ქართველი მხატვარი პოლონეთში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდა

ქართველი მხატვარი პოლონეთში პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გახდაფოტო: აკაკი გაჩეჩილაძე

ქართველი მხატვარი აკაკი გაჩეჩილაძე საერთაშორისო აღიარების ახალ ეტაპზე გადავიდა: პოლონეთში, პრესტიჟულ ღონისძიებაზე „Luksusowa Marka Roku“ (წლის ძვირადღირებული ბრენდი) მას სპეციალური ჯილდო – „წლის ოპტიმისტი 2025“ გადაეცა. ორგანიზატორებმა, რომლებმაც გაჩეჩილაძის პროფესიული ტრანსფორმაცია და ოპტიმიზმი აღნიშნეს, აუქციონზე მისი ორი ნამუშევარიც წარმატებით გაყიდეს.

მხატვარი აკაკი გაჩეჩილაძე

მე-16 ტრადიციული ღონისძიების სტუმრები ამ პრესტიჟული ჯილდოს გადაცემის მოწმენი გახდნენ. ერთ სცენაზე, ფუფუნების სამყაროს წარმომადგენლებთან ერთად,პოლონური მოდის,ესტრადისა და კულტურის ვარსკვლავები იმყოფებოდნენ. გადაცემული ჯილდოებიდან ერთ-ერთი – ,,წლის ოპტიმისტი 2025“- ვარშავაში მცხოვრებ ქართველ მხატვარს გადაეცა, რომლის ორი ნამუშევარიც ღონისძიების ფარგლებში აუქციონზე გაიყიდა.

მხატვარი საკუთარ ნამუშევრებთან ერთად

ჯილდო

როგორც „Luksusowa Marka Roku”-ს ორგანიზატორებმა აღნიშნეს, აკაკი გაჩეჩილაძის არჩევა „წლის ოპტიმისტის” ნომინაციაში შემთხვევითი არ ყოფილა.მხატვარმა სამშობლოში ენერგეტიკის სფეროში წარმატებული კარიერა დატოვა და 50 წლის ასაკში ახალი ცხოვრება დაიწყო ემიგრაციაში. უცხო ქვეყანაში, თავდაპირველად ენის ცოდნის გარეშე, ის საკუთარ თავს მხოლოდ კულტურის ენით, საღებავებითა და ტილოთი გამოხატავდა. ორგანიზატორების თქმით, გაჩეჩილაძის ცხოვრებისეული გზა და პროფესიული ცვლილება ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანი წარმატებით გადაერთოს სრულიად ახალ სფეროში და შექმნას საკუთარი უნიკალური ადგილი ხელოვნებაში.

ამჟამად აკაკი გაჩეჩილაძე პოლონეთის დედაქალაქის გულში, საკუთარი სახელოსნო-გალერეის მფლობელია.
დიდი ვიტრინების მიღმა შესაძლებელია დააკვირდე, როგორ იბადება ახალი ტენდენციები, რომლებიც, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხატვაში ქმნიან ახალ მოდას. სივრცე ერთდროულად არის საგამოფენო დარბაზი და სასწავლო ცენტრი, სადაც მხატვარი ჯგუფურ და ინდივიდუალურ გაკვეთილებს უძღვება ფერის აღქმაში, კომპოზიციასა და ზეთის საღებავებით ხატვის ტექნიკაში.

მხატვრის სახელოსნოს მისამართი იხილეთ ჩვენს ქართულენოვან რუკაზე:
https://site.kartuli.news/location-details.php?id=33

გაჩეჩილაძის ნამუშევრები კერძო კოლექციებშია განთავსებული მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. მისი პერსონალური და ჯგუფური გამოფენები გაიმართა გერმანიაში (დიუსელდორფი, მეერბუში, ჰამბურგი), ესპანეთსა (მარბელა) და იორდანიაში (ამანი).

მხატვრის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე :
https://sites.google.com/view/akakiart/home

მხატვარი აქტიურად მონაწილეობს კულტურულ ღონისძიებებსა და გამოფენებში. მისი მიზანია ახალი მიმართულებებისა და სტილისტური ფორმების მოძიება თანამედროვე ხელოვნებაში, ასევე საკუთარი ოსტატობის გაზიარება მოწაფეებისთვის, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ ამ სფეროში.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!