პოლონური ზღაპარი: ვროცლავის საშობაო ბაზრობა

ვროცლავის საშობაო ბაზრობა თოვლში - Rynek-ის მოედანი ზამთრის ატმოსფეროში, ხის პავილიონები და საშობაო განათებათოვლიანი ვროცლავი დეკემბერში

2019-2020 წლის ზამთარი ვროცლავში გავატარე. ვცხოვრობდი ამ ულამაზეს პოლონურ ქალაქში და, მართალია, შეიძლება ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ის ზამთარი ერთ-ერთ განსაკუთრებულ მოგონებად დარჩა ჩემს ცხოვრებაში. განსაკუთრებით კი ვროცლავის საშობაო ბაზრობა.

დეკემბრის დასაწყისი იყო, როცა მოვხვდი საშობაოდ მორთულ Rynek-ის მოედანზე. ძველი შენობების ფასადებს თბილი ნათება ეფინებოდა, ჰაერში კი გლინტვეინისა და შემწვარი თხილის სურნელი ტრიალებდა. მოედნის ცენტრში კი ულამაზესი ნაძვის ხე იდგა. თითქმის ყოველ საღამოს ვბრუნდებოდი Rynek-ზე, რადგან იმ ატმოსფეროში ყოფნა განსაკუთრებით მსიამოვნებდა.

Jarmark, საშობაო ბაზრობა ვროცლავში

ვროცლავის საშობაო ბაზრობა მოიცავს Rynek-ისა და Plac Solny-ის მოედნებს. ხის პატარა პავილიონები მჭიდროდ დგანან ერთმანეთის გვერდით და თითოეულში თითქოს სხვადასხვა სამყარო გხვდება — ხელნაკეთი სათამაშოები, სანთლები, ტკბილეული, ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრები.

განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ტოვებენ ვროცლავის ცნობილი ჯუჯები — პატარა ბრინჯაოს ქანდაკებები, რომლებიც მთელ ქალაქშია მიმოფანტული. ბაზრობის პერიოდში ისინი თემატურად საშობაო კოსტიუმებით ირთვებიან, მათი მოძიება კი ქალაქის შეცნობის ყველაზე ხალისიან ფორმად იქცევა.

ვროცლავის ცნობილი ბრინჯაოს ჯუჯა საშობაო ქუდში - ქალაქის სიმბოლო
ჯუჯა საშობაო მორთულობით

ვროცლავის საშობაო ბაზრობა გემოების ფესტივალია. გლინტვეინს (grzane wino) აქ სხვა გემო აქვს – მას ჩექმის ფორმის თასებში ასხამენ, რომლებიც თავად იქცევა საშობაო ბაზრობის სავიზიტო ბარათად. ყოველწლიურად დიზაინი იცვლება და ეს პატარა კერამიკული ფინჯანი სანუკვარ მოგონებად რჩება – დღესაც ვინახავ იმ ფინჯანს, რომელიც სითბოთა და ნოსტალგიით არის სავსე.

გლინტვეინი ჩექმის ფორმის კერამიკულ ფინჯანში - ვროცლავის საშობაო ბაზრობის ტრადიციული ფინჯანი
ვროცლავის საშობაო ბაზრობის ჩექმის ფორმის გლინტვეინის ფინჯანი

პოლონური კულინარიის გასაცნობად საუკეთესო ადგილია სწორედ საშობაო ბაზრობა. ყველაზე პოპულარული კერძებია: oscypek – მთის ტრადიციული ცხვრის ყველი, გრილზე შემწვარი და კენკროვანი სოუსით; kielbasa – პოლონური ძეხვი ცხელ პურში; pierogi – ტრადიციული პელმენები ხორცით, კარტოფილით ან ტკბილი შიგთავსით.

ხის პავილიონების გარშემო ცოცხალი ატმოსფერო სუფევს: ცოცხალი მუსიკის რიტმზე ცეკვავენ, ბავშვები კარუსელზე ტრიალებენ, წყვილები ნაძვის ხის ფონზე ფოტოებს იღებენ. ცხელი კერძით ხელში დგომა და ამ მშვენიერი ქაოსის თვალყურის დევნება არის ის, რაც საშობაო ბაზრობას განსაკუთრებით მომხიბვლელს ხდის.

ვროცლავის საშობაო ბაზრობა უბრალო ტურისტული ატრაქციონი არ არის — ეს ქალაქის ბუნებრივი ნაწილია. აქ მოდიან ადგილობრივებიც, მეგობრებთან შესახვედრად, გლინტვეინის დასაგემოვნებლად ან უბრალოდ საღამოს გასატარებლად. სწორედ ამ უბრალოებაში იმალება მისი მთავარი ხიბლი.

რას გირჩევ 2025 წლისთვის
თუ წელს პოლონეთში საშობაო ბაზრობის ნახვას აპირებთ, აუცილებლად ეწვიეთ ვროცლავს – ბაზრობა 21 ნოემბრიდან 7 იანვრამდე გაგრძელდება (შობისა და ახალი წლის დღეების გარდა).
რატომ სწორედ ვროცლავი:
• პოლონეთის ერთ-ერთი უდიდესი და ულამაზესი საშობაო ბაზრობა
• ავთენტური ატმოსფერო – არა მხოლოდ ტურისტებისთვის
• მისაღები ფასები სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით
• უნიკალური ჯუჯების ძიების თავგადასავალი მთელ ქალაქში
• 25-მეტრიანი საშობაო ხე და შთამბეჭდავი განათებები
• სრიალის მოედანი და ყოველდღიური უფასო კონცერტები

სხვა რეკომენდაციები პოლონეთში
თუ მეტი დრო გაქვთ, აუცილებლად ეწვიეთ:
• კრაკოვს – მთავარი მოედანი შობისას ნამდვილ თეატრად იქცევა;
• გდანსკს – ზღვისპირა საშობაო ბაზრობა ქარვის სამკაულებით და უზარმაზარი ადვენთ-კალენდარით;
• პოზნანს – სადაც ტარდება ყინულის ქანდაკებების ფესტივალი

პრაქტიკული რჩევები

დრო: საუკეთესო პერიოდია დეკემბრის შუა რიცხვები – სრული საშობაო ატმოსფეროა, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ძალიან ხალხმრავლობა.
ტანსაცმელი: პოლონეთში დეკემბერი საკმაოდ ცივია (ხშირად -5-დან -15 გრადუსამდე). აუცილებელია თბილი ქურთუკი, შარფი, ხელთათმანები და კომფორტული, თბილი ფეხსაცმელი
ფული: უმჯობესია ნაღდი ფული (პოლონური ზლოტი) გქონდეთ, თუმცა უმეტეს ადგილას ბარათსაც იღებენ. გაითვალისწინეთ, რომ პოლონეთში ევრო არ მოქმედებს.

ვროცლავის საშობაო ბაზრობა მხოლოდ სავაჭრო ადგილი კი არ არის, არამედ ემოციებისა და განცდების სივრცეა. აქ შეგიძლია დაივიწყო ყოველდღიური რუტინა და თუნდაც ერთი წუთით ბავშვობაში დაბრუნდე, როცა შობა ნამდვილი ჯადოსნობა იყო.
თუ გექნებათ შესაძლებლობა, აუცილებლად ეწვიეთ ამ ჯადოსნურ ადგილს. და თუ ვროცლავში აღმოჩნდებით, აუცილებლად მოძებნეთ ის პატარა ბრინჯაოს ჯუჯები; ისინი თქვენს მოგზაურობას კიდევ უფრო დაუვიწყარს გახდიან.

ავტორი: ანა როგავა

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #
error: Content is protected !!