მულტიკულტურული შემოქმედების დღე ვროცლავის ისტორიულ შენობაში

ფოტო სამუშაო შეხვედრის საღამოდანსტატიაში გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის მარგარიტა ხუბუას

ვროცლავის ისტორიულ შენობაში, Stara Giełda-ში (ძველი ბირჟის შენობა), საშობაო პერიოდის განსაკუთრებული შემოქმედებითი ღონისძიება გაიმართა. ფლორისტის, იოლანტა სნოპეკისა და მოქანდაკე-კერამიკოსის, ლერი პაპიძის ერთობლივი სამუშაო შეხვედრა ხელოვნების, დეკორაციისა და კულტურათაშორისი თანამშრომლობის საინტერესო მაგალითად იქცა, სადაც ასევე წარმოდგენილი იყო მოდის ისტორიული ექსპონატი.

იოლანტა სნოპეკის პროფესიული გზა 2018 წელს დაიწყო და ვროცლავში განათლების მიღების შემდეგ, მისი ხელწერის მთავარ ღერძად ბუნების შთაგონება და მასთან სულიერი თანხვედრა ჩამოყალიბდა. ფლორისტის გამოცდილება მოიცავს ისეთ დიდ ღონისძიებებში მონაწილეობას, როგორიცაა Zamek Książ-ის ფესტივალები, Lato Kwiatów და Gardenia. ის განსაკუთრებულად აფასებს თეთრი ალვის ფოთლებსა და კლემატსს, როგორც თავისუფლებისა და ბუნების ციკლის სიმბოლოს.

ფოტოზე: Jolanta snopek

შეხვედრის მონაწილეებმა შექმნეს დეკორაციები, რომლებიც ლერი პაპიძის უნიკალურ, ხელნაკეთ კერამიკულ ჭურჭელში მოთავსდა. ქართველი კერამიკოსი ლერი პაპიძე ორი კულტურის სინთეზის ცოცხალი მაგალითია; 1994 წელს თბილისის ხელოვნების აკადემიიდან ემიგრაციის შემდეგ, მან სწავლა ვროცლავის გეპერტის სახელობის სახვითი ხელოვნების აკადემიაში განაგრძო და 1997 წელს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო. მისი ოსტატობა ეფუძნება ქართული ტრადიციული მეთუნეობის ტექნიკას, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ხელოვნების ხედვასთან. პაპიძე არის პოლონეთის ჩემპიონი მეთუნის ბორბლის ტრიალში და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი. 2002 წლიდან დღემდე ის ვროცლავის გეპერტის სახელოსნოში ოსტატად მუშაობს და ამავდროულად ქმნის მასშტაბურ სკულპტურულ პროექტებს ქვემო სილეზიაში.

ფოტოზე: ლერი პაპიძე

ღონისძიების ვიზუალურ ნაწილს ამდიდრებდა ალდონა ციმალას (Art & Donna) მიერ შეკერილი 1874 წლის კაბის რეპლიკა, რომელიც მთავარ ვესტიბიულში იყო გამოფენილი. კაბა წარმოადგენს ფრანგული მოდის ორიგინალური კატალოგიდან აღებული მოდელის ზუსტ ასლს და კარგად ერწყმოდა ძველი ბირჟის ისტორიულ ინტერიერს. ალდონა ციმალას მიზიდულობა ისტორიული მოდის მიმართ ოჯახური ტრადიციიდან მოდის – მისი ბებია კერავდა პოლონელი არისტოკრატი ოჯახისთვის. დიზაინერი, რომელიც სპეციალიზებულია ისტორიულ, საქორწინო და საცეკვაო კაბებზე, ამ ექსპონატით პატივი მიაგო ძველ ხელობას.

ფოტოზე: ალდონა ციმალას მიერ შეკერილი 1874 წლის კაბის რეპლიკა

იოლანტა სნოპეკისა და ლერი პაპიძის სამუშაო შეხვედრა, ალდონა ციმალას ისტორიულ ექსპონატთან ერთად, წარმოადგენდა ქართული და პოლონური კულტურების სინთეზს, სადაც ფლორისტიკა, კერამიკა და მოდა ერთ სივრცეში, Stara Giełda-ში, გაერთიანდა.

ავტორი: ნათია ქიმაძე











Facebook Comments Box

By Natia Kimadze

ორ ქვეყანაში ცხოვრებამ ერთი რამ მასწავლა: ნებისმიერი ამბავი მხოლოდ მაშინ არის სრული, თუ მას ორივე მხრიდან ვყვები. მეც ამ პრინციპით ვცდილობ ვიხელმძღვანელო.

error: Content is protected !!