პოლონურ წარმართობაზე საუბრისას, საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ ქრისტიანობამდელი ტრადიციები სრულად ჩაანაცვლა რომაულ-კათოლიკურმა დოგმებმა. სინამდვილეში, ჩვენ საქმე გვაქვს გაცილებით რთულ, სიმბიოზურ ურთიერთობასთან. წინაპართა რიტუალები პოლონური კულტურიდან კი არ გაქრა, არამედ კათოლიციზმთან ერთად განვითარდა და ახალი ფორმა შეიძინა. ამ ჰიბრიდული კულტურის თვალსაჩინო მაგალითია კოლედა (Kolędowanie) – საგალობლებისა და რიტუალური სვლის ტრადიცია.

ნახატი „მომძახებლები“, ლუდვიკ სტასიაკის ნახატი, 1929
შობის ღამე თუ გაზაფხულის მოლოდინი?
თუ პოლონეთის მცირე სოფლებში საშობაო მსვლელობას დააკვირდებით, ბიბლიური პერსონაჟების (ანგელოზების, მოგვებისა და მეფე ჰეროდე) გვერდით უცნაურ ფიგურებს აღმოაჩენთ: თხებს, ცხენებს, მამლებსა და ეშმაკს.
პოლონეთში კოლედამ ფესვები XIII-XV საუკუნეებში გაიდგა. ტრადიცია გულისხმობდა კარდაკარ სიარულს 26 დეკემბრიდან (წმინდა სტეფანეს დღე) 2 თებერვლამდე. თავდაპირველად ეკლესია მკაცრად გმობდა ამ ჩვეულებას, რადგან მასში ხედავდა ნაყოფიერების წარმართულ ფესტივალს, რომელიც გაზაფხულის განახლებას ეძღვნებოდა.

ნაყოფიერების მაგიური კურთხევა
რიტუალის მთავარი არსი სიტყვის ძალაში მდგომარეობდა. მგალობლები (ისტორიულად მხოლოდ მამაკაცები) თითოეულ ოჯახს სტუმრობდნენ და კეთილდღეობას უსურვებდნენ. ითვლებოდა, რომ დალოცვას განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, თუ მას არა უბრალო ადამიანი, არამედ ზებუნებრივი არსება წარმოთქვამდა. სწორედ აქედან მომდინარეობს ნიღბებისა და კოსტიუმების ტარების ტრადიცია.
ოჯახები მგალობლებს მასპინძლობდნენ საკვებით, ნამცხვრებითა და ალკოჰოლით, რაც ერთგვარი საზღაური იყო მომავალი წლის ბარაქისთვის. მიუხედავად იმისა, რომ რიტუალი თავდაპირველად გაზაფხულის დადგომას უკავშირდებოდა, შობის დღესასწაულის დამკვიდრებასთან ერთად, მან ზამთრის მზებუდობის დღესასწაულზე – Szczodre Gody გადაინაცვლა.
სიმბოლურია მგალობლების მიერ ბოძზე აღმართული ფერადი ვარსკვლავიც. თავდაპირველად ის მზის სიმბოლო იყო, რომელიც სიბნელეზე გამარჯვებას აღნიშნავდა, მოგვიანებით კი ბეთლემის ვარსკვლავთან გაიგივდა. საინტერესოა, რომ პოლონეთის ზოგიერთ რეგიონში ბავშვებს საჩუქრებს არა სანტა კლაუსი, არამედ სწორედ Gwiazdor (ვარსკვლავის კაცი) ურიგებს.

ტურონი: მითიური მხეცი და სიკვდილ-სიცოცხლის ციკლი
მსვლელობის ყველაზე იდუმალი ფიგურაა ტურონი (Turoń); ბანჯგვლიანი, რქიანი მხეცი, რომლის პროტოტიპი ევროპული გარეული ხარი (ტური) იყო. ცნობილია, რომ უკანასკნელი ტური სწორედ პოლონეთში, 1627 წელს მოკვდა.

ტურების სილუეტი, წყარო: ვიკიმედია
რიტუალის დროს ტურონი ოჯახის წევრებს ესხმოდა თავს, შემდეგ კი მოულოდნელად იატაკზე „მკვდარი“ ვარდებოდა. მას მასპინძლები სასმელითა და საკვებით „აცოცხლებდნენ“. ეს განასახიერებდა ბუნების სიკვდილსა და ხელახლა დაბადებას. ტურონის სტუმრობისას ასეთ ლექსს მღეროდნენ:
„სადაც ტურონი მიდის, იქ ჭვავი იზრდება,
სადაც ის არ მიდის, იქ მოსავალი არ იქნება.
სადაც ფეხს დადგამს, იქ ბევრი კოპა (მოსავლის საზომი ერთეული) მოვა.“

ტურონი, ფოტო: ეთნოგრაფიული მუზეუმი კრაკოვში
დღეს ქალაქებში ტრადიციული კოლედა დიდწილად ჩაანაცვლა იასელკამ (Jasełka) – თეატრალიზებულმა დადგმამ იესოს შობაზე. თუმცა, სოფლებში ტურონი და მგალობლები კვლავინდებურად დადიან. ნაყოფიერების მაგიური ასპექტი შესუსტდა, მაგრამ შენარჩუნდა მთავარი; საზოგადოების ერთიანობა და კეთილი სურვილების გაზიარება.
აგრეთვე იხილეთ საშობაო ტრადიციები პოლონეთში: https://kartuli.news/2025/12/16/polonuri-sashabao-tradiciebi/
ავტორი: ნათია ქიმაძე
ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.
