მირიან ხუხუნაიშვილი – ქართველი დირიჟორი, ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელი

Karol Adam Sokolowski

თანამედროვე ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და მის საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქართველ დირიჟორებს, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს წამყვან თეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მირიან ხუხუნაიშვილი, რომელიც 2025 წლის სექტემბრიდან ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს. ეს დანიშვნა უპრეცედენტო მოვლენაა ქართული კულტურისთვის, ვინაიდან ხუხუნაიშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ამ პრესტიჟულ პოზიციას მიაღწია. წინამდებარე სტატია მიმოიხილავს მის შემოქმედებით გზას, მნიშვნელოვან მიღწევებსა და იმ წვლილს, რომელსაც იგი საერთაშორისო მუსიკალურ სამყაროში შეაქვს.

მირიან ხუხუნაიშვილი
ფოტო: ვროცლავის ოპერა

2025 წლის სექტემბრიდან ქართველი დირიჟორი მირიან ხუხუნაიშვილი ვროცლავის ოპერის მუსიკალური ხელმძღვანელია. მისი დებიუტი ამ პოსტზე შედგა სტანისლავ მონიუშკოს ცნობილი ოპერით „Straszny dwór“ („საშინელი სასახლე“), რომლის პრემიერა 12 და 14 სექტემბერს გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორმა, ბრუნო ბერგერ-გორსკიმ, მოქმედება XVIII საუკუნიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ვროცლავში გადაიტანა და კლასიკას ახალი ისტორიული ინტერპრეტაცია შესძინა. ამ დადგმას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სწორედ ის აღნიშნავდა ახალგაზრდა ქართველი მაესტროს კარიერაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყებას.

სპექტაკლი:საშინელი სასახლე
ფოტო:ვროცლავის ოპერა


მირიან ხუხუნაიშვილი 1990 წელს თბილისში, არქიტექტორების ოჯახში დაიბადა. ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ ჰყავდა, თუმცა მამა მღეროდა ისეთ ანსამბლებში, როგორიცაა „რუსთავი“ და „ერისიონი“.
ხუთი წლის ასაკში მირიანი ბიჭუნათა ანსამბლ „მართვეს“ სოლისტი გახდა და რვა წლის განმავლობაში ქართულ ხალხურ და სასულიერო მუსიკას ეუფლებოდა, პარალელურად კი ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა. 11 წლისა „მართვესთან“ ერთად შვეიცარიაში ჩავიდა, სადაც „რუსთავთან“ და შვეიცარიის სამხედრო ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის ნაწარმოებები შეასრულა. ეს იყო მისი პირველი შეხება პროფესიულ მუსიკალურ სამყაროსთან. შვეიცარიელი დირიჟორის, ანდრეას შპორის, ქარიზმამ და ენთუზიაზმმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა და სწორედ ამ პერიოდიდან დაინტერესდა დირიჟორობით სერიოზულად.

სამუსიკო განათლება ხუხუნაიშვილმა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ ექსპერიმენტულ სკოლაში მიიღო, სადაც საგუნდო დირიჟორობას ჯერ პროფესორ მენული თოფურიას, შემდეგ კი ლიანა ჭონიშვილის ხელმძღვანელობით სწავლობდა. ქალბატონი ლიანა მისი პედაგოგი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაშიც გახდა. სტუდენტობის პერიოდში ხუხუნაიშვილი რამდენჯერმე გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი.კონსერვატორიის დასრულების შემდეგ, მარია კაჩინსკას სახელობის სტიპენდიით სწავლა პოლონეთში, კრაკოვის მუსიკალურ აკადემიაში, პროფესორ სტანისლავ კრავჩინსკის კლასში განაგრძო. 2014 წელს სიმფონიურ დირიჟორობაში მაგისტრის ხარისხი მიიღო, 2020 წელს კი ხელოვნების დოქტორის აკადემიური წოდება მიენიჭა.

2012 წლიდან მირიან ხუხუნაიშვილი აქტიურად თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ორკესტრებთან, მათ შორის:

  • როიალ კონცერტგებაუ ორკესტრი (ამსტერდამი)
  • ბერლინის კონცერტჰაუსის ორკესტრი
  • ციურიხის ტონჰალეს ორკესტრი
  • დანიის ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
  • ისლანდიის სიმფონიური ორკესტრი
  • საფრანგეთის რადიოს ორკესტრი
  • კორეის სიმფონიური ორკესტრი
  • პოლონეთის ბალტიის ფილარმონიული ორკესტრი
  • ჩრდილოეთ მაკედონიის სიმფონიური ორკესტრი
  • რეიკიავიკის კამერული ორკესტრი და სხვა.

გარდა ამისა, ის მუდმივად თანამშრომლობს საქართველოს ყველა წამყვან ორკესტრთან.

2016-2017 წლებში ხუხუნაიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტური ორკესტრის მთავარი დირიჟორი იყო. 2019 წელს კი კომპოზიტორ მიხეილ მდინარაძესთან ერთად დააარსა გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორიც დღემდე თავად არის.

2021 წლიდან მირიან ხუხუნაიშვილი ისლანდიაში ცხოვრობდა, სადაც დირიჟორობას ასწავლის და ისლანდიის ხელოვნების უნივერსიტეტის გუნდს ხელმძღვანელობდა.

მისი შემოქმედებითი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელი 2022 აღმოჩნდა. ამ პერიოდში მან ითანამშრომლა ისეთ ცნობილ ორკესტრებთან და მაესტროებთან, რომელთა კონცერტებზე დასწრებაც მანამდე მისი დიდი ოცნება იყო:

  • როიალ კონცერტგებაუ ორკესტრთან – ფაბიო ლუისის მასტერკლასზე
  • ბერლინის კონცერტჰაუსის ორკესტრთან – ქრისტოფ ეშენბახის პირადი მოწვევით
  • ციურიხის ტონჰალეს ორკესტრთან – მაესტრო პაავო იარვის მენტორობით

ამავე წელს ჰქონდა არაერთი სადებიუტო კონცერტი ევროპულ ორკესტრებთან.

2022-2023 წლებში ციურიხის ტონჰალეს ორკესტრის სადირიჟორო აკადემიაში, რომელიც ყოველწლიურად მაესტრო პაავო იარვის ხელმძღვანელობით ტარდება, ხუხუნაიშვილმა ისტორიული წარმატება მოიპოვა: ის გახდა როგორც მაყურებლის, ისე თავად იარვის რჩეული. ეს შემთხვევა უპრეცედენტო იყო აკადემიის ისტორიაში, რადგან პირველად მოიპოვა ორივე ჯილდო ერთმა მონაწილემ.

ავტორი:ნათია ქიმაძე

Facebook Comments Box
#, #, #, #, #, #, #, #, #
error: Content is protected !!