ომი ადამიანის ცხოვრებას ცვლის და მთელი ცხოვრება აიძულებს ახალ რეალობას მოერგოს. ჩვენი რესპონდენტის,ნაილი კილბას ამბავი ამ ცვლილების მკაფიო და ემოციურ მაგალითს წარმოადგენს.დედით აფხაზი და მამით ქართველი, ბავშვობიდანვე ტრაგედიის თანამონაწილე გახდა – ჯერ აფხაზეთის ომმა დაანგრია მისი ოჯახი, ხოლო მოგვიანებით უკრაინის ომმა კვლავ აიძულა, კიდევ ერთხელ დაეტოვებინა სახლი და უცხო ქვეყანაში ახალი ცხოვრების დაწყება ეცადა.
დღეს ის პოლონეთში ცხოვრობს, სადაც არა მხოლოდ შვილს ზრდის და მომავალზე ზრუნავს, არამედ აგრძელებს პროფესიულ საქმიანობასაც.

ნაილი კილბა
– ნაილი,როგორი იყო თქვენი ბავშვობა? რა მოგონებები დაგჰყვებათ აფხაზეთის ომიდან?
-ბავშვობა უშუალოდ აფხაზეთში არ გამიტარებია. დედით აფხაზი ვარ, მამით – ქართველი. ჩემი მშობლები სოხუმში ცხოვრობდნენ, და სწორედ მაშინ, როცა დედა ჩემზე ორსულად იყო, აფხაზეთის ომი დაიწყო. სამწუხაროდ, ის ომის დროს რუსულ მხარეს მებრძოლმა ქართველმა მოკლა. საბედნიეროდ, ექიმებმა მოახერხეს ჩემი გადარჩენა.ამის შემდეგ მამამ მე და ჩემი არასრულწლოვანი დეიდები აფხაზეთიდან გამოგვიყვანა და საქართველოში ჩაგვიყვანა, თავად კი უკან დაბრუნდა – ის აფხაზეთში დარჩა და იბრძოდა.ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაერთხელ ჩავსულვარ სოხუმში. იქ ჩასვლა ჩემთვის მუდამ სევდასთან იყო დაკავშირებული და ასე იქნება ცხოვრების ბოლომდე. ალბათ ამის მიზეზი ჩემი ოჯახის ტრაგედიაა და ზოგადად ის სასტიკი ომი, რომელმაც უდიდესი ტკივილი დაუტოვა ადამიანებს. ძალიან ბევრი შემზარავი ამბავი მსმენია რუსული სისასტიკის შესახებ.


ფოტოები აფხაზეთის ომიდან
– მიუხედავად თქვენი პირადი ტრაგედიისა, როგორც ვიცი, ქართველები და საქართველო ძალიან გიყვართ. რამ განაპირობა ეს? კონკრეტულად, რა ემოციები გაკავშირებთ საქართველოსთან? ახერხებთ თუ არა ხშირად ჩასვლას?
-ჩემს ოჯახში, განსაკუთრებით დედას და დეიდებს, ბავშვობიდანვე ძალიან თბილი და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. დედას განსაკუთრებით უყვარდა ქართველი ხალხი – მრავალი ქართველი მეგობარი ჰყავდა, შემდეგ კი მამას გაჰყვა ცოლად და კიდევ უფრო მეტად შეიყვარა ეს ხალხი. შეიძლება ითქვას, რომ თავს ქართველადაც კი გრძნობდა. (იღიმის)
დეიდებსაც ბავშვობიდან უყვარდათ ქართველები, თუმცა დედის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ საქართველოსთან კავშირი თითქმის გაწყვიტეს და იქ აღარ ჩასულან. მიუხედავად ამისა, მე გამზარდეს დიდი სიყვარულით საქართველოს მიმართ. ქართული ენის ცოდნაც მათ უდიდესი დამსახურებაა- ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ჩემი იდენტობა ქართულ კულტურასთან ყოფილიყო დაკავშირებული.
მამა სამტრედიიდან არის. ბავშვობაში ხშირად ჩავდიოდი იქ ბებიასთან და სხვა ნათესავებთან, თითქმის ყველა ზაფხულს საქართველოში ვატარებდი. ეს ტრადიცია გაგრძელდა უკრაინის ომის დაწყებამდე.
საქართველოში ყოველთვის სახლში ვგრძნობ თავს. ქართველები საოცრად თბილი და სტუმართმოყვარე ხალხია. იქ ყოფნისას განსაკუთრებულ კავშირს განვიცდი – თითქოს უხილავი ძაფი მაკავშირებს მიწასთან, ხალხთან და გარემოსთან. ეს ის გრძნობაა, რომლის გადმოცემაც რთულია, მაგრამ ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ ქვეყანა, არამედ შინაგანი მდგომარეობაა.
– როგორ ფიქრობთ, რას გრძნობენ აფხაზები ქართველების მიმართ და ზოგადად – საქართველოს მიმართ?
-აფხაზების დამოკიდებულება ქართველების მიმართ არაერთგვაროვანია. უფროსი თაობის წარმომადგენლებთან საუბრისას ხშირად ვგრძნობ სიმწარესა და ტკივილს, რომელსაც ომი უკავშირდება. მათთვის ნდობა დაკარგულია და ზოგიერთს დღემდე მტრული განწყობა აქვს, რადგან მათთვის საქართველო ასოცირდება ძალადობასთან და ტერიტორიულ პრეტენზიებთან.ამავე დროს, ბევრი აფხაზი ახალგაზრდა შემხვედრია, ვისაც ომის ტკივილი ნაკლებად ეხება. მათთვის ეს ტრაგედია მხოლოდ ისტორიის ნაწილია და არა პირადი გამოცდილება. ისინი უფრო გახსნილები არიან, ინტერესდებიან ქართულ კულტურით და მზად აირიან მეგობრობისთვის. ბევრს სურს, რომ წარსულის ტვირთი მოვიხსნათ და ერთმანეთს უკეთ გავუგოთ.ჩემი დაკვირვებით, დამოკიდებულება თაობების მიხედვით იცვლება: უფროსი თაობა ჯერ კიდევ ტკივილსა და უნდობლობას ატარებს, ხოლო ახალგაზრდები უფრო პოზიტიურები არიან და შერიგების სურვილი აქვთ. მათ ახსოვთ, რომ ომამდე ქართველები და აფხაზები გვერდიგვერდ, მეზობლურად ვცხოვრობდით.
– როგორ იმოქმედა ომმა თქვენს ცხოვრებაზე და თქვენს ოჯახზე?
-ამ ტრაგედიამ ჩემი ცხოვრება თავიდანვე განსაზღვრა. ბავშვობიდან დღემდე ამ ტკივილით ვცხოვრობ. მუდმივად დამყვება შიში, დაუცველობის და უსახლკარობის განცდა. აფხაზეთის ომმა სრულიად შეცვალა ჩემი ოჯახის ბედი. დღემდე ჩემი დეიდები ისე ცხოვრობენ, თითქოს საკუთარ ადგილს ამ სამყაროში ვერ პოულობენ. მათი დაბრუნება აფხაზეთში ვეღარ მოხერხდა, და ეს მძიმე ტვირთად დარჩათ.
– რას მეტყვით რუსეთში ცხოვრების პერიოდიდაზე და როგორ მოახერხეთ ადაპტაცია უკრაინაში – რა გზა გაიარეთ წარმატებული კარიერის შესაქმნელად?
-აფხაზეთში ომის დასრულების შემდეგ მამამ დეიდებზე მეურვეობა აიღო, რადგან ჩემი ბებია და ბაბუა – დედის მშობლები – აფხაზეთის ომის დროს დაიღუპნენ. დეიდები მაშინ მხოლოდ 16-17 წლის იყვნენ და ფაქტობრივად უპატრონოდ დარჩნენ.იმ პერიოდში აფხაზეთში დაბრუნება მათთვის საშიში იყო, ხოლო საქართველოში მამას ფეხის მოკიდება გაუჭირდა – ფინანსურად ვერ უზრუნველყოფდა ოჯახს. ამიტომ, როცა ერთი წლის ვიყავი, გადავედით რუსეთში. იქ ვცხოვრობდით მე, მამა, დეიდები და ბებია – მამის დედა.
გულწრფელად რომ გითხრათ, რუსეთში ცხოვრების მხოლოდ ერთი დადებითი მოგონება დამრჩა: კვირაში ერთხელ ქართველ დიასპორასთან ვიკრიბებოდით. სწორედ იქ დავიწყე ქართული ენის სწავლა. მამა, ბებია და დეიდები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ქართული იდენტობა შემენარჩუნებინა.
უკვე მოზარდი ვიყავი,როდესაც მამას სამუშაო მიწვევით უკრაინაში გადავედით და ლუჰანსკის ოლქში დავსახლდით. ტანვარჯიში ბავშვობიდან, ჯერ კიდევ რუსეთში დავიწყე და უკრაინაში გადასვლის შემდეგ უფრო სერიოზულად განვაგრძე.სპორტში წარმატება მალე მოვიდა: ვარ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ვარჯიშის ვერცხლის მედალოსანი. 2011 წელს ოლიმპიურ თამაშებში მივიღე მონაწილეობა. გუნდთან ერთად მოვიპოვეთ ვერცხლის მედალი ჯგუფურ მრავალჭიდში და ოქროს მედალი 2 ლენტითა და 3 ბურთით შესრულებულ ფინალში.
– უკრაინის ომმა როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
-ვინც ომს გამოექცა, ხშირად ამბობს, რომ ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო: ომამდე და ომის შემდეგ. ეს გამონათქვამი ჩემთვისაც სიმართლეა.ომამდე ჩვეულებრივი ადამიანი ვიყავი – მეუღლესთან და შვილთან ერთად ვცხოვრობდი. ჩემი პატარა გოგონა სკოლაში დადიოდა, მეგობრებთან ერთად თამაშობდა, მე კი თავისუფალ დროს პარკში ვსეირნობდი, ფოტოებს ვიღებდი, ზოგჯერ კაფეშიც შევდიოდით, რომ ტკბილეული გვეჭამა. ჩემი ყოველდღიურობა სავსე იყო სიყვარულითა და ბედნიერებით. ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ცვლილება გახდა მუდმივი შიშის განცდა. ადრე, როდესაც შვილს ვუყურებდი, მის მომავალზე ვოცნებობდი – ვფიქრობდი, რომ გაიზრდებოდა, სწავლისა და ცხოვრების საკუთარი გზა ექნებოდა. ომის დაწყების შემდეგ კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე მშვიდობით გავატაროთ და არაფერი დაემართოს.
ყველაზე დიდი სურვილი სახლში დაბრუნებაა – მინდა ისევ ჩემი სახლის ზღურბლზე ვიდგე, ჩემს ეზოს გავცქიროდე.(იღიმის) მჯერა, რომ ომი დასრულდება და მშვიდობა დაისადგურებს. იმედს არასდროს ვკარგავ.
– როგორ მოხვდით პოლონეთში და როგორ მოახერხეთ პროფესიული საქმიანობის გაგრძელება?
-ომის დაწყებიდან რამდენიმე თვეში გადავწყვიტე, რომ მე და ჩემი შვილი პოლონეთში წავსულიყავით თავშესაფრის საძიებლად. ყველაზე ნათლად მახსოვს პოლონელი ხალხის სითბო და გულწრფელობა. საზღვარზე ღამით ჩავედით – დაღლილები და შეშინებულები ვიყავით. იმ წუთში არ ვიცოდი, სად დავიძინებდი შვილთან ერთად. სწორედ მაშინ ჩვენს წინ პოლონელი ქალები გამოჩნდნენ – მანქანებით დაგვეხმარნენ და თავიანთ სახლებში მიგვიწვიეს. მოგვცეს ყველაფერი: ტანსაცმელი, საკვები, სათამაშოები ჩემი შვილისთვის.
ომისგან ფიზიკურად და ემოციურად ძალიან გამოფიტული ვიყავი, თუმცა იქ მივიღე უდიდესი დახმარება – ჯანდაცვა უფასო იყო, საჭირო წამლები და მომსახურება ყოველთვის ხელმისაწვდომი. მალევე ჩემი გოგონა სკოლაში შევიყვანე, სადაც უკრაინელ და პოლონელ თანატოლებთან ერთად სწავლობს.პოლონური ენის კურსები გავიარეთ, მე კი პროფესიით დავასაქმდი – ვარშავის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს მხატვრულ ტანვარჯიშს ვასწავლი.
ყველაზე მეტად გულში ის დახმარება ჩამრჩა, რომელსაც უბრალო მოქალაქეები გვიწევდნენ. პოლონეთის სადგურებში ჰუმანიტარული პუნქტები იყო გახსნილი, სადაც ხალხი ტოვებდა ყველაფერს: ბავშვების ეტლებს, პამპერსებს, პირველადი საჭიროების ნივთებს. პოლონელი დედები თითქოს ყველა უკრაინელ ბავშვს საკუთარ შვილად მიიჩნევდნენ. ეს თანაგრძნობა არასდროს დამავიწყდება.

ფოტო გადაღებულია უკრაინის ომის დროს, პოლონეთის ერთ-ერთ სადგურში, სადაც პოლონელი დედები ტოვებდნენ საბავშვო ეტლებს უკრაინელი ლტოლვილი ბავშვებისთვის
ფოტოს ავორი :ფრანჩესკო მალავოლტა

ფოტო უკრაინის ომიდან
– რა განსხვავებაა უკრაინასა და პოლონეთში მხატვრული ტანვარჯიშის პროფესიულ გარემოს შორის?
-საზოგადოებრივ და პროფესიულ დონეზე რამდენიმე ძირითადი განსხვავება არსებობს.პოლონეთში, როგორც ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, სპორტი, მათ შორის მხატვრული ტანვარჯიში, მეტად ფინანსდება როგორც სახელმწიფოს, ისე კერძო სექტორის მიერ. სპორტსმენებს აქვთ თანამედროვე დარბაზები, თანამედროვე აღჭურვილობა და კვალიფიციური მწვრთნელები. სტაბილური დაფინანსება მათ საშუალებას აძლევს, ყურადღება მხოლოდ ვარჯიშსა და პროგრესზე გაამახვილონ.უკრაინაში სპორტის დაფინანსება შეზღუდულია, დარბაზები ხშირად საჭიროებს განახლებას, ხოლო სპორტსმენები ფინანსურ სირთულეებს აწყდებიან. თუმცა უკრაინას ყოველთვის ჰყავდა ძლიერი ტრადიცია ტანვარჯიშში და მრავალი ნიჭიერი სპორტსმენი, რომლებიც მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ახერხებენ წარმატების მიღწევას.
პოლონეთში საწვრთნელი პროგრამები ხშირად ეფუძნება დასავლურ მეთოდებს, სადაც ერთდროულად ყურადღება ექცევა როგორც ტექნიკურ სრულყოფილებას, ასევე სპორტსმენის ფსიქოლოგიურ მზადებას. აქ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლებასაც.
უკრაინულ ტანვარჯიშს აქვს საბჭოთა პერიოდიდან მომდინარე ტრადიციები – მკაცრი დისციპლინა, ინტენსიური ვარჯიში და ტექნიკური სირთულეებზეა აქცენტი. უკრაინელი ტანმოვარჯიშეები ცნობილნი არიან ძლიერი აკრობატიკითა და არტისტიზმით.მოკლედ რომ ვთქვათ, პოლონეთში გარემო უფრო სტაბილურია, ფინანსურად უზრუნველყოფილი და დასავლურ სტანდარტებზე მორგებული, ხოლო უკრაინაში – სირთულეებით დატვირთული, თუმცა ძლიერი და ღრმა ტრადიციებით გამყარებული.
– დღევანდელი ცხოვრების ყველაზე დიდი გამოწვევა რა არის თქვენთვის?
-თითქოს გუშინ იყო, როცა ყველაფერი დავტოვე და შვილთან ერთად ომს გამოვექეცი. ახლა პოლონეთში ვცხოვრობ და, მიუხედავად უდიდესი მხარდაჭერისა, ცხოვრება მაინც რთულია.ყველაზე დიდი გამოწვევა მომავლის გაურკვევლობაა. არ ვიცი, როდის დავბრუნდები უკრაინაში. საერთოდ თუ დავბრუნდები? ყოველდღე ამ კითხვებით ვიღვიძებ.პროფესიით ვმუშაობ, მაგრამ ახალ რეალობაში თითქოს ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყო. უცხო გარემოსთან შეგუება და ადაპტაცია მარტივი არ არის. ყველაზე მეტად მაინც ჩემი შვილის მომავალზე ვნერვიულობ. მეშინია, რომ ომმა მასაც დიდი ტრავმა მიაყენა. მთელი ძალით ვცდილობ, რომ მისთვის მაინც შევქმნა უსაფრთხო და ბედნიერი ბავშვობა.
– რა გზავნილს გაუგზავნიდით ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი გახდნენ, ომის გამო დაეტოვებინათ თავიანთი ქვეყნები?
-ნუ შეგეშინდებათ დახმარების თხოვნის. არავის ევალება, ყველაფერი მარტომ გადაიტანოს.რაც ყველაზე მთავარია – არასდროს დაკარგოთ იმედი და მომავლის რწმენა. ომი ბევრს წაგართმევთ, მაგრამ თუ იმედს შეინარჩუნებთ, ძალასაც შეინარჩუნებთ.
ავტორი: ნათია ქიმაძე