ დაავადების მიმართ? – ცელიაკია არ იკურნება, მისი ერთადერთი წამალი მკაცრი, უგლუტენო კვებაა. ნებისმიერი დარღვევა იწვევს მძიმე სიმპტომებს: მუცლის ტკივილს, ანემიას, საერთო სისუსტესა და ბავშვებში ზრდის შეფერხებას. საქართველოში, იაშვილის კლინიკაში დასმული დიაგნოზის შემდეგ, აღმოვჩნდით რეალობის წინაშე, სადაც უგლუტენო პროდუქტები თითქმის არ მოიპოვებოდა, ან თუ იყო – წარმოუდგენლად ძვირი ღირდა. წარმოიდგინეთ, ბარბარეს ანტისხეულების მაჩვენებელი საქართველოში იყო 121, როდესაც ნორმა 7-ზე ნაკლებია. ესპანეთში ჩამოსვლის შემდეგ კი მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა – აქ ყველა პირობაა სრულფასოვანი კვებისა და კონტროლისთვის. დღეს მისი მაჩვენებელი 2-მდეა ჩამოსული. ეს ჩვენი ოჯახის ერთიანი ძალისხმევის შედეგიცაა; ყველამ ვიცით, რომ სამზარეულოში გარკვეული პროდუქტები მხოლოდ ბარბარესია. ესპანელი ექიმები კი ყოველწლიურად აკონტროლებენ პროცესს და თავად ბავშვსაც უხსნიან კვების მნიშვნელობას. – ბევრი ემიგრანტისთვის უმთავრესი გამოწვევა სამედიცინო მომსახურებაა. თქვენი გამოცდილებით, რამდენად ხელმისაწვდომია ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა და რა ბიუროკრატიული საფეხურების გავლაა საჭირო სრული სერვისის მისაღებად? – ესპანეთის ჯანდაცვის სისტემა საკმაოდ მაღალ დონეზეა ორგანიზებული; სერვისები ძირითადად უფასოა ან ძალიან დაბალ თანაგადახდას მოითხოვს, რაც მოქალაქეებისა და ლეგალური რეზიდენტებისთვის დიდ შეღავათს წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ გადაუდებელი დახმარება ყველასთვის ხელმისაწვდომია, სტატუსის მიუხედავად, თუმცა სისტემური მომსახურებით სარგებლობისთვის აუცილებელია სამედიცინო ბარათის (Tarjeta sanitaria) ქონა. მის გარეშე ოჯახის ექიმთან კონსულტაციაზე მისვლაც კი შეუძლებელია. პროცესი ასეთია: პირველ რიგში, აუცილებელია საცხოვრებელი ადგილის ოფიციალური რეგისტრაცია (ჩაწერა). ამ დოკუმენტით უნდა მიხვიდეთ თქვენი უბნის საავადმყოფოში (Centro de Salud) და დადგეთ აღრიცხვაზე. გარკვეული დროის შემდეგ გიმზადებენ ბარათს, რაც უკვე გაძლევთ სრულ უფლებას, ისარგებლოთ ყველა სამედიცინო სიკეთით. თუმცა, არის მხარე, რომელიც არა მხოლოდ ჩემს, არამედ ბევრი ადგილობრივის უკმაყოფილებასაც იწვევს; ეს არის საჯარო სექტორში არსებული გრძელი რიგები. სპეციალისტთან ვიზიტისთვის ხშირად ხანგრძლივი ლოდინია საჭირო. მიუხედავად ამისა, სისტემა მაინც მოქნილია: თუ შემთხვევა გადაუდებელია და პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, პროცესს მაქსიმალურად აჩქარებენ და დახმარებაც ოპერატიულად ხდება.– თქვენ აღნიშნეთ, რომ ესპანეთში განათლების სისტემა და საზოგადოებრივი დამოკიდებულება სწავლისადმი რადიკალურად განსხვავებულია. როგორ აისახა ეს თქვენს პიროვნულ განვითარებაზე? – ესპანეთში განათლება ნებისმიერ ასაკში ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, ეს საზოგადოების მხრიდან სრულიად ბუნებრივად აღიქმება. საქართველოში სწავლას მეტწილად ახალგაზრდობასთან ვაკავშირებთ და ხშირად გვიჭირს 40 ან 50 წლის ასაკში პროფესიის შეცვლა. აქ კი კოლეჯებსა და კურსებზე ერთად ნახავთ 20 და 60 წლის ადამიანებს. მე ადრეულ ასაკში შევქმენი ოჯახი, რის გამოც სწავლის გაგრძელება ვერ მოვახერხე და ამას ყოველთვის ვნანობდი. დღეს ჩემი შვილები არიან ჩემი მამოძრავებელი ძალა; მინდა მათ ვუჩვენო, რომ განვითარება მუდმივი პროცესია. ვცდილობ, გავიარო სხვადასხვა პროფესიული კურსი, რათა უკეთ მოვერგო გარემოს. ესპანეთმა მომცა თავისუფლების განცდა, რომ არასოდეს არის გვიან ახლიდან დაწყება. ფიქრია ოჯახთან ერთად– ემიგრანტისთვის ახალ ქვეყანაში ინტეგრაცია ყოველთვის გამოწვევაა. როგორ მოახერხეთ კარიერული ზრდისა და ოჯახური ცხოვრების ბალანსირება უცხო გარემოში?– „სადაც მიხვალ, იქაური ქუდი დაიხურეო“ – ეს პრინციპი დაგვეხმარა ვალენსიურ კულტურასთან ბუნებრივ შერწყმაში. აქაური ხალხი ძალიან თბილი და თავისუფალია. მათგან ვისწავლე სიმშვიდე და ცხოვრებისეული ბალანსი – დროის სწორი გადანაწილება ოჯახისთვის, დასვენებისა და პატარა სიხარულებისთვის. თუმცა, ჩვენს ოჯახში ქართული ღირებულებები: უფროსების პატივისცემა, ზრდილობა და მშობლიური ენა ხელშეუხებელია. ეს ის ბაზისია, რასაც წლები და გარემო ვერ ცვლის. – როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე ვალენსიაში? რა სირთულეებსა და პატარა გამარჯვებებს აწყდებით ყოველდღიურად? – ჩვენი დღე ადრიანად იწყება – ბავშვები რვა საათზე უკვე სკოლაში უნდა იყვნენ. შემდეგ მოდის სამსახური, საოჯახო რუტინა და ბიუროკრატიული ბარიერები, რაც ემიგრანტის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ექიმთან ვიზიტის დაჯავშნა, რაც ზოგჯერ თვეობით ლოდინს მოითხოვს, საბუთების მოწესრიგება, რიგები… ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს. თუმცა, ვალენსიის მზიანი დღეები და ის პატარა წარმატებები, რასაც ყოველდღიურად ვაღწევთ – იქნება ეს ენის უკეთ ფლობა თუ მოგვარებული პრობლემა – ამ რთულ გზას აზრს სძენს. – ბევრი ემიგრანტისთვის მტკივნეული საკითხია სამსახურის მოძიება და საბუთების მოწესრიგება. თქვენი გამოცდილებით, რამდენად რთულია ეს პროცესი ესპანეთში? – ენის ცოდნისა და ოფიციალური საბუთების (NIE) გარეშე სამსახურის პოვნა ძალიან რთულია. ესპანეთში ყველაფერი საჯარო რესურსებითა და კანონით გაწერილი წესრიგით ხდება, განსხვავებით საქართველოსგან, სადაც (ყოველ შემთხვევაში, ადრე ასე იყო) პირადი კავშირები უფრო მეტს წყვეტდა. მე ახლახან მოვაწესრიგე ჩემი საბუთები და საქართველოში ვიზიტის შემდეგ ვაპირებ უკვე ოფიციალურ, სტაბილურ სამსახურზე ზრუნვას. ჩემი მთავარი რჩევა ემიგრანტებისთვის არის: მოთმინება და ენის სწრაფი ათვისება, რადგან ეს არის მთავარი გასაღები ყველა კარის გასაღებად. – შვიდი წლის შემდეგ პირველად ბრუნდებით საქართველოში. რას გრძნობთ ახლა და უკავშირებთ თუ არა თქვენს მომავალს სამშობლოს? – იმ ემოციების გადმოცემა, რაც ახლა მაქვს, სიტყვებით შეუძლებელია. 7 წლის შემდეგ ისევ ვნახავ ჩემს ქვეყანას. საქართველო ჩემი სამშობლოა, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შემიცვლის. იქ არის ჩემი ფესვები, ჩემი ბავშვობა და ჩემი ენა. თუმცა,ესპანეთში ყოფნისას, გულში უცნაური სიმშვიდე და სიხარული მეუფლება, თითქოს სახლში ვარ. ესპანეთმა მიმიღო ისეთი, როგორიც ვარ, გამაძლიერა და მასწავლა მადლიერება.სამშობლო ერთია და შეუცვლელი, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია;გული ორ ქვეყანას შორის ცხოვრობს. მიყვარს ორივე და ორივეს მადლიერი ვარ.და ბოლოს,ყველა ემიგრანტს ვუსურვებ საკუთარ მიწაზე მალე დაბრუნებას. არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა – სიახლეებისთვის ასაკი დაბრკოლება არასდროს არის. ავტორი:ნათია ქიმაძე Facebook Comments Box ნათია ქიმაძეორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო. Share this: პოსტის ნავიგაცია ქართული საახალწლო ტრადიციები ემიგრაციაში ქართველი ვიზაჟისტი პოლონეთში