მონიკა ბერაია, ახალგაზრდა ქართველი მოხალისე, პოლონეთში საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობდა, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეღრმავებინა პროფესიული უნარები და პიროვნულად განვითარებულიყო. Fundacja Ukraina-სა და Cukr – Centrum Ukraińskiej Kultury i Rozwoju-ის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ღონისძიებების ორგანიზებაში, კულტურული ვორქშოფების ჩატარებაში და სხვა. აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი გამოცდილების წყაროდ იქცა, რომელიც ასახავს ცოდნის, შემოქმედებისა და კულტურული მრავალფეროვნების ერთობლივ მნიშვნელობას პროფესიული და პიროვნული განვითარების პროცესში.

ფოტოზე: მონიკა ბერაია
– მონიკა,გვითხარით,რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ მონაწილეობა მიგეღოთ პოლონეთში მოხალისეობრივ პროგრამაში?
– ჩემი მთავარი მოტივაცია იყო ახალი გამოწვევების პოვნა და ისეთი გამოცდილების მიღება, რომელიც მომავალში პროფესიულ და პიროვნულ განვითარებაში დამეხმარებოდა . პროექტის ძიებისას დარწმუნებული ვიყავი, რომ საერთაშორისო გარემოში მიღებული სამუშაო გამოცდილება ბევრ კარს გამიღებდა.
-როგორ გაიგეთ Fundacja Ukraina-სა და Cukr – Centrum Ukraińskiej Kultury i Rozwoju-ის შესახებ?
-პროექტი შესახებ გავიგე ევროპის სოლიდარობის კორპუსის ოფიციალური გვერდის მეშვეობით. თავდაპირველად ჩემთვის მთავარი იყო პროგრამაში მონაწილეობა და კონკრეტული მიმართულება არ მქონდა არჩეული. საბოლოოდ არჩევანი Fundacja Ukraina-სა და CUKR-ზე შევაჩერე, რადგან პროექტი მთავაზობდა ჩემი საყვარელი საქმის კეთებას , როგორიცაა ადამიანების დახმარება, ღონისძიებების დაგეგმვა , დიზაინებზე მუშაობა და სხვა.
– შეგიძლიათ გადმოსცეთ თქვენი ძირითადი როლი და საქმიანობა Cukr-ში?
– ჩემი ძირითადი საქმიანობა იყო ღონისძებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება და ვიზუალური მასალების შექმნა მათი რეკლამირებისთვის . დამატებითად შევითავსე კულტურული ვორქშოფების ჩატარება , როგორიცაა ქართული ანბანის სწავლება და ქართული კერძების მომზადება . ასევე შესაძლებლობა მქონდა ჩამეტარებინა სამ კვირიანი კურსი- Coding For Kids , პოლონელი და უკრაინელი ბავშვებისთვის(9-10 წლის) .
– რომელი ღონისძიებები ან პროექტები დაგამახსოვრდათ განსაკუთრებით?
-მხოლოდ ერთი პროექტის გამოყოფა რთულია, რადგან ყველა თავისებურად მნიშვნელოვანი იყო. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძება რაც ჩავატარეთ ‘’Georgian Night’’ გახლდათ , სადაც შესაძლებლობა მომეცა,ქალაქ ვროცლავში არსებულ ქართულ დიასპორულ ასოციაცია ,,საქართველო”-სთან თანამშრომლობით ჩემი ქვეყანა უკეთ გამეცნო უკრაინელებისა და პოლონელებისთვის.ასევე, მინდა აღვნიშნო პროექტი ‘’havkit’’, სადაც შესაძლებლობა მქონდა წვლილი შემეტანა დავხმარებოდი იმ ადამიანებს , რომლებიც ეხმარებიან უსახლკაროდ, უმიწოდ დარჩენილ ცხოველებს უკრიანაში .

ფოტო ღონისძიებიდან: ,,Georgian Night”
–როგორ აღწერდით პოლონური და უკრაინული კულტურის ურთიერთქმედებას ცენტრში?
-ცენტრი არის ადგილი, სადაც ეს ორი კულტურა ერთმანეთთან მუდმივ დიალოგშია. პოლონელები ინტერესით ეკიდებიან უკრაინულ ტრადიციებს, ხოლო უკრაინელები ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი კულტურა. ეს პროცესი ბუნებრივად იქცევა თანამშრომლობაში: ღონისძიებები ხშირად იქმნება ორივე კულტურის ელემენტებით და შედეგად იქმნება საერთო სივრცე, სადაც განსხვავებები არა გამყოფი ხაზია, არამედ შესაძლებლობა ახალი გამოცდილების მიღების.
– რა მნიშვნელობა ჰქონდა თქვენს საქმიანობაში კულტურული მრავალფეროვნების წახალისებას?
-სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემთ, პატარა შესავალი მინდა გავაკეთო- ბავშობიდანვე მუდმივად ჩაგვესმის გარშემომყოფებისგან, რომ ქართველებს მარტივი ცხოვრება არ გაგვივლია,ოდითგანვე სულ ჭიდილში ვიყავით, უამრავი პრობლემა გვინახავს და გასაჭირიც გადაგვიტანია, მაგრამ ამ პროექტის საშუალებით გავიაზრე, რომ ბევრ სხვა ქვეყანას აქვს იგივე ტკივილი გამოვლილი ან ჯერ კიდევ გადის. რა თქმა უნდა, ამის შესახებ ისტორიიდან ვიცით, მაგრამ რეალური ისტორია კიდევ უფრო რთულად მოსასმენია. ამ ყველაფრით მინდა ვთქვა, რომ ამ ადამიანებმა ბევრი რამ გადაიტანეს, მაგრამ არ დანებებულან, მუდმივად იბრძოდნენ და იბრძვიან თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის… ჩემს საქმიანობაში და ზოგადად ცხოვრებაში, ზემოაღნიშნულმა დიდი ზეგავლენა მოახდინა და მასწავლა, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. მთავარია ისეთ გარემოში მოხვდე, სადაც ვინმე არ ეცდება ბარიკადები აუგოს შენს პოტენციალს. ევროპაში ყოფნამ და კულტურმა მრავალფეროვნებამ, მაშინ როდესაც საკუთარი თავი ჩარჩოებში მოვაქციე, დამარწმუნა, დამანახა რომ ცოდნა არის საგანძური და ის სწორ ადგილას, სწორადაც ფასდება.
–როგორ დაგეხმარათ ეს პროგრამა პირად განვითარებაში და პროფესიულ მიღწევებში?
-პროგრამამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა – გავაღმრავე უნარები მენეჯმენტსა და დიზაინში. შევიძინე საერთაშორისო გამოცდილება და ვისწავლე როგორ უნდა იმუშაო გუნდში სხვადასხვა კულტურის ადამიანებთან ერთად. ერთი წლის წინ, როდესაც ამ პროექტზე განაცხადი შევიტანე, ვერც კი წარმოვიდგენდი ჩემს ცხოვრებაში რამდენი რამ შეიცვლებოდა. ჩემი მთავარი მოტივაცია პროფესიული განვითარება გახლდათ, მაგრამ არა მხოლოდ ამ კუთხით განვვითარდი, არამედ უამრავი რამ ვისწავლე . რაც შეეხება პიროვნულ განვითარებას, რადიკალურად შეცვლილ ადამიანს ვხედავ საკუთარ თავში, ყველაფერს სხვა თვალით ვუყურებ. სიმართლე გითხრათ, სკოლის და უნივერსიტეტის დამთავრებისას რომ ახალი მოტივაციის შეგრძნება გიჩნდება,როცა ყველაფერს შესაძლებლობად აღიქვამ და არაფერი გაშინებს,სწორედ ისე ვგრძნობ თავს.
–შეხვდით თუ არა გამოწვევებს ან სირთულეებს და როგორ გადალახეთ ისინი?
-თავდაპირველად გარკვეული გამოწვევები ჩემში მცირედ შიშს იწვევდა, მაგრამ ამ შიშთან ბრძოლა ვისწავლე , მივხვდი რომ ამ ცხოვრების გზაზე მხოლოდ მე ვარ და მე უნდა ვიყო ძლიერი.დამატებით მინდა ვთქვა, არ ვიცი რამდენად შეიძლება ჩათვალოთ გამოწვევა, მაგრამ ჩემთვის ძალიან მტკივნეულია და რთულია, როდესაც ზოგიერთი ადამიანისგან ვისმენ კითხვას – ,,საქართველოში რუსულად საუბრობთ?’’. არც კი მიფიქრია საქართველოში ცხოვრების ეტაპზე, რომ ვინმე იფიქრებდა ჩვენ ჩვენი ენა არ გაგვაჩნია, ვერც ვიტყვი რომ ეს ვინმეს გაუნათლებლობის ბრალია, რადგან ეს ადამიანები მსხვერპლნი არიან დეზინფორმაციის, რომელსაც საქართველოს არაკეთილმოსურვენი ავრცელებენ. ამ აზრთან დაპირისპირება რამდენჯერმე მომიწია, თავდაპირველად მოკლე პასუხით შემოვიფარგლებოდი, მაგრამ დროთა განმავლობაში გავიაზრე რომ ადამიანს ისტორია ამახსოვრდება, შესაბამისად დღეს ჩემი ამ კითხვაზე პასუხი, მინიმუმ 5 წუთიანი მონოლოგია, სადაც ვხსნი რამდენად უნიკალური ენა გვაქვს და ამას არანაირი საერთო არაქვს ჩვენს მტერთან .
–როგორ ურთიერთობდით პოლონელ და უკრაინელ ახალგაზრდებთან?
-ამ კითხვაზე მინდა სიხარულით ვუპასუხო, რომ ჩემი ურთიერთობა ამ ადამიანებთან იყო საოცარი. სასაუბრო ენა ძირითადად ინგლისური გახლდათ და პოლონური საჭიროების შემთხვევაში. მაგრამ ენა არასდროს ყოფილა მაინც ბარიერი . ამ ადამიანებს იმდენად უყვართ ჩვენი ქვეყანა, პირველი დღიდანვე თავს განსაკუთრებულად მაგრძნობინებდნენ.როგორც იცით, ჩვენ ფონდის მეშვეობით ბევრი ღონისძიება იმართება და ბევრი ადამიანიც გვსტუმრობს. განსაკუთრებით მახარებს, როდესაც იგებენ ქართველი ვარ, შემდეგ ღონისძიებაზე მოსვლისას, მინიმუმ სამი სიტყვა იციან ქართული, რათა მომესალმონ ან რაიმე ქართულად მკითხონ. ჩემი დღეც ბედნიერია, როდესაც სრულიად უცხო ადამიანი, გამარჯობით მესალმება და მიღიმის
-როგორ ხედავთ ქართველი ახალგაზრდების ჩართულობას მსგავს პროგრამებში?
-ვფიქრობ, ეს უნიკალური შანსია ქართველი ახალგაზრდებისთვის, რადგან მსგავსი პროგრამები არა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას, არამედ საერთაშორისო გამოცდილებას და პერსპექტივასაც აძლევს. მათ შესაძლებლობა მიეცემათ გაეცნონ ევროპულ ბაზარს, განათლების სისტემას, სამუშაო სივრცეს, კულტურულ მრავლფეროვნებას, თანასწორობას და ა.შ. ზემოაღნიშნული გამოცდილების შეძენის შემდგომ, რთულია თვალი დახუჭო რაიმე უსამართლობაზე,შესაძლოა ამიტომაც სურს დღევანდელ საქართველოს პირობით მთავრობას ამ პროგრამების მოსპობა .
–რა რჩევას მისცემდით ქართველ ახალგაზრდებს, ვინც მსგავს პროგრამებში ჩართვას გეგმავს?
-ვეტყოდი რომ – არ შეგეშინდეთ ახალი გამოწვევების, არ შეგეშინდეთ სირთულეების ან სიშორის, ეს შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გადადგმული ნაბიჯი გახდეს. აქ არ არის აუცილებელი ფლობდეთ 9 პროფესიას და ან გქონდეთ მრავალწლიანი გამოცდილება. მთავარი არის მოტივაცია და სურვილი, ეს არის რისი მოსმენაც სურთ ორგანიზაციებს. მთავარი არის დაანახოთ ენთუზიაზმი და დამერწმუნეთ ყველაფერი გამოგივათ.
-რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღებული გამოცდილება ამ პროგრამიდან და თუ მოგეცემათ შესაძლებლობა კვლავ მიიღოთ მონაწილეობა მსგავს პროგრამაში, რომელ მიმართულებას აირჩევდით და რატომ?
-ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ადამიანური ურთიერთობები, პროფესიული უნარების გაღრმავება და იმის შეგრძნება, რომ საკუთარი საქმიანობით რეალური წვლილი შემქონდა ადამიანების კეთილდღეობაში. თუ კვლავ მომეცემა შესაძლებლობაისევ ვიზუალური კომუნიკაციისა და ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებას ავირჩევდი, რადგან ამ სფეროში ყველაზე მეტად შემიძლია ჩემი შესაძლებლობების გამოყენება და შემოქმედებითი ენერგიის რეალიზება. მაგრამ ამავდროულად მნიშვნელოვანია ჩემი ეს შესაძლებლობები კარგ საქმეს მოხმარდეს .
ავტორი: ნათია ქიმაძე