საქართველო ხშირად აღიქმება, როგორც კულტურათა გადაკვეთის სივრცე, სადაც საუკუნეების განმავლობაში ევროპული და აღმოსავლური გავლენები ერთმანეთში ბუნებრივად იკვეთებოდა. ამ მრავალფეროვან ისტორიულ ქსოვილში განსაკუთრებულ, თუმცა ხშირად დავიწყებულ ადგილს იკავებს პოლონური კვალი – ადამიანების, იდეების, არქიტექტურისა და საერთო გამოცდილების ისტორია, რომელმაც საქართველოს არაერთ რეგიონში დატოვა თავისი ნიშა.
საქართველოში პოლონური მემკვიდრეობის სისტემური შესწავლა და ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ფორმით წარმოდგენა შესაძლებელი გახდა პროექტის „პოლონური კვალი კავკასიის ქვეშ“ ფარგლებში. ინიციატივა განხორციელდა პოლონური პლატფორმის polskakaukaz.pl მიერ, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის თანადაფინანსებით.
ეს პროექტი მხოლოდ არქივებში მუშაობას არ დასჯერდა. მისი ავტორები და მკვლევრები ადგილზე ჩავიდნენ, მოიარეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონი, შეხვდნენ ადგილობრივებს, პოლონური წარმოშობის ოჯახების შთამომავლებს, ისტორიკოსებსა და მკვლევრებს. ობიექტების აღწერა ეფუძნება:
- საველე კვლევებს;
- ისტორიულ დოკუმენტებსა და არქივებს;
- ზეპირ ისტორიებსა და ოჯახურ მოგონებებს;
- ადგილობრივი მოსახლეობის მიერ მითითებულ ლოკაციებს.
სწორედ ამ მრავალწყაროიანი მიდგომის შედეგად შეიქმნა ინტერაქტიული ციფრული რუკა, რომელიც აერთიანებს საქართველოში არსებულ პოლონურ ისტორიულ და კულტურულ კვალს. რუკაზე წარმოდგენილია 27 ობიექტი, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია განთავსებული — თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ახალციხე, მანგლისი, ლაგოდეხი, წინანდალი და სხვა ადგილები. ეს ობიექტები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა ერთ საერთო ნარატივს ქმნის.

ფოტო: polskakaukaz.pl
აქ ვხვდებით:
- პოლონელი არქიტექტორების მიერ დაპროექტებულ თეატრებს, უნივერსიტეტებსა და საცხოვრებელ სახლებს (ალექსანდრე შიმკევიჩის მემკვიდრეობა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში);
- პოლიტიკურ გადასახლებებთან დაკავშირებულ ტრაგიკულ ადგილებს, როგორიცაა ქუთაისის მახლობლად მდებარე „ბანაკი 0331“;
- კათოლიკურ ტაძრებსა და სასაფლაოებს, რომლებიც პოლონური დიასპორის სულიერ ცხოვრებაის შესახებ გვიყვება;
- პოლონელი მეცნიერების, სამხედროებისა და საზოგადო მოღვაწეების ისტორიებს – ლუდვიკ მლოკოსევიჩიდან ვლადისლავ რაჩკევიჩამდე;
- კულტურულ კავშირებს, რომლებმაც პოლონური და ქართული ინტელექტუალური წრეები დააახლოვა (წინანდალი, ძმები ზდანევიჩები, პოლონელი კავკასიელი პოეტები).
პოლონელი არქიტექტორები საქართველოში – ალექსანდრე შიმკევიჩის მემკვიდრეობა
ალექსანდრე შიმკევიჩი იყო პოლონელი არქიტექტორი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ურბანული ლანდშაფტის ფორმირებაში. იგი გახლდათ თბილისის მთავარი არქიტექტორი, ქალაქის მრჩეველი და არქიტექტურის მასწავლებელი. მისი სტილი ძირითადად ნეოკლასიკურია, თუმცა ხშირად იყენებდა ეკლექტიკურ და აღმოსავლურ მოტივებსაც, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს ე.წ. „ისლამურ სახლში“.

ისლამური სახლი, ალექსანდრე შიმკევიჩი. წყარო: ფონდი “Multiocalenie”
შიმკევიჩის მიერ დაპროექტებულ ნაგებობებს შორისაა:
- თბილისი:
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი (1887);
- უზენაესი სასამართლოს შენობა;
- ისლამური სახლი (უზნაძის ქ. 19);
- კავკასიის აბრეშუმის სადგურის შენობა (დღეს – აბრეშუმის მუზეუმი);
- მთაწმინდის ფუნიკულიორის ქვედა სადგური (ჭონკაძის ქ. 22)
- საკუთარი საცხოვრებელი სახლი მთაწმინდაზე (ჭონქაძის ქ. 8).
- ბათუმი:
- შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი (1897), რომელიც თავდაპირველად ელიტარული ვაჟთა გიმნაზია იყო.
- ქუთაისი:
- სააპელაციო სასამართლოს შენობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ალექსანდრე შიმკევიჩი. წყარო: ფონდი “Multiocalenie”

აბრეშუმის მუზეუმი, ალექსანდრე შიმკევიჩი. წყარო: ფონდი “Multiocalenie”
შიმკევიჩის ნაგებობები გამოირჩევა მასიური მოცულობებით, ფუნქციური შიდა სივრცეებითა და ქალაქის კონტექსტთან ჰარმონიული შერწყმით. მისი მემკვიდრეობა დღემდე განსაზღვრავს თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის არქიტექტურულ იერსახეს.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ალექსანდრე შიმკევიჩი. წყარო: ფონდი “Multiocalenie”
პოლიტიკური გადასახლებები და „ბანაკი 0331“
ქუთაისის გარეუბანში მდებარე „ბანაკი 0331“ უკავშირდება საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ეპიზოდს საქართველოში. 1944 წლის ბოლოს აქ გადაასახლეს ვილნიუსის ოლქის ეროვნული არმიის (Armia Krajowa) დაახლოებით 2000 პოლონელი ჯარისკაცი, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებამ „საშიშ ელემენტებად“ და „გერმანიასთან კოლაბორანტებად“ მიიჩნია.
გადასახლებულები ქუთაისში პირუტყვის ვაგონებით ჩამოიყვანეს; ბევრი მათგანი გზაშივე გარდაიცვალა. ბანაკის პატიმრებს უფასო მუშახელად იყენებდნენ საავტომობილო ქარხანა „კოლხიდა“-ს მშენებლობაზე. მძიმე სამუშაო პირობების, შიმშილისა და დაავადებების გამო ყოველდღიურად ათამდე ადამიანი იღუპებოდა. 1947 წელს პოლონელებმა გაფიცვა მოაწყვეს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა ბანაკებში გადაანაწილეს. გადარჩენილები 1948–1949 წლებში კომუნისტურ პოლონეთში დაბრუნდნენ.
კათოლიკური ტაძრები და სასაფლაოები – პოლონური დიასპორის სულიერი სივრცე
პოლონური დიასპორის სულიერი ცხოვრება საქართველოში კათოლიკური ტაძრებისა და სასაფლაოების სახითაა შემორჩენილი:

ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნეოგოთიკური საკათედრო ტაძარი. წყარო: ფონდი “Multiocalenie”
კათოლიკური ტაძრები:
- ბათუმის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნეოგოთიკური საკათედრო ტაძარი;
- ახალციხის კათოლიკური ტაძარი;
- ხიზაბავრას იესო ქრისტეს წმინდა გულის სახელობის ეკლესია;
- მანგლისის წმინდა ალოიზის სახელობის კათოლიკური ტაძარი;
- თეთრიწყაროს ქალწულ მარიამის სახელობის კათოლიკური ეკლესია (დღეს ნანგრევების სახით);
- თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესია („პოლონური ეკლესია“).

თბილისის წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის კათოლიკური ეკლესია („პოლონური ეკლესია“) წყარო: ფონდი “Multiocalenie”
სასაფლაოები:
- ახალციხის კათოლიკური სასაფლაო;
- ლაგოდეხის მახლობლად მდებარე სასაფლაო (ლუდვიკ მლოკოსევიჩის საფლავი);
- თბილისის კუკიის კათოლიკური სასაფლაო, რომელსაც ხშირად „პოლონურ სასაფლაოს“ უწოდებენ.

თბილისის კუკიის კათოლიკური სასაფლაო. წყარო: ფონდი “Multiocalenie”
ეს სივრცეები ასახავს პოლონელთა ყოფას, რწმენას და თაობების ისტორიას საქართველოში.
პოლონელი მეცნიერები, სამხედროები და საზოგადო მოღვაწეები
საქართველოში მოღვაწე პოლონელებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ:
- ლუდვიკ მლოკოსევიჩი (1831-1909) – კავკასიის ფლორისა და ფაუნის მკვლევარი, მეტყევე და ბუნებათმცოდნე. მან სამხრეთ კავკასიაში ჩაი, ციტრუსები და სხვა მცენარეები გაავრცელა და საფუძველი ჩაუყარა ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიას (დღევანდელ ეროვნულ პარკს).

ლუდვიკ მლოკოსევიჩი (1831-1909)წყარო: ფონდი “Multiocalenie”
- ვლადისლავ რაჩკევიჩი (1885–1947) — ქუთაისში დაბადებული პოლონეთის მეორე რესპუბლიკის პრეზიდენტი ემიგრაციაში. მისი ბაბუა პოლონეთის იანვრის აჯანყების შემდეგ გადაასახლეს, ხოლო მისი ცხოვრება პოლონურ-ქართულ ისტორიულ კავშირს სიმბოლურად გამოხატავს. რაჩკიევიჩის მამა ქუთაისში მოსამართლედ მუშაობდა, თავად ვლადისლავმა კი სიცოცხლის პირველი თხუტმეტი წელი სწორედ ქუთაისში გაატარა.
- პოლონელი სამხედროები – რუსეთის იმპერიისა და მოგვიანებით საბჭოთა არმიის შემადგენლობაში მსახურობდნენ, ხშირად იძულებითი გადასახლებულები იყვნენ და მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში.

წყარო: ფონდი “Multiocalenie”
კულტურული კავშირები – ინტელექტუალური დიალოგი პოლონეთსა და საქართველოს შორის
პოლონურ-ქართული კულტურული კავშირების ნათელი მაგალითებია:
- წინანდალი — ალექსანდრე ჭავჭავაძის რეზიდენცია, სადაც პოლონელი ემიგრანტი პოეტები, მათ შორის ტადეუშ ლადა-ზაბლოცკი, მონაწილეობდნენ ლიტერატურულ და პოლიტიკურ დისკუსიებში. აქ იწერებოდა და განიხილებოდა ევროპული ლიტერატურის ახალი ტენდენციები. კახეთითა და თავად ჭავჭავაძის პოეზიით მოხიბლულმა ტადეუშ ლადა-ზაბლოცკიმ დაწერა ლექსი „ალაზნის ველი“, რომელიც შემდეგ ქართულად ითარგმნა.
- ძმები ზდანევიჩები — პოლონელ-ქართული წარმოშობის ავანგარდისტები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ნიკო ფიროსმანის შემოქმედების პოპულარიზაციაში და სამხრეთ კავკასიური ავანგარდის განვითარებაში.
- პოლონელი კავკასიელი პოეტები — ემიგრანტი ინტელექტუალები, რომლებმაც პოლონური ლიტერატურა კავკასიურ გამოცდილებას დაუკავშირეს და კულტურული დიალოგი შექმნეს.

ეს კავშირები აჩვენებს, რომ პოლონური კვალი საქართველოში არა მხოლოდ არქიტექტურულ და სამხედრო, არამედ ღრმად ინტელექტუალურ და კულტურულ დონეზეც არსებობდა.
პროექტმა „პოლონური კვალი კავკასიის ქვეშ“ გააერთიანა პოლონური თემი საქართველოში და ერთდროულად გააჟღერა როგორც დიდი ისტორიული ფიგურების ხმა, ისე იმ ადამიანების, რომელთა სახელები მხოლოდ საფლავის ქვას ან ძველ ფოტოს შემორჩა. ჩვენ კი კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ისტორია მხოლოდ წარსული არ არის — ის დღესაც ჩვენს ქუჩებში, შენობებში, პეიზაჟებსა და ადამიანების მეხსიერებაში ცხოვრობს.
ავტორი: შორენა მელქუაშვილი

