1830 წლის 29 ნოემბერს, ვარშავაში დაიწყო ისტორიული მოვლენა, რომელმაც გარდამტეხი როლი ითამაშა პოლონეთის ეროვნულ თვითშეგნებაში. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური თავისუფლებისმოყვარე გამოსვლა — ნოემბრის აჯანყება, რომელიც რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მიმართულ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომად იქცა. პოლონელი კადეტებისა და მოქალაქეების მიერ დაწყებული შეკრება სწრაფად გადაიქცა სრულმასშტაბიან ეროვნულ-განმათავისუფლებელ ომად, რომელიც თითქმის ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.
მიუხედავად რამდენიმე სამხედრო წარმატებისა — სტოჩეკში, დემბე ვიელკიეში, იგანიეში — რუსული არმიის სამხედრო უპირატესობა გადამწყვეტი აღმოჩნდა. 1831 წლის ოქტომბერში აჯანყება საბოლოოდ ჩაახშეს.
მარცხმა გამოიწვია პოლონეთის ავტონომიის გაუქმება, ათიათასობით ადამიანზე გავრცელდა რეპრესიები, რამაც საფუძველი ჩაუყარა „დიდ ემიგრაციას“. მოხდა პოლონელი ოფიცრების, მეცნიერებისა და ინტელიგენციის იძულებითი გადასახლება იმპერიის შიდა ტერიტორიებზე, ბევრი მათგანი აღმოსავლეთით — სწორედ კავკასიისკენ გააგზავნეს.
პოლონელთა ემიგრაცია საქართველოში — იძულებით გადაადგილებულები, რომლებიც მეგობრებად იქცნენ
XIX საუკუნეში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და სწორედ ამ გარემოში, ადმინისტრაციული გადასახლებებისა და სამხედრო დანიშვნების მეშვეობით, ათობით პოლონელი მოხვდა საქართველოში.
მათ საქმიანობას ჰქონდა დიდი გავლენა: პოლონელებმა და ქართველებმა ჩამოაყალიბეს ინტელექტუალური და სულიერი ერთობა, რომელიც ანტირუსულ მოძრაობებში გამოიხატებოდა. ამავდროულად პოლონელმა არქიტექტორებმა და გეოდეზებმა ხელი შეუწყვეს თბილისის ურბანულ განვითარებას; ინჟინრებმა იმუშავეს კავკასიური რკინიგზისა და საბადოების პროექტებზე; პოლონელმა ექიმებმა თბილისში შექმნეს სამედიცინო და ჰიგიენის სტანდარტები, ხოლო მეცნიერებმა შეისწავლეს ქართული ბუნება, მიწის რესურსები და მინერალოგია.
პოლონეთსა და საქართველოს ჰქონდა მსგავსი ისტორიული გამოცდილება — ოკუპაცია, კულტურული წინააღმდეგობა და ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის, ორივე ერი იბრძოდა იმპერიული დომინაციის წინააღმდეგ, რასაც აძლიერებდა საკუთარი ენისა და კულტურის დაცვის სურვილი, სწორედ ამ ნიადაგზე წარმოიშვა ის მეგობრობა, რომელიც დღემდე არსებობს — კულტურაში, დიპლომატიასა თუ სოლიდარობაში.
ავტორი: შორენა მელქუაშვილი

