პოლონური დიასპორა საქართველოში არც ისე დიდია, მაგრამ თავისი გამორჩეული ისტორიით და კულტურული მემკვიდრეობით დიდ მნიშვნელობას ატარებს. ქართულ-პოლონური კავშირები ორ საუკუნეზე მეტს ითვლის, ხოლო დღეს ამ ურთიერთობის გაღრმავებაში განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ადამიანები, რომლებიც ორ ქვეყნებას შორის ხიდს ქმნიან – კულტურულს, ადამიანურსა და ჰუმანიტარულს. სწორედ ასეთი ფიგურაა დოროტა პაჟიმესი.
დოროტა არა მხოლოდ პოლონური დიასპორის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერია საქართველოში, არამედ ადამიანი, რომელმაც თავისი პროფესიული და ჰუმანიტარული საქმიანობა ამ რეგიონს მჭიდროდ დაუკავშირა. ის არის ფონდების „ოცალენიე“ და „მულტიოცალენიე“ დამფუძნებელი, ასევე თბილისის წმინდა დედოფალ იადვიგას სახელობის პოლონური შაბათის სკოლის თანადამფუძნებელი – სივრცისა, რომელიც დღეს პოლონურენოვან ბავშვებსა და მათ ოჯახებს კულტურული იდენტობის შენარჩუნებაში ეხმარება.25 წლიან კარიერაში დოროტამ ჰუმანიტარულ და საგანმანათლებლო პროექტებს, მრავალკულტურული გუნდების მართვასა და ლტოლვილებთან მუშაობას მიუძღვნა თავი. საქართველოსთან მისი კავშირი კი არა მხოლოდ პროფესიული, არამედ პირადი ისტორიაა – ის არის ქართველი მამაკაცის ბედნიერი მეუღლე და უკვე მრავალი წელია, კავკასია მისი ცხოვრების ნაწილია. ამ ინტერვიუს მიზანია უკეთ გავიგოთ, რა როლს ასრულებს დოროტა პაჟიმესი პოლონური დიასპორის გაძლიერებაში საქართველოში, რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ჰუმანიტარულ მუშაობას და როგორ დაუკავშირდა მისი ცხოვრება საქართველოს.

დოროტა პაჟიმესი, ფონდ “მულტიოცალენიეს” დამფუძნებელი და მმართველი
– როგორ დაარსდა ფონდი Multiocalnie, რა იყო მისი თავდაპირველი მისია და რამ განაპირობა პოლონეთის დიასპორასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართვა საქართველოში?
– ეს ძალიან ძველი ისტორიაა. ძალიან დიდი ხნის წინ, ვარშავაშის უნივერსიტეტში მივდიოდი ლექციებზე და ავტობუსში დავიწყე რიშარდ კაპუშჩინსკის წიგნის „ყირგიზი ცხენიდან ჩამოდის“ კითხვა. ეს არის მოთხრობების კრებული მოგზაურობიდან საბჭოთა რესპუბლიკებში. ავტობუსის ფანჯრიდან შემოდიოდა პირველი გაზაფხულის, მარტის მზე, და მე სწორედ იმ აღწერას ვკითხულობდი, თუ როგორ ამზადებენ ქართულ კონიაკს. და ვიგრძენი უზარმაზარი შინაგანი ხმა, რომ უნდა წავიდე საქართველოში. იმ დროს პოლონურ მედიაში იწერებოდა მხოლოდ საქართველოს მთებში გატაცებებზე და არასტაბილურ მდგომარეობაზე. მაგრამ მე დავიწყე ჩემი ცხოვრების მოგზაურობისთვის მზადება. ორი წელზე მეტი ვემზადებოდი ამ მოგზაურობისთვის. ინტერნეტში ვეძებდი ინფორმაციას თბილისის მდგომარეობის შესახებ, ვარშავის ანტიკვარიატებში თითქმის ყველა ქართულ თემაზე გამოცემული წიგნი შევიძინე. ეს უმეტესად კომუნისტური პერიოდის წიგნები იყო, სადაც საქართველოს უწოდებდენ „საბჭოთა კავშირის მარგალიტს“. დავიწყე ქართული ლიტერატურის კითხვა და ქართული ანდაზების შეგროვება. ჩავეწერე პოლონურ-ქართულ მეგობრობის საზოგადოებაში, რომელიც მაშინ ლოძში მოქმედებდა. ჩემი ოცნება 1999 წლის ნოემბერში ახდა. თბილისში ღამით დავეშვით (ციურიხიდან გაფრენა), თოვდა. მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი, რომ მუხლებზე დამეჩოქა და საქართველოს მიწისთვის მეკოცნა. ქართველები მეკითხებოდნენ, ავად ხომ არ ვიყავი? მე მათ ვეუბნებოდი, რომ ახლა ჩემი ცხოვრების ოცნება სრულდებოდა. სანაცვლოდ მოვისმინე – აქ ყველა ოცნებობს საქართველოდან წასვლაზე, და შენ კი ოცნებას ისრულებ?!… ხუთი დღის განმავლობაში მოვინახულე თბილისის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ადგილი. ვიყავი მცხეთაში და ჯვარზეც. ასევე კუკიის კათოლიკურ სასაფლაოზე და „პოლონურ“ კათოლიკურ ეკლესიაში, ჯავახიშვილის ქუჩაზე. წაკითხული წიგნებიდან ვიცოდი, რომ თბილისში დღემდე ცხოვრობენ იმ პოლონელთა შთამომავლები, რომლებიც მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში გადაასახლეს. როცა შევაბიჯე პეტრე და პავლე მოციქულების ეკლესიაში, ისეთი განცდა მქონდა, თითქოს პოლონეთში მდებარე ტაძარში ვიყავი. ვუმზერდი საკურთხეველს, ვცდილობდი გამეგო წარსულის ხმები, რომლებიც მომიყვებოდნენ იმ პოლონელი გადასახლებულების ისტორიას, რომლებმაც ეს ტაძარი მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ააშენეს. ეკლესიაში შევხვდით ქალბატონს, რომელიც წესრიგს უზრუნველყოფდა – მან მიგვიყვანა მონასტერში პოლონელ მღვდლებთან, რომელთაგანაც შევიტყვე თბილისის პოლონური დიასპორის მდგომარეობის, პოლონური სკოლისა და პოლონური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ამ დანგრეულმა მონასტერმა, ჭრიალა კიბეებმა და ნესტიანმა კედლებმა, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა და მოსვენება არ მომცა პოლონეთში დაბრუნების შემდეგ. გადავწყვიტე საქართველოსთვის მადლობის გადახდა – იმისთვის, რომ მან აღმომაჩენინა დიდი გატაცება და რომ წარსულში ოდესღაც ასე გულთბილად უმასპინძლა მეფის რუსეთის მიერ გადასახლებულ პოლონელებს. ასე დავაარსე ფონდი „Ocalenie“, რომელიც დახმარებას უწევდა პოლონური წარმომავლობის ადამიანებს მთელ სამხრეთ კავკასიაში. ფონდის მთავარი მიზანი იყო თბილისის პოლონური სკოლის დახმარება. ცხოვრების ქარიშხალთა შედეგად, 2013 წელს დავაარსე ფონდი „MultiOcalenie“.

– რა ღირებულებებია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტების განხორციელებაში?
– უკვე 25 წელია ვახორციელებ სამედიცინო, ჰუმანიტარულ, სოციალურ, საგანმანათლებლო, ისტორიულ და ინტეგრაციულ პროექტებს საქართველოსა და პოლონეთში. ყველგან და ყოველთვის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადამიანი, სამართლიანობა და სიმართლე.
– რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ხორციელდება საქართველოში პოლონეთის დიასპორასთან თანამშრომლობით?
– ახლა ვასრულებთ ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას. polskakaukaz.pl საიტზე შეგიძლიათ ვირტუალურად მოინახულოთ 27 ობიექტი, რომლებიც პოლონელთა ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობას უკავშირდება საქართველოში. ეს ჩემთვის ემოციური პროექტია – ვტიროდი ქუთაისის მახლობლად გაუქმებულ სამხედრო აეროდრომის ბეტონზე, სადაც ვეძებდით ლაგერის კვალს ნომერი 0331 – სადაც 1944/45 წლებში გადასახლებულ პოლონეთის არმიის ჯარისკაცებს ვილენჩიზნიდან მონურად ამუშავებდნენ. ვტიროდი მანგლისში მდებარე პოლონური ეკლესიის ნანგრევებთან, რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ რძის ქარხანად გადააკეთა, და რომლის ნანგრევებში ახლა ადგილობრივები თივას აბარებენ…
ასევე ვმუშაობთ სამედიცინო და სოციალურ დახმარების პროექტის დასრულებაზე პოლონური წარმომავლობის ხანდაზმული მოსახლეობისთვის თბილისში, კახეთში (ლაგოდეხი, დედოფლისწყარო), სამცხე-ჯავახეთში (ახალციხე, ხიზაბავრა, ვალე). დაახლოებით 300 ადამიანს დავუფინანსეთ სამედიცინო გამოკვლევები (ჩვეულებრივი ანალიზებიდან რთულ ტომოგრაფიამდე), შევუსყიდეთ დანიშნული მედიკამენტები და გავუგზავნეთ საკვები. პროექტები ფინანსდება პოლონეთის სენატის კანცელარიის მიერ, საზღვარგარეთ მცხოვრები პოლონელების და პოლონური წარმოშობის ადამიანების დაცვის ფარგლებში.

სამედიცინო კვლევები და სოციალური დახმარების პროქეტი პოლონური წარმოშობის ქართველებისთვის ახალციხეში. 2025 წ.
მაგრამ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო 2002 წელს – როცა პოლონეთში სამკურნალოდ ჩამოვიყვანე პოლონური სკოლის 14 თბილისელი ტუბერკულოზით დაავადებული მოსწავლე. 3-თვიანი მკურნალობის საფასური ოტვოცკის საუკეთესო კლინიკაში გადაიხადეს კანადელმა პოლონელებმა. ეს იყო საოცარი სოლიდარობის და ერთობის გამოხატულება – მდიდარ კანადაში პოლონურ დიასპორასა და საქართველოში გადარჩენის ზღვარზე მყოფ პოლონურ დასპორას შორის.

ბანაკი პოლონეთში თბილისის პოლონური სკოლის მოსწავლეებისთვის
– რა საჭიროებებს პასუხობს ეს პროექტები საქართველოში მცხოვრები პოლონეთის დიასპორისთვის?
– ჩვენი პროექტები მიმართულია პოლონური წარმომავლობის ახალგაზრდების ლიდერული უნარების ჩამოყალიბებისკენ – ყოველწლიურად პოლონეთში ვაწყობთ ლიდერულ სემინარებს ახალგაზრდა წარმომადგენლებისთვის. პრიორიტეტია ასევე სამედიცინო და სოციალური დახმარება ყველაზე ხანდაზმული პოლონური წარმოშობის პირებისთვის. ბევრ მათგანს სახლშიც ვესტუმრეთ და ვხედავთ, რა რთულ პირობებში ცხოვრობენ. როგორც ძალიან სენტიმენტალური ადამიანი – ასევე ვზრუნავ პოლონური ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებაზე. მიყვარს თბილისის ქუჩებში სიარული და იმ საოცარი შენობების ყურება, რომლებიც პოლონელ არქიტექტორებს აქვთ დაპროექტებული.

– რა სირთულეებს აწყდებით კავკასიის რეგიონში მუშაობისას?
– ზოგჯერ ვხვდები მენტალურ განსხვავებებს (იღიმის). ახლა, საკვები პროდუქტების პაკეტების ორგანიზებისას, გაგვიჭირდა ისეთი მაღაზიების პოვნა, რომლებიც დაინტერესდებოდნენ თანამშრომლობით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი ბიუჯეტი გვქონდა. ისეთი შთაბეჭდილება მქონდა, რომ ამ საქმესთან კავშირი არავის სურდა. არ მიყვარს საკითხები, რომლებიც მართლმადიდებლობისა და კათოლიციზმის შედარებას ეხება. სამწუხაროდ, საქართველოში არაერთხელ მსმენია, რომ მხოლოდ მართლმადიდებლები არიან ნამდვილი ქრისტიანები. ეს ჩემთვის მარტივი საუბრები არ იყო.
– როგორ ყალიბდება თანამშრომლობა ადგილობრივ ინსტიტუტებთან საქართველოში?
ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კერძო სამედიცინო კლინიკებთან თანამშრომლობამ – შესანიშნავი ორგანიზაცია, ძალიან კარგი კონტაქტი გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.
– რა მიგაჩნიათ ფონდის უდიდეს წარმატებად პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში?
-პოლონეთში ძალიან ვაფასებ იმას, რაც გავაკეთეთ ქართველი ემიგრანტებისთვის, რომლებიც პოლონეთში იყვნენ პანდემიის პირველ თვეებში. მაშინ დიდ ინტეგრაციულ და საქველმოქმედო პროექტს ვახორციელებდით. ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში აღმოჩნდნენ – ვურიგებდით საკვებს, ვაძლევდით სასურსათო პაკეტებს (ბევრი პროდუქტი მივიღეთ პოდლასიის ფერმერებისგან), ვუხდიდით ჰოსტელების საფასურებს. ვფარავდით სამედიცინო ვიზიტების და მედიკამენტებს ხარჯებს. ორსულ გოგონებთან ერთად დავდიოდი სამედიცინო კონტროლებზე და ვუყურებდი მათ პატარებს ეკრანზე – და ეს ბავშვები ცოტა ჩემი ბავშვებიც ხდებოდნენ (იღიმის). იყო ძალიან რთული მომენტებიც – როცა ჩვენი ბენეფიციარების სიკვდილს გადავაწყდით. ამას დიდხანს განვიცდიდით მთელი გუნდით.
საქართველოში ჩემი ყველაზე დიდი წარმატება არის ფონდის საქმიანობის პირველი წლები, როცა ადგილობრივ პოლონურ დიასპორას ვუზიდავდი საკვებს, თბილ ტანსაცმელს, პოლონურ გაზეთებს, წამლებს. მაგრამ ყველაზე მთავარს – იმედს – მათ ცივ და უშუქო სახლებში.

დოროტა პაჟიმესი ცდილობს დაეხმაროს ქართველ ქალბატონს გორში, რომელიც დაბომბილ სახლში აღმოაჩინა. 2008 წელი, გორი. “როდესაც მოისმინა, რომ ვსაუბრობდი რუსულად, ატირებულმა დამიწყო ხვეწნა, არ დამეხვიტრა, რადგან იყო შოკში”
– ამჩნევთ თუ არა პოლონური კულტურისადმი ინტერესის ზრდას ადგილობრივ საზოგადოებაში?
-პოლონეთი საქართველოში დიდი სიმპატიით სარგებლობს. ადგილობრივი დიასპორა სარგებლობს შესაძლებლობით, მიიღოს პოლონელის ბარათი(karta polaka – პოლონურ ეროვნებასთან კავშირის სიმბოლურად დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გაიცემა პოლონური საკონსულოების მიერ მთელს მსოფლიოში), რომელიც გზას ხსნის პოლონური მოქალაქეობის მიღებისკენ. პოლონური წარმომავლობის ახალგაზრდები ხშირად მიდიან პოლონეთში სასწავლებლად და როგორც პოლონური წარმომავლობის პირები, იღებენ სახელმწიფო სტიპენდიებს სწავლის პერიოდში.
– გაქვთ თუ არა პირადი კავშირი საქართველოსთან ან ქართველ პოლონელებთან?
-მყავს საქართველოში პოლონური დიასპორიდან ძალიან ბევრი მეგობარი, რომლებთანაც უკვე მეოთხედი საუკუნეა ვმეგობრობ. საქართველო ჩემს სახლში ცხოვრობს, რადგან ჩემი ქმარი ქართველია. მაგრამ თავდაპირველად იყო უზარმაზარი სიყვარული საქართველოსადმი და მხოლოდ ამის შემდეგ – ქართველისადმი.
– რა გეგმები გაქვთ საქართველოში პროექტების განვითარების კუთხით მომდევნო წლების განმავლობაში?
-ახლა ვწერ ახალ პროექტებს, რადგან პოლონეთის სენატმა გამოაცხადა კონკურსი პოლონიის საზღვარგარეთ მხარდაჭერისთვის 2026–2027 წლებში. იდეები ნამდვილად არ მაკლია. ძალიან მინდა დაორგანიზდეს პოლონური ენის კურსები ახალციხის პოლონური დიასპორისთვის.
– როგორ შეუძლიათ კერძო პირებს ან კომპანიებს დახმარებაში ჩართვა?
-ლაგოდეხში სასწრაფოდ საჭიროა კახეთის პოლონელთა კავშირის შენობის გარემონტება, სადაც ტარდება პოლონური ენის გაკვეთილები და ვოკალური ანსამბლის რეპეტიციები. ვეძებთ კომპანიას, რომელიც დაეხმარება სარემონტო მასალებით; ხანდაზმულ ადამიანებს, რომლებიც საწოლიდან ვეღარ დგებიან, სჭირდებათ პირადი მოხმარების ნივთები; სამი ბავშვი ახალციხიდან მუდმივ რეაბილიტაციას საჭიროებს. თბილისში, სავაჭრო ცენტრთან „Fresco“ ჩიქობავას 22 ქ. ახლომდებარე კაფეში ხშირად ზის მარტოხელა, ხანდაზმული ქალბატონი, რომელიც მოწყალებას ელის გამვლელებისგან. მისი ოცნება იყო, ეჭამა ქათამი და ორი კვირის წინ მას ეს სურვილი ავუსრულეთ. ვინც ახლოს მოხვდება, გთხოვთ აჩუქოთ მას ქათამი.
– რამ გაგაოცათ ყველაზე მეტად საქართველოში?
-როცა პირველად ჩავედი საქართველოში, ყველაზე მეტად გამაკვირვა „დაცვამ“- „კალაშნიკოვებით,” რომლებიც იდგნენ პატარა სასტუმროს წინ საბურთალოზე.
ასევე, ვერ ვხვდებოდი, რატომ მეძახიან საქართველოში დოროტას ნაცვლად დოროტის.
ახლა, ქართველი ემიგრანტებისთვის პოლონეთში განხორციელებული რამდენიმე პროექტის შემდეგ — ძალიან გამაკვირვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების მაღალმა მაჩვენებელმა.
ასევე ვარ საქართველოში ტურისტული გიდი და ვთანამშრომლობ ბევრ ქალთან, რომლებიც აგროტურიზმით არიან დაკავებული. მაოცებს მათი ძალა და ცხოვრებისეული სიბრძნე! თეა, მაიკო, მარიანა, მარინა, ლეილა – უძლიერესი ქალები ხართ!
– არსებობს თუ არა ქართული ჩვევები ან ტრადიციები, რომელიც განსაკუთრებულად შეგიყვარდათ?
-თბილისში ჩემი ერთ-ერთი პირველი ვიზიტისას ვცხოვრობდი ვაკეში, ჩემი მეგობრები წავიდნენ სამსახურში, მე კი ღამის ფრენის შემდეგ მეძინა. უცებ გამაღვიძა ხმამაღალმა და რამდენჯერმე განმეორებულმა ყვირილმა. ხმის ტემბრით აშკარად მივხვდი, ვიღაცას ეძახდნენ უშედეგოდ. ეს რამდენიმე წუთი გაგრძელდა. დაბრუნებულმა მეგობრებმა მკითხეს – როგორ მეძინა? მე კი გაბრაზებულმა ვიკითხე – სად ცხოვრობს მაწონი? რადგან მთელი დილა ამაოდ ეძახდნენ მას. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ჩემი მასპინძლების რეაქცია, როცა მიხვდნენ, რომ არ ვიცოდი, რომ „მაწონი“ უბრალოდ მაწონია — და არა მეზობლის სახელი ( იღიმის).
ტრადიციებიდან ძალიან მიყვარს ბედობა. გული მწყდება, რომ ვერ ვცეკვავ ქართულ ცეკვებს, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადამიანმა სცადა, ესწავლებინა. მეუბნებიან, რომ უფრო ქართული ფლამენკო გამომდის.
– ერთი წინადადებით როგორ დაახასიათებდით თანამედროვე პოლონეთის დიასპორას საქართველოში?
-ერთი წინადადება ამას ვერ შევძლებ. ერთხელ ტურისტებთან ერთად ვიყავი პატარა ქალაქში ლეჩხუმში. გავჩერდით პურის საცხობთან, რომელსაც ერთი ხანდაზმული ქალბატონი ხელმძღვანელობდა. მან გვკითხა საიდან ვიყავით. შევხედე და დავინახე დიდი, ცისფერი თვალები – ქალბატონი იყო პოლონელი გადასახლებულის შვილთაშვილი.
ჩემთვის საქართველოში პოლონური დიასპორა – ეს არის ცისფერი თვალები და გარკვეული ნოსტალგია ამ თვალებში.

ავტორი: შორენა მელქუაშვილი

