თანამედროვე რეალობაში განათლების მიღება საერთაშორისო სივრცეში სტუდენტებისთვის არამხოლოდ აკადემიური განვითარებაა, არამედ პიროვნული ზრდის, კულტურული ინტეგრაციისა და პროფესიული უნარების გაღრმავების შესაძლებლობაც. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტი ქართველი ახალგაზრდის არჩევანი ევროპული საგანმანათლებო სივრცეა, სადაც მათ შესაძლებლობა აქვთ ისწავლონ მრავალფეროვან და ხარისხიან აკადემიურ გარემოში. პოლონეთი, როგორც ცენტრალურ ევროპაში მდებარე საგანმანათლებლო ჰაბი, დღეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ქართველი სტუდენტებისთვის. ქვეყნის დედაქალაქი ვარშავა კი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს თავისი პრესტიჟული სასწავლო დაწესებულებებით, საერთაშორისო საზოგადოების მრავალფეროვნებით და კომფორტული, უსაფრთხო გარემოთი.
ჩვენი დღევანდელი რესპონდენტია ნოდარ კაციაშვილი – ახალგაზრდა, მიზანდასახული სტუდენტი, რომელმაც ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით განათლების მიღება პოლონეთში გადაწყვიტა. ინტერვიუში ნოდარი გვიზიარებს თავის გამოცდილებას როგორც აკადემიურ, ისე პროფესიულ საქმიანობაში, გვიყვება სწავლისა და სამუშაოს შეთავსების შესახებ, საკუთარ სარეკლამო სააგენტოზე, და იმაზე, თუ როგორ აერთიანებს თეორიულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობასთან. ასევე შევეხებით ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორებიცაა ენობრივი ბარიერები, დოკუმენტაციის გაფორმებასთან დაკავშირებული გამოწვევები და რჩევები იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც პოლონეთში განათლების მიღებას გეგმავენ.

ფოტოზე:ნოდარ კაციაშვილი
-როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მიმზიდველი პოლონეთში სტუდენტებისთვის და კონკრეტულად, რატომ არის ვარშავა კარგი არჩევანი სწავლისა და ცხოვრებისთვის?
-პოლონეთი სტუდენტებისთვის მიმზიდველია ხარისხიანი განათლებისა და მრავალფეროვანი აკადემიური პროგრამების გამო. აქ შესაძლებელია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიღება, რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანი უპირატესობაა. ვარშავა, როგორც ქვეყნის დედაქალაქი, განსაკუთრებით კარგი არჩევანია, რადგან აქ თავმოყრილია არაერთი პრესტიჟული უნივერსიტეტი და სთავაზობს სტუდენტებს მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს. გარდა ამისა, ვარშავა არის კომფორტული, უსაფრთხო და კულტურულად მდიდარი ქალაქი, სადაც სტუდენტებს ხელსაყრელი პირობები აქვთ როგორც სწავლისთვის, ისე თავისუფალი დროის სრულფასოვნად გასატარებლად.
– რატომ აირჩიეთ სპეციალობად ბიზნეს ადმინისტრირება? რა მოლოდინები გაქვთ ამ მიმართულებით და როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ ის სამომავლო კარიერულ წინსვლაში?
-ბიზნეს ადმინისტრირება სპეციალობად გავაცნობიერე მას შემდეგ, რაც ჩემი თავდაპირველი აკადემიური მიმართულება საერთაშორისო ურთიერთობები იყო მიუხედავად იმისა, რომ ეს სფერო ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, რეალურმა გამოცდილებამ მაჩვენა, რომ ჩემი ინტერესები უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული ბიზნესისა და მენეჯმენტის მიმართულებასთან. საკუთარი ბიზნესისადმი ინტერესი ბავშვობიდან მქონდა ყოველთვის მიზიდავდა ის პროცესი, თუ როგორ ხდება იდეის განვითარება, ბაზარზე რეალიზება და მისი ეფექტური მართვა. საქმიანობის გამოცდილებამ კიდევ უფრო განმიმტკიცა რწმენა, რომ სწორედ ბიზნეს ადმინისტრირებაა ის სფერო, რომელიც საშუალებას მომცემს გავუმკლავდე პრაქტიკულ გამოწვევებს. ამ მიმართულებით ჩემი მოლოდინია მივიღო კომპლექსური ცოდნა მენეჯმენტში, ფინანსებში, მარკეტინგში და ადამიანური რესურსების მართვაში, რაც მომცემს შესაძლებლობას, დავეუფლო როგორც საკუთარი ბიზნესის წარმოებას, ისე კორპორაციულ სტრუქტურებში წარმატებულად მუშაობას. მჯერა, რომ ბიზნეს ადმინისტრირება იქნება მყარი საფუძველი ჩემი კარიერული წინსვლისა და საკუთარი პროფესიული პოტენციალის სრულად რეალიზებისთვის.
– გარდა სწავლისა, თქვენ დასაქმებული ხართ სოციალური მედიის მიმართულებით,გაქვთ საკუთარი სარეკლამო სააგენტო. როგორ მოახერხებთ სწავლისა და სამუშაოს შეთავსებას?
-სწავლისა და სამუშაოს შეთავსება ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მოტივირებულ ამოცანას წარმოადგენს. ამ მხრივ, ჩემი მთავარი ძალა ყოველთვის დისციპლინა და დროის ეფექტური მენეჯმენტი იყო. პროფესიული საქმიანობა სოციალური მედიის მიმართულებით და საკუთარი სარეკლამო სააგენტოს მართვა ჩემგან მოითხოვს ორგანიზებულობას, პასუხისმგებლობის გრძნობას და ყოველდღიური პროცესების რაციონალურად დაგეგმვას. სწორად გაწერილი გრაფიკითა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრით ვახერხებ, რომ სწავლასა და საქმიანობას შორის ბალანსი შევინარჩუნო ისე, რომ არც ერთი მიმართულება არ დაზიანდეს. პირიქით პრაქტიკული გამოცდილება ხშირად ავსებს თეორიულ ცოდნას, რასაც სასწავლო პროცესშიც აქტიურად ვიყენებ. მჯერა, რომ ასეთი კომბინაცია აკადემიური განვითარება და პროფესიული საქმიანობა მაქსიმალურად გააღრმავებს ჩემს კომპეტენციებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც პიროვნულ, ისე კარიერულ წინსვლას.
– როგორ ფიქრობთ, რამდენად დაგეხმარებათ ბიზნეს ადმინისტრირების ცოდნა თქვენი სარეკლამო სააგენტოს განვითარებაში? ხედავთ თუ არა რაიმე კონკრეტულ სინერგიას ამ ორ სფეროს შორის?
-ბიზნეს ადმინისტრირების ცოდნა ჩემი სარეკლამო სააგენტოს განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. ეს სფერო მოიცავს ისეთ კრიტიკულად მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორებიცაა სტრატეგიული დაგეგმვა, ფინანსური მართვა, ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია, მარკეტინგული ანალიზი და ადამიანური რესურსების მართვ ყველა ეს მიმართულება უშუალოდ უკავშირდება სარეკლამო სააგენტოს ეფექტიან ფუნქციონირებასა და ზრდას. ამგვარად, ვხედავ არამარტო პრაქტიკულ დახმარებას, არამედ სიღრმისეულ სინერგიას ამ ორ სფეროს შორის, რაც საშუალებას მაძლევს ჩემი სააგენტო უფრო ეფექტიანად განვავითარო როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
– პოლონეთში სწავლისა და ცხოვრებისას, რამდენად გექმნებათ ენობრივი ბარიერი? როგორ უმკლავდებით ამ გამოწვევას ყოველდღიურ ცხოვრებაში და აკადემიურ საქმიანობაში?
-დიახ, ამ ეტაპზეც აქტიურად ვცდილობ გავიღრმავო ცოდნა პოლონური ენის მიმართულებით. თავიდან, რასაკვირველია, რთული იყო სრულიად უცხო ენის ათვისება განსაკუთრებით გრამატიკული სირთულეებისა და განსხვავებული სტრუქტურის გამო. თუმცა მჯერა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია სურვილი, მონდომება და გააზრება იმისა, თუ რამდენად საჭიროა ენის ცოდნა ახალი გარემოში ადაპტაციისთვის. დღეს უკვე ბევრად უფრო თავისუფლად ვსაუბრობ და ვმოქმედებ ყოველდღიურ სიტუაციებში, თუმცა კიდევ მაქვს სურვილი და მიზანი, რომ ენის ფლობა უფრო სრულყოფილ დონეზე მივიყვანო. ვფიქრობ, პოლონური ენის ცოდნა უცხოელი სტუდენტისთვის არამხოლოდ აკადემიური წარმატების, არამედ კულტურულ გარემოში ინტეგრაციისთვის.
– მოგვიყევით თქვენი გამოცდილების შესახებ დოკუმენტაციის გაფორმებასთან დაკავშირებით, იქნება ეს სასწავლებელში ჩარიცხვის პროცესი, ბინადრობის ნებართვის მიღება თუ სხვა იურიდიული საკითხები. რამდენად რთული ან მარტივი იყო ეს პროცესი?
-დოკუმენტაციის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცესი, იქნება ეს სასწავლებელში ჩარიცხვა, ბინადრობის ნებართვის მიღება თუ სხვა იურიდიული საკითხები, თავდაპირველად გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. განსაკუთრებული გამოწვევა იყო საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალის სრული და სწორი ცოდნის არქონა, რაც სამწუხაროდ გარკვეულმა გაურკვევლობამ და ინფორმაციის ნაკლებობამ გამოიწვია. ამან მომიტანა დროის კარგვა და პროცედურული შეფერხებები. თუმცა, მიღებული გამოცდილება ჩემს მომავალ ნაბიჯებს ბევრად უფრო გააზრებულსა და დაგეგმილს ხდის.
– ხომ არ შეგხვედრიათ რაიმე გაუთვალისწინებელი დაბრკოლება დოკუმენტაციასთან დაკავშირებით? რა რჩევებს მისცემდით სხვა სტუდენტებს, რომლებიც პოლონეთში აპირებენ ჩამოსვლას?
დიახ, დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული გაუთვალისწინებელი დაბრკოლებები შემექმნა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ საქართველოში მიღებული ზოგიერთი საგანმანათლებლო დოკუმენტი არ მქონდა აპოსტილით დამოწმებული, რაც აუცილებელი მოთხოვნაა პოლონეთში აკადემიური მიზნებისთვის დოკუმენტების წარდგენისას. ამის გამო პროცესი გარკვეული დროით შეფერხდა და მომიწია დამატებითი მოქმედებების განხორციელება უკვე პოლონეთში ყოფნისას. ასევე, გარკვეული სირთულეები დაკავშირებული იყო სკოლის სილაბუსის (Curriculum) დოკუმენტთან, რომელიც დამჭირდა კონკრეტული საგნების აკადემიური აღიარებისთვის. ჩემი რჩევა ყველა იმ სტუდენტისთვის, ვინც პოლონეთში აპირებს ჩამოსვლას, არის შემდეგი: სასწავლო დოკუმენტაცია აუცილებლად უნდა იყოს სრულად მომზადებული აპოსტილით დამოწმებული, ოფიციალურად თარგმნილი პოლონურ ენაზე და ნოტარიულად დამოწმებული. მნიშვნელოვანია დეტალურად გადამოწმდეს, თუ რომელი დოკუმენტები მოითხოვება კონკრეტული სასწავლებლისთვის რათა თავიდან აიცილონ დროის დაკარგვა და პროცესული შეფერხებები.
– რამდენად კომფორტულია პოლონეთში ცხოვრება უცხოელი სტუდენტისთვის? რა უპირატესობებს გამოყოფდით და რა სირთულეები გხვდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში?
-პოლონეთი უცხოელი სტუდენტებისთვის საკმაოდ კომფორტული და მრავალმხრივ განვითარებული ქვეყანაა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო და სტუდენტური ცხოვრების თვალსაზრისით. სწავლება მრავალ უნივერსიტეტში ევროინტეგრირებული სტანდარტებით მიმდინარეობს, ინფრასტრუქტურა განვითარებულია და სტუდენტებს აქვთ წვდომა როგორც თანამედროვე რესურსებზე, ისე მრავალფეროვან საერთაშორისო გარემოზე, რაც ეხმარება მათ ინტეგრაციას. თუმცა, გარკვეული სირთულეებიც არსებობს პირველ რიგში, ენის ბარიერი, რომელიც ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა პოლონეთში მცხოვრები უცხოელი, განსაკუთრებით კი ქართველი სტუდენტებისთვის. სწავლების ენა ხშირად არის ინგლისური, თუმცა ყოველდღიური ცხოვრება მომსახურება, საბანკო სისტემა, საჯარო სერვისები და ზოგჯერ ადმინისტრაციული პროცედურებიც მოითხოვს პოლონურის საბაზისო ცოდნას მაინც. პირადად ჩემთვის ეს ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება იყო დასაწყისში, თუმცა დროთა განმავლობაში, პრაქტიკისა და სწავლის საშუალებით, ეს პრობლემა მნიშვნელოვნად შემიმსუბუქდა.
-გაქვთ თუ არა ინფორმაცია პოლონეთში არსებული უფასო სერვისების ან შეთავაზებების შესახებ ახალგაზრდებისთვის? თუ კი, რომელი მათგანი მიგაჩნიათ ყველაზე სასარგებლოდ?
-დიახ, პოლონეთში ნამდვილად არსებობს სხვადასხვა ტიპის უფასო სერვისები და შეთავაზებები, რომლებიც სპეციალურად ახალგაზრდებისა და სტუდენტებისთვის არის ხელმისაწვდომი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და სასარგებლო შეთავაზება არის მუზეუმების უფასო მონახულების შესაძლებლობა გარკვეულ დღეებში. პოლონეთის უმრავლეს მუზეუმს გააჩნია კონკრეტული დღე, როცა შესვლა სრულიად უფასოა ყველა ვიზიტორისთვის, რაც სტუდენტებისთვის კარგი საშუალებაა კულტურული და ისტორიული სივრცეების უკეთ გაცნობისთვის. გარდა ამისა, ბევრი ქალაქი სთავაზობს ახალგაზრდებს და სტუდენტებს ფასდაკლებებს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ბიბლიოთეკებში, სპორტულ დაწესებულებებში. ჩემი აზრით, სწორედ კულტურული შეთავაზებები, როგორიცაა მუზეუმების უფასოდ მონახულება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს არა მხოლოდ საგანმანათლებლო შესაძლებლობაა, არამედ სტუდენტურ ცხოვრებასაც უფრო მდიდარსა და მრავალფეროვანს ხდის.
– როგორ ატარებთ თავისუფალ დროს ვარშავაში? გაქვთ თუ არა რაიმე საყვარელი ადგილი ან აქტივობა, რომელსაც ურჩევდით სხვა სტუდენტებს?
-თავისუფალ დროს ვარშავაში ხშირად ვუთმობ აქტიურ და მშვიდ გარემოს. განსაკუთრებით მიყვარს სეირნობა ბუნებაში ვარშავაში უამრავი ლამაზი პარკი და გამწვანებული სივრცეა, რომლებიც იდეალურ პირობებს ქმნიან დასვენებისა და ფიქრისთვის. ასევე, ხშირად ვსტუმრობ სხვადასხვა გამოფენებსა და ბიბლიოთეკებს. გარდა ამისა, ველოსიპედით სეირნობა ერთ-ერთი ჩემი საყვარელი აქტივობაა. ვარშავა ამ მხრივ განსაკუთრებით მოსახერხებელია გააჩნია გამართული ველომარშრუტები და ქალაქის ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღ გადაადგილებას. ყველა სტუდენტს ვურჩევ, რომ თავისუფალი დრო გამოიყენონ მაქსიმალურად მრავალფეროვნად ეს ხელს უწყობს როგორც სტრესის განეიტრალებას, ისე ახალ გამოცდილებებთან შეხებას და ქალაქის უკეთ გაცნობას
– რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ პოლონეთში სწავლასა და ცხოვრებაზე? რა არის ის მთავარი გზავნილი, რისი გადაცემაც გსურთ მათთვის თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე?
– ახალგაზრდებს, რომლებიც ფიქრობენ პოლონეთში სწავლისა და ცხოვრების დაწყებაზე, რამდენიმე მნიშვნელოვან რეკომენდაციას გავუზიარებ ჩემი პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია პოლონური ენის საბაზისო დონეზე ფლობა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სასწავლო პროგრამა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, ყოველდღიური ცხოვრება ტრანსპორტი, სერვისები, კომუნიკაცია, იურიდიული საკითხები მოითხოვს მინიმალურ დონეზე პოლონურად საუბრის უნარს. ენის ფლობა ამარტივებს ადაპტაციას, ამცირებს სტრესს და აადვილებს ინტეგრაციას ახალ გარემოში. მეორე მნიშვნელოვანი რჩევა ეხება დოკუმენტაციას: აუცილებელია ყველა აუცილებელი დოკუმენტი წინასწარ იყოს მოწესრიგებული როგორც სასწავლო, ისე საბინადრო სტატუსის მოსაპოვებლად. ეს გულისხმობს დიპლომებისა და ცნობების აპოსტილით დამოწმებას, პოლონურად თარგმნას და ნოტარიულად დამოწმებას. შესაბამისი საბუთების არარსებობამ ან არასწორად მომზადებამ შეიძლება მნიშვნელოვანად გააჭიანუროს ბიუროკრატიული პროცედურები. საბოლოოდ, ვურჩევ ყველა ახალგაზრდას, რომ იყოს წინასწარ ინფორმირებული, ორგანიზებული და მოტივირებული – სწორი დაგეგმვის შემთხვევაში პოლონეთში სწავლა და ცხოვრება შეიძლება გახდეს არამხოლოდ სასწავლო გზა, არამედ პროფესიული და პიროვნული ზრდის უნიკალური შესაძლებლობა.
დასასრულს მინდა ვთქვა: როგორ სიტუაციაშიც არ უნდა იმყოფებოდეთ და როგორც არ უნდა გრძნობდეთ თავს გახსოვდეთ, რომ ყველაზე რთულ პერიოდშიც კი ყოველთვის არსებობს გამოსავალი. მნიშვნელოვანია საკუთარი თავის რწმენა, მოთმინება და იმედი. ამ ძალითა და საერთო მიზნებით პოლონეთში მცხოვრებმა ქართველმა სტუდენტებმა ჩამოვაყალიბეთ სტუდენტური ალიანსი პოლონეთში / Student Alliance in Poland,რომლის მიზანია ერთიანობა და ინფორმაციული მხარდაჭერა ყველა იმ სტუდენტისთვის, ვინც სწავლობს ან გეგმავს პოლონეთში სწავლის გაგრძელებას. გვსურს, რაც შეიძლება მეტი სტუდენტი შემოგვიერთდეს, რათა ერთად შევქმნათ სოლიდარული, აქტიური და პროგრესული სტუდენტური საზოგადოება.
ავტორი: ნათია ქიმაძე
კომენტარის დატოვება