2025 წლის 15-17 ნოემბერს ვარშავაში გაიმართა ქორეოგრაფიული ფესტივალ–კონკურსი Warsaw Art Inspiration 2025, რომელიც ეროვნული პროგრამის Ruch Młodych 2025 ნაწილია. ღონისძიებას მასპინძლობა გაუწია Okęcka Sala Widowiskowa Domu Kultury Włochy–მ, სადაც წარდგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა.

16 ნოემბერს ფესტივალში მონაწილეობა მიიღო ანსამბლმა Daisi მიხეილ დვალიშვილის ხელმძღვანელობით. აღსანიშნავია, რომ ანსამბლი შედგება როგორც ქართველი ასევე უცხოელი მოცეკვავეებისგან.
სწორედ მან მოიპოვა გრან-პრი ფოლკლორული და ავთენტური ქორეოგრაფიის კატეგორიაში.

ის ჟიურის წინაშე წარდგა ორი განსაკუთრებული ცეკვით –
აჭარული და მთიულური, რომლებიც შესრულდა მაღალი ტექნიკური და სცენური სტანდარტებით.
კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ ჯგუფები და სოლისტები შემდეგი ქვეყნებიდან:
- პოლონეთი
- გერმანია
- უკრაინა
- საქართველო
- ლიეტუვა
- სომხეთი
Warsaw Art Inspiration ყოველწლიურად აერთიანებს როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალ ქორეოგრაფიულ ჯგუფებს. მისი ძირითადი მიზნებია:
- ახალგაზრდებისთვის განვითარების შესაძლებლობების შექმნა,
- ქორეოგრაფიული შემოქმედების მხარდაჭერა,
- სხვადასხვა კულტურასა და სტილს შორის გაცვლის წახალისება.
ჯგუფები სხვადასხვა კატეგორიაში ასპარეზობდნენ: თანამედროვე ქორეოგრაფია, ნაციონალური ცეკვები, jazz, show dance, open category და სხვა.
შეფასება ხორციელდებოდა დაკომპლექტებული ჟიურის მიერ, რომელშიც შედიოდნენ უნივერსიტეტების წარმომადგენლები, ქორეოგრაფები, პედაგოგები და ფესტივალების ორგანიზატორები. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა ტექნიკას, ქორეოგრაფიის ხარისხს, სცენოგრაფიას, ჯგუფურ მუშაობას, ვიზუალურ გადაწყვეტებსა და ემოციურ ინტერპრეტაციას.
Warsaw Art Inspiration 2025 წელსაც აღმოჩნდა პლატფორმა, სადაც სხვადასხვა ქვეყნის ქორეოგრაფიული ჯგუფები ერთმანეთს გამოცდილებას, სტილსა და ხედვებს უზიარებდნენ. ქართული ფოლკლორის გამარჯვებამ კი ხაზგასმით წარმოაჩინა ჩვენი კულტურის შესაძლებლობები თანამედროვე საფესტივალო სივრცეში.

ავტორი: შორენა მელქუაშვილი
