31 დეკემბერი Sylwester ღამის დეკორაცია ნაძვის ხის ფონზე31 დეკემბერი - Sylwester-ის ღამე, როდესაც პოლონეთი ხმაურიანად ემშვიდობება ძველ წელს და თავგადასავლით ხვდება ახალს

პოლონეთში ახალი წლის ღამე, რომელსაც Sylwester ჰქვია, ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და მრავალფეროვანი დღესასწაულია. პოლონეთში შობა მშვიდი, ოჯახური დღესასწაულია (იხილეთ ბლოგი: საშობაო ტრადიციები პოლონეთში), ხოლო Sylwester სრულიად სხვა განწყობას ატარებს – ეს არის ღამე, სადაც ქალაქები ცოცხლდება, ქუჩები ივსება მუსიკით, ცეკვითა და ფოიერვერკებით, ხოლო ადამიანები ერთდროულად ზეიმობენ, ემშვიდობებიან ძველ წელს და ახალს იმედით ხვდებიან.

31 დეკემბერი Sylwester ღამის დეკორაცია ნაძვის ხის ფონზე
31 დეკემბერი – Sylwester-ის ღამე, როდესაც პოლონეთი ხმაურიანად ემშვიდობება ძველ წელს და თავგადასავლით ხვდება ახალს
📷Photo From Pexels

ახალი წელი პოლონეთში აღინიშნება როგორც ოჯახურ წრეში, ისე მასშტაბური საზოგადოებრივი ღონისძიებებით. ბევრ სახლში იშლება სუფრა, სადაც იკრიბებიან ოჯახის წევრები და მეგობრები და სრულდება ახალწელის ტრადიციები, რომლებიც კეთილდღეობასა და წარმატებას უკავშირდება. ამის პარალელურად, დიდ ქალაქებში უამრავი ადამიანი იკრიბება ქუჩებსა და მოედნებზე, ესწრება კონცერტებსა და ღამის წვეულებებს, რომლებიც შუაღამისას გრანდიოზული ფოიერვერკით სრულდება.

ქალაქგარეთ და სოფლებში Sylwester ხშირად უფრო ტრადიციული ფორმით აღინიშნება. ზოგიერთ რეგიონში დღემდე ინარჩუნებენ ცხენებით თოვლში გასეირნებას, ოჯახურ შეკრებებსა და ხალხურ თამაშებს. ქალაქებში კი ეს ღამე თანამედროვე ცხოვრების სტილსა და ძველ რწმენებს შორის საინტერესო ბალანსს ქმნის: დღესასწაული აერთიანებს თანამედროვე გართობასა და ისეთ ტრადიციებს, რომლებიც იღბალს, კეთილდღეობასა და ახალი წლის დასაწყისს უკავშირდება.

სადღესასწაულო კერძები

Sylwester-ის სუფრა პოლონეთში სიმრავლისა და კეთილდღეობის სიმბოლოა. ტრადიციული სუფრა მოიცავს დაახლოებით 12 კერძს — თითოეული წლის ერთ თვეს უკავშირდება და მომავალ წელს სიუხვის სურვილს გამოხატავს.

ყველაზე გავრცელებული კერძებია კობრი ან ბატი, რომლებიც ფინანსურ სტაბილურობასა და წარმატებას ნიშნავს. მათ გვერდით ხშირად შეხვდებით bigos-ს, სოკოს სუპს, pierogi-ს, მარინირებულ ქაშაყს და ტკბილეულს. შუაღამის შემდეგ სუფრაზე ჩნდება pączki (პოლონური დონატი) როგორც წლის ტკბილად დაწყების სიმბოლო.

Sylwester ოჯახური შეკრება საახალწლო სუფრასთან 12 ტრადიციული კერძით
ოჯახური Sylwester – პოლონეთში ახალი წელი ხშირად ოჯახურ წრეში აღინიშნება, სადაც სუფრაზე 12 ტრადიციული კერძია, თითოეული წლის ერთ თვეს სიმბოლიზირებს
📷Photo From Pexels

რწმენა-წარმოდგენები და რიტუალები

Sylwester პოლონეთში მხოლოდ ზეიმი არ არის – ეს ღამე სავსეა სიმბოლური ქმედებებით, რომლებიც ძველი ხალხური რწმენებიდან მოდის. ითვლება, რომ ამ ღამეს გაკეთებულ არჩევანსა და რიტუალებს შეუძლია გავლენა იქონიოს მთელ მომავალ წელზე.

კობრი და ფინანსური კეთილდღეობა

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტრადიცია უკავშირდება საახალწლო სუფრაზე არსებულ კობრს. მისგან შემონახულ პატარა ვერცხლისფერ დეტალს ადამიანები საფულეში ინახავენ – რწმენით, რომ ის ფულს „იზიდავს“ და ფინანსურ წონასწორობას მთელი წლის განმავლობაში ინარჩუნებს.

ქაღალდის დაწვის რიტუალი

შუაღამისას პოლონეთში გავრცელებულია სიმბოლური ტრადიცია, რომლის დროსაც ადამიანები ქაღალდზე წერენ გასული წლის არასასურველ მოგონებებს, სინანულსა და სირთულეებს. (მაგ. ფინანსურ პრობლემებს ან წარუმატებელ ურთიერთობები). ახალი წლის დადგომის მომენტში ამ ჩანაწერებს სიმბოლურად ემშვიდობებიან (წვავენ), რაც წარსულისგან გათავისუფლებასა და ახალი ეტაპის დაწყებას აღნიშნავს. ტრადიცია განახლებისა და წინსვლის იდეას უკავშირდება.

Sylwester დაწვის რიტუალი ქაღალდზე წარსულის სირთულეების დაწერით
პოლონური ტრადიცია – შუაღამისას ადამიანები ქაღალდზე წერენ გასული წლის სირთულეებს, სინანულსა და არასასურველ მოგონებებს, შემდეგ კი წვავენ მათ, რათა სიახლით შეხვდნენ ახალ წელს
📷Photo From Pexels

სხვა რწმენა-წარმოდგენები

  • პირველი სტუმარი ახალ წელს აუცილებლად მამაკაცი უნდა იყოს – ითვლება, რომ ეს ოჯახში ბედნიერებასა და წარმატებას მოიტანს.
  • 1 იანვარს სახლს არ ალაგებენ, რათა იღბალი და კეთილდღეობა სახლიდან არ „გაიტანონ“.
  • ბარდა და ქერის სროლა – ნაყოფიერებისა და სიუხვის ნიშნად.
  • ფოიერვერკები ხმაურით ბოროტ სულებს აფრთხობს – ეს ტრადიცია ძველ სლავურ რწმენებს უკავშირდება.
  • ფეხსაცმლის გადაგდება გამოიყენება ქორწინების წინასწარმეტყველებისთვის – ტრადიციის მიხედვით, დასაოჯახებელი ქალი მარცხენა ფეხსაცმელს ზურგს უკან ისვრის, თუ ფეხსაცმლის წვერი კარის მიმართულებით იქნება, ეს ნიშნავს, რომ ქორწინება ახლოა.

Sylwester დიდ ქალაქებში

დღეს Sylwester პოლონეთში მხოლოდ ტრადიციული დღესასწაული აღარ არის — ის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ურბანული ზეიმია წლის განმავლობაში. ახალი წლის ღამეს დიდ ქალაქებში ერთმანეთში ერწყმის ღია კონცერტები, ღამის ცხოვრება, თემატური წვეულებები და გრანდიოზული ფოიერვერკები.

ვარშავა

პოლონეთის დედაქალაქში Sylwester განსაკუთრებით ხმაურიანად აღინიშნება. ქალაქის ცენტრში იმართება ღია კონცერტები, ქუჩის წვეულებები და ფოიერვერკები Palace of Culture and Science-ის გარშემო. ღამის ცხოვრება კი pub crawl-ებითა და კლუბური ღონისძიებებით გრძელდება.

ერთ-ერთი პოპულარულია exclusive pub crawl, რომელიც იწყება 20:30-ზე Mezza Lounge & Bar-დან (Nowy Świat). პროგრამა მოიცავს open bar-ს, რამდენიმე კლუბის მონახულებას და VIP შესვლას.

Sylwester ფოიერვერკი შუაღამისას პოლონეთის ცაზე ახალი წლის მისასალმებლად
გრანდიოზული ფოიერვერკები აღნიშნავს ახალი წლის დადგომას – ძველი სლავური ტრადიციით, ხმაური ბოროტ სულებს აფრთხობს
📷Photo From Pexels

კრაკოვი

კრაკოვში ახალი წლის მთავარი ცენტრი Rynek Główny-ა, სადაც შუაღამისას ფოიერვერკები ცას ანათებს. ქალაქში პოპულარულია ღამის კლუბები, თემატური წვეულებები და ვისლაზე ნავით ორგანიზებული ღონისძიებები.

ვროცლავი

ვროცლავი Sylwester-ის ღამეს უფრო მრავალფეროვან კულტურულ არჩევანს სთავაზობს სტუმრებს. National Forum of Music მასპინძლობს საახალწლო კონცერტს. რომელიც 18:00-ზე იწყება, ხოლო ოპერის თეატრში იდგმება შტრაუსის „Bat’s Revenge“.

გალა-ვახშმები ტარდება ისეთ სივრცეებში, როგორიცაა Bridge Hotel, საიდანაც შესაძლებელია ფოიერვერკების ნახვა შამპანურით ხელში. ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებისთვის კი კლუბები, მაგალითად Transformator, techno წვეულებებს მასპინძლობს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი Sylwester-ის ღამეს

ახალი წლის ღამეს პოლონეთის ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი სპეციალურ რეჟიმში მუშაობს, რათა ადამიანებმა უსაფრთხოდ შეძლონ გადაადგილება ღამის განმავლობაში. ტრამვაიები, ავტობუსები და მეტრო შუაღამის შემდეგაც აგრძელებს მოძრაობას, თუმცა გარკვეულ საათებში ტარიფები შეიძლება გაიზარდოს.

რეალური დროის განრიგისა და მარშრუტებისთვის განსაკუთრებით გამოსადეგია აპლიკაცია Jakdojade.

Szczęśliwego Nowego Roku!
გილოცავთ ახალ წელს!



ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #, #, #

By Ana Rogava

პოლონეთში გატარებულმა წელმა ჩემს ცხოვრებაში უამრავი ისტორია დატოვა. დღეს ამ ამბებს გულწრფელად ვუზიარებ მკითხველს ბლოგის სახით.

error: Content is protected !!