პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველოს“ ხელმძღვანელი, გიორგი გეთია, საკუთარი ცხოვრების გზასა და ორგანიზაციის მიზნებზე საუბრობს. მისი ცხოვრება აფხაზეთის ომით დაიწყო, რასაც სამხედრო კარიერა და საერთაშორისო მისიები მოჰყვა. ,,მშვიდობის შენარჩუნება მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს“, – აცხადებს გეთია და აღნიშნავს, რომ ის ყოველთვის იცავდა საქართველოს ინტერესებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.
2017 წლიდან გიორგი გეთია ვროცლავში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, სადაც 2023 წელს, საპატიო კონსულის ვოიცეხ ვრუბელისა და თანამემამულეების ძალისხმევით, დაარსდა დიასპორული ასოციაცია „საქართველო“. ორგანიზაციის მთავარი მიზანია პოლონეთში მცხოვრებ ქართველებში ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, ქართული კულტურის, ენისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.
მიუხედავად ხანმოკლე არსებობისა, ასოციაციამ უკვე მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებებს: დაარსდა ქართული საკვირაო სკოლა, ქართული ცეკვის სტუდია და გაიხსნა პოლონეთში პირველი ქართული ბიბლიოთეკა. ეს უკანასკნელი 2024 წელს, პროექტ Wroclaw possibilities Know No Borders-ის მხარდაჭერითა და მწერალ გიორგი კეკელიძის წიგნების დახმარებით გაიხსნა. ბიბლიოთეკა არ არის მხოლოდ წიგნების საცავი – ეს არის სივრცე, სადაც სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება. როგორც გიორგი გეთია აღნიშნავს, ასოციაცია დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ამის ნათელი მაგალითია პოლონელი ქართველოლოგის, მაგდა ნოვაკოვსკას მიერ თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ თარგმნა, რომელიც პოლონეთში წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა.
გიორგი გეთია ხაზს უსვამს ემიგრანტების წინაშე არსებულ სირთულეებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ ქართველთა ერთობა ყველა დაბრკოლებას გადალახავს. ასოციაცია მომავალში გეგმავს კულტურული ცენტრის გაფართოებას, ქართული ენის კურსების დაარსებასა და ქართული სამზარეულოს ფესტივალების გამართვას. „არ დავკარგოთ ერთმანეთი, არ დავკარგოთ საკუთარი ფესვები… გვახსოვდეს – საქართველო ყველგან არის, სადაც ქართველი ცხოვრობს“, – ასეთი სიტყვებით მიმართავს ის თანამემამულეებს. გიორგი გეთიას სჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია უცხო ქვეყანაში ქართული კულტურის ღირსეულად წარმოჩენა.
ავტორი: ნათია ქიმაძე