​Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy (WOŚP) – სოლიდარობის ორკესტრი, რომელიც სიცოცხლეს იხსნის

Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy (WOŚP) – პოლონეთში დაბადებული, მაგრამ უკვე საერთაშორისო მასშტაბის საქველმოქმედო მოძრაობაა, რომელიც ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის გულს აერთიანებს ერთი მიზნისთვის: სიცოცხლის გადარჩენა და ჯანდაცვის მხარდაჭერა. ეს არ არის მხოლოდ ფონდი – ეს არის კულტურა, ენერგია და სოლიდარობა, რომელიც საზღვრებს სცდება.

“A my Polacy pomaganie mamy w genach – ჩვენ პოლონელებს დახმარება გვაქვს გენებში”. მალტა, 2026

​რა არის WOŚP?

WOŚP დაარსდა 1993 წელს პოლონელი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, იეჟი ოვსიაკის (Jerzy Owsiak) მიერ. მისი მთავარი მიზანი თავიდანვე იყო პოლონეთის საავადმყოფოების თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვა, განსაკუთრებით კი ბავშვთა და ნეონატალური განყოფილებების მხარდაჭერა.

დღეს WOŚP ერთ-ერთი ყველაზე გამჭვირვალე და წარმატებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა ევროპაში, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში მილიარდობით ზლოტი მოაგროვა და ათასობით სამედიცინო მოწყობილობა გადასცა კლინიკებს. 1993 წელს, გამოჩენისთანავე შეაგროვა 4 მილიონამდე ზლოტი, თანხის რაოდენობა ყოველწლიურად რეკორდულად იზრდებოდა და დღესდღეობით ჯაში 2.5 მილიარდს სცდება .

​„ფინალი“ — წლის ყველაზე ხმაურიანი დღე

WOŚP-ის საქმიანობის კულმინაცია ყოველწლიური „დიდი ფინალია“, რომელიც იანვარში იმართება. ამ დღეს:

  • ათიათასობით მოხალისე გამოდის ქუჩებში სპეციალური ყუთებით;
  • ქალაქებში იმართება კონცერტები, ფესტივალები და კულტურული ღონისძიებები;
  • ტელევიზიები და ონლაინ პლატფორმები პირდაპირ ეთერში გადასცემენ მარათონებს;

ფინალის სიმბოლოა წითელი გული, სტიკერი, რომელსაც დონორები იკრავენ ტანსაცმელზე. შთამბეჭდავი და ამავდროულად ამაღელვენელი სანახაობაა – როდესაც ირგვლივ ამდენ ადამიანს ვხვდებით, როგორც ქველმოქმედების და სოლიდარობის სიმბოლოს.

​რას ახერხებს შეგროვილი თანხა?

WOŚP ყოველწლიურად განსაზღვრავს სამედიცინო მიმართულებას, რომელსაც მოხმარდება შეგროვებული თანხები, მაგალითად:

  • რეანიმაციული და დიაგნოსტიკური აპარატურის შეძენას;
  • ბავშვთა და მოხუცთა სამედიცინო დახმარებას;
  • გადაუდებელი დახმარების სისტემების გაძლიერებას;
  • პანდემიებისა და კრიზისების დროს ჯანდაცვის მხარდაჭერას და სხვა.

2026 წლის მთავარი სამედიცინო თემაა ბავშვთა გასტროენტეროლოგიის მხარდაჭერა – ორკესტრი თანხებს შეაგროვებს ყველაზე პატარა პაციენტებში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის, რაც მოიცავს თანამედროვე აპარატურის შეძენას ენდოსკოპიის, კვების და დიაგნოსტიკის სფეროებში.

ორგანიზაცია ყოველწლიურად აქვეყნებს დეტალურ ფინანსურ ანგარიშებს, რაც საზოგადოებრივ ნდობას კიდევ უფრო ამყარებს.

Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy-ში მონაწილეობა შესაძლებელია რამდენიმე გზით – ასაკისა და შესაძლებლობების მიხედვით:

​1. დონაცია (შეწირვა)

  • თანხის ჩარიცხვა ონლაინ პლატფორმების მეშვეობით
  • ნაღდი ფულით შემოწირულობა ფინალის დღეს სპეციალურ ყულაბებში, რომლებიც აქვთ მოხალისეებს
  • SMS-დონაცია (ქვეყნიდან გამომდინარე)

2. მოხალისეობა

  • მოხალისედ დარეგისტრირება (ხშირად მინ. ასაკი — 16 წელია; არასრულწლოვნებს სჭირდებათ მშობლის თანხმობა) – მოხალისეები ფინალის დღეს აგროვებენ თანხებს. დღემდე ყველაზე ახალგაზრდა მონაწილედ დაფიქსირებულია 27 დღის გოგონა, რომელიც მშობლებთან ერთად იღებდა მონაწილეობას, ხოლო ყველაზე ხანდაზმული კი – 93 წლის ქლაბატონი.

3. ღონისძიებების ორგანიზება ან მონაწილეობა

  • კონცერტებში, სპორტულ აქტივობებში, აუქციონებში მონაწილეობა
  • საკუთარი ადგილობრივი აქციის ან ონლაინ-კამპანიის მოწყობა WOŚP-ის მხარდასაჭერად

4. აუქციონებში მონაწილეობა

  • ნივთის ან მომსახურების შეთავაზება საქველმოქმედო აუქციონზე
  • აუქციონებში მონაწილეობით თანხის შეგროვება ფონდისთვის

5. მონაწილეობა საზღვარგარეთიდან

  • ბევრ ქვეყანაში არსებობს WOŚP-ის უცხოური შტაბები
  • შესაძლებელია ონლაინ დონაცია ან ადგილობრივ ღონისძიებებში ჩართვა.

​WOŚP და საქართველო

ბოლო წლებში WOŚP სულ უფრო მეტად იძენს საერთაშორისო ხასიათს. პოლონეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრები პოლონელები და მათი მეგობრები – მათ შორის ქართველებიც აქტიურად ერთვებიან აქციებში.

ქართველი ემიგრანტები პოლონეთში ხშირად მონაწილეობენ ფინალებში, ორგანიზებას უწევენ კულტურულ საღამოებს, აუქციონებსა და ონლაინ-შემოწირულობებს. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია სოლიდარობას ხალხების დაახლოება.

​რატომ არის WOŚP მნიშვნელოვანი დღეს?

მსოფლიო, სადაც ჯანდაცვის სისტემები მუდმივი გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით საჭიროებს ასეთ ინიციატივებს. WOŚP გვახსენებს, რომ:

  • ერთი ადამიანის მცირე დახმარებაც კი შეიძლება დიდი ცვლილების მიზეზი გახდეს;
  • სოლიდარობა არ არის მხოლოდ სიტყვა – ეს მოქმედებაა;
  • საზოგადოება ყველაზე ძლიერია მაშინ, როცა ერთმანეთისთვის ზრუნავს.

Wielka Orkiestra Świątecznej Pomocy არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პოზიტიურმა იდეამ მთელი ქვეყანა – და შემდეგ მთელი მსოფლიო – გააერთიანოს. ეს არის მუსიკა, გულწრფელობა და დახმარება ერთ რიტმში. WOŚP არის შთაგონება – დავინახოთ, რომ სიკეთე უნივერსალური ენაა და მას არ სჭირდება თარგმანი.

ფოტო პირადი არქივიდან. მალტა, 2026წ.

ავტორი: შორენა მელქუაშვილი

Facebook Comments Box
error: Content is protected !!