პოლონეთში, განსაკუთრებით ვროცლავში, ქართველთა რაოდენობა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა. ემიგრანტების წინაშე ყოველდღიურად დგება ახალი გამოწვევები – ენობრივი ბარიერი, დასაქმების სირთულე და ბიუროკრატიული პროცედურები. ამასთანავე, ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საკუთარი კულტურული იდენტობის შენარჩუნება და მისი გადაცემა მომავალ თაობებს.

ამ საჭიროებებიდან გამომდინარე, ვროცლავში შეიქმნა ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“, რომელიც კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობით ცდილობს თანამემამულეთა გაერთიანებას.

ასოციაციას გიორგი გეთია ხელმძღვანელობს, რომელიც მეუღლესთან და ოთხ შვილთან ერთად ცხოვრობს ვროცლავში. სწორედ მასთან ვისაუბრეთ ასოციაციის შექმნის ისტორიაზე, მისი მიზნებისა და გეგმების შესახებ.

გიორგი გეთია ოჯახთან ერთად

– ბატონო გიორგი, როდის და როგორ გაჩნდა ვროცლავში ქართული სათვისტომოს შექმნის იდეა?

– სათვისტომოს შექმნის იდეა 2022 წლის გაზაფხულის დასაწყისში დაიბადა. ამ პერიოდში საქართველოს საპატიო საკონსულოში გვქონდა შეხვედრა საპატიო კონსულთან, ბატონ ვოიცეხ ვრუბელთან. სწორედ მაშინ დავინახეთ, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის აუცილებელი იყო სივრცე, რომელიც დაიცავდა მათ ინტერესებს და გააძლიერებდა კულტურულ ერთობას. საუბრისას მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებლად უნდა შეგვექმნა ასოციაცია. იდეამ მალევე პრაქტიკული სახე მიიღო და 2023 წლის 3 აპრილს, საპატიო კონსულის მხარდაჭერითა და თანამემამულეების ერთობლივი ძალისხმევით, დაფუძნდა ქართული დიასპორული ასოციაცია „საქართველო“.

– რა არის ასოციაცია ,,საქართველოს”ძირითადი მისია და სტრატეგიული მიზნები?

– ჩვენი მთავარი მიზანია, ქართველ ემიგრანტთა ეროვნული და კულტურული თვითმყოფადობა არ დაიკარგოს. გვინდა, რომ პოლონეთში მცხოვრებმა ქართველებმა, განსაკუთრებით ვროცლავში, შეინარჩუნონ ქართული ენა, ტრადიციები და ღირსეულად წარმოაჩინონ ჩვენი ქვეყანა უცხოეთში. სწორედ ამიტომ ვახორციელებთ კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტებს, ვავრცელებთ ქართულ ენას და ვზრუნავთ ეროვნული თვითშეგნების ამაღლებაზე.

– ერთ-ერთ მთავარ პროექტად საკვირაო სკოლას ასახელებთ. რა არის მისი დანიშნულება?

– საკვირაო სკოლის მთავარი ამოცანაა, რომ ემიგრანტმა ბავშვებმა შეისწავლონ და შეინარჩუნონ ქართული ენა, კულტურა და ტრადიციები. ჩვენი მიდგომა განსხვავებულია – ბავშვები სწავლობენ ინტერაქტიულად, თამაშებისა და შემოქმედებითი აქტივობების მეშვეობით. სწორედ ეს ხდის პროცესს სახალისოს და მოტივირებულს. ამ გზით ისინი არა მხოლოდ ენას იძენენ, არამედ იაზრებენ საკუთარ ფესვებსაც.

– ვროცლავში გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა. როგორ დაიბადა ეს ინიციატივა და რას ემსახურება?

 – ბიბლიოთეკის იდეა გამოიკვეთა პარტნიორებთან გამართული დისკუსიების შედეგად. საბოლოოდ, 2024 წლის 24 ივნისს, ასოციაცია „საქართველოსა“ და ორგანიზაცია Wroclaw Possibilities Know No Borders-ის ერთობლივი ძალისხმევით, ბატონი გიორგი კეკელიძის მხარდაჭერით, საზეიმოდ გაიხსნა პირველი ქართული ბიბლიოთეკა ვროცლავში. ეს არის უნიკალური სივრცე – არა მხოლოდ წიგნების თაროები, არამედ კულტურული პლატფორმა, სადაც იმართება ლიტერატურული საღამოები, გამოფენები, საჯარო ლექციები და სხვა ღონისძიებები.

ქართული ბიბლიოთეკის გახსნის დღე

განსაკუთრებით უნდა გამოვყო 2025 წლის მარტის საღამო, როცა გაიმართა თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია. წიგნი, რომელიც ქართველოლოგმა მაგდა ნოვაკოვსკამ თარგმნა, პოლონეთში წლის საუკეთესო წიგნად დასახელდა. ეს გამარჯვება საერთო წარმატებად იქცა – როგორც ქართველი ლიტერატურისთვის, ასევე ჩვენი დიასპორისთვის.

თამთა მელაშვილის რომანის „შაშვი, შაშვი, მაყვალი“ პოლონური თარგმანის პრეზენტაცია ვროცლავის ქართილ ბიბლიოთეკაში

იხილეთ ქართული ბიბლიოთეკის ონლაინ კატალოგი: https://site.kartuli.news/library.php

გიორგი გეთია ვროცლავში არსებულ ქართულ ბიბლიოთეკაში

– როგორ შეაფასებთ ვროცლავში მცხოვრები ქართველების ერთობას?

 – შეიძლება სრულყოფილი სურათის დახატვა რთულია, მაგრამ აშკარად ჩანს ტენდენცია გაერთიანებისა. ჩვენი ასოციაციის მეშვეობით ვახერხებთ სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარებას – იქნება ეს კულტურული საღამოები, ეროვნული დღესასწაულების აღნიშვნა თუ საქველმოქმედო აქციები.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართველი მეწარმეების როლი, რომლებმაც გახსნეს რესტორნები, მაღაზიები და სხვადასხვა სერვისები. ეს ქსელი მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს ახალი ემიგრანტებისთვის, რომლებიც პირველად ეჯახებიან უცხო ქვეყნის გამოწვევებს. სწორედ ასეთი ურთიერთდახმარებაა ჩვენი დიასპორული ცხოვრების საძირკველი.

– რა სირთულეებს აწყდებიან ქართველები პოლონეთში?

 – პირველ რიგში, ენობრივი ბარიერი. პოლონური ენა საკმაოდ რთულია და მისი ცოდნა აუცილებელია სრულფასოვანი ინტეგრაციისთვის. შემდეგ მოდის დასაქმების საკითხი და ბიუროკრატია – საბუთების მოწესრიგება, ბინადრობის ნებართვისა და სამუშაო ვიზების მიღება ხშირად ხანგრძლივ და დამღლელ პროცესად იქცევა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ, ასოციაციას იურიდიული ძალა არ აქვს და ამიტომ არ შეგვიძლია ემიგრანტებს მსგავსი საკითხების მოგვარებაში დავეხმაროთ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვპოულობთ ძალას ერთობაში. იდენტობის შენარჩუნება და ქართული კულტურის სიყვარული გვაძლევს საშუალებას, რომ სირთულეებს წარმატებით გავუმკლავდეთ.

– რა მიმართულებით წარმართავს მომავალს ასოციაცია „საქართველო“?

– ჩვენი მომავალი უკავშირდება უწყვეტ ზრდასა და განვითარებას. გვინდა, რომ კულტურის ცენტრი გავაფართოოთ და ის გახდეს სივრცე, სადაც ქართველები და პოლონელებიც შეძლებენ საქართველოს უკეთ გაცნობას. ვგეგმავთ ბიბლიოთეკისა და ცეკვის სტუდიის განვითარებას, ქართული ენის კურსების გაძლიერებას როგორც თანამემამულეებისთვის, ისე პოლონელებისთვისაც. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია – კულინარიული მასტერკლასებით, ფესტივალებითა და ტრადიციული სუფრების მოწყობით.
ასევე ვიმუშავებთ ახალგაზრდულ პროექტებზე – საკვირაო სკოლის გაძლიერებაზე, ახალგაზრდების ჩართვაზე კულტურულ ღონისძიებებში.
2024 წლის 12 მაისს უკვე ჩავატარეთ ქართული კულტურის დღე პოლონურ სამრევლოში, სადაც ჩვენი ცეკვები და ტრადიციები წარმოვადგინეთ.
ასეთი ღონისძიებები აუცილებელია, რომ ქართულმა კულტურამ მტკიცედ დაიმკვიდროს ადგილი პოლონურ საზოგადოებაში.

მნიშვნელოვანია, რომ ქართულ კულტურას ციფრულ სივრცეშიც მივცეთ ხმა – TikTok, Instagram და YouTube პლატფორმებზე ვგეგმავთ კონტენტის შექმნას, რომელიც ფართო აუდიტორიას მიაწვდის ინფორმაციას საქართველოს შესახებ. მჯერა, რომ გზა რთულია, მაგრამ თუ ერთიანი ხედვითა და დაუღალავი შრომით ვიმუშავებთ, საქართველო პოლონურ სივრცეში არა მხოლოდ შეინარჩუნებს ადგილს, არამედ მყარადაც დაიმკვიდრებს მას

ავტორი: ნათია ქიმაძე