„მოხარული ვარ, როცა ქართველები ხედავენ, რამდენად მიყვარს მათ კულტურა“

პოლონელი ახალგაზრდა ქალი, ემილია ბარტკოვსკა, საქართველოსადმი უჩვეულო და უზარმაზარი სიყვარულით არის გამორჩეული. ის, რაც ქუთაისის აეროპორტში დაშვებით დაიწყო, გადაიქცა ნამდვილ კულტურულ მოგზაურობად, რომელმაც ემილიას ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. ის საქართველოს მხოლოდ რუკაზე იცნობდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს: „ის, რაც ადგილზე ვიგრძენი, სიტყვებით ვერ გადმოიცემა.“

ფოტოზე: ემილია ბარტკოვსკა
ფოტო: Karol Ziemowit

ემილიას პირველი მოგზაურობა საქართველოში შემთხვევითობის ნაყოფი იყო. 2023 წელს ის საქართველოში ჩავიდა, რათა ქალებისთვის სლავური იოგა ესწავლებინა, რა დროსაც ბაკურიანიდან დაშბაშის კანიონისკენ ხუთდღიან ცხენოსნურ რეიდში მიიღო მონაწილეობა. ამბობს, რომ ცხენზე კარგად ვერ ჯდებოდა, თუმცა თავისი ცხენი – ულამაზესი მურა აზნაური სახელად კონგო – მთელი გზა ზრუნავდა მასზე.

„ჯერ ხედები შემიყვარდა – ის სუფთა ჰაერი, უსასრულო სივრცე და მთების სიმშვიდე,“ – იხსენებს ემილია.

ამ უძველეს ბილიკებზე მოგზაურობისას, წითელი, გრძელი ქვედაბოლოთი შემოსილი პოლონელი პრინცესა, როგორც თავად გრძნობდა თავს, არა მხოლოდ ბუნებით მოიხიბლა, არამედ ქართული მუსიკითაც, რომელსაც გიდები უსმენდნენ. მას განსაკუთრებით ხიბლავს ქართული ენა – „ ძლიერი და სრულიად განსხვავებულია პოლონურისგან.“ – ამბობს ის.მოგზაურობის ყველაზე ემოციური მომენტი ტაბაწყურის ტბაზე იყო – ამ სილამაზის გამო, ემილიამ ცრემლები ვერ შეიკავა.ასევე, როცა 8 დღის შემდეგ პოლონეთში უნდა დაბრუნებულიყო.

ემილია საქართველოში მოგზაურობის დროს

საქართველოსადმი მიზიდულობა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ემილია ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2024 წელს, დაბრუნდა. ამჯერად, მისი მიზანი იყო ვარძიათამარ მეფის კლდეში ნაკვეთი ქალაქი. გამგზავრებამდე მან აქტიურად დაიწყო საქართველოს ისტორიის, განსაკუთრებით კი თამარ მეფის შესწავლა, რომლის ამბავმაც მყისვე მოხიბლა.

ვარშავაში დაბრუნებულმა, ემილიამ ქართული კულტურის შესწავლა ახალ დონეზე აიყვანა. მან იყიდა ქართული ენის სახელმძღვანელოები და ქართული საუბარი, წერა და კითხვაც კი ისწავლა. ამავე დროს, მან ვარშავაში ქართული ცეკვის ანსამბლი „Daisi“ იპოვა და ქორეოგრაფ მიხეილ დვალიშვილთან დაიწყო სიარული. ცეკვის გაკვეთილები მისთვის ქართული კულტურისადმი სიყვარულის ყველაზე დიდი გამოხატულება გახდა: „ყოველ გაკვეთილის შემდეგ უფრო და უფრო მიყვარდებოდა ქართული კულტურა.“ ანსამბლთან ერთად, ვარშავაში, საქართველოს კულტურის ფესტივალზე გამოსვლა მისთვის უდიდესი პატივი იყო.

საქართველოს კულტურის გაცნობაში მას ეხმარება ქართველი მეგობარი გიორგი მალაკელიძე, რომლის წიგნიც ქართულ სუფრაზე წაიკითხა. ემილია მას თავის ქართველ ძმას უწოდებს.

იხილეთ ემილიას მიერ შესრულებული ცეკვა ,,აჭარული”

2025 წელს ემილია საქართველოში უკვე მესამედ, 25 დღით ჩამოვიდა. მისი ერთ-ერთი მთავარი ოცნება ვარძიაში ცეკვა იყო და მან ეს ოცნება რეალობად აქცია. ამ მოგზაურობისას, ემილია ყველგან ცეკვავდა: ცხენოსნურ რეიდზე ვარსკვლავების ქვეშ, ბაკურიანში „რაჭულის“ ფონზე უნაგირებს შორის, ბათუმის სანაპიროზე მზის ჩასვლისას და თბილისის ქუჩებში ცოცხალი მუსიკის გაგონებაზე.

,,ბაკურიანში ბიჭები არ მაძლევდნენ ღვინის მშვიდად სმის საშუალებას — სულ რთავდნენ რაჭულს და მეც ვცეკვავდი“, – იხსენებს პოლონელი ემილია ღიმილით.

ემილიასთვის განსაკუთრებული სიხარულია, როცა ქართველები მის ცეკვას უყურებენ და ხედავენ, თუ როგორ უყვარს მათი კულტურა. ერთ-ერთი ქართველი დიზაინერი, რომელმაც ემილიას ქართული ნაციონალური წითელი მოსაცმელი შეუკერა, თავად ცეკვის მასწავლებელი აღმოჩნდა და სიამოვნებით ჩაუტარა კერძო გაკვეთილი.

დღეს ემილია ბარტკოვსკა აქტიურად ეწევა საქართველოს პოპულარიზაციას პოლონეთში. ის მუდმივად საუბრობს ქართულ კულტურაზე, ცეკვებს აჩვენებს და ეხმარება პოლონელებს ქვეყნის გაცნობაში. მან უკვე მოაწყო ფოტოგამოფენა მისი ცხენოსნური მოგზაურობებიდან და სამომავლოდ გეგმავს მის სხვა პოლონურ ქალაქებში ჩვენებას.

ფრაგმენტი ემილიას ფოტოგამოფენიდან

ფრაგმენტი ემილიას ფოტოგამოფენიდან

ემილია იმედოვნებს, რომ 2026 წელს ისევ ესტუმრება საქართველოს, რათა „კიდევ უფრო მეტი იცეკვოს, კიდევ უფრო მეტი ნახოს.“ მისი მეგობრები ხშირად ხუმრობენ, რომ ერთ დღეს ის ცალმხრივ ბილეთს იყიდის და სამუდამოდ დარჩება საყვარელ საქართველოში.

ავტორი: ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!