მოსავლის ფესტივალი, ისევე როგორც მრავალი სხვა დღესასწაული, წარმართული ტრადიციებიდან იღებს სათავეს და, სავარაუდოდ, ქრისტიანობამდელი რწმენის ნაშთია, რომელიც შემოდგომის ბუნიობასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ბუნიობა მიიჩნეოდა იმ მომენტად, როცა მზე თითქოსდა მთვარეს გადასცემდა ძალაუფლებას, დღეები იკლებდა, ღამეები კი გრძელდებოდა; ამ დროს წარმართები ხეებსა და მცენარეებს ეთხოვებოდნენ, დედამიწას მოსავლისთვის მადლობას სწირავდნენ და ღმერთებს ნაყოფიერი წლისთვის ევედრებოდნენ. ხალხური გადმოცემით, ეს დრო სიმშვიდისა და სიმბოლური სიკვდილის დასაწყისად ითვლებოდა, თუმცა თვითონ დღესასწაული ყოველთვის სიხარულით აღინიშნებოდა.

ფოტო: მოსავლის დღესასწაულიდან
დღეს შემოდგომის ბუნიობასთან დაკავშირებული რიტუალები კვლავაც შემონახულია პოლონეთის მკვიდრი ეკლესიის სამღვდელო პრაქტიკაში. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, ბუნიობისადმი მიძღვნილი წეს-ჩვეულებები, რომელთა ამოშლა შეუძლებელი აღმოჩნდა, თანდათან ეკლესიის რიტუალურ ციკლში შეიტანა. მოსავლის ფესტივალი გადაიქცა დღესასწაულად, რომელიც ასრულებს და აჯამებს მინდვრის სამუშაოებს; იგი ტრადიციულად იმართება სექტემბრის მეორე ნახევარში, უშუალოდ მოსავლის აღების შემდეგ და წარმოადგენს მადლიერების გამოხატვას მწის მიმართ შრომისა და ნაყოფიერებისათვის, ასევე შესაძლებლობას, საზოგადოებას იამაყოს შედეგებით.
დღევანდლამდე შემონახული წეს-ჩვეულებები სათავეს იღებს იმ დროიდან, როდესაც გლეხების შრომა თავადმფლობელთა პატივისცემასა და ჯილდოსთან იყო დაკავშირებული. მოსავლის ფესტივალისთვის მზადება ხშირად მოსავლის აღების პროცესშივე იწყებოდა: უძველესი რწმენით, მინდორში აუცილებლად უნდა დატოვებულიყო მოუკრეფავი თავთავების მუჭა, როგორც მომავალი წლის ნაყოფიერების შესაწირი. ამ მცირე გროვას რეგიონების მიხედვით სხვადასხვა სახელი ჰქონდა – წვერი, მწყერი ან თხა. როდესაც მინდორი სრულიად იცლებოდა, მომკელები ბოლო დარჩენილი თავთავების გარშემო წრეს ქმნიდნენ, სიმღერებით ამკვიდრებდნენ ტრადიციას და სარეველებს წმენდდნენ, რაც კეთილი გაზაფხულის მომასწავებლად მიიჩნეოდა.
პოლონეთის ზოგიერთ მხარეში არსებობდა უნიკალური რიტუალი, „მწყერის მოსავლის აღება“: წლის საუკეთესო მკრეფავი გოგონა სიმბოლურად გუთნად იქცეოდა – ახალგაზრდები მას ფეხებითა და თავით აკავებდნენ და გროვის გარშემო ატარებდნენ, თითქოს მიწას ხნავდნენ. ეს უცნაურობად შეიძლება მოგვეჩვენოს, მაგრამ იმ დროისთვის დიდი პატივი იყო. შემდგომ ერთიანად შეკრეფილ თავთავებს ნაწნავად აბამდნენ, ლენტებითა და ყვავილებით ამკობდნენ და მინდორში ტოვებდნენ ფრინველებისა და მღრღნელებისთვის, რათა მოსავლისგან დაცლილი ბუნება დაკმაყოფილებულიყო და მომავალში შურისძიებით არ დაესაჯა ადამიანი. ბოლოს კი, დარჩენილ მუჭა მარცვლეულს ცერემონიალურად ჭრიდნენ, რადგან სჯეროდათ, რომ მას ჯადოსნური ძალა ჰქონდა.
დოჟინკი, უძველესი ტრადიციაა, რომლის ცენტრალური ნაწილიც თავთავების გვირგვინია. ეს გვირგვინები, რომლებიც მარცვლეულის თავთავებისგან მზადდებოდა, შეიძლებოდა ყოფილიყო მარტივი ან მდიდრულად მორთული, გვირგვინის, გერბისან რგოლის ფორმის. მათ შორის ოსტატურად ერწყმოდა ერთმანეთს ყვავილები, ფერადი ლენტები, ხილი და ბოსტნეული, რათა შექმნილიყო გამორჩეული ნამუშევარი, რომელიც მკის მუშაკების შრომისმოყვარეობასა და სიამაყეს ასახავდა. ზოგჯერ, ამ გვირგვინებს ნაყოფიერებისა და სიუხვის სიმბოლოდ ცოცხალი მამალი, ქათამი, იხვი, ბატკანი ან ყარყატის ფიგურა ამშვენებდა. გვირგვინს, როგორც წესი, საუკეთესო მუშა ატარებდა, თუკი ის დიდი იყო, სხვებიც ეხმარებოდნენ. გვირგვინის უკან, სადღესასწაულო ტანსაცმელში გამოწყობილი მკის მუშები მსვლელობაში მიჰყვებოდნენ, ისინი ყვავილებითა და მარცვლეულით მორთულები იყვნენ და მათ ხელში საზეიმოდ ეჭირათ თავიანთი იარაღები – ნამგალი ან ცელი. გვირგვინების გარდა, ამ მსვლელობაში საზეიმოდ მიჰქონდათ სადღესასწაულოდ გამომცხვარი პურიც.

მოსავლის დღესასწაულის დროს, აგვისტოდან მოყოლებული, პოლონეთის სხვადასხვა რეგიონი ირთვება სადღესასწაულო სიმბოლიკებით.
მსვლელობა, როგორც წესი, ჯერ ეკლესიისკენ მიემართებოდა მოსავლის დასალოცად, შემდეგ კი, მუსიკისა და სიმღერის თანხლებით, მუშები მასპინძლის სახლისკენ გეზს იღებდნენ, რომელიც ხშირად მამულის ცენტრში იყო განთავსებული. საინტერესოა, რომ ამ დღეს შესრულებული სიმღერები არა მხოლოდ მოსავლის სიუხვეზე, არამედ ხშირად შეიცავდა იუმორსა და სარკაზმს, რომელიც მიმართული იყო მამულის ბატონის ან ზედამხედველის მიმართ. ამ დღეს, ეს თავისუფლების მომენტი მუშებს ეძლეოდათ და მამულის მმართველები ამ ცელქობაზე თვალს ხუჭავდნენ. როცა მსვლელობა მასპინძლის სახლს მიაღწევდა, ფერმერი მათ საზეიმოდ ეგებებოდა, მადლობას უხდიდა მთელი წლის გაწეული შრომისთვის, აქებდა მათ და სადღესასწაულო სუფრაზე იპატიჟებდა. მოტანილ გვირგვინებს მომავალ წლამდე ინახავდნენ, ხოლო მათგან მოტანილ მარცვლეულს დასათესად განკუთვნილ მარცვალს უმატებდნენ, რაც მომავალი მოსავლის სიმბოლო იყო. დროთა განმავლობაში, როცა პოლონეთში გლეხების მდგომარეობა შეიცვალა, მოსავლის დღესასწაულების ორგანიზებას მდიდარი ფერმერებიც შეუდგნენ.

მოსავლის დღესასწაულის დროს, აგვისტოდან მოყოლებული, პოლონეთის სხვადასხვა რეგიონი ირთვება სადღესასწაულო სიმბოლიკებით.
მოსავლის დღესასწაული თანამედროვე ეპოქაში
ომებს შორის პერიოდში მოსავლის ფესტივალი მუნიციპალურ, რაიონულ და ეროვნულ დღესასწაულად იქცა. პირველი ოფიციალური, საპრეზიდენტო დონის ფესტივალი 1927 წელს, სპალაში გაიმართა, რომელსაც იგნაცი მოშჩიცკი (პოლონეთის რესპუბლიკის მესამე პრეზიდენტი) მასპინძლობდა. კომუნისტური ეპოქის დროს ეს ზეიმი დიდი პომპეზურობით აღინიშნებოდა და ის, ძირითადად, პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ მოვლენად იქცა, რომლის მიზანიც ქვეყნის აგრარული სიძლიერისა და პარტიის სწორი პოლიტიკის დემონსტრირება იყო.
სად შევხვდებით ამ დღესასწაულს?
პოლონეთში დოჟინკი, იგივე მოსავლის აღების დღესასწაული, მთელი ქვეყნის მასშტაბით აღინიშნება, თუმცა თითოეული რეგიონი თავისებურ ტრადიციებს სძენს მას. თუ გსურთ, ამ დღესასწაულის ნამდვილი სული შეიგრძნოთ, რამდენიმე კონკრეტულ რეგიონს უნდა ეწვიოთ, სადაც დოჟინკი განსაკუთრებული პატივით იმართება.
მაზოვიეცის სავოევოდო (პოლ. Województwo Mazowieckie): ეროვნული ზეიმის ცენტრი მაზოვიეცის რეგიონი, განსაკუთრებით ქალაქი სპალა ( Spała) წლების განმავლობაში ეროვნული „დოჟინკის“ ცენტრად იქცა. აქ იმართება ყველაზე მასშტაბური და საზეიმო ღონისძიებები, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტიც კი იღებს მონაწილეობას. სპალაში თქვენ ნახავთ ყველაზე შთამბეჭდავ და მდიდრულ გვირგვინებს, რომლებიც პოლონეთის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოაქვთ.
პოდლასის სავოევოდო (პოლ. Województwo Podlaskie): პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე პოდლასის რეგიონი ცნობილია თავისი ტრადიციების სიმტკიცით. აქ „დოჟინკი“ ყველაზე უძველეს და ავთენტურ ფორმას ინარჩუნებს. სოფლებში დღემდე იმართება მსვლელობები, სადაც მონაწილეები ტრადიციულ სამოსში არიან გამოწყობილნი.
დიდი პოლონეთი (Wielkopolska): პოლონეთის დასავლეთით მდებარე დიდი პოლონეთის რეგიონი გამოირჩევა თავისი განვითარებული სოფლის მეურნეობით. აქ „დოჟინკი“ ხშირად აერთიანებს ტრადიციასა და თანამედროვეობას. ღონისძიებებზე შეგიძლიათ ნახოთ როგორც ტრადიციული რიტუალები, ისე თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის გამოფენები.
სვიეტოკშის სავოევოდო (პოლ. Województwo świętokrzyskie): გვირგვინების კურთხევა ცენტრალური პოლონეთის სვიენტოკშის რეგიონი განსაკუთრებით ცნობილია ეკლესიაში მოსავლის გვირგვინების კურთხევის უძველესი ტრადიციით. აქ ამ პროცესს დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი რეგიონები განსაკუთრებით ცნობილია, „დოჟინკი“ ყველგან აღინიშნება. იქნება ეს დიდი ქალაქის პარკი თუ პატარა სოფლის მოედანი, პოლონეთში მოსავლის აღების დღესასწაული ყველგან ცოცხალი და მნიშვნელოვანი ტრადიციაა.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება