ქართული საახალწლო სუფრა

საქართველოში ახალი წელი ოჯახის ერთიანობის, სტუმართმოყვარეობისა და კეთილი სურვილების დღესასწაულია. ტრადიციულად, ახალი წლის ღამეს ოჯახები იკრიბებიან ერთ დიდ სუფრასთან, რომელიც უხვი და მრავალფეროვანი კერძებით არის გაწყობილი. სუფრა ქართველებისთვის მხოლოდ საჭმელი არ არის – ეს არის საუბარი, ურთიერთობა და მომავლის იმედით სავსე სადღეგრძელოები.

ქართული საახალწლო სუფრა მრავალფეროვანია და სიმბოლური დატვირთვაც აქვს. სუფრაზე აუცილებლად შეხვდებით გოზინაყს – თაფლითა და ნიგვზით დამზადებულ ტკბილეულს, რომელიც კეთილდღეობას და ბარაქას ნიშნავს. ასევე ტრადიციულია საცივი, ტოლმა, ხაჭაპური, სხვადასხვა ხორცეული, უმნიშვნელოვანესი ელემენტია – ჩურჩხელა, რომელიც აუცილებლად ყველა ქართველის საახალწლო სუფრას ამშვენებს. ქართული ღვინო და სადღეგრძელოები კი ამ დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ზოგიერთ ოჯახში სუფრა არის სამარხვო და შედარებით მოკრძალებული

ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, ახალ წელს კარგ განწყობასა და ოჯახურ გარემოში შეხვდნენ, ამიტომ განსაკუთრებული როლი ენიჭება მეკვლეს – ადამიანს, რომელიც პირველ იანვარს პირველად შედის ოჯახში. ითვლება, რომ მისი ხასიათი და განწყობა მთელი წლის ბედს განსაზღვრავს, ამიტომ მეკვლედ, როგორც წესი, კეთილი და იღბლიანი ადამიანი ირჩევა. არსებობს რწმენა, რომ როგორც შეხვდები ახალ წელს, ისე გაგრძელდება მთელი წელიც. სწორედ ამიტომ ქართველი ემიგრანტები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ქართული ელემენტი შეინარჩუნონ, თუნდაც სამშობლოდან შორს.

​როგორ ხვდებიან ახალ წელს ქართველი ემიგრანტები პოლონეთში

პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი წელი ხშირად მონატრებასთან არის დაკავშირებული, თუმცა ამავე დროს – ძალისხმევასთან, რომ ტრადიციები არ დაიკარგოს. ოჯახები ცდილობენ, საახალწლო სუფრა ქართული წესით მოამზადონ და ბავშვებს ქართული კულტურა არ დაავიწყონ.

„ვცდილობთ ჩვენი ტრადიციებით მოვამზადო სუფრა. აუცილებლად საცივი, ტოლმა, გოზინაყი, ხაჭაპური, რომელსაც ჩემი ამოყვანილი ყველით ვამზადებ. თევზი ქართველებსაც გვიყვარს და პოლონელებსაც. 9 წლის გოგონა გვყავს და ვცდილობთ ქართული ტრადიციები არ დავავიწყოთ.“ ვერიკო

მიუხედავად იმისა, რომ ქართული სუფრის სრულყოფილად გაშლა ყოველთვის ვერ ხერხდება, ოჯახები მაინც ამზადებენ საყვარელ კერძებს, ქართული ღვინო თითქმის ყველა სუფრაზეა, სადღეგრძელოები კი – აუცილებელი.

„ქართველი სადაც არ უნდა იყოს, ახალი წელი ყოველთვის კარგი განწყობით იწყება. სუფრა და კერძები ამის მთავარი ნაწილია. აქ სრულად ვერ ვიმეორებთ ქართულ სუფრას, მაგრამ მაინც ვცდილობთ – ქართული ღვინო, მწვადი, ხაჭაპური და რამდენიმე სადღეგრძელო აუცილებლად გვაქვს“ – ზაზა.

ბევრი ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ტკბილეულს:

„ყოველ წელს ვამზადებ გოზინაყს, ჩურჩხელას, ქართულ ნამცხვრებს, ტოლმას… მეკვლე პირველ იანვარს დილით მოგვდის, შემდეგ კი ჩვენს ნაცნობ ქართველებს ვმასპინძლობთ.“- ირინა.

ქართული ტრადიციები ხშირად პოლონელ მეგობრებსაც უზიარებენ:

„31 დეკემბერს ყოველთვის ვაკეთებ გოზინაყს და პოლონელ მეგობრებს ვუნაწილებ — ძალიან უყვართ. რა თქმა უნდა, იმდენ საჭმელს ვერ ვამზადებ, როგორც საქართველოში, მაგრამ ტრადიციებს მაინც მივყვებით.“თამუნა

ემიგრანტებისთვის ერთმანეთთან შეკრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

„ხუთი წელია პოლონეთში ვცხოვრობ და ყოველ წელს ემიგრანტების წრეში ვხვდებით ახალ წელს. ვაწყობთ ტრადიციულ ქართულ სუფრას, ვუსმენთ ქართულ მუსიკას და ვცდილობთ, ყველაფერი ისე იყოს, როგორც საქართველოში.“ თამუნა

მათთვის კი, ვისაც ქართული სანაცნობო არ ყავს, მთავარია, თბილ და მეგობრულ გარემოში გატარონ ეს დღე, ამიტომ პოლონეთში შეძენილ მეგობრებთან ერთად ხვდებიან და აღნიშნავენ:
“მე და ჩემი მეუღლე უკვე 4 წელია ვცხოვრობთ … ძალიან მომწონს საახალწლოდ მორთული ჩემი ქალაქი – ბიელსკო-ბიალა. იქიდან გამომდინარე, რომ ირგვლივ ქართველი მეგობრები არ გვყავს, აქ შეძენილ უკრაინელ მეგობარ ოჯახთან ერთად აღვნიშნავთ ხოლმე. გავდივართ ქალაქში, ვიღებთ სამახსოვროდ ფოტოებს და სახლში ერთად ვხვდებით ახალ წელს. ტრადიციად ვაქციეთ საქართველოდან გემრიელი სანოვაგეს გამოგზავნა საახალწლოდ, რომელსაც უკრაინელ მეგობრებთან ერთად ვაგემოვნებთ.” თეკო

საახალწლო სამზადისს ემიგრაციაში სიხარულთან ერთად დიდი სევდაც ახლავს:

„სადაც არ უნდა ვიყოთ, ქართული სუფრა და განწყობა ყველგან მიგვაქვს. მიყვარს საახალწლო მზადება – ტრადიციულად გოზინაყი, საცივი და ხაჭაპურები აუცილებელია. საბედნიეროდ, ამას პოლონეთშიც ვაკეთებთ. თუმცა ერთი დიდი დანაკლისი ყოველთვის არის – არ ვართ ჩვენს სახლში და ჩვენი საყვარელი ადამიანები გვერდით არ გვყავს.“ ივეტა

ახალი წელი ემიგრანტებისთვის ხშირად ორ ქვეყანას შორის გადანაწილებული დროა:

„ერთად ვხვდებით ახალ წელს ზუსტად 12:00-ზე ოჯახის წევრები. ქართული მრავალჟამიერი მაქვს ჩართული და საქართველოში ვრეკავთ. პირველ რიგში საქართველოს დროით ვულოცავთ ერთმანეთს ახალ წელს – დროის სხვაობა სამი საათია, ასე რომ აქ ადრე ვიწყებთ: ჯერ საქართველოს, შემდეგ პოლონეთის დროით.ქეთევანი

“წინასწარ დიდი მზადება გვაქვს, ვადგენთ სიას, ვინ რა უნდა გავაკეთოთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რაც საქართველოში კეთდება- გოზინაყიდან დაწყებული, ხინკლით დამთავრებული და ვპატიჟობთ, ვისთანაც ვმეგობრობთ – რამოდენიმე პოლონელ მეგობარს. სუფრასთან ვსხდებით საქართველოს დროით, ვამბობთ საქართველოს სადღეგრძელოს, ვცეკვავთ, ვმღერით და ასე ვხვდებით ჩვენს ახალწელს პოლონეთში.” ჟანა

ბევრ ოჯახში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებს – სწორედ მათთვის არის მნიშვნელოვანი ტრადიციების გადაცემა, ქართული მუსიკა, ქართული კერძები და ოჯახური სითბო. მიუხედავად იმისა, რომ გარემო სხვაა, ემიგრანტები ცდილობენ, სახლში მაინც შეიქმნას „ქართული ახალი წელი“. ზოგგან კი ახალი, აქ ჩამოყალიბებული ტრადიციებიც არსებობს. მაგალითად, დიდი ოჯახები, რომლებიც წლებია ერთად ცხოვრობენ, ახალ წელს თამაშებით, საჩუქრებითა და ბავშვებთან ერთად ფილმების ყურებით ხვდებიან. მათთვის მნიშვნელოვანია თბილი გარემო, ერთიანობა და კარგი განწყობა.
“უკვე მეშვიდე წელია ახალ წელს პოლონეთში ვხვდებით. ჩვენ, საბედნიეროდ, პოლონეთში ბევრნი ვართ ჩვენი ოჯახი 9 ადამიანისგან შედგება დედა, ჩემი ძმის ოჯახი და ჩვენ. ყოველ წელს, ახალი წლის ღამეს, ჩვენს ოჯახში Secret Santa-ს ტრადიცია გვაქვს – ერთად ვხსნით საჩუქრებს, ვაწყობთ პატარა სამაგიდო თამაშებს ახალი წლის დადგომამდე, ბავშვებთან ერთად ვუყურებთ საშობაო ფილმებს და ამ ყველაფერს კადრებად ვინახავთ სამახსოვროდ, რათა მომავალში ჩვენი ბედნიერი წუთები გავიხსენოთ. ახალი წლის დადგომას ყოველთვის კარგი განწყობით ვეგებებით, რადგან გვჯერა, რომ მთელი წელი ასე გაგრძელდება”. გაგა

​ახალი წელი მონატრებით, მაგრამ იმედით

პოლონეთში მცხოვრები ქართველებისთვის ახალი წელი ხშირად მონატრებასთან, სიშორესთან და ნოსტალგიასთან არის დაკავშირებული. თუმცა, ამავე დროს, ეს არის იმედის, გამძლეობისა და ერთიანობის დღესასწაული. ქართული სუფრა, მუსიკა, სატელეფონო ზარები სამშობლოში და ერთმანეთის მხარდაჭერა ამ დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. თუმცა ყველას აერთიანებს ერთი სურვილი – ახალ წელს ისევ საკუთარ სახლში, საყვარელი ადამიანების გვერდით შეხვდნენ. მანამდე კი, სადაც არ უნდა იყვნენ, ქართული სული და ტრადიციები მათთან ერთად რჩება.

აგრეთვე იხილეთ: https://site.kartuli.news/a1AKi0

ავტორი: შორენა მელქუაშვილი

Facebook Comments Box
#, #, #, #, #
error: Content is protected !!