,,საქართველოვ, შენ ვინ მოგცა, შვილი დასაკარგავი”

არსებობენ ადამიანები, რომელთა სახელებიც დროს სცდება და მომავალ თაობებს თავგანწირვისა და გმირობის უდიდეს მაგალითს უტოვებს. მათი ხსოვნა მხოლოდ წარსულის გახსენება კი არა, არამედ იმ სულიერი ძალის დაფასებაა, რომელიც რწმენითა და სამშობლოს სიყვარულით იკვებება. სწორედ ასეთი ისტორიები გვახსენებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა და მორალურ პრინციპებზე უარის არარსებობა არც ეროვნებით იზომება და არც ასაკით. ირინე სხირტლაძე სწორედ ასეთი მაგალითია – 16 წლის ასაკში მან საკუთარი სიცოცხლე იდეალებს შესწირა და ისტორიაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ დარჩა.

1944 წლის 14 სექტემბერს,ვარშავის აჯანყების დღეებში, გერმანელთა ტყვიამ 16 წლის ირინე სხირტლაძის სიცოცხლე შეიწირა,როდესაც ის ცდილობდა მძიმედ დაჭრილი ბატალიონის უფროსისთვის დახმარება აღმოეჩინა. 1944 წლის 12-14 სექტემბერს ვარშავის ვოლას უბანში მიმდინარეობდა გაფართოებული შეტაკებები აჯანყებულებსა და გერმანელებს შორის. მისი გარდაცვალება ტრაგიკული, მაგრამ გმირული დასასრული იყო ახალგაზრდა ქალის ცხოვრებისა, რომელიც სიმტკიცითა და თავგანწირვით ისტორიაში შევიდა.

ირინე 1928 წლის 7 აპრილს დაიბადა ლვოვში. მისი მამა, პოლონეთის არმიის კაპიტანი არკადი სხირტლაძე, 1940 წელს კატინის ტყეში დახვრიტეს. სწორედ მისგან მიიღო ირინემ სამშობლოს სიყვარულისა და სიმამაცის უდიდესი მაგალითი. ირინა სხირტლაძე, როგორც საკონტრაქტო ოფიცრის შვილი, არ იყო ვალდებული მონაწილეობა მიეღო ვარშავის აჯანყებაში.  ირინამ ურყევი გადაწყვეტილება მიიღო – მოხალისედ ჩაეწერა პოლონეთის წინააღმდეგობის არმიის „პარასოლის“ ბატალიონში – ფსევდონიმით „ირკა“. იგი მეკავშირედ და სანიტრად მსახურობდა. უშიშრად გადიოდა ყველაზე სახიფათო მარშრუტებს და მონაწილეობდა ქალაქის უმძიმეს ბრძოლებში.  მან ბატალიონთან ერთად ბრძოლის მთელი გზა განვლო ვარშავის ვოლას უბნიდან ძველი ქალაქის გავლით ცენტრამდე და ჩერნიაკოვამდე.

თავგანწირვისთვის ირინა სხირტლაძე სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „მამაცთა ჯვარი“ – ღირსების უმაღლესი ნიშნით, რომელიც ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცისთვის ენიჭებათ.  ბატალიონ „პარასოლის“ სხვა ჯარისკაცებსა და სანიტრებთან ერთად იგი დაკრძალულია ვარშავის პოვონსკის სამხედრო სასაფლაოზე.
2011 წლის 14 სექტემბერს, მისი დაღუპვიდან 67 წლის შემდეგ, ვარშავის პოვონსკის სამხედრო სასაფლაოზე გაიმართა საზეიმო ცერემონია. გმირის საფლავი ყვავილებით შეამკეს, როგორც პატივი იმ ახალგაზრდა ქალისთვის, რომელმაც სამშობლოს ნახვა ვერ მოასწრო, თუმცა მარადიულ ისტორიაში დარჩა.

1977 წელს, ირინემ ოცნება ნაწილობრივ მაინც აისრულა – მისი დედა და უმცროსი და პირველად ესტუმრნენ საქართველოს.

ირინე სხირტლაძის სახელი საქართველოს კულტურულ მეხსიერებაშიც შეიტანა ქართველმა პოეტმა ჯანსუღ ჩარკვიანმა მას ლექსი „ირინოლა“ მიუძღვნა, რითაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მის გმირობასა და უკვდავებას.

ლექსს კითხულობს მსახიობი თამთა ბაქრაძე
ლექსის ავტორი: ჯანსუღ ჩარკვიანი


ავტორი: ნათია ქიმაძე





Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #
error: Content is protected !!