თანამედროვე სამყაროში, სადაც განათლება და სოციალური ჩართულობა საზოგადოებრივი პროგრესის უმთავრეს საფუძვლად იქცა, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ახალგაზრდების გამოცდილება, რომლებიც საერთაშორისო პროგრამების მეშვეობით აფართოებენ ხედვებს, აღრმავებენ პროფესიულ ცოდნას და აყალიბებენ ლიდერულ იდენტობას. მათ შორის არის მაია რიჟვაძე – ინკლუზიური განათლების მკვლევარი, პრაქტიკოსი და სოციალური სამართლიანობის აქტიური მხარდამჭერი, რომლის გზაც პოლონეთის საბავშვო ბაღიდან გლაზგოს უნივერსიტეტამდე გადაიშალა.
ინტერვიუში მაია გვიზიარებს თავისი მულტიკულტურული პროფესიული და აკადემიური გამოცდილების ნაყოფს, რომელიც მოიცავს მონაწილეობას ევროპის სოლიდარობის კორპუსისა და ჩივნინგის პროგრამებში, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მუშაობას სხვადასხვა სოციალურ კონტექსტში, ასევე ხედვას განათლების რეფორმირების აუცილებლობაზე როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ დონეზე. მისი ნაამბობი მოწმობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ინდივიდუალური ამბავი გადაიქცეს გავლენიან პლატფორმად ცვლილებებისთვის და როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მოტივაციამ მრავალს გაუჩინოს სვლა განვითარებისკენ.

-მაია, პირველ რიგში, გვითხარით, რა იყო თქვენი მთავარი მოტივაცია, რომ ჩართულიყავით ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტში და კონკრეტულად, პოლონეთში საბავშვო ბაღში მუშაობის გამოცდილებაში?
-2019 წლამდე პროფესიით მარკეტინგის სფეროში ვმუშაობდი. COVID პანდემიის დაწყების შემდეგ მეგობრებთან ერთად მაღალმთიან აჭარაში დაახლოებით 20-25 სოფელი მოვიარე, სადაც აღმოვაჩინე უამრავი ბავშვი, რომელიც განათლების მიღმა იყო დარჩენილი. მათი გარიყვის მიზეზი ძირითადად იყო ქცევითი დარღვევები, განსაკუთრებული საჭიროებები, ეტლით სარგებლობა – რის გამოც ისინი ფაქტობრივად ჩამოშორებულნი იყვნენ საგანმანათლებლო სისტემას. სწორედ ამ პერიოდში მივიღე გადამწყვეტი გადაწყვეტილება, რომ პროფესია შემეცვალა და დავბრუნებულიყავი განათლების სფეროში.საწყის ეტაპზე ვცდილობდი საქართველოში მომეძებნა შესაძლებლობა, რათა გამეღრმავებინა ცოდნა ინკლუზიური განათლების მიმართულებით, თუმცა მოხალისეობრივი კულტურის არარსებობის გამო ვერ აღმოვაჩინე ისეთი სივრცე, სადაც თუნდაც დამხმარე მასწავლებლის სტატუსით მუშაობა და გამოცდილების დაგროვება შესაძლებელი იქნებოდა. სწორედ მაშინ აღმოვაჩინე ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა პოლონეთის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში მუშაობას. გავიარე გასაუბრება როგორც მიმღებ, ასევე გამგზავნ ორგანიზაციასთან და შერჩევის შემდეგ სწრაფად მოვაგვარე ბიუროკრატიული პროცედურები. 2020 წლის სექტემბრიდან დავიწყე მუშაობა პოლონეთის საბავშვო ბაღში მოხალისე მასწავლებლის სტატუსით, სადაც ვახორციელებდი პროექტებს ინკლუზიური განათლების მიმართულებით, რაც გულისხმობდა თითოეული ბავშვის აქტიურ მონაწილეობას სასწავლო პროცესში.
-როგორ შეარჩიეთ გამგზავნი ორგანიზაცია „InoChange“ საქართველოში? რა როლი ითამაშა მან თქვენს მოსამზადებელ ეტაპზე?
-განსაკუთრებით ფართო არჩევანი არ მქონდა, რადგან ეს პერიოდი COVID-ის პანდემიის პიკს ემთხვეოდა და აქტიური შესაძლებლობები შეზღუდული იყო. რეზიუმეს ვუგზავნიდი ყველა შესაძლო პროექტს. ხშირად მსმენია, რომ გამგზავნი ორგანიზაციები ნაკლებად აქტიურად ერთვებიან პროცესებში, თუმცა ჩემი შემთხვევა გამორჩეულად წარმატებული აღმოჩნდა – გამიმართლა, რომ ჩემი გამგზავნი ორგანიზაცია „InoChange“ იყო. პროექტის მენეჯერი ჩემს გვერდით იდგა პროცესის ყველა ეტაპზე – პირველივე დღიდან პროექტის დასრულებამდე – და მაქსიმალურად ცდილობდა მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარებით ჩემთვის მოხალისეობის წელი ნაყოფიერი გაეხადა.
-პოლონეთში ჩასვლის შემდეგ, როგორი იყო თქვენი პირველი შთაბეჭდილებები? რამდენად მარტივად მოახერხეთ ადაპტაცია ახალ კულტურულ გარემოსთან და სამუშაო სპეციფიკასთან საბავშვო ბაღში?
-პოლონეთში ჩასვლისთანავე დაგვხვდა ქართველი მოხალისე, რომელიც მანამდე ამავე პროექტში მონაწილეობდა. მისი დახმარებითა და გამოცდილების გაზიარებით შევძელი ახალ გარემოსთან სწრაფი ადაპტაცია. საბავშვო ბაღში მუშაობა პოლონური ენის ცოდნის გარეშე განსაკუთრებულად დიდ გამოწვევას წარმოადგენდა, თუმცა ბავშვები საოცრად მეხმარებოდნენ ენის ათვისებაში, რაც საბოლოოდ საშუალებას მაძლევდა დავმეგობრებულიყავი ადგილობრივებთან, რომლებიც ინგლისურად არ საუბრობდნენ. ვფიქრობ, რომ ჩვენ და პოლონელ ხალხს კულტურულად ბევრი საერთო გვაქვს. გარდა ამისა, პოლონეთში მცხოვრები ქართველების მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ჩემი მოხალისეობის წლისთვის – სწორედ მათი თანადგომის წყალობით შეიძინა ამ წელმა განსაკუთრებული მნიშვნელობა.
-თქვენ ცხოვრობდით სხვა საერთაშორისო მოხალისეებთან ერთად. როგორი იყო ეს თანაცხოვრება? რა გამოწვევებს ან დადებით მხარეებს გამოყოფდით მულტიკულტურულ გარემოში ცხოვრებისას?
-ეს იყო ჩემთვის მეტად ღირებული შესაძლებლობა, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემი პიროვნული და პროფესიული იდენტობის ფორმირებაში. მულტიკულტურულ გარემოში თანაცხოვრებამ შემმატა უნარი ინკლუზიური კულტურის გაცნობისა და მიღების. ძალიან გვსურდა ერთმანეთის უკეთ გაცნობა და ამ მიზნით ვაწყობდით კულტურულ საღამოებს, კვირაში ერთხელ ვმასპინძლობდით ენის გაკვეთილებს. ეს იყო მეგობრობის მშვენიერი დასაბამი – საერთაშორისო კავშირები, რომლებიც დღემდე გრძელდება.


-ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება რომ შეაჯამოთ, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილი ან უნარი, რომელიც შეიძინეთ პოლონეთში ყოფნისას?
-პოლონეთში მოხალისეობამ ყველაზე ღირებული გაკვეთილები მასწავლა – კულტურული მგრძნობელობის განვითარება, სოციალური ადაპტაციის უნარი, მოთმინება, გუნდური მუშაობა და ბავშვის საჭიროებებზე ინდივიდუალური მიდგომა. ინკლუზიური განათლების პროექტებმა მაჩვენა, როგორ შეიძლება ყველა ბავშვი თანაბრად იყოს ჩართული საგანმანათლებლო პროცესში, მიუხედავად მათი განსხვავებული შესაძლებლობებისა. სწორედ ამ მიზნის გარშემო ჩაერთვნენ პროცესში ორი ქართული საბავშვო ბაღიც, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართული Etwinning-ის პროექტში, სადაც მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პოლონელ კოლეგებთან გამოცდილების გაცვლისა. ეს ინიციატივა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა როგორც ბავშვებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
-პოლონეთიდან გერმანიაში გადაინაცვლეთ. როგორ მოხდა ეს? იყო თუ არა ეს გადაწყვეტილება წინასწარ დაგეგმილი, თუ სპონტანურად მიიღეთ?
-გერმანიაში წასვლა წინასწარ დაგეგმილი მქონდა, თუმცა ბაღში მუშაობამ ხელი შემიწყო პოლონური ენის უკეთ ათვისებაში, რაც შემდგომ შესაძლებლობად გადამექცა. ვეძებდი პროგრამებს, რომლებიც შესაბამის შანსს მომცემდნენ და აღმოვაჩინე BFD (Bundesfreiwilligendienst) – გერმანული მოხალისეობრივი პროგრამა. პოლონური ორგანიზაცია, რომელიც მონაწილეობდა BFD-ის ფარგლებში, მეშვეობით მომეცა შანსი პოლონურ-გერმანულ პროექტში ჩავრთულიყავი. პოლონური ენის სერტიფიკატის წარდგენის საფუძველზე მე გავხდი პირველი არაპოლონელი, ვინც ამ ორგანიზაციის საშუალებით გერმანიაში მოხალისედ გაემგზავრა. ეს იყო ჩემთვის შეუფასებელი გამოცდილება. კლაინვახაუს სკოლაში მუშაობა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული გამოცდილება იყო პროფესიულ განვითარებაში. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა და საგანმანათლებლო სისტემის განსხვავებულობისა, ამ გამოწვევებმა მასწავლა ეფექტური, არავერბალური კომუნიკაციის სტრატეგიები და გამიადვილა მოსწავლეების უნიკალური საჭიროებების უკეთ გააზრება. სწორედ ამ გზით შევისწავლე გერმანული ჟესტური ენა, რომელსაც სკოლა აქტიურად იყენებდა კომუნიკაციისთვის. პატარა გამარჯვებები ყოველდღიურობაში იყო – როცა არავერბალურად მოსაუბრე მოსწავლე გიღიმის ან ხელს გიჭერს, ეს უმაღლესი დონის მადლიერებაა. საოცარი იყო გუნდური მუშაობაც – პროფესიონალთა ერთობა ქმნიდა ნამდვილი ინკლუზიური გარემოს, სადაც თითოეული ბავშვი იყო მიღებული, დაფასებული და მხარდაჭერილი.

-როგორ ფიქრობთ, რა მოგცათ გერმანიაში, კლაინვახაუს სკოლაში გატარებულმა ერთმა წელმა პიროვნული და პროფესიული განვითარების კუთხით?
-გერმანიაში გატარებულმა წელმა ღრმად დამამახსოვრა მოთმინების, ემპათიისა და განსხვავებულობის პატივისცემის ღირებულებები. ვიგრძენი საკუთარი თავის და შესაძლებლობების სიძლიერე. პროფესიულად კი, ეს იყო პრაქტიკული სკოლა ინკლუზიური განათლების მიმართულებით. გავეცანი გერმანიის სპეციალური განათლების სტრუქტურას, გუნდური მუშაობის სისტემურ მიდგომებს და ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შემუშავების პრაქტიკას. ეს გამოცდილება ჩემთვის საბაზისო პლატფორმად იქცა, რომელსაც დღეს უკვე საქართველოში, საკუთარი საქმიანობის დროს, ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის ვიყენებ.
-ამ ორ მოხალისეობრივ გამოცდილებას შორის -პოლონეთში საბავშვო ბაღსა და გერმანიაში სკოლაში – რომელი იყო თქვენთვის მეტად ტრანსფორმაციული და რატომ?
-ორივე გამოცდილება იყო ერთმანეთის შემავსებელი და, განვითარების თვალსაზრისით, უაღრესად ღირებული, თუმცა ისინი სრულად განსხვავებულ კონტექსტში წარიმართა. პოლონეთში ვმუშაობდი ინკლუზიური მოდელით ორგანიზებულ საბავშვო ბაღში, სადაც სხვადასხვა უნარის მქონე ბავშვები ერთად იზრდებოდნენ და სოციალური ინტეგრაცია ყოველდღიურ პრაქტიკად განიხილებოდა. ამ გარემომ დამანახა, რამდენად მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდანვე ინკლუზიური სივრცეების შექმნა და მრავალფეროვნების მიღება ბავშვის ჰოლისტური განვითარების პროცესში. გერმანიაში კი მივიღე გამოცდილება სპეციალიზებულ საგანმანათლებლო სკოლაში, რომელიც სრულად მორგებული იყო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებზე. აქ დავინახე, როგორ ფუნქციონირებს ინდივიდუალურად მორგებული მხარდაჭერის სისტემა და რამდენად მნიშვნელოვან შესაძლებლობებს აძლევს ის თითოეულ ბავშვს. თუ ტრანსფორმაციულობის თვალსაზრისით შევაფასებთ, გერმანიის გამოცდილება განსაკუთრებით გამორჩეული და რთული აღმოჩნდა. იქ მიღებულმა ცოდნამ და გამოწვევებმა ჩემზე იმოქმედა როგორც პროფესიული, ისე პიროვნული ზრდის კუთხით. თუმცა, სწორედ განსხვავებულობის გამო, ორივე გამოცდილებამ გამიხსნა ინკლუზიური განათლების მრავალფეროვანი სპექტრი და მის ირგვლივ არსებული სისტემების ძლიერი თუ სუსტი მხარეები, რამაც ჩემი ხედვა საგრძნობლად გააფართოვა.

-გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ დიდი ბრიტანეთისკენ აიღეთ გეზი და ჩივნინგის სტიპენდიით სწავლობდით გლაზგოს უნივერსიტეტში. როგორ გაიგეთ ამ პროგრამის შესახებ და რატომ გადაწყვიტეთ განაცხადის გაკეთება სწორედ ამ სტიპენდიაზე?
-უცხოეთში ხარისხიანი განათლების მიღება ყოველთვის ჩემი გრძელვადიანი მიზანი იყო, თუმცა კონკრეტულ პროგრამებზე ინფორმაცია მწირად მქონდა. ჩივნინგის სტიპენდიის შესახებ შემთხვევით შევიტყვე – განაცხადის ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც ხუთი დღით ადრე. მიუხედავად მკაცრი დროის შეზღუდვისა, ვიმუშავე მაქსიმალური სიფრთხილითა და მოტივაციით, რათა მქონოდა სრულყოფილი განაცხადი და გავმხდარიყავი ამ გლობალური პროგრამის მონაწილე. ჩემი მოტივაცია არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საერთაშორისო დონის განათლების მიღებით; ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმ ცოდნის საქართველოში დაბრუნება და მისი გამოყენება ინკლუზიური განათლების სისტემის გაუმჯობესებისა და სამართლიანი სოციალური გარემოს ხელშეწყობისთვის. გლაზგოს უნივერსიტეტისა და კონკრეტულად პროგრამის – Inclusive Education: Research, Policy and Practice – არჩევანი გააზრებული და სტრატეგიულად გამართლებული იყო. პოლონეთსა და გერმანიაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება მაჩვენებდა, რომ სისტემური ცვლილებების მისაღწევად აუცილებელია ჩართულობა პოლიტიკისა და კვლევის დონეზე. აღნიშნული სამაგისტრო პროგრამა სწორედ იმ შესაძლებლობას მაძლევდა, აკადემიური ცოდნის გაღრმავების გზით გამეანალიზებინა განსხვავებული ქვეყნებისა და სისტემების გამოცდილება და ეს ყველაფერი გამომეყენებინა საქართველოში ინკლუზიური განათლების განვითარებისთვის.
-როგორი იყო ჩივნინგის სტიპენდიის მოპოვების პროცესი და რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც ამ პრესტიჟული სტიპენდიის მიღებაზე ფიქრობს?
-ჩივნინგის სტიპენდიის მიღების პროცესი, ერთდროულად, იყო სტრატეგიული, ინტენსიური და ემოციურად დატვირთული. განაცხადის შევსება მოითხოვს მკაფიო მიზნებს, დროის ეფექტიან მენეჯმენტს და გულწრფელ, თანმიმდევრულ ნარატივს, რომელიც ასახავს კანდიდატის ლიდერულ პოტენციალს. ჩემთვის ეს არ იყო მხოლოდ განაცხადის დაწერა – ეს იყო საკუთარი თავის ხელახალი აღმოჩენა და პროფესიული გზის ღრმა გააზრება. სტიპენდიაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, გადავწყვიტე ჩემი გამოცდილება საჯაროდ გამეზიარებინა. 2022 წელს შევქმენი სპეციალური ფეისბუქ ჯგუფი ქართველი აპლიკანტებისთვის, სადაც აქტიურად ვუზიარებ მათ ინფორმაციას, ვატარებ ონლაინ სესიებს და ვუწევ მხარდაჭერას. ამავდროულად, ჩემი ინსტაგრამ გვერდი – @mycheveningjourney – იქცა გლობალურ პლატფორმად ჩივნინგ აპლიკანტებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან, სადაც ვავრცელებ რჩევებს, მოტივაციასა და გამოცდილებებს. ჩემი მთავარი გზავნილია: გაბედეთ თქვენი ისტორიის მოყოლა, გამოხატეთ ღიად მიზნები და უზრუნველყავით, რომ ისინი თანხვედრაშია თქვენს მოქმედებებთან. ჩივნინგი ეძებს არა მხოლოდ აკადემიურად გამორჩეულ, არამედ მიზანდასახულ და ცვლილებებზე ორიენტირებულ ადამიანებს. ნუ დაელოდებით „იდეალურ“ დროს – დაიწყეთ დღესვე და გახდით ის ლიდერი, რომელიც თქვენს თემს სჭირდება.

-როგორ შეაფასებდით თქვენს აკადემიურ გამოცდილებას გლაზგოს უნივერსიტეტში და რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ბრიტანულმა საგანმანათლებლო სისტემამ?
-გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლა მკვეთრად განსხვავდებოდა როგორც პოლონეთსა და გერმანიაში მიღებული მოხალისეობრივი გამოცდილებისგან, ასევე იმ ქართულ აკადემიურ სივრცეებისგან, სადაც მანამდე ვსწავლობდი. ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემა ეფუძნება კვლევაზე ორიენტირებულ სწავლებას, რაც მოითხოვს დამოუკიდებელ ანალიზს, კრიტიკულ მიდგომას და არგუმენტირების მაღალ ხარისხს. აქ სტუდენტის აზრი ფასდება, არ არსებობს მხოლოდ ერთი სწორი პასუხი – მნიშვნელოვანია მსჯელობის სიღრმე, ეთიკა და კონტექსტუალური გააზრება. განსაკუთრებული განსხვავება გამოვლინდა შეფასების კულტურაში. მაშინ, როცა საქართველოში შეფასება ხშირად განიხილება როგორც სტატუსის მაჩვენებელი და იწვევს ზედმეტ სტრესს, ბრიტანულ სისტემაში იგი პროცესზე ორიენტირებულია. აქ ყურადღება ექცევა არა მხოლოდ შედეგს, არამედ პროცესს – როგორ ფიქრობ, როგორ ავითარებ არგუმენტს, როგორ იყენებ აკადემიურ წყაროებს და პატივს სცემ ეთიკურ სტანდარტებს. ღირებული იყო ისიც, რომ ინკლუზიური განათლების კვლევა, პოლიტიკა და პრაქტიკა ერთიანად განიხილებოდა, რაც მაძლევდა შესაძლებლობას როგორც ადგილობრივი, ისე გლობალური კონტექსტების გააზრებისთვის. დაუვიწყარი გამოცდილება იყო ლექტორების მხარდაჭერაც – მაგალითად, ერთ-ერთმა პროფესორმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქსოვაზე დამპატიჟა, რათა თავი მარტო არ მეგრძნო.
-რამდენად აქტიურად იყავით ჩართული ჩივნინგის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებსა და აქტივობებში?
-ჩივნინგის სტიპენდიის ფარგლებში ჩემი ჩართულობა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ აკადემიური პროცესით. პირიქით – მაქსიმალურად ვცდილობდი, მონაწილეობა მიმეღო ყველა იმ ღონისძიებაში, რასაც პროგრამა სთავაზობდა სტიპენდიანტებს. აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას როგორც გლაზგოს უნივერსიტეტის შიდა, ისე ჩივნინგის მასშტაბურ და რეგიონულ ღონისძიებებში. ჩემს ჩართულობას და ინიციატივას წარმატებით მოჰყვა ის, რომ პროგრამის დასრულებისას თავად ჩივნინგის წარმომადგენლებმა მომიწვიეს სპიკერად ერთ-ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე. აქ მქონდა შესაძლებლობა, მომავალი სტიპენდიანტებისთვის გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება და გადამეცა მათთვის მოტივაცია. გარდა ამისა, ვმონაწილეობდი რეგიონალურ ქსელურ შეხვედრებში, რომლებიც არამხოლოდ პროფესიულ, არამედ პიროვნულ დონეზეც მეტად გამამდიდრა – მათ შორის იყო მრავალფეროვან კულტურულ გარემოში ეფექტური კომუნიკაცია, კრიტიკული ხედვის განვითარება და საკუთარი ნარატივის ჩამოყალიბება. ჩივნინგი ჩემთვის იყო არა მხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ საერთაშორისო თანამშრომლობის, კულტურული გაცვლისა და სამომავლო ლიდერობის პრაქტიკული ველის გახსნის პლატფორმა.
-როგორ აისახა თქვენი საერთაშორისო გამოცდილება პროფესიულ ხედვებსა და კარიერულ მისწრაფებებზე?
-საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც პოლონეთიდან დაიწყო, გერმანიით გაგრძელდა და დიდ ბრიტანეთში დასრულდა, გარდამტეხი აღმოჩნდა ჩემი პროფესიული ხედვის ჩამოყალიბებაში. თითოეულმა ეტაპმა თავისი წვლილი შეიტანა: პოლონეთში ინკლუზიურ გარემოში მუშაობამ გამიჩინა ინტერესი ადრეული ჩარევის მნიშვნელობისადმი; გერმანიაში სპეციალურ სკოლაში მიღებულმა გამოცდილებამ გამიღრმავა ცოდნა სისტემური მხარდაჭერის ეფექტიანობაზე; ხოლო ბრიტანულმა აკადემიურმა სივრცემ მომცა შესაძლებლობა გლობალური ხედვის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების განვითარებისთვის. ეს გამოცდილებები დამეხმარა, მკაფიოდ დამესახა ჩემი კარიერული მისწრაფებები – ინკლუზიური განათლების მხარდაჭერა, სოციალური სამართლიანობის ხელშეწყობა და განათლების პოლიტიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში აქტიურად ვმუშაობდი ამ მიმართულებით და ვახორციელებდი ადგილობრივ პროექტებს, ქვეყანაში მიმდინარე არადემოკრატიული კანონების მიღების შედეგად, ჩემმა ორგანიზაციამ დროებით შეაჩერა საქმიანობა. გრძელვადიან პერსპექტივაში, ვგეგმავ მუშაობის გაგრძელებას საერთაშორისო დონეზე – კვლევით სივრცეში, განათლების პოლიტიკაში ან ადამიანის უფლებების სფეროში. მსურს, მიღებული ცოდნა და გამოცდილება გლობალურ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში გადავისახო.

-რას ეტყოდით იმ ქართველ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობაზე?
-ჩემი გზავნილი მარტივია: არ დაელოდოთ სრულ მზადყოფნას. დაიწყეთ იქ, სადაც ხართ, იმ შესაძლებლობებით, რაც უკვე გაქვთ. ხშირად გვაშინებს შიში, ეჭვი საკუთარ თავში, ან განცდა, რომ მსგავსი შესაძლებლობები „სხვებისთვისაა“. თუმცა გამოცდილება მაჩვენებს, რომ გულწრფელი ინტერესითა და თავდადებით ნებისმიერი კარი იღება. არ არის აუცილებელი, რომ უკვე გქონდეთ მრავალი მიღწევა – გაცვლითი პროგრამები ეძებენ არა სრულყოფილ, არამედ განვითარებაზე და ცვლილებაზე ორიენტირებულ ადამიანებს. მე ჩივნინგის შესახებ განაცხადის ვადამდე მხოლოდ ხუთი დღით ადრე შევიტყვე, თუმცა გადავწყვიტე მიმეღო მონაწილეობა – და ეს გახდა ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი გადაწყვეტილება. მინდა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ, უმცირესობების წარმომადგენელ და დაბალი თვითშეფასების მქონე ახალგაზრდებს მივმართო: თქვენს ხმას აქვს მნიშვნელობა. თქვენი გამოცდილება ღირებულია და მას შეუძლია რეალური ცვლილება მოიტანოს. გამოიყენეთ ეს პროგრამები არა მხოლოდ კარიერული წარმატებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დაბრუნდეთ თქვენს თემში და გახდეთ მისი მხარდამჭერი და ტრანსფორმატორი. და რაც მთავარია – გახსოვდეთ, რომ მარტო არ ხართ. არსებობს მხარდამჭერი ქსელები, როგორიცაა ჩემი ფეისბუქ ჯგუფი ჩივნინგის აპლიკანტებისთვის საქართველოში, ან ინსტაგრამ გვერდი – @mycheveningjourney, სადაც თავმოყრილია გლობალური რესურსები, რჩევები და მოტივაცია. გზა იწყება პირველ ნაბიჯზე – გადადგით ეს ნაბიჯი თქვენი მომავლისთვის. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თავად გჯეროდეთ საკუთარი თავის.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება